აფხაზეთი კვლავ «მიუწვდომელი ვარსკვლავია»

აფხაზეთი კვლავ «მიუწვდომელი ვარსკვლავია»

     გასულ კვირას «ეროვნული უშიშროების საბჭომ» პასუხი გასცა რუსეთის არაოფიციალურ ულტიმატუმს. ამ ულტიმატუმის თაობაზე არავის არაფერი სმენოდა, მაგრამ იგი რეალურად მაინც არსებობდა. მოსკოვში, ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებული დავალებით ჩასულ ვარდიკო ნადიბაიძეს (ამ უკანასკნელმა რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის გამო შვილის ქორწილი კინაღამ გააცდინა) რუსმა კოლეგამ პირდაპირ განუცხადა: «ან საქართველო ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სამშვიდობო კონტინგენტის დატოვებას კონფლიქტის ზონაში, ან დაიწყება სამშვიდობო ძალების გასვლა აფხაზეთიდან». საქართველო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ჯარების გაყვანა ომის დაუყოვნებლივ განახლებას ნიშნავს (ვინაიდან წარმოუდგენელია ლტოლვილთა შეკავება), მეორე მხრივ, არსებობს პარლამენტის დადგენილება და, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას «პრეზიდენტის პარტია» წარმოადგენს, - ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, არ სურდა შეექმნა პრეცედენტი პარლამენტის დადგენილების შეუსრულებლობისა, ვინაიდან ეს შეიძლებოდა გამხდარიყო პოლიტიკური არგუმენტი ოპოზიციის ხელში.
    ამდენად, უშიშროების საბჭოს განცხადებაში ჩაიწერა კომპრომისული, საკმაოდ მოქნილი ფორმულირება: «უშიშროების საბჭო არ აპირებს მოახდინოს აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანის ფორსირება». ეს ფორმულა იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა არ დაარღვია პარლამენტის გადაწყვეტილება, მაგრამ არც სამშვიდობო ძალთა დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. სხვათა შორის, პარლამენტის დადგენილებაშიც ზუსტად ასეთივე ფორმულირებაა: დადგენილება არ მოითხოვს პრეზიდენტისგან რუსეთის ჯარის დაუყოვნებელ გაყვანას, არამედ მხოლოდ ავალდებულებს მას «შეიმუშაოს მექანიზმი სამშვიდობო ძალთა გასაყვანად» - ამრიგად, პრეზიდენტის მხარეს ნამდვილად შეუძლია განაცხადოს, რომ მან არ გაუგრძელა მანდატი რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს და ამჟამად მუშაობს კონფლიქტის ზონიდან მისი გაყვანის მექანიზმის შემუშავებაზე. დატოვებულია სივრცე შესაძლო მანევრისათვის: დადგენილება არ გამორიცხავს მშვიდობისმყოფელთა დატოვებას გალის რაიონში იმ პირობით, რომ ისინი შეასრულებენ დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 28 მარტის დადგენილებას, ანუ გაავრცელებენ თავიანთ ზეგავლენას გალის რაიონის მთელს ტერიტორიაზე და უზრუნველყოფენ ლტოლვილთა დაბრუნებას ენგურიდან - ღალიძგამდე.
    ამრიგად ვითარება ასეთია: საქართველოს მცდელობამ, რუსეთის მეშვოებით, რუსეთისადმი დათმობათა გზით დაებრუნებინა ლტოლვილები თუნდაც გალის რაიონში, შედეგი არ გამოიღო. პრობლემის არსი ის არის, რომ რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა საკუთარი ოპოზიცია ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანშეწონილობაში (რუსეთის სტრატეგიულ ინტერესთა თვალსაზრისით), ამიტომ მოსკოვს არ შეუძლია გააძლიეროს ზეგავლენა აფხაზეთზე - ეს კი, აუცილებელია, ვინაიდან აფხაზთა ლიდერები ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ლტოლვილთა დაბრუნებას მთლიანად, გალის რაიონში.
    მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში ჩარევის მცდელობამაც შედეგი არ გამოიღო - თუ გულწრფელნი ვიქნებით და სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, «საქართველოს მეგობარ ქვეყანათა ჯგუფის (ამ ორგანიზაციას უფრო ზუსტად ეწოდება «საქართველოს საკითხში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყანათა ჯგუფი») წარმომადგენლები ჟენევის სამიტში კვლავ «მეთვალყურეთა სტატუსით» მონაწილეობდნენ. ანუ აფხაზებმა თავისი გაიტანეს და შეძლეს ძველი ფორმატის შენარჩუნება, - გაეროს ეგიდით და რუსეთის შუამავლობით.
    გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია ასევე აშკარად «რუსული სცენარით» არის დაწერილი, რადგან მასში საგანგებოდ აღნიშნულია, რომ «კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანისას ან მათი მანდატის შეცვლისას, გაეროს დამკვირვებელთა მისია აფხაზეთში დაუყოვნებლივ შეწყდება». მაშასადამე, საქართველო კვლავ იმავე ჩიხში დააბრუნეს და წინ დაუდეს ყბადაღებული ოქმი «მხარეთა შორის ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ», რომელიც ექსპერტთა დონეზე მომზადდა. ოქმი ითვალისწინებს ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონში, მათთვის უშიშროების გარანტიათა შექმნას და სანაცვლოდ აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას. უმთავრესი პრობლემა კვლავ სტატუსის საკითხია. ოქმის პროექტში ჩაიწერა ასეთი ფორმულირება: «მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, იცხოვრონ საერთო სახელმწიფოში.» ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს ფორმულირებას «ერთიანი სახელმწიფო» (ნაცვლად «საერთო სახელმწიფო») და მართალიც არის: «ერთიანი სახელმწიფო» შეიძლება იყოს როგორც უნიტარული, ასევე ფედერაციული. ხოლო «საერთო სახელმწიფოში» აფხაზები უეჭველად ორი სახელმწიფოს ფედერაციულ კავშირს  გულისხმობენ.
    თუ საქართველო ხელს მოაწერს ოქმს, სადაც იქნება ტერმინი «საერთო სახელმწიფო» - ამის შემდეგ აფხაზურ მხარეს მიეცემა საშუალება, მოითხოვოს კონფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან ან, ყოველ შემთხვევაში, დაუსრულებლად გააჭიანუროს მოლაპარაკება «სტატუსის თაობაზე» - ამასობაში კი ისარგებლოს ფსოუზე საზღვრის გახსნით და ეკონომიკურად მომძლავრდეს.
    ამასთანავე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ოქმის ამ ვარიანტში, რომელსაც დაეთანხმა აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, არის ძალიან საყურადღებო ნიუანსი. ოფიციალური სოხუმი თანახმაა, გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ ადგილობრივი პოლიცია დაკომპლექტდეს ძველი რაიონული განყოფილების კადრებით, ანუ ქართველი პოლიციელებით: თუმცა, ადმინისტრაცია მთლიანობაში მაინც აფხაზურად რჩება.

