«აღორძინებული ორთქმავალი» ჯუმბერ პატიაშვილისა და კამპანიისათვის

«აღორძინებული ორთქმავალი» ჯუმბერ პატიაშვილისა და კამპანიისათვის

        «ბათუმური კოალიციის» შექმნით გამოწვეული აურზაური თანდათან ცხრება, ვინაიდან დამკვირვებელთა უმრავლესობისთვის გასაგები გახდა, რომ ეს კოალიცია მართლაც არ არის ყველაზე «მტკიცე დუღაბით» შეკრული.
        იმთავითვე ნათელი იყო (თუნდაც იმის მიხედვით, რაოდენ დაძაბულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება), რომ კოალიციის წევრი პარტიები ვერ შეთანხმდებოდნენ ძირითად საკითხზე, ანუ ვერ შექმნიდნენ მეტ-ნაკლებად თანასწორუფლებიან საარჩევნო ბლოკს.
        არსებობდა (და არსებობს) მხოლოდ ერთი შანსი «სოციალისტთა», «ტრადიციონალისტთა», «სახალხოელთა» და «ზვიადისტების» ლიდერთა მოხვედრისა მომავალ პარლამენტში: თუ ისინი დათანხმდებიან «მოთავსდნენ» საარჩევნო სიის პირველ ათეულში ან ოცეულში, ხოლო სიის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ «აღორძინების» წევრებმა უნდა შეადგინონ;
        რასაკვირველია, ამაზე დათანხმება მათთვის ძალიან ძნელია; არადა, სხვას არაფერს დაუთმობენ.
        პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კაკო ასათიანიც, ვახტანგ რჩეულიშვილიცა და მამუკა გიორგაძეც შესანიშნავად ხვდებიან, რომ მათ პარტიებს ცალ-ცალკე არ აქვთ შანსი, გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი; ამიტომ, უეჭველად უნდა «შეეკრან» «აღორძინებას», რომელიც «ორთქმავლის» როლს შეასრულებს.
        ამჟამად მათი მუშაობა იქითკენაა მიმართული, რომ როგორმე შესაძლებლის მაქსიმუმი მიიღონ. არც ისაა ძნელი მისახვედრი, «აღორძინება» მათ კატა-თაგვობანას რომ ეთამაშება. უკვე წარმოიშვა შიდა წინააღმდეგობა ჯერ არშემდგარი ბლოკის შიგნით. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილსა და კაკო ასათიანს ერთმანეთი გულზე არასდროს ეხატებოდათ. ისინი აუცილებლად «დაეჯახებიან» საარჩევნო სიის კონკრეტულად გარჩევისას, ხოლო «აღორძინება» მხრებს აიჩეჩავს და ყველაფერს «პარტნიორთა შეუთანხმებლობას» დააბრალებს.
        ეს ნათლად გამოჩნდა კაკო ასათიანის პირველივე ინტერვიუს დროს «პოლიტიკური ალიანსის» გაფორმების შემდეგ. მან საკმაოდ «ცივად» (მეტი რომ არ ვთქვათ) მოიხსენია რჩეულიშვილი. ხოლო მის სიტყვებს: «ვახტანგ რჩეულიშვილთან ურთიერთობა ბლოკში პრობლემა არ არისო» შესაძლოა, ორგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს. ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც ასათიანსა და რჩეულიშვილს შორის «მეგობრული დამოკიდებულების» დადასტურება (რაც სრული აბსურდია მათი წარსული ურთიერთობის გათვალისწინებით), მაგრამ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ასათიანის სურვილი, დაადასტუროს თავისი უპირატესობა და ასლან აბაშიძესთან «ჭეშმარიტი სიახლოვე» - განსხვავებით რჩეულიშვილისგან, რომელიც «როცა გაუჭირდა, მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა ჩვენთან».
        იმავდროულად, რაოდენ საოცარი და სასაცილოდ არ უნდა იყოს, ასეთივე ცრუ კომპლექსი შესაძლოა, ვახტანგ რჩეულიშვილსაც ჰქონდეს «დანარჩენების» მიმართ, ვინაიდან მას მიაჩნია, რომ «არასდროს იცვლიდა პოზიციას» განსხვავებით ასათიანისგან და მხოლოდ თავად განასახიერებს «ჭეშმარიტად პრორუსულ ორიენტაციას», რომელიც შეიძლება ერთადერთი ხსნა იყოს მას შემდეგ, რაც ასათიანებმა, გიორგაძეებმა და ბოჭორიშვილებმა «1988 წლიდან დაწყებული, ქვეყანა დააქციეს».
