ქართველებისგან განსხვავებით, სომხებმა ზუსტად იციან, რა უნდათ

ქართველებისგან განსხვავებით, სომხებმა ზუსტად იციან, რა უნდათ

 

    საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს სომხეთში, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა გადანაწილების მხრივ, მრავალი საინტერესო ასპექტი ჰქონდა.

    გრადაცია უმჯობესია პოლიტიკურ პერსონალიათა შედარებით დავიწყოთ. ედუარდ შევარდნაძე და ლევონ ტერ-პეტროსიანი, სოციალური თვალსაზრისით, სრული ანტიპოდები არიან. სომხეთის პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოვიდა წრიდან, რომელსაც ჩვენ «ეროვნულ მოძრაობას» ვუწოდებდით. «ყარაბაღის კომიტეტი» მიზნად ისახავდა მთიანი ყარაბაღი შემოეერთებინა. ტერ-პეტროსიანი ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იმ დროს (1988-89 წლებში) ქართული ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი, სომხური «ყარაბაღის» მოქმედებას, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილო შეფასებას აძლევდა: «რა მნიშვნელობა აქვს ორ ოთახში იქნები პატიმარი თუ ერთში?»
    სომხებმა კი დაამტკიცეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყარაბაღისთვის ბრძოლა სომხეთის დამოუკიდებლობისა და ძლიერებისთვის ბრძოლა იყო. ოღონდ პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით, - რაც ჩვენ ვერ შევძელით. ნიშანდობლივია, რომ ლევონ ტერ-პეტროსიანი პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც კომუნისტური წარსული არ ამძიმებს. არადა, თვით ლიტვაშიც კი, ხელისუფლების სათავეში კვლავ ბრაზაუსკასი მოექცა. ამ განსხვავებას არ შეიძლებოდა დაღი არ დაესვა პიროვნული ურთიერთობებისთვის, რომლებიც იდეალური ვერც იქნებოდა 1992-93 წლების შემდეგ, როდესაც მძლავრ პოლიტიკურ ფაქტორებად იქცა ზვიად გამსახურდიას ფენომენი, სიგუა-კიტოვანის მიერ სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა და აფხაზეთში ომის დროს სომხური მოსახლეობის მიერ სეპარატისტთათვის დახმარების გაწევა.
    მიუხედავად ვითარების სირთულისა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა იმ პერიოდშიც ძალზე ოსტატურად წარმართა პოლიტიკა საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია - საქართველოს მთავრობამ აღიარა სომხეთის სახელმწიფო ვალი, - 17 მილიონი დოლარი. ოფიციალური თბილისის მცდელობა, ამ გადაწყვეტილების სარევიზიოდ, უშედეგოა. სომხეთი ვალის ანგარიშში მოითხოვს საქართველოს სამრეწველო საწარმოთა აქციებს (ხშირ შემთხვევაში 49 პროცენტს) რასაც შევარდნაძე ვერ დაეთანხმება, რადგან ეს ნაბიჯი ძალზე წამგებიან რეზონანსს გამოიწვევს საქართველოში.
    «ვალი» სომეხთა მომგებიან პოზიციას განაპირობებს. ოფიციალურმა ერევანმა მხოლოდ ერთხელ «დაკარგა წონასწორობა», როდესაც ქართველმა ოფიციალურმა პირებმა პრესაში განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ შესასწავლია, როგორ გაჩნდა ეს ვალი. რა თქმა უნდა, იმ დროს «სხვანაირად» თუ დაითვლიდნენ, შეიძლებოდა, ვალი სომხეთს დასდებოდა, მაგრამ «სხვანაირად» დათვლას ნიჭი და ჭკუა უნდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრებს ქრონიკულად აკლდა.
    ქართული და სომხური პოლიტიკის შედარებითი ანალიზისას ზოგჯერ უცნაური (მკრეხელური) აზრი მომდის: სომხეთს რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა (ანუ ჩვენი კოზირები) მისცა, ალბათ, კარგა ხნის წინ აქცევდნენ ქვეყანას რეგიონალურ ზესახელმწიფოდ.
