საერთაშორისო მიმოხილვა. 10 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 აპრილი. 2023 წელი

გუშინ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანეს რუს ოკუპანტთა პოზიციებზე ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ.

ჯერ-ჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, ეს დიდი შეტევის დასაწყისია თუ ე.წ. `ბრძოლით დაზვერვა`, რასაც რუსები უწოდებენ Разведка боем, და რაც სამხედრო საქმეში კარგად აპრობირებული ტექნოლოგიაა -  მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ძალთა შემოწმებას, თუ  სად რა რესურსები აქვს კონცენტრირებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დარტყმამ ხაზი გაუსვა იმ სამარცხვინო მდგომარეობას, რომელშიც რუსეთი და მისი პრეზიდენტი აღმოჩნდნენ აგრესიის დაწყებიდან 13 თვის შემდეგ, როცა  თავდაპირველად გამოქვეყნებული `დიადი მიზნების` მიუხედავად, ახლა შიშით ცახცახებენ, დაიწყებს თუ არა უკრაინა დიდ შეტევას ფრონტის მთელს ხაზზე ყირიმის ჩათვლით..... ან როდის დაიწყებს, როგორ დაიწყებს და ასე შემდეგ.

სამხედრო ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ შეტევა მზადდებოდა და მზადდება თვეების განმავლობაში.

. . . . . . . . . . . . . . .

ფინეთი NATO-ს ოფიციალური წევრი გახდა.

ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რასაც განაპირობებს არა მხოლოდ საკითხის ისტორია, არამედ ის სუფთად სამხედრო უპირატესობები, რაც ფინეთს მოაქვს ალიანსისთვის.

სხვათა შორის, ვაშინგტონის ხელშეკრულოებაში (1949წ), რის საფუძველზეც შეიქმნა NATO, არსად წერია, რომ ალიანის წევრი არ შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები მეზობლებთან და ასე შემდეგ - ამგვარი მითები აქტიურად ვრცელდებოდა და ვრცელდება საქართველოში.

რეალურად კი, ალიანსის ფუძემდებლური დოკუმენტები და მათგან გამომდინარე წესდება ერთადერთ მოთხოვნას აყენებს: ახალი წევრი უნდა იყოს სასარგებლო (!) მოკავშირეთა უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცების თვალსაზრისით.

ამ მხრივ ფინეთი, მისი გეოგრაფიული მდებარეობით, უდიდესი მნიშვნელობის პლაცდარმია ალიანსისთვის.

როგორც ხმელეთი, ასევე ზღვა და საჰაერო სივრცე.

და არც ფინეთის არმიაა `ხელწამოსაკრავი` NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

ფინეთის გაწევრება ალიანსში იმას ნიშნავს, რომ დასავლეთს, პირველ რიგში ამერიკას, უკვე შეუძლია იქ განალაგოს ავიაცია, განალაგოს თუნდაც მცირე სიშორის რაკეტები, რომლებიც სულ ადვილად მისწვდებიან პეტერბურგს

განალაგოს სადაზვერვო სისტემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

იოსებ სტალინს, რომელიც ჯერ კიდევ 1939-1940 წელს აწარმოებდა აგრესიულ ომს ფინეთის წინააღმდეგ, ეს ყოველივე კარგად ესმოდა.

ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ, იოსებ სტალინმა მიაღწია იმას, რომ ფინეთმა დე-ფაქტო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ოღონდ ეს არ ყოფილა შვეიცარიის დარი ნეიტრალიტეტი - რეალურად ეს იყო მორჩილება და სიფრხილე ერთი კონკრეტლი მეზობლის - `მოსკოვური სახელმწიფოს` მიმართ, რომელსაც მაშინ ერქვა სსრკ.

გაჩნდა კიდეც მსოფლიო მეცნიერებაში, ლიტერატურაში და ბელეტრისტიკაში ტერმინი `ფინეთიზაცია`. Finladization of country.

კომპრომისის არსი კი ის იყო, რომ მოსკოვი არ უშლიდა ფინეთში ე.წ. `კაპიტალიზმის` მშემებლობას, ოღონდ იმ პირობით, რომ ფინეთი, თავის მხრივ, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით იქნებოდა `მოსკოვის შემყურე`.

