ასლანმა ტელედუელი მოითხოვა, მაგრამ იარაღს უკვე პრეზიდენტი ირჩევს

ასლანმა ტელედუელი მოითხოვა, მაგრამ იარაღს უკვე პრეზიდენტი ირჩევს

    

        ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ ტელედებატებში იწვევს საქართველოს პრეზიდენტს, რათა საბოლოოდ გაირკვეს მათ შორის მტყუან-მართალი.
        თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არსად, არასდროს, ამ ფორმით პოლიტიკური საკითხები არ გარკვეულა.
        ტელედებატებისას ორივე მხარე მხოლოდ საკუთარ პრობლემებს გამოთქვამს და ერთმანეთს დაადანაშაულებს - «მტყუან-მართალი» მაინც არ გაირკვევა, ვინაიდან არც ერთი, არც მეორე მხარეს რეალური თუ დემაგოგიური არგუმენტები არ დაელევა.
        ასეც რომ არ იყოს, არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, არასდროს დათანხმდება ტელედებატებში მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან; მით უმეტეს, რეგიონის ლიდერთან - ამ შემთხვევაში საერთოდ განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც სულ სხვა ელფერს იძენს.
        ასე თენგიზ სიგუაც იწვევდა ზვიად გამსახურდიას დებატებში, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი კი არ თანხმდებოდა და მართალიც იყო, ვინაიდან პრეზიდენტისა და პოლიტიკური ოპონენტის ტელედებატები თვით პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს.
        სხვა საქმეა პრეზიდენტთან ჟურნალისტის კამათი; ამგვარი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება და საქართველოშიც ყოფილა. შევარდნაძე კვირაში ერთხელ ატარებს ძალზე ფართომაშსტაბიან პრესკონფერენციებს, რაც, ალბათ, საერთოდ უპრეცედენტო მოვლენაა და დიდი რისკიცაა, ვინაიდან ყოველი პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებს შეუძლიათ საკმაოდ «უხერხული» კითხვები დაუსვან პრეზიდენტს (ამგვარი კითხვები კი დემოკრატიულ ქვეყანაში არ დაილევა).
        მაგრამ, დავუშვათ ერთი წუთით, ედუარდ შევარდნაძე დათანხმდა ასლან აბაშიძესთან ტელედებატების გამართვას. როგორ შეიძლება იგი გაიმართოს ტექნიკური თვალსაზრისით? აჭარის ლიდერი თბილისში, რასაკვირველია, არ ჩამოვა, რათა სტუდიაში დაჯდეს პრეზიდენტთან ერთად, აღარც შევარდნაძე ჩავა ბათუმში - ამრიგად «სტუდიაში» ეს დიალოგი ვერ გაიმართება.
        რჩება ერთადერთი შესაძლებლობა - «სატელიტური ხიდი» თბილისსა და ბათუმს შორის, როდესაც ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე თავიანთი კაბინეტებიდან «შეერკინებიან ერთმანეთს, მაგრამ ასეთი ტელედებატები უეჭველად გადაიქცევა კინკლაობად, რაც დაამცირებს ორივე მხარეს - ანუ არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ აჭარის ლიდერსაც»
        ერთი სიტყვით, აბაშიძემ წინასწარ იცის, რომ პრეზიდენტი გამოწვევას, უბრალოდ, ვერ მიიღებს, ამიტომ «წაუგებელ თამაშს თამაშობს».
        თავისთავად, ასეთი «გამოწვევა» ძალზე სერიოზული დაპირისპირების მაჩვენებელია - იგი უეჭველად ნიშნავს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის პაექრობა ახალ სტადიაში შევიდა.
        ეს იმდენად დაპირისპირების ხარისხით არ არის საინტერესო, რამდენადაც ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური დონის აღსაქმელად. ნორმალურ საზოგადოებაში არც ამგვარი დაპირისპირება იარსებებდა (ვინაიდან, საკამათო არაფერი იქნებოდა) და არც ტელედებატების იდეა წამოიჭრებოდა.
        აბა რა არის საკამათო ჭკუათმყოფელი ადამიანისა და ჭკუათმყოფელი საზოგადოებისათვის იმაში, რომ დღევანდელი დაპირისპირება სწორედ ავტონომიის პროვოცირებულია და არა «ცენტრისა».
        რა არის საკამათო იმაში, რომ ქვეყნის საზღვაო აკვატორიუმს სწორედ ცენტრალური ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს? რომ მესაზღვრე მხოლოდ ცენტრს უნდა ემორჩილებოდეს და რეგიონის ხელისუფლებას საერთოდ არავინ უნდა ეკითხებოდეს სასაზღვრო რეჟიმს? რომ საბაჟო საკითხები მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების უეჭველი პრეროგატივაა? რომ რეგიონის ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელობა ვერ უნდა ბედავდეს პრეზიდენტის ბრძანებულების შეჩერებას, შემდგომ კი ე.წ. «ადგილობრივი სასამართლოს» ტაკიმასხარული სპექტაკლით მის გაუქმებას -თანაც, არა უბრალოდ ბრძანებულების, არამედ «შეწყალების შესახებ» ბრძანებულებისა?
        ნორმალურ საზოგადოებაში ამაზე კამათი შეუძლებელია მაგრამ ეს საკამათოა საქართველოში.
        მაშასადამე, არათუ ქვეყანა და სახელმწიფო ვერ დავაფუძნეთ, არამედ (კიდევ უარესი) თვით საზოგადოებაც არა ვართ ნორმალური.
        არადა, ქვეყნისა და სახელმწიფოს დაფუძნება მხოლოდ ნორმალურ საზოგადოებას ძალუძს.
        მთავარი დამნაშავე კი ის უზნეო პოლიტიკანები არიან, რომლებიც მომაკვდინებელ ცოდვაზე მიდიან, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ ან შენარჩუნდნენ.
        საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ მართლა ეღირსათ ხელისუფლება, თვითონ რა სინდისით მოუტრიალდებათ შემდგომ ენა, რომ რეგიონის ხელმძღვანელობას მოსთხოვონ იმ უფლებამოსილებათა აღიარება, რაც ყველა ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ «ცენტრალური ხელისუფლების» პრეროოგატივას წარმოადგენს?
        თუმცა, რომელ სინდისზეა ლაპარაკი?

მერიდიანი, 20 ოქტომბერი, 1999 წელი