ტერორისტული აქტი ზუგდიდში

ტერორისტული აქტი ზუგდიდში

მთავარი სამიზნე - ზუგდიდი
   

    ზუგდიდიდან მიღებული ცნობებით, სამეგრელოს ადმინისტრაციის შენობაში მომხდარმა აფეთქებამ კიდევ უფრო დაძაბა ისედაც ფეთქებადი ვითარება რეგიონში.
    როგორც ცნობილია, აფეთქება მოხდა 12 საათსა და 40 წუთზე ადმინისტრაციული შენობის იმ ფლიგელში, სადაც გალის რაიონის გამგეობაა განლაგებული. ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო ჩანთაში, რომელიც უცნობმა დატოვა კიბის უჯრედზე პირველ და მეორე სართულს შორის.
    აფეთქება საკმაოდ მძლავრი იყო - დაახლოებით 5 კილოგრამამდე ტროტილის ექვივალენტური. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 5 ადამიანი. მათ შორის ერთი ბავშვი; სერიოზულად დაიჭრა - 15. დანარჩენები მსუბუქი კონტუზიით ან გაკაწვრით გადარჩნენ.
    ამ ფაქტების ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: უპირველეს ყოვლისა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტული აქტი არ იყო მიმართული სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბონდო ჯიქიას ან ადმინისტრაციის სხვა წევრ-თანამშრომელთა წინააღმდეგ.
    ასაფეთქებელი მოწყობილობა დაიდო კიბის უჯრედზე და არა რომელიმე კაბინეტთან. აფეთქებამ, მართალია, თვით კიბის ეს ნაწილი გაანადგურა და ფანჯრები დალეწა, მაგრამ მაინც არ ყოფილა იმდენად მძლავრი, რომ მთელი შენობა დაენგრია.
    მაშასადამე, ტერორისტს (დივერსანტს) სჭირდებოდა აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, სადაც დიდი მსხვერპლი იქნებოდა და თანაც არათუ ზოგადად ზუგდიდის რომელიმე შენობაში, არამედ სწორედ სამხარეო ადმინისტრაციის კორპუსში და ზუსტად იმ ფლიგელში, სადაც გალის დევნილი გამგეობაა განლაგებული.
    თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ ეს დივერსია აფხაზური სპეცსამსახურების განხორციელებულია. ყველაფერი სწორედ ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. დავიწყოთ გამორიცხვის მეთოდით: «ზვიადისტებისაგან» თითქოს ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ თვით ეს მოძრაობაც კი (თუნდაც ყველაზე რადიკალური ფრთა) არ გადაგვარებულა ისეთ დაჯგუფებად, როგორადაც იქცა ვთქვათ, «ირლანდიის რესპუბლიკური არმიის» ექსტრემისტული განაყოფი, რომელიც ბომბებს აფეთქებს ყველგან, სადაც კი მოუხერხდება.
    რუსეთის სპეცსამსახურები ამჟამად ყოველნაირად ცდილობენ შეუნარჩუნონ თავიანთ ქვეყანას «წარმატებული მშვიდობისმყოფლის» იმიჯი. ამდენად დესტაბილიზაცია (სანამ რუსული კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში იმყოფება) მათ ხელს არ აძლევთ. ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც არა მხოლოდ შეეძლო, არამედ სჭირდებოდა კიდეც აფეთქება, არის სოხუმი.
    რაც შეეხება შესაძლებლობას, - ეს თითქმის უპრობლემოდ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ყოველდღიურად ენგურის ორივე მხარეს ათასობით ლტოლვილი გადადის. მათ შორის (ასევე ყოველდღიურად) გადმოდიან სეპარატისტთა სპეცსამსახურების თანამშრომლები - კაცებიც და ქალებიც. ისინი ლტოლვილებად ინიღბებიან ან მართლაც არიან ლტოლვილები, მაგრამ აფხაზებმა გადაიბირეს «მშვიდი ცხოვრებისა და სახლ-კარის შენარჩუნების» დაპირებით. ეს უბედური, ხელჩაქნეული, გამწარებული ადამიანები ყველაფერზე წავლენ. მათ ეროვნულ თვითშეგნებაზე საუბარი ძნელია.
      თუმცა, მაინც რთული დასაჯერებელია, არძინბას ესოდენ რთული ოპერაცია «უცხოტომელისათვის» მიენდო. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დივერსანტი (ქალი ან კაცი) ეთნიკური აფხაზი იქნებოდა, ვთქვათ, გუდაუთის რაიონიდან, - რათა გალელ და სოხუმელ ლტოლვილთა შორის ნაცნობს არ გადაჰყროდა.
