აფხაზები „მოულოდნელად“ თავს დაესხნენ სოხუმს

აფხაზები „მოულოდნელად“ თავს დაესხნენ სოხუმს

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც აფხაზები მოულოდნელად თავს დაესხნენ სოხუმს, ძალაუნებურად გამახსენდა ის ცხარე დისკუსია, რომელიც სოჭის ხელშეკრულების თაობაზე გაიმართა.
   
ყველა, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს ხელშეკრულება არ იმუშავებს, რომ იგი მხოლოდ შეასუსტებს ქართულ პოზიციებს აფხაზეთში და გააძლიერებს მოწინააღმდეგეს, - გამოცხადდა ექსტრემისტად, შეშლილად, სისხლმოწყურებულ ვანდალად.
   
ახლა, როდესაც სოჭის ხელშეკრულების მომხრეთა «მენტორული ტონი» და «ბრძნული» არგუმენტები მახსენდება, ეჭვიც კი გიპყრობს - ხომ არ მოგვეჩვენა ყველას, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება და აფხაზები კვლავ ბარბაროსულად უტევენ სოხუმს?
   
არადა, მოვლენათა ამგვარი განვითარება სავსებით მოსალოდნელი იყო. უნდა ვაღიაროთ: ქართული მხარე კვლავ (უკვე მერამდენედ) სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მტრის მიერ განხორციელებულ ძლიერ დარტყმას. აფხაზურმა ფორმირებებმა ელვის სისწრაფით დაიკავეს სოხუმის გარშემო ყველა სიმაღლე, ააფეთქეს ტამიშის ხიდი, თავის კონტროლს დაუქვემდებარეს საავტომობილო მაგისტრალი ტამიშიდან - მდინარე კოდორამდე. იწყება შეტევა თვით სოხუმზე.
   
ყოველივე ამაში რუსეთის როლიც სავსებით თვალნათელია - მათ წინასწარ გადასცეს აფხაზურ მხარეს სამხედრო ტექნიკისა და არტილერიის ყველა კომპონენტი, რომელიც, შეთანხმების თანახმად, ადრე იყო ჩამორთმეული. ქართული სამხედრო ტექნიკა კი ამ დროს (ათეულობით ათასი დოლარის ფასად) ფოთში იქნა კონცენტრირებული და სოხუმში მისი ოპერატიულად დაბრუნება შეუძლებელი გახდა.
   
უნდა ვაღიაროთ: მოწინააღმდეგემ კიდევ ერთხელ გვაჯობა მახვილგონიერებითა და რეალობის შეცნობის უნარით. არძინბამ ხომ შესანიშნავად იცოდა, რომ ქართული მხარე ვერასგზით ვერ შეძლებდა შეთანხმების სკურპულოზურად შესრულებას როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.
   
ესე იგი, გუდაუთას ექნებოდა მუდმივი საბაბი თბილისის დადანაშაულებისა. ამავე დროს, ტექნიკის უდიდესი ნაწილი მაინც იქნებოდა გაყვანილი და სოხუმი დაუცველი აღმოჩნდებოდა, რაც გააადვილებდა მის დაპყრობას «ზედმეტი სისხლის» გარეშე.
   
რა თქმა უნდა, არძინბა ითვალისწინებდა დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას, მაგრამ სავსებით მოულოდნელად (ზოგი ჭირი მარგებელიაო) ამ ფაქტორმა მისივე გეგმის წინააღმდეგ იმუშავა, რადგან სამეგრელო-გურიის რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული შეიარაღებული ფორმირება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა. და მათი დიდი ნაწილი დაუყოვნებლივ იქნა გადასროლილი სოხუმში.
   
რუსეთი კი, რომლის გადაჭარბებული იმედიც ჰქონდა ზოგიერთ პოლიტიკოსს, მისთვის ჩვეულ პოზიციაში დადგა და «მხრები აიჩეჩა». ჩერნომირდინის მთავრობის მიერ შემოღებული სანქციები აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ მხოლოდ ფორმალობა იყო და სხვა არაფერი.
   
რუსეთის ჭეშმარიტი პოზიცია კი გენერალიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს: გენერალ კოლესნიკოვის განცხადებით, სოხუმი დილისათვის უნდა დაცემულიყო, მაგრამ ეს აღმაშფოთებელი განცხადება არაფერია პაველ გრაჩოვის ცინიზმთან შედარებით. პრესკონფერენციაზე მან ასეთი რამ თქვა: «მე შევარდნაძემ მთხოვა დავხმარებოდი, მაგრამ შენ თუ გინდა, რუსეთი დაგეხმაროს, მაშინ ოფიციალურად უნდა მოგვმართო - ყველა ფორმის დაცვით».
    აი, ეს გახლავთ დღევანდელი «დემოკრატიული რუსეთის» (განა გრაჩოვი ელცინის გუნდის წევრი არ არის? - ავტ.) ჭეშმარიტი სახე.
   