ბორის ელცინის არაკომპეტენტურობამ საქართველოს დიდი სამსახური გაუწია

    რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, რომელიც ამჟამად ვოლგაზე ისვენებს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აპირებს მოსკოვში მიიწვიოს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და აფხაზთა ლიდერი ვლადისლავ არძინბა. ელცინის აზრით, აუცილებელია «სერიოზული საუბარი» ზემოთხსენებული ოქმის ხელმოწერამდე, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან (ვინაიდან ისინი, მისი აზრით, საჭირო აღარ იქნებიან - ავტ.), ხოლო საბოლოო მიზანი უნდა იყოს ერთიანი და მთლიანი საქართველოს ჩამოყალიბება. ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ალბათ, მისდაუნებურად, ძალიან გაართულა აფხაზთა მდგომარეობა - ვლადისლავ არძინბა ხომ სწორედ ამ ფორმულირებას არ თანხმდება: «ერთიანი სახელმწიფო». ამდენად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საშუალება, მოახდინოს ელცინის განცხადებისადმი აპელირება, ხოლო თუ ოფიციალური სოხუმი ამგვარ ფორმულირებას უარყოფს, - იგი უშუალოდ ელცინს დაუპირისპირდება.
    რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა «ქართველ და აფხაზ ლიდერებს» იხელმძღვანელონ რუსეთის მაგალითით: რუსეთმა ხომ გააფორმა მრავალი ხელშეკრულება თავისი ფედერაციის სუბიექტებთან «უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ». ასეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე (აფხაზეთთან) არც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იტყოდა უარს, რადგან იგი აფიქსირებს საქართველოს (თუნდაც, როგორც ფედერაციული სახელმწიფოს) მთლიანობას.
    საქართველოს პრეზიდენტის აზრით, შეხვედრა მოსკოვში შეიძლება იყოს მხოლოდ «შედეგი» მოლაპარაკებათა ხანგრძლივი პროცესისა, ანუ იგი შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მაშინ, თუ მანამდე მხარეები მოილაპარაკებენ ძირითად საკითხებზე; თუ არადა, ამგვარი «სამმხრივი შეხვედრა» საქართველოს საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, - იგი დააფიქსირებს რუსეთის პრიორიტეტს და აფხაზეთის ცალკე სუბიექტურობას.

საქართველოს აქვს შანსი, რომელსაც რატომღაც არ იყენებს

    მრავალი დამკვირვებელი აღნიშნავდა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში საქართველოს ჰქონდა (ჯერ კიდევ აქვს) შანსი, რომელსაც რატომღაც სრულიად გაუგებარი, აუხსნელი მიზეზით არ იყენებს. ეს შანსია «ცხინვალის ვარიანტის» განმეორება. გავიხსენოთ: 1992 წლის ივნისში რუსეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც კონფლიქტის ზონაში შემოიყვანეს სამმხრივი რუსულ-ქართულ-ოსური სამშვიდობო კონტინგენტი, ანუ რეგიონში დამყარდა დროებითი კონდომინიუმი (ერთიანი მმართველობა), რამაც საქართველოს საშუალება მისცა, ნაწილობრივ შეენარჩუნებინა თავისი გავლენა და იურისდიქცია შიდა ქართლის იმ ნაწილზეც, რომელსაც მანამდე საერთოდ არ აკონტროლებდა.
    რაც მთავარია, რეგიონში იმყოფება არა მხოლოდ ოსური და რუსული, არამედ ქართული სამხედრო კონტინგენტიც - ეს კი ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიას ქმნის. გაუგებარია, საქართველო რატომ არ მიმართავს რუსეთს ანალოგიური წინადადებით აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევაშიც?
    ვთქვათ, თუ საქართველომ ჩამოაყალიბა თავისი მოთხოვნა ასეთნაირად: «აფხაზეთში შეიქმნას სამმხრივი შეიარაღებული ფორმირება (რუსულ-ქართულ-აფხაზური), რომელიც გააკონტროლებს აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ენგურიდან ფსოუმდე და უზრუნველყოფს ლტოლვილთა დაბრუნებას». არავითარი გაერო და დასავლეთი - ამ შემთხვევაში რუსეთის პრიორიტეტი უეჭველი იქნება.
    რა თქმა უნდა, არძინბა ამ წინადადებას «ცოცხალი თავით» არ დათანხმდება, ვინაიდან ეს მისი ხელისუფლების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ რაკი რუსეთისთვის საქართველოს წინადადება ძალზე ხელსაყრელია, თვით «ანტიელცინისტური» ოპოზიციაც კი გაღიზიანდება აფხაზ სეპარატისტთა უარით, ანუ შესაძლებელი გახდება აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.
    «ცხინვალის ვარიანტის» პროპაგანდირება საქართველოს უმალვე ჩააყენებს მომგებიან მდგომარეობაში, ხოლო აფხაზურ რეჟიმს - პირიქით: აიძულებს დაიკავოს ანტირუსული პოზიცია, რაც, საბოლოოდ, რუსეთში მისი დასაყრდენის მოშლას განაპირობებს.
    თუ პირველ ეტაპზე ამ წინადადების მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელება არარეალურია, მაშინ შეიძლება დაისვას მისი მხოლოდ გალის რაიონში ამოქმედების საკითხი. აფხაზური მხარისათვის ესეც კი მიუღებელი იქნება (საშიში პრეცედენტის შექმნის გამო), ამიტომ საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებს პოლიტიკურად.

