საქართველოს აქვს არა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ გეოპოლიტიკური პოტენციალი

საქართველოს აქვს არა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ გეოპოლიტიკური პოტენციალი

ბალანსი

    პოლიტიკას, რომელსაც საგარეო სფეროში ჩვენი ხელისუფლება ატარებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნამდვილად აქვს ერთი საერთო ნიშანი. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ ეს პოლიტიკა გარკვეულ კონცეფციას არ ემყარებოდა. რაღა თქმა უნდა, კონცეფციის არსებობა უკვე წარმატებაა, რადგან გააზრებულ გეგმაზე დამყარებული პოლიტიკა იმთავითვე სჯობს ისეთ პოლიტიკას, რომელიც არავითარ გეგმასა და კონცეფციას არ ემყარება. თუმცა, ზემოთთქმული სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ თვით ეს გეგმა, ეს კონცეფცია იყო მიზანშეწონილი და გამართლებული. პირიქით, - ხელისუფლების საგარეო კურსის ამჟამად უკვე თვალნათელი კრახი სწორედ მის მიერ შემუშავებული კონცეფციის უმართებულობამ და სიმცდარემ გამოიწვია.

    «ბალანსირების» (მკითხველს ბოდიშს მოვუხდით და გაწონასწორების ნაცვლად უკვე მიღებულ ამ ტერმინს ვიხმარ) მეთოდი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნებისთანავე დაადგა, იყო იმთავითვე მცდარი და უპერსპექტივო პოლიტიკა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სრულ ჩიხში შეიყვანა და უკან დასახევი გზაც მოუჭრა.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა - შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა იმ პირობებში, როდესაც რუსეთი «СНГ»-ს მეშვეობით უეჭველად შეეცდებოდა საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცის დაფიქსირებას, ხოლო შემდეგ ამ სივრცეზე (პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გზით) ახალი, მოდერნიზებული კონფედერაციული კავშირის აღდგენას.
    როგორც ჩანს, შევარდნაძე ხვდებოდა ამ გეგმის არსებობას: წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ გაუგებარია, რატომ იყო იგი თავიდან СНГ-ში შესვლის მოწინააღმდეგე?
    ხელისუფალთა აზრით, საქართველოს რუსეთთან უნდა დაედო ე.წ. «დიდი ხელშეკრულება», რომლის ძირითადი დანიშნულება ის იყო, რომ რუსეთს დაეფიქსირებინა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა და უარი ეთქვა დიდმპყრობელურ ამბიციებზე.
    თუმცა, იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, - ასეთ ხელშეკრულებას ჩვენი ჩრდილოელი «მეგობარი» მანამდე არ მოაწერდა ხელს, სანამ საქართველო მის გეოპოლიტიკურ სივრცეში არ დაბრუნდებოდა, ანუ არ შევიდოდა «თანამეგობრობის» შემადგენლობაში.
    ჩვენი ხელისუფალნი, მადლობა ღმერთს, ხვდებოდნენ: რუსეთს საქართველოს მიმართ ისეთი გეგმებიც ჰქონდა, რომელიც ნამდვილად ვერ თავსდებოდა «კეთილმეზობლობისა და მეგობრობის» ჩარჩოებში, მაგრამ ამ ტენდენციის განეიტრალება მათ სწორედ იმ «ბალანსირების პოლიტიკის» მეშვეობით სურდათ, რომელიც, საბოლოო ჯამში, სრულიად მცდარი აღმოჩნდა.
    სახელმწიფოს მეთაური ცდილობდა დაემყარებინა მჭიდრო კავშირები თურქეთთან, ირანთან, დასავლეთ ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რათა ამ გზით გაენეიტრალებინა რუსეთის ფარული ზეწოლა და უზრუნველეყო საქართველოს დარჩენა კრემლის გეოპოლიტიკური სივრცის მიღმა, - თუმცა, იმავდროულად, «დიდ ხელშეკრულებაში» გაეთვალისწინებინა ჩრდილოელი მეზობლის სტრატეგიული ინტერესები.
    მაგრამ იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამ უკანასკნელს ინტერესთა ამგვარი «გათვალისწინება» ნამდვილად არ დააკმაყოფილებდა. მთავარი საკითხი იყო: რამდენად შეასრულებდა სხვა მეზობლებთან და, განსაკუთრებით, დასავლეთთან ურთიერთობების დამყარება იმ ბალანსის როლს, რომელიც შეძლებდა რუსეთის აგრესიის შეკავებას?
    უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უნდა გაეთვალისწინებინა, რა ადგილი ეკავა ჩვენს ქვეყანას დასავლური საზოგადოების ცნობიერებაში, როგორ აღიქვამდა დასავლეთი საქართველოს? ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან არ გაგვაჩნდა დასავლეთზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი, გარდა მისივე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა.
    ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, საქართველოს უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და დასავლეთი თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით.
    ესეც სრულიად მცდარი პოსტულატი აღმოჩნდა. სინამდვილეში, საქართველოს აქვს არა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ გეოპოლიტიკური პოტენციალი, ანუ ამ მნიშვნელობის შეძენის პერსპექტივა.
    საქართველოს მართლაც შეეძლო უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეეძინა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოახდენდა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვის ერთმნიშვნელოვან დემონსტრირებას; თუ დაარწმუნებდა დასავლეთს, რომ მისი გადაწყვეტილება - იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, არის საბოლოო და შეუქცევადი და რომ ამ გადაწყვეტილებას იგი ნებაყოფლობით, არ შეიცვლის.
    ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ჩამოყალიბდა გარკვეული გეოპოლიტიკური ტრადიცია, რომლის თანახმად, დასავლეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც რუსეთის ნაწილს, როგორც დამოუკიდებლობის პრეტენზიის არმქონე ტერიტორიას. გეოპოლიტიკური პოტენციალი ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს - გეოპოლიტიკური პოტენციალი დასავლეთისათვის აქვს როსტოვის ოლქსაც (რაკი რუსეთის ცენტრში მდებარეობს), მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ დასავლეთისათვის როსტოვს, კრასნოდარს, ნოვგოროდს ან რუსეთის სხვა ტერიტორიებს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
    მაშასადამე, საჭირო იყო საქართველოს მოეხდინა დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვის ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო დემონსტრაცია. კრემლის პოლიტიკა კი, საქართველოს გაეროში გაწევრიანების დღიდან, სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ დასავლეთის წინაშე მოეხდინა სულ სხვა რეალობის დემონსტრირება: საქართველო მერყეობს; საქართველოს სურს, კვლავ დარჩეს რუსეთის სივრცეში, გადაწყვიტოს თავისი პრობლემები რუსეთის მეშვეობით და ა.შ.
    თუ ამ თვალსაზრისით გავაანალიზებთ ელცინის ქმედებას 1992 წლის 3 სექტემბრიდან - დღემდე, ნათელი გახდება, რისთვის დასჭირდა მას ამდენი «შეხვედრა უმაღლეს დონეზე», რომელთაგან არც ერთმა რეალური შედეგი, საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით, არ გამოიღო. დასავლეთი კი ამ დროს მხოლოდ «მხრებს იჩეჩდა» - მას ხომ არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა საქართველოს მიმართ. პრეტენზია საქართველოს უნდა ჰქონოდა.
    ახლა კი განვიხილოთ, რამდენად შეეძლო შეესრულებინა «ბალანსის» როლი ამ პოლიტიკას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ გავლენის რა «წილი» ეკუთვნოდა საქართველოში რუსეთს და რამდენი - დასავლეთს. ანუ, მათ შორის «ბალანსირებისას» რამდენად ვითვალისწინებდით ჩვენს ტერიტორიაზე მათი ძალების თანაფარდობას?
