აფხაზეთი საზღვაო ბლოკადაში აღმოჩნდა

აფხაზეთი საზღვაო ბლოკადაში აღმოჩნდა

   

    ვლადისლავ არძინბას პრეს-მდივანს, ასტამურ ტანიამ, რომელიც ზოგადად დიდი პროპაგანდისტული, ანუ დიდი გაიძვერობით არის ალაჰისაგან დაჯილდოვებული, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას «აღშფოთება ვერ დამალა» იმის გამო, რომ თურქეთიდან სოხუმისაკენ მიმავალი გემები ფოთში მოწმდება. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთი საერთოდ შეწყვეტს მოლაპარაკებას საქართველოსთან. არა მგონია ამ მუქარით ტანიამ ჭკუათმყოფელი კაცი შეაშინოს. აფსუა სეპარატისტებთან მოლაპარაკება ისედაც უნდა შეწყდეს, ვინაიდან იგი ტარდება ისეთ ფორმატში, რაც ფაქტობრივად, ახფაზეთის დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარებას ნიშნავს.
    სწორედ ამას გულისხმობს მოლაპარაკება ჟენევაში, - მთელი მსოფლიოს თვალწინ, გაეროს ეგიდით და «საგარეო საქმეთა მინისტრების» დონეზე. ასე რომ, თუ სეპარატისტებმა მუქარა შეასრულეს და მოლაპარაკება შეწყვიტეს, - ეს საქართველოსათვის მხოლოდ სასარგებლო იქნება. ამგვარ ფორმატში მოლაპარაკებათა გაგრძელებას არა თუ აზრი არა აქვს, არამედ საზიანოცაა, თუმცა სეპარატისტები ასეთ შეცდომებს (ჩვენგან განსხვავებით) არასდროს უშვებენ. ისინი მოლაპარაკებას კვლავ გააგრძელებენ, ხოლო ტანიას განცხადება ფუჭი მუქარაა.
    უფრო მეტად საინტერესო ის გახლავთ, თუ რამ განარისხა «პრეზიდენტის პრეს-მდივანი», რომელიც უეჭველად თავისი პატრონის აზრს გამოხატავდა. როგორც ცნობილია, საქართველოს სასაზღვრო უწყებამ გადაწყვიტა დამოუკიდებლად, რუსეთის «დახმარების» გარეშე გააკონტროლოს საზღვაო აკვატორია. აფსუებს ამის თაობაზე დიდად არ უნაღვლიათ: მათ უბრალოდ განაცხადეს, რომ ჩაძირავდნენ ნებისმიერ სამხედრო ხომალდს, თუ იგი «აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში» შემოიჭრებოდა. საამისოდ სეპარატისტებს საზღვაო ძალებიც გამზადებული ჰყავდათ და ავიაციაც (სწორედ ის სუ - 27 გამანადგურებლები, რომლებიც რუსეთის «მიგ»-ებთან ერთად ომის დროს სოხუმს ბომბავდნენ), რათა მართლაც ჩაეძირათ ქართული «გრიფები», როგორც კი ისინი დამოუკიდებელი «ახფაზეთის» აკვატორიაში შევიდოდნენ. მაგრამ ქართულმა მხარემ ჭკუა იხმარა და სხვაგვარ ტაქტიკას მიმართა. ვალერი ჩხეიძე გაემგზავრა თურქეთში, რომლის ხელისუფლება გულის სიღრმეში თანაუგრძნობს კიდეც სეპარატისტებს, მაგრამ საკუთარი სეპარატისტული პრობლემების გამო იძულებული გახდა დათანხმებოდა საქართველოს წინადადებას: თურქეთის გემი, როგორც კი გამოვა ამ ქვეყნის პორტებიდან, ვალდებულია შევიდეს საქართველოს პორტებში (კერძოდ ფოთში) და იქ გაიაროს შემოწმება.
    რასაკვირველია, ეს კიდევ არ გულისხმობს, თითქოს საქართველო ამ გემებს აფხაზეთისკენ არ გაატარებს, მაგრამ ჯერ ერთი, ყველა იმ ტვირთს, რაც არ განეკუთვნება «ჰუმანიტარულ დახმარებას», ქართველი მესაზღვრეები ამოიღებენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, იარაღს.
    გარდა ამისა, ქართულმა მხარემ შეიძლება ჭკუა იხმაროს და ფოთში მოახდინოს ტვირთის განბაჟება, რის შემდეგაც იმ თურქი ბიზნესმენებისათვის, ვინც არც თუ უანგაროდ ვაჭრობს სეპარატისტებთან, ტვირთების გაგზავნა აფხაზეთში შეიძლება არც იყოს ხელსაყრელი. არძინბამ ყველაფერი ეს შესანიშნავად იცის, ამიტომაც არის გაცოფებული. მას ეგონა, ქართული ფლოტი შევიდოდა «მის» აკვატორიაში, დაიწყებოდა ომი, რუსეთი ამ ომში სეპარატისტებს დაეხმარებოდა და ა.შ.
    სინამდვილეში, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ბუნებრივია, რუსეთიც გაფაციცებით ელოდა ომს, რათა ისეთივე მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, როგორც 1992 წელს, მაგრამ ეს «დიდი გეგმები» ჩაიშალა ქართველ და თურქ მესაზღვრეთა შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად - თურქეთიდან წამოსულ გემებს ქართველი მესაზღვრეები ძალით არ აკავებდნენ და ფოთისკენ არ მიათრევენ. სწორედ ეს უნდოდა არძინბას, რათა ომი გაეჩაღებინა და საქართველოსთვის დაებრალებინა. თურქული გემები კი მოულოდნელად, საკუთარი სურვილით ტრიალდებიან ფოთისკენ ჯერ კიდევ ნეიტრალურ წლებში ისე, რომ მას თითქოს ძალასაც არავინ ატანს. უფრო სწორედ, ძალას როგორ არ ატანენ - ამ გემების მფლობელებს ძალიანაც უნდათ პირდაპირ შევიდნენ სოხუმში, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებას ვერ გაუბედავენ იმას, რასაც საქართველოს ადვილად უბედავენ.
    ასეთი ტაქტიკა ოფიციალურმა თბილისმა სხვა შემთხვევაშიც უნდა გამოიყენოს. მაგალითად, როცა შესამოწმებელია საქართველოში შემოსული ამა თუ იმ საქონლის ოდენობა, სჯობს შემოწმდეს თურქეთის საბაჟოს მიერ, შემდეგ კი შეედაროს საქართველოს საბაჟოზე არსებულ მონაცემებს. იმავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ საეჭვოა ქართველ და თურქ მესაზღვრეთა შეთანხმებამ მთლიანად გადაწყვიტოს აფხაზეთის საზღვაო პრობლემა, მაგრამ ეს ძალზე საჭირო და საინტერესო პრეცედენტია.
    თურქეთთან თანამშრომლობის გარეშე საქართველოს მრავალი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაწყვეტა გაუჭირდება. რუსეთთან თანამშრომლობის ილუზია, საბედნიეროდ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა;
    ოღონდ, ცოტა არ იყოს, საეჭვოა, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი საჭირო პრინციპულობას არ ამჟღავნებს რუსი მესაზღვრეების აშკარა მცდელობის საწინააღმდეგოდ, გააჭიანურონ საბოლოო დოკუმენტის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ისინი სამუდამოდ უნდა მოშორდნენ საქართველოდან.

მერიდიანი, 19 აგვისტო, 1998 წ.