კვირის მიმოხილვა: რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი განაახლა

კვირის მიმოხილვა: რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი განაახლა

      

        პარასკევს რუსეთის მთავრობამ, პუტინის ხელმძღვანელობით, მიიღო დადგენილება, რომლითაც გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე.
        ამით დასრულდა აფხაზ სეპარატისტთა «ბლოკადა», რომელსაც რუსეთი მოჩვენებით ახორციელებდა 1994 წლის დეკემბრიდან. თუმცა, იმთავითვე უნდა ითქვას, რომ «ბლოკადა» სწორედაც მოჩვენებითი იყო, - სეპარატისტებს აფხაზეთში შემოჰქონდათ ყველაფერი (იარაღის ჩათვლით), რაც სჭირდებოდათ და, აგრეთვე, გაჰქონდათ ერთადერთი, რაც გასაყიდი ჰქონდათ, ანუ ციტრუსი. ხე-ტყეს კი ძირითადად თურქეთში ელოდნენ. ამრიგად, ეგრეთ წოდებული «ბლოკადა» ეხებოდა მხოლოდ 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს, რომელთაც ნამდვილად შეზღუდული ჰქონდათ რუსეთში შესვლა. ამჟამად ეს შეზღუდვა მოიხსნა. აქედან გამომდინარე, «ბლოკადის გაუქმებას» მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ მიიღო რუსეთმა ეს პროვოკაციული გადაწყვეტილება სწორედ ახლა, როდესაც ემზადება ომისათვის ჩეჩნეთში და უმოწყალოდ ბომბავს «იჩქერიის» ტერიტორიას.
        საქმე ის არის, რომ, როგორც ჩანს, ჩეჩნეთთან «მეორე ომის» განმავლობაში, მოსკოვს სურს მოიგოს კავკასიის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები «აფსუანურ-ადიღეური» ხალხების გული და განაპირობოს მათი ნეიტრალიტეტი (რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი) ამ ომში; გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს შექმნას კიდევ ერთი ფაქტორი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისათვის საქართველოში; ქართული პოლიტოკრატიის ზნეობისა და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, ფსოუზე საზღვრის გახსნა უეჭველად იქცევა წინასაარჩევნო არგუმენტად და სულაც არ გამოიწვევს საზოგადოების (მათ შორის, პოლიტიკურ ძალთა) კონსოლიდირებას, - როგორც მოხდებოდა ნებისმიერ ნორმალურ, პოლიტიკურად კულტურულ ქვეყანაში.
        მას შემდეგ, რაც რუსეთმა გახსნა საზღვარი ფსოუზე, საქართველოს აქვს სრული უფლება, მიიღოს ადეკვატური ზომები, ანუ თავადაც გახსნას საზღვარი ჩეჩნეთთან.
        თავის დროზე უდიდესი შეცდომა იყო, რომ არ იქნა ბოლომდე (რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთამდე) მოყვანილი თბილისი-გროზნოს საავტომობილო გზა. შემდგომ გახსნიდა თუ არა საქართველო ამ გზაზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, უკვე სხვა საკითხია, მაგრამ, რაც მთავარია, გზა უნდა დასრულებულიყო, რათა მოსკოვში სცოდნოდათ - ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა საპასუხო ზომების მიღებისა.
        პოლიტიკურად და სტრატეგიული თვალსაზრისითაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება, საქართველომ დააფიქსიროს უარყოფითი პოზიცია რუსეთის მიერ ფსოუზე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით და უმალვე განაახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა - მიიყვანოს ნახევრად აგებული გზა უშუალოდ საზღვრამდე.