        დაახლოებით ანალოგიური ილუზიები აქვს მამუკა გიორგაძესაც. მას სჯერა და სწამს, რომ ასლან აბაშიძე მხოლოდ «სახალხოს» აღიქვამს რეალურ ძალად. მაშინ როდესაც სხვები პაიკებად მიაჩნია; «ხალხოსანთა» ამგვარი ამბიცია გამომდინარეობს იქედან, რომ მამუკა გიორგაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ქართული პოლიტიკური ხელოვნების მწვერვალთა წვდომის თვალსაზრისით ისეთ წარმატებებს მიაღწიეს, ამ მხრივ, ყველა პარტნიორს გადააჭარბეს, ხოლო რა კომპონენტებისგან შედგება ეს «წარმატება» - ძნელი გასახსენებელი და მისახვედრი არ არის.
        სწორედ ამ კომპონენტებმა განაპირობეს «ბათუმური კოალიციის» შექმნა.
        რაც შეეხება ვახტანგ ბოჭორიშვილს, - მასაც უეჭველად სჯერა, რომ მხოლოდ იგია «ჭეშმარიტი ზვიადისტი», ანუ «ჭეშმარიტი ასლანისტი», ვინაიდან ყველა სხვა «დანარჩენმა» თავის დროზე ან უღალატა «ზვიადს» ან მისი მოსისხლე მტერი იყო; მაშასადამე, ასლანსაც უღალატებს.
        შესაძლოა, ვახტანგ ბოჭორიშვილი ამ საკითხში არცთუ კატასტროფულად ცდებოდეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მთლიანობაში ყველა «ალიანსელი» ერთად უფრო მნიშვნელოვანში ცდება; თანაც ცდება სწორედაც რომ კატასტროფულად:
        მათ ჰგონიათ, უკვე შექმნეს ბლოკი და ყოველმხრივ «გაინაღდეს» მომავალი – ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ოთხი წლის მანძილზე მაინც. სინამდვილეში, ესეც ტკბილი ილუზიაა – მათდამი «აღორძინების» დამოკიდებულება სრულებით თანაბარია, ანუ ოთხივენი ასლან აბაშიძეს მხოლოდ პოლიტიკური თამაშისთვის სჭირდება - ტაქტიკური, მაგრამ არა სტრატეგიული თვალსაზრისით.
        ჯუმბერ პატიაშვილის «ჩასმა» ალიანსში და მისი შეყვანა (მით უმეტეს) «ხელმძღვანელ ორგანოებში» უეჭველად იმაზე მიუთითებს, რომ «აღორძინება» უკვე ქმნის ძნელადგადასალახ ბარიერებს, რომლებიც ჯერ არ შექმნილ ბლოკს ისეთნაირად დაშლიან, - პასუხისმგებელი «აღორძინება» არ იქნება.
        მაგალითად, სახალხო პარტიას ალიანსში შესვლაზე ერთმნიშვნელოვანი თანხმობის განცხადება სწორედ ჯუმბერ პატიაშვილის «გაწევრიანების» გამო გაუჭირდა. «სახალხოელთა» აზრით, სწორედ ისინი არიან «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» დიად ტრადიციათა ჭეშმარიტი გამგრძელებლები და არა «სარიშვილის ედპ», ამიტომაც უსვამენ ყოველთვის ხაზს «ოცწლიანი პოლიტიკური კურსის» უწყვეტობას;
        მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ოცი წლის წინ (1979 წელს) გია ჭანტურიას ეროვნულ-დემოკრატიული პარტია კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა. იმ რეჟიმის განსახიერება (არა აქვს მნიშვნელობა, რატომ) ამჟამად ჯუმბერ პატიაშვილი უფროა, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ცკ-ს ყოფილ პირველ მდივანთან ერთიან სიაში მოხვედრა (დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, პატიაშვილი იმ სიაში უეჭველად იქნება) ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ თავკაცებს სასაცილო სიტუაციაში ჩააგდებს.
        აქ მხოლოდ მორალურ კატეგორიაზე როდია საუბარი - პოლიტიკოსისათვის ყველაზე მეტად საშიშია, როდესაც იგი სასაცილო ხდება;         შეიძლება იყოს ტრაგიკული, საწყალი, მრისხანე, სიძულვილის აღმძვრელი, მაგრამ სასაცილო პოლიტიკოსის საქმე წასულია.
        «სახალხოელები» კი ყოველთვის «მომავალზე» ფიქრობენ; ასევე გაცუცურაკებული აღმოჩნდება კოალიციის ყველა სხვა მონაწილეც, ვინაიდან პოლიტიკური იქთიოზავრის (ჯ. პატიაშვილის) გვერდით წარმოჩენა არც მათთვისაა განსაკუთრებით სასიამოვნო.
        ერთადერთი გამონაკლისი (ასათიანისა და რჩეულიშვილისთვის დიდი პატივია) შეიძლება მხოლოდ ვახტანგ ბოჭორიშვილი აღმოჩნდეს; იგი პატიაშვილს ადვილად შეუთავსდება და ყველაზე ადვილად დათანხმდება «სიმბოლურ» ადგილს საარჩევნო სიაში.
        სხვები ჯერ კიდევ ცდილობენ სახის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნებას.

7 დღე, 16 ივლისი, 1999 წელი