ესე იგი, ჯერ განაიარაღეს სოხუმი, იქედან გაგვაყვანინეს მისი დაცვის ყველა საშუალება, ხოლო როდესაც მტერმა ამით ისარგებლა და, მათივე დახმარებით სოხუმში შემოიჭრა, სახელმწიფოს მეთაურის თხოვნას ცინიკურად პასუხობენ - ჯერ ოფიციალურად, მთელი მსოფლიოს გასაგონად შეგვეხვეწეთ და მერე ვიფიქრებთ - დაგეხმარებით თუ არაო.
   
გრაჩოვმა შესანიშნავად იცოდა: ქართული მხარე ვერასგზით ვერ მიიღებდა მის დემაგოგიურ წინადადებას აფხაზეთში და მთელს დასავლეთ საქართველოში ორი რუსული დივიზიისა და ბრიგადის შემოყვანის შესახებ.
   
ქართულმა საზოგადოებამ მეტისმეტად დიდი როლი და მნიშვნელობა მიანიჭა, შეიძლება ითქვას გააფეტიშა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ორგანიზაციებსგაეროს», «ევროთათბირს») არ გააჩნიათ ქმედითი მექანიზმები კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე რაიმე ზეგავლენის მოსახდენად. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტი ერთ-ერთი ზესახელმწიფოს გავლენის სფეროში მიმდინარეობს.
   
მაგალითად შეიძლება ყარაბაღის ომი მოვიყვანოთ. როგორც ცნობილია, სომხებმა ჯერ თვით ყარაბაღი დაიპყრეს მთლიანად, შემდეგ კი აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიების «ათვისებას» შეუდგნენ. ბოლო თვეების განმავლობაში მათ მოახდინეს რამდენიმე დიდი რაიონის ოკუპაცია, რომელთა საერთო ფართობი აღემატება თავად არცახის ტერიტორიას.
   
მთელი ამ ხნის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭო, თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით, განუწყვეტლივ იკრიბებოდა, გამოხატავდა აღშფოთებას, იღებდა განცხადებებს და რეზოლუციებს, მოითხოვდა სომხური აგრესიის შეჩერებას, ჯარების გამოყვანას და .. ერევანი და სტეპანაკერტი კი «ყურსაც არ იბერტყავდნენ». უფრო მეტიც - აგდამის რაიონი მათ აიღეს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღეს!
   
ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ რუსეთი და მისი წარმომადგენელი გაეროში მხურვალედ უჭერდა მხარს აზერბაიჯანს, ხმას აძლევდა ყველა რეზოლუციას და მოითხოვა სომხეთისაგან აგრესიის შეწყვეტას.
   
არადა, ხომ ყველასათვის ნათელია, რომ საკმარისია ერთი სატელეფონო ზარი კრემლიდან - ერევანში, რათა სომხური ჯარები დაუყოვნებლივ შეჩერდნენ და დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორიები? მაგრამ მოსკოვი ამას არ აკეთებს და იცით რატომ? - იმიტომ რომ მას გაეროს დისკრედიტაცია სურს! ეს იმპერიაში შემუშავებული გეგმის ნაწილია: რაც უფრო მეტად შეელახება სახელი ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, მით უფრო «გაეხსნება ხელ-ფეხი» რუსეთს თავის გეოპოლიტიკურ სივრცეზე სათარეშოდ და «ახალი კავშირის» აღსადგენად.
   
შეიძლება ზოგიერთს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ რაც უფრო მეტ რეზოლუციებს მიიღებს გაერო - საქართველოს სასარგებლოდ, რაც უფრო მეტად დაგვიჭერს მხარს ევროთათბირი, მით უფრო ცუდად წავა ჩვენი საქმე აფხაზეთში და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ სეპარატისტები.
   
ახლა რაც შეეხება სეპარატისტთა მიზნებს: ჩვენთვის იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ არძინბას მიზანი არ არის აფხაზთა სახელმწიფოებრიობის განმტკიცება ან ავტონომიის მეტი ხარისხი - მისი მიზანია აფხაზეთის «განქართველება!!!» ანუ ქართული მოსახლეობის დეპორტაცია აფხაზეთიდან. ამ მიზნით უკვე განადგურებულია თითქმის ყველა ქართული სოფელი, ამ მიზნით იბომბება სოხუმი და ოჩამჩირე.
   