    ედუარდ შევარდნაძის მიზანი, სომხეთში ვიზიტისას, იყო ერთგვარი «გაწონასწორება» პოლიტიკური ბალანსისა, რომელიც აშკარად დაირღვა აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან (აგრეთვე თურქეთთან) თანამშრომლობით. ორთოდოქსალურად ანტითურქული და პრორუსული სომხეთი (თუ მასთან თანამშრომლობა მართლაც განვითარდა) საქართველოს დაეხმარება საკუთარ ტერიტორიაზე «გადაკვეთოს» ორივე სტრატეგიული ღერძი: ტაშკენტი-ბაქო-თბილისი-კიევი-ანკარა და თეირანი-ერევანი-თბილისი-მოსკოვი.
    ამგვარი «ბალანსირება», რა თქმა უნდა, ალიევისა და დემირელის უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ შევარდნაძე, როგორც ჩანს, ამას აინუშშიც არ აგდებს (სწორადაც ირჯება). ბოლოს და ბოლოს, კასპის ნავთობი, თუ მშვიდობა იქნა, მაინც უეჭველად გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან ბაქო-ნოვოროსიისკის მარშრუტი ბლოკირებულია გროზნოში.
    ჩეჩენთა ლიდერები ნავთობსადენს «გახსნიან» მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი იჩქერიის დამოუკიდებლობას აღიარებს. ეს კი არარეალურია. მეორე მხრივ, სომხეთთან და ირანთან თანამშრომლობა საქართველოს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს ალტერნატივა თუ ანკარასა და ბაქოში მეტისმეტად «აუვარდებათ თავში», რაც სავსებით შესაძლებელია.
    როგორც იქნა, ქართულ პოლიტიკას რაციონალურობისა და პრაგმატიზმის ელემენტები დაეტყო. ეს ნამდვილად მისასალმებელია იმ წლების შემდეგ, როდესაც პოლიტიკას საქართველოში ეგოისტური (პარტიული ან პიროვნული) ინსტიქტი განსაზღვრავდა.
    იგივე, ხელშეკრულება კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ, იმდენად კაბალურია, რომ თავმოყვარე ქვეყანა ხელს არ მოაწერდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი იძულებულია გაითვალისწინოს პოლიტიკური კულტურის ძალზე დაბალი დონე საზოგადოებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს: პროექტის შეყოვნება უმძლავრესი არგუმენტი გახდებოდა ოპოზიციის (მათ შორის შეიარაღებული ოპოზიციის) ხელში. არადა, ელემენტარული მოთმინების შემთხვევაში საქართველო თავად უკარნახებდა პირობებს კონსორციუმს.
    პოლიტიკური კულტურის უაღრესად დაბალ დონეზე მეტყველებს აგრეთვე ისტერიკა «ჯავახეთის ავტონომიის» შესახებ. რა თავში იხლიან სომხები ამ ხრიკს, როდესაც სომხური მოსახლეობა იქ ისედაც «ერევნის დროით» ცხოვრობს და მათ ეროვნულ თვითმყოფადობას არაფერი ემუქრება? საქართველოსთან რატომ გაიფუჭებენ ურთიერთობას ამის გამო?
    ერევანში მოლაპარაკებებისას ჟღერდა «ტრანზიტის» თემაც. სომხები დაჟინებით მოითხოვდნენ ტრანსპორტის სფეროში «სატარიფო ხელშეკრულების» გაფორმებას ამ სფეროში ერთგვარი სტაბილურობისთვის. შევარდნაძე ამაზე არ თანხმდება, ვინაიდან ამით სამანევროდ აუცილებელ სივრცეს დაკარგავს. რაც შეეხება ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას, თბილისში ხუთი კაციდან ოთხი «დარწმუნებით» გეტყვით, რომ ელექტროენერგიას საქენერგო «ჩუმად ყიდის» სომხეთში. ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა ახლა იწყება. პარადოქსია, მაგრამ სომხეთმა შეიძლება, «აქეთ» მოგვაწოდოს ელექტროენერგია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი პარადოქსი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში. ამ უცნაური უპირატესობის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენგან განსხვავებით, სომხებმა ზუსტად იციან, რა სურთ და რას ესწრაფვიან.

7 დღე, 6 მაისი, 1997 წ.