მუდამ და სანამ `მოსკოვური სახელმწიფო` მძლავრობდა, ფინელი ლიდერები ამ კომპრომისს გულმოდგინედ იცავდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა აეშენებინათ შესანიშნავი, პროდუქტიული სახელმწიფო, - ცხოვრების ერთ-ერთი მაღალი დონით ევროპაში.

თუმცა პუტინმა, უკრაინის წინააღდმეგ აგრესიით, დაარღვია კომპრომისი მათ შორის ფინეთთანაც, რაკი დაარღვია საერთაშორისო სამართალი.

მთელი ამ წლების განმავლობაში, ფინეთს, მისი მასშტაბის კვალობაზე, საკმაოდ ძლიერი არმია ჰყავდა `ყოველი შემთხვევისთვის`.

 შესაბამისად, ფინეთის ალიანსში ჩართვა გარდაუვალი გახდა.

უფრო პრობლემურია შვედეთის NATO-ში შესვლა, რაკი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ა-პრიორი შეუსრულებად მოთხოვნებს უყენებს: ქურთი ოპოზიციონერების თურქეთისთვის გადაცემა.

თუმცა, საბოლოოდ, ერდოღანის წინააღმდეგობას ალიანსი გატეხს. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ხოლო შვედეთი, მისი შესანიშნავი, პირდაპირ გენიალური სამხედრო ტექნოლოგიებით და მრეწველობით, დიდი შენაძენი გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში მოხდა ძალიან დიდი მნიშვნელობის, თან ნიშანდობლივი მოვლენა: ვიღაცამ (ჯერ ზუსტად არ იციან ვინ) ბენზო-ხერხით დააზიანა ისტორიული ხე, რომელიც დგას სოფელ ლიხნის ცენტრში.

ეს ადგილი არათუ ისტორიულია, არამედ საკრალურია აფხაზებისთვის: ამ მდელოზე, რომლის ცენტრშიც დგას ეს ხე, 1866 წელს გაიმართა ხალხური თავყრილობა, სადაც მოკლეს რუსი ჩინოვნიკები და ამის შემდეგ დაიწყო `აფხაზეთის აჯანყება`, რაც დასრულდა აფხაზთა 9/10 - ის გაყრით აფხაზეთიდან.

ეს ხე მაშინაც იდგა. სინამდვილეში იგი 150-200 წლისაა.

ამ ხესთან, ლიხნის ცენტრში, გაიმარეთა 1989 წლის 18 მარტის თავყრილობა, რომლითაც დაიწყო ანტიქართული სეპარატისტული მოძრაობის ახალი ეტაპი აფხაზეთში.

იქ გამოაცხადა შემდეგ ვლადისლავ არძინბამ `საუკუნო ომი` საქართველოს წინააღმდეგ 1992 წელს.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ბენზოხერხით ამ ხის მოჭრის მცდელობას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა; თუმცა რა გამოხმაურებაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზეთში ამჟამად სრული ქაოსი სუფევს. თან ღირებულებითი სიციალური გაურკვევლობა: აბა სხვა რით შეიძლება აიხსნას, რომ ვიღაცას მოუვიდა თავში აზრად ეს ხე ბენზოხერხით მოეჭრა?

იგივეა, ვინმე რომ მცხეთაში მიადგეს სვეტიცხოველს და ბულდოზერით დანგრევა სცადოს: საშენი მასალა მჭირდება აქვე სახლის სათავსოს ვშენებო.

ბოტანიკებიც მოუწვევიათ თურმე და იმათ თქვეს: ხე იმდენად დაზიანებულია, ვეღარაფერი გადაარჩენს, ამიტომ უნდა მოიჭრას, ეგება ახალი ყლორტები გამოიღოსო.

აფხაზური საზოგადოების ეთნო-ფსიქოლოგიის გათვალსიწინებით, ძნელად აღსაწერიც კია, რა გამანადგურებელი ზეგავლენა მოახდინა ამ ამბავმა აფხაზებზე.მთავარი თემაა იქ დღეს. სრულ ისტერიკაში არიან.