შემაძრწუნებელია, მაგრამ საქართველოს გადარჩენის შანსი უკვე ობიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და არა სუბიექტურზე: ჩვენ ახლა კვლავ კრემლში მიღებულ გადაწყვეტილებას ველით. იქ კი მართლაც მიმდინარეობს გააფთრებული სჯა-ბაასი იმასთან დაკავშირებით, მისცენ თუ არა არძინბას სოხუმის აღების უფლება. ოღონდ ეს ბრძოლა მიმდინარეობს არა «დემოკრატიულ» და «რეაქციულ» რუსეთს შორის, როგორც ეს ზოგიერთ ზედმეტად გულუბრყვილო მოღვაწეს ჰგონია, არამედ იმპერიული ხელმძღვანელობის იმ ნაწილს შორის, რომელსაც სოხუმის დაცემა თვით იმპერიისათვის სტრატეგიულად არახელსაყრელად მიაჩნია (რადგან ეს, დროთა განმავლობაში, გამოიწვევს იურიდიულად და ფაქტობრივად დამოუკიდებელი აფხაზეთის ჩამოყალიბებას) და იმათ შორის, ვისაც ასეთი პერსპექტივა არ აშინებს, რაკი მიაჩნია, რომ კრემლს საკმარისად მძლავრი ბერკეტები შერჩება არძინბას სამართავად და ამიტომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთის მიმართ) ფორმალური იქნება. სამაგიეროდ, მიღწეული იქნება სანუკვარი მიზანი - საქართველოში ახალი ძალით იფეთქებს სამოქალაქო ომი, ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ესოდენ დიდი «კადნიერება» გამოიჩინა ველიკორუსული ინტერესების უგულებელყოფისას - ნაწილ-ნაწილ დაიშლება.
   
უნდა ვაღიაროთ: სასწორი ნელ-ნელა მეორე შეხედულების მხარეს იხრება. ამის უპირველესი სიმპტომი ის გახლავთ, რომ რუსეთის ტელევიზია, ამ ბოლო დროს, მეტისმეტად «დაუტკბა» საქართველოს. ეს გვაფიქრებინებს - სოხუმის ბედი კრემლში უკვე გადაწყვეტილი აქვთ. მათ გადაწყვიტეს ამ ქალაქის აღება!
   
საქმე ის გახლავთ, რომ იმპერიის უმთავრესი მიზანი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა, ქართველებს «მტრის სახე» რომ დაენახათ. თუ ერმა «მტრის ხატი» დაინახა, თუ მის ცნობიერებაში იგი გამთლიანდა და ერთიანი, მკაფიო ფორმა შეიძინა, მაშინ ქართველი ერი აღარ დაიღუპება, რადგან აფხაზეთში განცდილი მარცხი გამოიწვევს მისი სულიერი ძალების კონცენტრაციას - ამ მტრის წინააღმდეგ.
   
სწორედ ამიტომ «დაგვიტკბა» ასე რუსეთის ტელევიზია, სწორედ ამიტომ კითხულობენ გულისამაჩუყებლად ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებსცისა ფერს» - შეურაცხმყოფელი ქვეტექსტით), რათა სოხუმის დაცემის შემდეგ კვლავ გაგრძელდეს საქართველოში ბრიყვული მსჯელობა «ბოროტ» და «კეთილ» რუსეთზე.
   
ის, რაც ახლა აფხაზეთში ხდება, არის ქართული პოლიტიკის სრული კრახი - უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ მართლები ყოფილან ისინი, ვინც ამტკიცებდა: ამ ქვეყანასთან დათმობების გზით ვერაფერს მივაღწევთ და საჭიროა უკომპრომისო პოლიტიკის გატარება, რომელიც ასე თუ ისე გვიტოვებს შანსს.
   
საქართველოს არაფერი ეშველება, თუ საზოგადოების ერთი ნაწილი ბოლოს და ბოლოს არ გაიცნობიერებს: რუსეთი მართლაც არის დამოუკიდებელი საქართველოს დაუძინებელი მტერი. თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მას არასგზის არ აძლევს ხელს სამხრეთ კავკასიაში ერთიანი და სტაბილური ქვეყნის არსებობა, რომელსაც დამოუკიდებელი განვითარების თუნდაც პერსპექტივა ექნება.
    რასაკვირველია, რუსეთისათვის ჩვენი მტრობა თვითმიზანი არ არის. იგი მხოლოდ მანამ იქნება ჩვენი მტერი, სანამ დამოუკიდებლობის პრეტენზია გვექნება, მაგრამ როგორც კი საქართველო განაცხადებს, რომ უარს ამბობს დამოუკიდებლობაზე და მზად არის შევიდეს კვლავ რუსეთის სახელმწიფოებრივი სივრცის შემადგენლობაში - ომი მაშინვე დამთავრდება.
    «
ივერია-ექსპრესი», 23 სექტემბერი, 1993.