    ენგურზე ამჟამად 30-40 გადასასვლელი მოქმედებს, მათ, ფაქტობრივად, არავინ აკონტროლებს. საბუთების შემოწმებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთ პირობებში დივერსანტი (ალბათ, მაინც ქალი) ადვილად გადმოვიდოდა ენგურზე, შეიპარებოდა ადმინისტრაციის შენობაში და ჩანთას დატოვებდა ხალხმრავალ ადგილას. ბომბი ამ შემთხვევაში უეჭველად საათის მექანიზმიანი იქნებოდა, რადგან დისტანციური მართვის პულტის მოქმედებაში მოყვანა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
    რაკი დივერსანტი აქამდე ვერ შეიპყრეს, ახლა იგი უკვე «სამშვიდობოს იმყოფება»: იმავე გადასასვლელით გადავიდოდა აფხაზეთში, რადგან არც ზუგდიდის ადმინისტრაციას, არც საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურებს, და არც თვით «სამშვიდობო ძალებს» არ შესწევთ ძალა გადაკეტონ ეს გადასასვლელები ექსტრემალურ ვითარებაშიც კი. განსაკუთრებით, ზღვისპირა ზოლში.
    ახლა, რაც შეეხება მოტივებს, რომლითაც მოქმედებს არძინბას სპეცსამსახური. ჯერ ერთი, იგი ცდილობს, დათესოს შუღლი და უნდობლობა ზუგდიდელ და გალელ მეგრელებს შორის. მეორეც - მისი მიზანია, აიძულოს ქართული მხარე, სთხოვოს რუსულ კონტინგენტს, გააძლიეროს კონტროლი ენგურის გადასასვლელებზე, რათა ამ გზით ვეღარც ქართველი პარტიზანები გადავიდნენ აფხაზეთში.
    რაკი არძინბას თავად არ შესწევს საამისო ძალა, ხოლო ქართული მხარე ამის აუცილებლობას დღემდე ვერ ხედავს, მაშასადამე საჭირო იყო ისეთი აქცია, რომელიც აიძულებდა საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისი თხოვნით მიემართა რუსებისთვის; საკუთრივ ქართულ მხარეს ამის განხორციელება არ შეუძლია - ზუგდიდის რაიონში მყოფი პოლიციის კონტინგენტი საამისოდ არასაკმარისია, დამატებით რაზმებს კი საქართველო (ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად) ზუგდიდში ვერ შეიყვანს.
    ბუნებრივია, კიდევ ერთი მიზანი იყო მოეხდინათ იმის დემონსტრირება, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს პარტიზანული რაზმების მხარდაჭერას, მაშინ აფხაზები მას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან სამეგრელოში, - დღეს საქართველოს ყველაზე ფეთქებადსაშიშ რეგიონში.
    სისხლისღვრა სამეგრელოში (თუნდაც დივერსიული აქტების შედეგად) უეჭველად გამოიწვევს ვითარების დესტაბილიზაციას და ყველა იმ პრობლემის ხელახალ გამწვავებას, რომელმაც მაისის მოვლენების შემდეგ იფეთქა, მაგრამ დროთა განმავლობაში თითქოს მინავლდა.
    ამ ფონზე შევარდნაძე - არძინბას შეხვედრაზე საუბარი განცვიფრებას იწვევს. შესაძლოა ესეც იყო სეპარატისტთა ლიდერის ერთ-ერთი მიზანი, ვინაიდან შეხვედრა დაძაბულობის განმუხტვის გარკვეულ შანსად აღიქმება.
    მაშინ, როცა სინამდვილეში ამის არავითარი შანსი არ არის. დიალოგი პრობლემის მოწესრიგების თაობაზე საბოლოოდ შევიდა გამოუვალ ჩიხში. პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ომია. ომი კი საქართველოს არც სურს და არც ძალუძს, ვინაიდან მშვიდი ცხოვრება «გაუტკბა». ომისათვის სხვაგვარი შემართება და სხვაგვარი ეროვნული რესურსებია აუცილებელი. არძინბასთან შეხვედრით საბოლოოდ დაფიქსირდება «საქართველო-აფხაზეთის თანაბარსუბიექტურობა». თუნდაც ეს შეხვედრა ცხინვალში გაიმართოს და არა მოსკოვში, როგორც ლუდვიგ ჩიბიროვმა შესთავაზა შევარდნაძეს;
    ოღონდ საქართველოს პრეზიდენტის უკანასკნელი წინადადება: «შეხვედრა, - გალის ქვედა ზონაში ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ», - არძინბასთვის მიუღებელი იქნება. შეხვედრის დაფიქსირება ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ყველაზე ძლიერი კოზირი გაუშვას ხელიდან.
    ახლოვდება ზამთარი, ლტოლვილებს დაკავებული აქვთ სკოლები, ვითარება უეჭველად გამწვავდება, არძინბა კი საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზებს ძველ ფორმულას: 40 ათასი ლტოლვილის დაბრუნება გალში, - ფსოუზე საზღვრის გახსნის სანაცვლოდ.

7 დღე, 26 აგვისტო, 1998. წ.