აფხაზეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის

აფხაზეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის

     

        რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლობამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, როგორც იქნა შეიმუშავა თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის მოდელი.
        საქმე ეხება «ცენტრისა და განსაკუთრებული სტატუსის მქონე რეგიონის» უფლებამოსილებას, როგორც ამას განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალი.
        მცირე ხნის წინათ, რუსეთი შეგნებულად აფერხებდა გაეროს უშიშროების საბჭოში შესაბამისი პროექტის შემუშავებას, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა შესაბამის რეზოლუციას.
        მოსკოვს საამისოდ «ვეტოს» უფლების გამოყენება არც დასჭირვებია, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დამკვიდრებული დაუწერელი კანონის შესაბამისად, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები წინასწარ ათანხმებენ ამგვარ საკითხებსა და ძალიან იშვიათად (უკიდურეს შემთხვევებში) მიჰყავთ საქმე «ვეტოს დადებამდე».
        ქართული დიპლომატიის გარკვეულ წარმატებად უნდა ჩაითვლაოს ის გარემოება, რომ რუსეთი აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდა: 5 მუდმივი წევრიდან 4-მა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან კი - 14-მა ქვეყანამ.
        რუსეთი სრულ იზოლაციაში მოექცა, რამაც აიძულა მოსკოვი, პოზიციები შეეცვალა და ფორმალურად უფრო მეტი მოქნილობა გამოემჟღავნებინა. სწორედ ამის გამოვლინებაა «პროექტი» თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობათა პრინციპების შესახებ. ჯერჯერობით, დოკუმენტის შესახებ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს ამბობს. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი თავსდება ევგენი პრიმაკოვის «საერთო სახელმწიფოს» დოქტრინაში, ანუ «თანასწორსუბიექტური ფედერაცია» (იგივე კონფედერაცია) საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
        იგულისხმება «სუვერენიტეტების გაერთიანება» - რა თქმა უნდა, რუსეთის პატრონაჟითა და შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური გარანტიებით.
        ამაში ახალი თითქოს არაფერი ა- მოსკოვიც და სოხუმიც დიდი ხანია ამგვარ მოდელს გვთავაზობენ, ოღონდ თვისებრივად ახალი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ცნობილი გადაწყეტილებები და ამით დაიწყო, ფაქტობრივად, არსებული კონფედერაციული ურთიერთობების იურიდიული ლეგიტიმაციის პროცესი.
        რაც ყველაზე ნიშანდობლივი და საყურადღებოა, ამას მიესალმა არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც. არავის მოსვლია აზრად ემტკიცებინა, თითქოს აჭარის გადაწყვეტილებები უკანონოა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობას. ასეთ შემთხვევაში, რა შეუშლის ხელს ასეთივე ურთიერთობების დამყარებას სოხუმთანაც? ვიმეორებ: ეს არის «საერთო სახელმწიფოს» (კონფედერაციის) მოდელი, რასაც დიდი ხანია გვთავაზობენ სოხუმიდან.
        არ არის გამორიცხული, სოხუმში მიმდინარე «საკოორდინაციო საბჭოს» მორიგ სხდომაზე ეს საკითხებიც განიხილონ.
        პრიორიტეტი მიენიჭება კომუნიკაციების აღდგენასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას - ოღონდ, რა თქმა უნდა, ლტოლვილთა დაბრუნების პირობით.
        შესაძლოა, ბათუმის მოვლენები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროცესების მასტიმულირებელი ფაქტორიც გახდეს: უკვე ყველა აღიარებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დანაკლისი უნდა შეივსოს და შემუშავდეს თავი «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ». ოღონდ, საამისოდ აუცილებელია იმ პუნქტის გაუქმება, რომელიც კრძალავს საკითხის გადაწყვეტას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე. ამ პუნქტის ნიველირებას უკვე თვით მისი ავტორებიც მოითხოვენ.
        ამრიგად, «უცვლელობა» აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, აშკარად მოჩვენებითია. უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება - თუკი «საერთო სახელმწიფოს» კონცეფცია, პრინციპში, მისაღებია ერთ რეგიონთან მიმართებაში, იგი მისაღებია ზოგადადაც.

დილის გაზეთი, 11 ივლისი, 2001 წ.