    რა თქმა უნდა, პატარა სახელმწიფოს აქვს შანსი გადარჩეს იმით, რომ ითამაშოს ორ დიდ ძალას შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ძალთა გავლენა მის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთნაირია, დაახლოებით თანაბარზომადია. სხვა შემთხვევაში, ამგვარი ბალანსირება უეჭველად გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს პატარა ქვეყნისათვის.
    საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის გავლენა (პოლიტიკური. ეკონომიკური, ეთნიკური, სამხედრო, ფსიქოლოგიური) განუზომლად, შეუდარებლად უფრო დიდი იყო, ვიდრე დასავლეთისა, ამიტომ შევარდნაძის მცდელობა, გაეტარებინა ამ ორ პოლუსს შორის ბალანსირების პოლიტიკა, იმ მუშაითის მოქმედებას ჰგავდა, რომელმაც გაჭიმულ ბაგირზე უნდა გაიაროს და წონასწორობა დაიცვას იმ პირობებში, როდესაც ერთ ხელში ხავსი უჭირავს, მეორეში კი - ორფუთიანი გირი. ბუნებრივია, ამგვარი «ბალანსირებით» იგი წონასწორობას ვერ დაიცავს.
    დასავლეთსა და რუსეთს შორის «ბალანსირების» პოლიტიკა იმთავითვე მცდარი იყო, ამ პოლიტიკამ საშუალება მისცა დასავლელ პოლიტიკოსებს, საქართველო ერთგვარ «ხურდა ფულად» ექციათ რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში.
    ჩვენ ჯერ არ ვიცით, რაში დაუბრუნეს ეს «ხურდა» რუსეთს, მაგრამ რომ დაუბრუნეს - უკვე სავსებით ცხადია.
    შეიძლება რომელიღაც მართლაც მნიშვნელოვან, ორივე მხარისათვის არსებით საკითხზე დიდხანს ივაჭრეს და რაკი მიაღწიეს შეთანხმებას, ერთ-ერთმა მხარემ (დასავლეთმა) მეორეს (რუსეთს) საფასურის გადახდის შემდეგ «ხურდად» ის დაუბრუნა, რაც ხელში მოხვდა - ანუ საქართველო.
    იყო თუ არა გამოსავალი? შეეძლო თუ არა საქართველოს არ ქცეულიყო «ხურდა ფულად», ანუ მოეპოვებინა რეალური მნიშვნელობა დასავლეთისათვის?
    რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ მხოლოდ უდიდესი ძალისხმევისა და მტკიცე, კონცენტრირებული პოლიტიკის გატარების გზით.
    უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა მოგვეხდინა ზემოქმედება დასავლეთის საზოგადოებრივ აზრზე. ამას კი შევძლებდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ იქნებოდა უეჭველად, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ დემონსტრირებული. ჩვენ უნდა გაგვეცხადებინა პირდაპირ და დაუფარავად: საქართველოს სურს დამოუკიდებლობა, საქართველოს სურს, იყოს დასავლურ გეოპოლიტიკურ სივრცეში, ამიტომ მას სურს, მოსწყდეს რუსეთს, მის გეოპოლიტიკურ სივრცეს.
    არავითარი «ბალანსირება», არავითარი კომპრომისი რუსეთთან, სანამ იგი არ შეწყვეტს აგრესიას, მანამ არ გაიყვანს თავის ჯარს, სანამ ასევე ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას.
    რა თქმა უნდა, ეს ძალზე რთული იქნებოდა, მაგრამ თუ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა მართლა სურდა, - მსხვერპლის გარეშე ეს არ გამოვიდოდა. თანაც, აზრიანი და არა უაზრო მსხვერპლის.
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, რუსეთთან კატეგორიული დაპირისპირების, მისგან გამიჯვნის პოლიტიკა არც ისე «სულელური» პოლიტიკაა, როგორც ეს ზოგიერთს ეგონა, - თუ რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა მართლა გვინდა, თორემ თუ არ გვინდა ნამდვილი თავისუფლება და კვლავ რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება გვსურს, მაშინ ყველაზე ბრძნული და ჭკვიანური პოლიტიკა ის არის, რომელიც ახლა ტარდება და რომელიც სულ მალე უეჭველად დაგვაბრუნებს მოდერნიზებული იმპერიის შემადგენლობაში.

«ივერია-ექსპრესი», 8 მარტი, 1994 წელი.