ასლანთან მიდის ედუარდის მარჯვენა ხელი         Tu Quoque, Brute?

ასლანთან მიდის ედუარდის მარჯვენა ხელი         Tu Quoque, Brute?

        წინასაარჩევნოდ რომ სენსაციები არ მოგვაკლდებოდა, იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ სენსაციას გააჩნია. ზოგიერთი მოვლენა «მოსალოდნელ სენსაციად» უნდა ჩაითვალოს, - მაგალითად, ნუგზარ ფოფხაძის იდეური გადაბარგება ასლან აბაშიძის ბანაკში, რისი პრეზენტაციაც ოთხშაბათს, ოზურგეთში შედგა
        საერთოდ, გურია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებული კუთხე იყო ტრადიციულად და ამ ისტორიულ მემკვიდრეობას არც ამჟამად ღალატობს.
        წინა პარლამენტში პრეზიდიუმის ოთხი წევრიდან სამი გურული გახლდათ. «მთავარი გურული» დღესაც პრეზიდენტია. ამიტომ პოლიტიკოსები საქართველოს ამ კუთხეს განსაკუთრებულიო ინტერესითა და ვნებით დასტრიალებენ – ჩვენ ხომ სიმბოლოებისა და მითების ქვეყანა ვართ.
        შევარდნაძემ (და მისმა პარტიამ) შეიძლება ყველგან გაიმარჯვოს, მაგრამ საკმარისია გურიაში დამარცხდეს და ქართული მენტალიტეტი ამას უკვე აბსოლუტურ დამარცხებად აღიქვამს. ამიტომაც ეჯახებიან ოზურგეთში «მძიმეწონოსანი» - «ამღორძინებელი» ცეცხლაძე და «მოქალაქე» ჩხაიძე.
        ყველა გამოკითხვით, სიძე – ცეცხლაძეს მოუგებს, ვინაიდან, საეჭვოა, გურულებმა «აღორძინებას» მისცენ ხმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ოზურგეთი მწვავე პოლიტიკური ინტრიგების ასპარეზი ხდება; ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ ნუგზარ ფოფხაძემ თავისი «სენსაციური» განცხადების ტრიბუნად სწორედ ოზურგეთში გამართული ცეცხლაძისეული წინასაარჩევნო თავყრილობა აირჩია.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ფოფხაძის განცხადებას პრეზიდენტის მხრიდან ცოტა არ იყოს, უცნაური ინტერპრეტაცია მიეცა, ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ არავის აქვს უფლება, მისი სახელით მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ კანდიდატს, ვიდრე «მოქალაქეთა კავშირი» არ დაასრულებს საარჩევნო სიის ფორმირებას.
        ისე გამოვიდა, თითქოს ნუგზარ ფოფხაძემ სწორედ პრეზიდენტის სახელით       დაუჭირა მხარი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორ ცეცხლაძეს. არადა, სინამდვილეში, ფოფხაძეს მსგავსი არაფერი უთქვამს - მისი განცხადება მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ თავად ის (ნუგზარ ფოფხაძე) უჭერს მხარს ცეცხლაძეს, ანუ შორდება შევარდნაძეს და მიდის «აღორძინებასთან» (ასლან აბაშიძესთან).
        შევარდნაძის მიერ «აღორძინების» კანდიდატის მხარდაჭერა აქ არაფერ შუაშია. ნუგზარ ფოფხაძე მხოლოდ საკუთარი სახელით ლაპარაკობს; უბრალოდ, მან (თვითონ) გააკეთა საბოლოო არჩევანი ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის - ოზურგეთის თავყრილობა კი მხოლოდ საბაბი (ასპარეზი) იყო.
        მაშასადამე, ხანგრძლივი დრეიფის შემდეგ, ნუგზარ ფოფხაძეც მივიდა იქ, სადაც საბოლოოდ უეჭველად მივიდოდა, ანუ «პოლიტიკურ ბათუმში», რაც დღევანდელ პირობებში უეჭველად ნიშნავს ედუარდ შევარდნაძესთან განშორებას - სკანდალის ძირითადი მიზეზი ხომ სწორედ ის გახლდათ, რომ ფოფხაძე ითვლებოდა შევარდნაძის «მარჯვენა ხელად» და დღემდე სათავეში უდგას შევარდნაძის ფონდს «დემოკრატია და აღორძინება».
        ოღონდ ამ «აღორძინებამ», როგორც ჩანს, ფოფხაძე ვერ დააკმაყოფილა, რაკი მისთვის შერჩეული ასპარეზი არ შეესაბამებოდა მის პიროვნულ ამბიციებს.
        ნუგზარ ფოფხაძეს რუს კარდინალსაც უწოდებდნენ, მაგრამ ახლა გამჟღავნდა, რომ არავითარი «კარდინალი» ის არ იყო და შევარდნაძე მის აზრს და ფიგურას აინუშშიც არ აგდებდა; ამიტომ გადავიდა მეორე ორბიტაზე, თუმცა საეჭვოა, ამან შევარდნაძეს (დღევანდელ პირობებში) განსაკუთრებული ზიანი მიაყენოს – უფრო, პირიქით: კიდევ უფრო განმტკიცდება აზრი, რომ რაკი შევარდნაძეს ყოფილი ბობოლა პარტიული მუშაკები (პატიაშვილი, ენუქიძე, ფოფხაძე) ტოვებენ და ვერ ურიგდებიან, მაშასადამე ამჟამინდელი პრეზიდენტი მართლაც პროდასავლურ და ანტიკომუნისტურ პოლიტიკას ატარებს.
        ამ მხრივ, ფოფხაძისგან გამიჯვნა პრეზიდენტისათვის, შესაძლოა, ხელსაყრელიც კი გამოდგეს.
        კიდევ უფრო ხელსაყრელია ეს «მოქალაქეთა კავშირისათვის», ვინაიდან სწორედ ფოფხაძის «გადაბარგების» შემდეგ გააკეთა შევარდნაძემ ყველაზე მკვეთრი განცხადება «მოქალაქეთა კავშირის» სასარგებლოდ, რითაც დაადასტურა, რომ საბოლოოდ უკავშირებს თავის პოლიტიკურ მომავალს საკუთარ პარტიას.
        რაც შეეხება «ბათუმურ კოალიციას», ფოფხაძის შემატებამ იგი საბოლოოდ გააფორმა, როგორც «წარსულის საქართველოსადმი» (იგივე კომუნისტური და საბჭოთა საქართველოსადმი) ნოსტალგიით შეპყრობილთა გაერთიანება.
        ამ გაერთიანებაში ტრაგიკომიკურად მხოლოდ ყოფილი ე.წ. «ეროვნული პარტიები» გამოიყურებიან, თორემ ფოფხაძეც და სხვებიც თავის ადგილზე არიან.
        თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კომპანია აშკარად ცდება, თუ საკუთარი განწყობის პროვოცირებას ახდენს საზოგადოების განწყობაზე და თუ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს (ან მის უმრავლესობას) ასევე ენატრება ის ბინძური ეპოქა, როდესაც საზოგადოებრივ ატმოსფეროს და პრესტიჟულობას (ლამის სოციალურ იერარქიასაც) დეფიციტი და «ცკ»-ს სპეცმაღაზიებთან სიახლოვე განსაზღვრავდა – ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და სხვა ამგვარ «სისულელეებზე» ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ.

მერიდიანი, 27 აგვისტო, 1999 წელი