ჩაერევა თუ არა საქმეში პრეზიდენტი?

ჩაერევა თუ არა საქმეში პრეზიდენტი?

     

       გუშინ პრეზიდენტმა შევარდნგაძემ ახალი განაცხადი გააკეთა საგადასახადო სამსახურში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თებერვლის საბიუჯეტო გეგმის «ჩავარდნის» საკითხი უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზულად განიხილება. არ არის გამორიცხული სპეციალური თათბირის მოწვევაც. გუშინ ბრიფინგზე პრეზიდენტმა იმავე კონტექსტში ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, თუმცა, გამორიცხულია, ჯერჯერობით ეს პროცესი მინისტრის გადაყენებით დასრულდეს, ან პრეზიდენტმა მიიღოს (დააკმაყოფილოს) მიხეილ მაჭავარიანის თხოვნა გადადგომის შესახებ.
        ფაქტობრივად, მინისტრმა ასეთი თხოვნა უკვე გაახმოვანა კიდეც (პრესკონფერენციაზე). თუმცა კი, განცხადება არ დაუწერია. აქ, აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერი მაჭავარიანზეც არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი გუნდის წევრია და მისი წასვლა ან გუნდის დამარცხებად აღიქმება, ან «კარის გაჯახუნებად». არც ერთი და არც მეორე «რეფორმატორთა გუნდისთვის» მისაღები არ არის. ამიტომ მოვლენათა ამგვარი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია.
       პრეზიდენტის თქმით, «საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს» ამჟამად ყველა ინსტრუმენტი აქვს საიმისოდ, რათა აღკვეთოს კონტრაბანდა - «საგანგებოლ ლეგიონის» ჩათვლით.
        მაშასადამე, ძირითად მიზეზად თითქოს კონტრაბანდული სიგარეტის მოძალება მიიჩნევა, მაგრამ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა: «შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ ეკონომიკაში მარტივი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ არსებობს».
        რას გულისხმობდა პრეზიდენტი? უეჭველად შარშანდელ დაპირებებს იმის შესახებ, რომ თუ შემცირდებოდა გადასახადი ადგილობრივ თამბაქოზე, მაშინ ავტომატურად შემცირდებოდა კონტრაბანდა და ბიუჯეტში უფრო მეტი შევიდოდა, ვიდრე სიგარეტის ლეგალური იმპორტიდან.
        რეალობა ცოტა სხვაგვარი აღმოჩნდა. ლეგალური იმპორტიდან შემოსავლები მართლაც შემცირდა, მაგრამ «სამამულო» სიგარეტმა ვერ მოასწრო ბაზრის დაპყრობა, ხოლო კონტრაბანდისტებმა, უბრალოდ, გააიაფეს თავიანთი «საქონელი» - ეს თავის მხრივ, ადასტურებს, რომ კონტრაბანდის დამარცხება მხოლოდ ეკონომიკური მეთოდებით აბსოლუუტრად შეუძლებელია.
        აუცილებელია, აგრეთვე, «ცეცხლისა და მახვილის» გამოყენება, ანუ სასჯელის გამკაცრება (ამჟამად კონტრაბანდა, გარდა კოლოსალური ოდენობისა, ფაქტობრივად, არ ისჯება), რასაც ხელისუფლება ერიდება, ვინაიდან მუდმივ «სამოქალაქო ომის» წკიპზე შემდგარ ქართულ საზოგადოებაში უკმაყოფილო სეგმენტის გამრავლება-გაძლიერება მართლაც საშიშია.
        აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თებერვლის გეგმის «ჩავარდნა» შესაძლოა, სიგარეტის «ლეგალურ» იმპორტიორთა შურისძიებაც იყოს, რათა არ დაუშვას სამამულო კონკურენტის გაძლიერება, ვინაიდან თუ იგი გაძლიერდა, შეიძლება ახლო მომავალში ნებისმიერი სიგარეტის წარმოების ხაზი შემოიტანოს და იმპორტიორები ბიზნესს დაკარგავენ - თუ გახსოვთ, საქართველოში 15 წლის წინათ «მალბოროც» კი იწარმოებოდა და არც თუ ურიგო.
        ამ მომენტს ის გარემოებაც დავუმატოთ, რომ სიგარეტის «ლეგალური იმპორტიორი» და «კონტრაბანდისტი», უმრავლეს შემთხვევაში, ერთი და იგვიე ფირმაა (პიროვნებაა), რომელსაც ძლიერი «კრიშები» ჰყავს ყველგან, სადაც უნდა ჰქონდეს.
        ამ საქმეს არაფერი ეშველება, სანამ ჯერ ერთი, რამენაირად არ გადაიკეტება ცხინვალის «შავი ხვრელი» და თუნდაც ორი ჩანთა კონტრაბანდისთვის არ დაწესდება უმკაცრესი სასჯელი.
        თუმცა, ამჟამად, ყველაზე საინტერესო მიანც საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და მინისტრ მაჭავარიანს შორის არსებული დაპირისპირებაა.
        დეპარტამენტმა (ეს უკვე ნათელია) სამინისტროს სისტემაში გარკვეული დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც, ერთი მხრივ, თვით საბაჟო უწყების სპეციფიკითაა განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ - უწყების ხელმძღვანელის პიროვნული თვისებებით.
        მისი წინამორბედები ამდენს ვერ «გაბედავდნენ». თუმცა, არც მიშა მაჭავარიანია ის კაცი, თავი სასაცილოდ გაიხადოს და ასე ადვილად დათმოს პოზიცია.
        პრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში არ ჩაერევა, ვინაიდან ეს 1. იქნებაპ სახელისუფლებო სისტემის (სტურქტურის) სისუსტის გამოვლენა 2. დაარღვევს სუბორდინაციას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმავე სისტემის (სტრუქტურის) მდგრადობისთვის. 3. კატეგორიულად ეწინააღმდეგება სახელისუფლებო ტექნოლოგიას, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე არასდროს არღვევს.
        თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მოვლენათა შემდგომ ალგორითმზე იქნება დამოკიდებული, რამაც შესაძლოა, ახალი ტექნოლოგია ან იმავე ტექნოლოგიის ახალი მეთოდი მოითხოვოს.
        მიშა მაჭავარიანის მხრიდან ძლიერი სვლა იქნებოდა კონკრეტული წინადადება კონტრაბანდის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ.

დილის გაზეთი, 6 მარტი, 2001 წელი