        ჩეჩნეთის მხრიდან გზა უკვე დასრულებულია. ამის შემდეგ გახსნის თუ არა საქართველო საზღვარს - ეს უკვე მხოლოდ საქართველოს საქმეა. ისევე, როგორც რუსი პოლიტიკოსები აცხადებენ: «მხოლოდ რუსეთის საქმეა, გახსნის თუ არა საზღვარს რუსეთის მხრიდან მდინარე ფსოუზე». თუ ასეა, საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, გახსნის თუ არა საზღვარს შატილში ჩეჩნეთთან? რასაკვირველია, დღევანდელ პირობებში ამგვარი ქმედება რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას გამოიწვევს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იცავ ეროვნულ ინტერესებს, ურთიერთობათა გამწვავება გარდაუვალია, - რუსეთი ამას სრულებითაც არ მოერიდა, როდესაც გახსნა საზღვარი ფსოუზე.
        «საქართველო გაცილებით პატარა და სუსტი სახელმწიფოა. ამიტომ, რაც დასაშვებია რუსეთისთვის, აკრძალულია საქართვლეოსთვის» - მაგრამ, თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ვისაც როცა უნდა, მაშინ «გადაგვივლის ან გადაგვიფრენს».
        დღევანდელ ვითარებაში, როდესაც აღარც 1992 წელია და აღარც 1995 - საქართველომ შეიძლება გადადგას რადიკალური ნაბიჯები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. მაგალითად, ფსოუზე საზღვრის გახსნის პარალელურად, აღდგეს თბილისი-გროზნოს საავტომობილო გზა და დაწესდეს ზუსტად ისეთივე რეჟიმი, როგორც არსბეობს ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხრიდან.
        რას მოიმოქმედებს საპასუხოდ რუსეთი? არ არის გამორიცხული, მან შატილის საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაბომბოს იმ ყალბი მოტივით, რომ «თბილისი-გროზნოს» გზით ჩეჩნეთში იარაღი შედის, საპასუხოდ, ასეთივე მოტივით საქართველო ფსოუს საკონტროლ-გამშვებ პუნქტს, რა თქმა უნდა, ვერ დაბომბავს, ანუ რისკი ნამდივლად არის, მაგრამ რისკის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს;
        პოლიტიკაში, მით უმეტეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ანგარიშს მხოლოდ იმ ქვეყანას უწევენ, რომელსაც ეროვნული ინტერესების დასაცავად მტკიცე (თუნდაც სარისკო) გადაწყვეტილებების მიღება ძალუძს;
        რუსეთი არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ამიტომ, ვიდრე დროა, ყოველთვის იმოქმედებს პრინციპით: «დათვი ვარ, მოგერიე და «ბაბა» უნდა დამიძახოო».
       

«დამოუკიდებელი აფხაზეთი», «ამაყი ჩერქეზები» და ჩეჩენი ხალხის ტრაგედია, ანუ რა განსხვავებაა ვირთხასა და მგელს შორი
       