მათი უმწეობაც წარმოაჩინა და ისიც დაადასტურა, რომ ვერანაირი `სახელმწიფო` ვერ ააშენეს: სახელმწიფო არ დაუშვებდა საკრალური სიწმიდის `შეშაზე` დაჭრას.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსები კვლავაც აგრძელებენ იმ საიდუმლო დოკუმენტაციის პერიოდულად გამოქვეყნებას, რაც პენტაგონიდან მოიპარა რუსულმა დაზვერვამ. და აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ მარცხიანი აგრესიის ფონზე, ეს პუტინის სერიოზული წარმატებაა;

ახალი პაკეტი მოპარული დოკუმენტებისა ადასტურებს, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვა კოსმოსური თანამგზავრებით უსმენს ისრაელის და სხვა სტარტეგიული პარტნიორების სამეხდრო თუ მაღალი ღანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებს.

აქვე შევნიშნავთ, რომ თანამგზავრული ტექნოლოგიებით ნებისმიერი სატელეფონო საუბრის მოსმენა შეიძლება; გარდა ორი სტაციონარული, `ჩვეულებრივი` არაფიჭური კავშირგამბულობის სატელეფონო საუბრისა. აი რასაც ჩვენში` ქალაქის ტელეფონს` უწოდებენ. ფიჭური, ესე იგი მობილიური ტექნოლოგია კი იოლად მოსმენადია ნებისმიერ შემთხვევვაში.

უკრაინის მაღალი სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც უსმენდნენ და აქ ახალი ან გასაკვირია არაფერია - ბოლოს და ბოლოს, დაზვერვა იმისთვის არსებობს, შეაგროვოს ინფორმაცია.

მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. პარნტიორებს რომ უსმენენ, ეს პარტნიორობას არ ცვლის.

მაგრამ ზიანს კი აყენებს.

არ არის გამორიცხული, პუტინს ამ ინფორმაციის მოპარვაში დაეხმარა პენტაგონში ჩაბუდებული რომელიღაც `სასარგებლო იდიოტი` - სნოუდენის მსგავსი.

იქვე ირკვევა, რომ ამერიკა არა მხოლოდ უკრაინას უსმენს ან ისრაელს ან საფრანგეთს, არამედ ჰყავს რუსეთის გენერალურ შტაბში და `კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერში` ჩანერგილი აგენტურაც.

. . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა (ამ საბჭოს თავმჯდომარე თვით პუტინია) გამოაქვეყნა მორიგი ანტიუკრაინული `თუითი` ამერიკულ Twitter-ზე, ილონ მასკს (ამ სოციულური ქსელის ამჟამინდელ მეპატრონეს) ბრალი დასდეს, რომ ის არ ასრულებს ანტირუსულ სანქციებს და აძლევს საშუალებას მედვედევს, აწარმოოს ანტიუკრაინული პროპაგანდა.

თუმცა მასკმა ეს ბრალდებები უარყო და თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება უზენაესია, ხოლო ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

უცნაური ახსნაა: Twitter-ზე მიზოგინური (ქალთმოძულეობითი) ან ჰოლოკოსტის გამამართლებელი ანტისემიტური `თუითი` ხომ  დაუყოვნებლივ იქნებოდა წაშლილი და არანაირი` სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება` Twitter-ის ადმინისტრაციას ხელს არ შეუშლიდა ამგვარი პოსტები წაეშალა.

ექს-პრეზიდენტ მედვედევის პოსტი კი, რომელიც ამართლებს უკრაინული სახელმწიფოს წინააღდმეგ აგრესიას, ამართლებს ბუჩას, ამართლებს უკრაინელი ბავშვების გატაცებას, ამართლებს უკრაინელთა ხოცვა - ჟლეტას, თურმე `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება` ყოფილა.

თუმცა ილონ მასკი პირველ რიგში ბიზნესმენია და სამყაროს უპირველესად ბიზნეს-პროექტთა პრიზმიდან უყურებს.