ასლან აბაშიძე გარანტიებს ყველგან ეძებს

ასლან აბაშიძე გარანტიებს ყველგან ეძებს

        როგორც ჩანს, თბილისში ოპოზიციის მიერ აღებული ტაიმაუტი არცთუ ხანგრძლივი იქნება – მიმდინარე კვირას კვლავ დაგეგმილია ბობოქარი მოვლენები, განსაკუთრებით 2-3 დღეში, როდესაც განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადება და კვირის ბოლოს, როცა პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დანიშნოს.
        კულმინაცია შედგება შაბათ-კვირას. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს შეეცდება ხელისუფლება, ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია ყველანაირად შეეწინააღმდეგება. სწორედ მაშინ შეიძლება დაიწყოს ნამდვილი დაპირისპირება პოლიციასა და ოპოზიციონერებს შორის. ერთი სიტყვით, წინ, შესაძლოა, ბევრად უფრო შთამბეჭდავი «სანახაობა» გველის, ვიდრე იყო გრანდიოზული მანიფესტაცია რუსთაველის გამზირზე. რაში გადაიზრდება ეს ყოველივე, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით, შეიარაღებული კომპონენტი «თამაშში» გამოირიცხა. შაბათ-კვირამდე ოპოზიციამ დაგეგმა ეროვნული დაუმორჩილებლობა რეგიონებში. თბილისში ყოველივე, ამ ეტაპზე, საკმაოდ კულტურულად მიმდინარეობს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენ:ი არ არის, რაში გადაიზრდება დაუმორჩილებლობა, თუ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დროულად არ გამონახა საერთო ენა და ორივე მხარე არ წავიდა კომპრომისზე.
        ამასობაში, კიდევ უფრო გააქტიურდა «აჭარის ფაქტორი». სხვათა შორის, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ბოლოდროინდელმა მოვლენებმა (რაოდენ უცნაურად და პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს) ბოლო მოუღო გაუცხოებას თბილისსა და ბათუმს შორის. ახლა ასლან აბაშიძე არათუ ემიჯნება თბილისში მიმდინარე მოვლენებს, არამედ, პირიქით, ყველანაირად ცდილობს, მასში აქტიურად ჩაერთოს, ეშინია, რომ, თუ თბილისში ხელისუფლება შეიცვალა, ეს მასზეც აისახება. ამით აიხსნება აბაშიძის ვიზიტი მოსკოვში და მისი განცხადებები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, აჭარის ლიდერმა მოსკოვში მიიღო სრული გარანტია იმისა, რომ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები თბილისში, ეს აჭარაზე მისი მმართველობის მხარდაჭერაზე არ აისახება. მას სურს თბილისში განვითარებული მოვლენები პროგნოზირებადი იყოს. სწორედ ეს დაინტერესება აძლიერებს ხელისუფლების პოზიციას. ამდენად, ოპოზიციას რაც ისე დიდი დრო აქვს, რათა საბოლოო მიზანს მიაღწიოს. გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარე კვირაში შედგება.

დილის გაზეთი, 17 ნოემბერი, 2003 წელი