        უკვე ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთმა წამოიწყო ახალი ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ, - იჩქერია ალყაშემორტყმულია და უმოწყალოდ იბომბება. უკვე ათეულობით ათასი ჩეჩენი ლტოლვილი (ქალები, ბავშვები და მოხუცები) მიაწყდა ინგუშეთსა და დაღესტანს. რუსეთი მედიდურად, დაჟინებით, გეგმაზომიერად ანადგურებს ჩეჩნეთს და ჩეჩენ ხალხს. ამას უკვე აღარც მალავენ, - პირდაპირ გაიძახიან ტელევიზიით: სეპარატისტები «დედაბუდიანად უნდა ამოვწყვიტოთ, რათა რუსეთში, რუსულ მიწაზე (ჩეჩნეთი «რუსული მიწაა» - ავტ.) სეპარატიზმისა და ტერორიზმის კერა მოესპოთო.
        ელემენტარული სინდისიერება მოითხოვს ითქვას, რომ დაღესტნის მოვლენები და მოსკოვში სახლების აფეთქება მხოლოდ საბაბია - საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს ჩობანმახისა და ყარამახის უმწეო მცხოვრებლების (ქალებისა და ბავშვების) უმოწყალოდ გაჟლეტის პასუხად.
        რაც შეეხება დაღესტნის აბმოხებას, - ამბოხებულთა უმრავლესობა ავარელები და ლეკები იყვნენ, მართალია, მათ ბასაევი და სხვა ჩეჩენი საველე მეთაურები მიეხმარნენ, მაგრამ ეს სრულებითაც ვერ ჩაითვლება «ჩეჩნეთის აგრესიად დაღესტნის (რუსეთის) წინააღმდეგ».
        ასე ჩეჩნები აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ მაშინ მათ მიმართ რუსეთი სულ სხვაგვარად იყო განწყობილი. მოსკოვურ «ნეზავისიმაია გაზეტას» ერთ-ერთ ბოლო ნომერში ჩეჩენი საველე მეთაური, ხუნკარ ფაშა ისრაპილოვი გაგულისებული კითხულობს: «დღეს რატომ გვდებენ ბრალს, რომ დაღესტნის განმათავისუფლებელ მოძრაობას ვეხმარებით - განა აფხაზეთში იმავეს არ გააკეთებდით, მაგრამ მაშინ რუსი სამხედროები იარაღით გვეხმარებოდნენ და სამხედრო სალამს გვაძლევდნენო».
        რასაკვირველია ორივეზე «ახია» - ანუ იმ რუსებზეც, ვინც «სამხედრო სალამით» ხვდებოდა ხუნკარ-ფაშას აფხაზეთში და თვით ხუნკარ ფაშაზეც, რომელმაც ასე ადვილად უგულებელყო საქართველოსთან ათასწლოვანი მეზობლობის ტრადიცია - აფსუების გულისთვის.
        სად არიან ახლა ის აფსუები, სად არიან აფსუანურ-ადიღეური ხალხების ის მებრძოლები, ის შანიბოვები, აკბაშევები, კოკოვები, სხვები და სხვები, ვინც ასეთი «ვაჟკაცი იყო» (რა თქმა უნდა, ბრჭყალებში) საქართველოს განადგურებისას?
        არასდროს დამავიწყდება, სამი წლის წინ, ჩეჩნეთში ომის დროს, ერთ ასეთ «ადიღს» შევხვდი. მკვახედ გამომელაპარაკა - სულაც არ ვნანობ, რომ აფხაზეთში გებრძოდითო; ხოლო როდესაც ვკითხე «თუ ასეთი კეთილშობილები და ვაჟკაცები ხართ - ჩეჩენ ხალხს რატომ არ ეხმარებით თქვენივე საუკუნოვანი მტრის («მოჰაჯირობის ორგანიზატორის) რუსეთის წინააღმდეგ-მექთი», გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი პასუხი გამცა: «რუსეთი ძლიერიაო»;
        მაშასადამე, საქართველო რომ სუსტი იყო (მით უმეტეს, თვით რუსეთი ეხმარებოდა), - იმიტომ იყვნენ ასეთი «ვაჟკაცები», თორემ როდესაც რუსეთმა წამოიწყო უსამართლო ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ - სოროებში შეძვრნენ ვირთხებივით.
        ასეთია მათი ბუნება და იგი არ შეიცვლება; ჩვენ ვიყავით სულელები, როდესაც ჯერ კიდევ «ეროვნული მოძრაობის» ეპოქიდან გვჯეროდა ბრიყვული ზღაპრებისა «კავკასიელ მთიელთა კეთილშობილების» შესახებ.
        ერთადერთი ერი, რომელმაც ნამდვილად გამოამჟღავნა ეს კეთილშობილება - ჩეჩნები აღმოჩნდნენ. მათ არ უმოქმედიათ ორმაგი სტანდარტით - საქართველოსაც ებრძოდნენ, მაგრამ არც რუსეთს «დაუწვნენ» აფსუა-ადიღელებივით. აფხაზეთში ვისაც უბრძოლია, ყველა დამეთანხმება (მათ შორის, ლტოლვილები): საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში თუ ვინმე გამოირჩეოდა (შედარებით) ლმობიერებით ქართველი ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ - სწორედ ჩეჩნები იყვნენ. მაშინ, როდესაც ზემოთ ხსენებული ვირთხები, რაკი «მიუშვეს» - ხარბად ხვრეპდნენ ქართულ სისხლს.
        ბუნებრივია, ჩეჩნებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტრაგედიაში; სწორედ გროზნოში იმართებოდა ეგრეთ წოდებული «მთიელ ხალხთა კონფედერაციის» ყრილობები, სწორედ შამილ ბასაევისა და ხუნკარ ისრაპილოვის რაზმები შეიჭრნენ პირველნი სოხუმში 1993 წლის 27 სექტემბერს; ანუ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არ შეიცვლება - მით უმეტეს, უამრავი საშუალება არსებობდა (მაშინ) ორმხრივად ღირსეული კომპ რომისისთვის - საქართველოს დამცირებისა და განადგურების ნაცვლად.
        მაგრამ, როგორიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, - ჩეჩნების მიმართ - იგი მაინც სხვაგვარია, ვიდრე იმ უბადრუკი აფსუა-ადიღებისადმი, ვინც ასეთი «ვაჟკაცი» იყო საქართველოსთან ომში, ხოლო «მოძმე» ჩეჩნეთის განადგურებისას სოროში შეძვრა.
        ვირთხასა და მგელს შორის ის განსხვავებაა, რომ ორივე ადამიანის მტერია; ოღონდ მგელი, მტრობის მიუხედავად, მაინც კეთილშობილი ცხოველია - განსხვავებით ვირთხისგან.

დილის გაზეთი, 3 ოქტომბერი, 1999 წელი