ედუარდ შევარდნაძის ტაქტიკა პასუხისმგებლობის გადანაწილებას გულისხმობს

    მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დააჩქაროს აფხაზეთიდან რუსული კონტინგენტის გასვლა, ქართული «პოლიტოკრატია», ცოტა არ იყოს, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. წესით, ქუჩაში უნდა გამოსულიყო და ისტერიკა გაემართა, მაგრამ არა - დუმს და არცთუ «მრავალმნიშვნელოვნად». ეს უფრო დაბნეული დუმილია. ედუარდ შევარდნაძე ამგვარ ვითარებაში ყოველთვის ახერხებს პასუხისმგებლობის გადანაწილებას ყველა პოლიტიკურ სუბიექტსა და მთლიანად საზოგადოებაზე. ოპოზიციისთვის, ვთქვათ, გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა, ედუარდ შევარდნაძე გააფთრებით ეწინააღმდეგებოდეს ჯარების გაყვანას ან აფხაზეთში ომის დაწყებას, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება. პრეზიდენტის პოზიცია ასეთია: ჯარების გაყვანა გნებავთ? - კი, ბატონო, მე მზადა ვარ, მაგრამ პასუხისმგებლობა - ნურას უკაცრავად, პასუხისმგებლობა დამეკისრება არა მხოლოდ მე, არამედ ყველას, ვინც სამშვიდობო ძალთა გაყვანას მოითხოვდა.
    «ომის დაწყებას მოითხოვთ»? - კი ბატონო, ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ პასუხისმგებლობა მთელმა საზოგადოებამ უნდა იკისროს - რაკი ომის დაწყებას ეთანხმებოდა.
    შევარდნაძის ტაქტიკა არ აძლევს საშუალებას ოპოზიციას და, მთლიანად, საზოგადოებას (თუნდაც იგი პრეზიდენტისადმი არაკეთილგანწყობილი იყოს) მოახდინოს პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება მხოლოდ ერთ პიროვნებაში. ზოგადად, ეს ნამდვილი დემოკრატიის უპირველესი ნიშანია, - რაც უფრო დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობის ხარისხი, მით უფრო დემოკრატიულია ქვეყანა. თუ საზოგადოებას მიაჩნია, რომ აუცილებელია ომი, მაშინ მან თავად უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ამ ომის შედეგებზე; შევარდნაძე არ უწევს წინააღმდეგობას საზოგადოებიდან მომდინარე იმპულსებს და სწორედ ამით იგებს: როგორც კი მან განაცხადა, რომ მზად არის მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, «რადიკალურმა ოპოზიციამ» უმალვე უკან დაიხია შიშით და ტონი შეარბილა; როგორც კი შევარდნაძემ საზოგადოებას აგრძნობინა, რომ თავად სულაც არ ეშინია ახალი ომისა, - საზოგადოების კრიტიკული განწყობაც უმალ შერბილდა (ეს იგრძნობა თუნდაც პრესაში), რადგან სინამდვილეში ომი არავის სურს, ხოლო საზოგადოებას, ზოგადად, აქვს მიდრეკილება, ეძებოს «განტევების ვაცი» და კონკრეტულად დააბრალოს ვინმეს საკუთარი უსუსურობისა და უმწეობის შედეგი.
    ყველა, ვინც ომის დაწყებას მოითხოვოს, ჯერ დაფიქრდეს: საკუთარ შვილს თუ გაგზავნის იმ ომში.

დილის გაზეთი, 4 აგვისტო 1997 წ.