აჭარის ახალი რესპუბლიკა

აჭარის ახალი რესპუბლიკა

     
       

   გუშინ აჭარის «დროებითმა საბჭომ» მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ. წინასწარი კონსულტაციების დროს (პრეზიდენტის ინიციატივით) სწორედ ეს თარიღი განიხილებოდა. ახალ ხელისუფლებას არ ეპიტნავება საარჩევნო პროცედურის დიდი ხნით გადადება და იგი ნამდვილად ცდილობს რევოლუციური მონაპოვარის უსწრაფეს ლეგიტიმაციას.

   თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, მაგალითად, მომავალ საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც ერთპალატიანი იქნება (ასლან აბაშიძის ეპოქისაგან განსხვავებით) და სულ 30 დეპუტატისაგან შედგება, არა «პარლამენტი», არამედ, «უმაღლესი საბჭო» ეწოდება. მიხეილ სააკაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი, ერთი არმია და ერთი უშიშროება უნდა იყოს. ამავე დისკურსში, ოფიციალურად ჩვენს ქვეყანაში ერთი პარლამენტი დარჩება, რაკი უმაღლესი საბჭოს სტატუსის «პარლამენტამდე» ამაღლებით, ასლან აბაშიძე თავისი სეპარატისტული რეჟიმის შემდგომ გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას ცდილობდა.
        რაც შეეხება 20 ივნისს არჩევნებს, უკვე ცხადია, რომ ეს არჩევნებო არსებული «დროებითი საბჭოს» ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ფორმა გახდება. ხუთშაბათს, ოპოზიციის ყოფილმა ლიდერმა ედვარდ სურმანიძემ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მოძრაობა «ჩვენი აჭარა» ამიერიდან თვითლიკვიდირებულია, ვინაიდან, მან თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა, ასლან აბაშიძის რეჟიმი მშვიდობიანად დაემხო, ხოლო ავტონომია საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეს დაუბრუნდა.
        ამის შემდეგ, «ჩვენი აჭარა» ან უნდა გაფორმდეს, როგორც პოლიტიკური პარტია, ან შეწყვიტოს არსებობა. ედვარდ სურმანიძეს გუშინვე გამოეხმაურნენ ოპონენტებიმ რომლებმაც არ გამორიცხეს «ჩვენი აჭარის» შენარჩუნება საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით, თუმცა, ამით საქმის არსი არ იცვლება: «ჩვენი აჭარა» მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს: ლოგიკური იქნება, თუ ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოსათვის იბრძოლებენ იგივე პარტიები, რომლებიც თბილისში ეცილებოდნენ ესრთმანეთს საკანონმდებლო ორგანოს მანდატებს.
        მაშასადამე, ბათუმშიც დაპირისპირებული მხარეები იქნებიან «ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები», «მრეწველები _ ახალი მემარჯვენეები» და «ლეობორისტები». ოღონდ, საეჭვოა, «ორგზის გამარჯვებულმა» ძალამ ვინმეს დაუთმოს უმრავლესობა ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში. უფრო მეტიც, ძალზე საეჭვოა, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ შეძლოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. აჭარაში ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო მკაფიო და ნათელია. ვიდრე იყო თბილისში, 28 მარტს არჩევნების წინ.
        თუმცა, «ლეიბორისტები» აჭარაშიც ვაჟკაცურად იბრძოლებენ და იქაც ვაჟკაცურად დამარცხდებიან, ხოლო შალვა ნათელაშვილის «სასტრასბურგო სარჩელს» ახალი არგუმენტები შეემატება.
        არ არის გამორიცხული, «მრეწველებმა-ახლებმა» აჭარაში სცადონ იმ ნიშის შევსება, რაც «აღორძინებამ» სამუდამოდ დაკარგა, მაგრამ 30-მანდატიანი უმაღლესი საბჭოს პირობებში, ამგვარი «გადათამაშება» გაცილებით რთული იქნება, ვიდრე თბილისში და სრულიად საქართველოს მასშტაბით. ბოლოს და ბოლოს, 28 მარტს «გადასანაწილებელი» გაცილებით მეტი რესურსი იყო.
        თანაც, ხელისუფლება (აჭარის სპეციფიკისა და კონტრრევოლუციის მაღალი საფრთხის გათვალისწინებით) აჭარაში ბევრად უფრო «ძუნწი» იქნება ამ თვალსაზრისით. შესაძლებლობები და ძალები კი, ახალ ხელისუფლებას რეგიონში ამჟამად თითქმის შეუზღუდავი აქვს.
        ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატები» 20 ივნისს არჩევნებში წარადგენენ საარჩევნო სიას, რომლის პირველი 18 წევრი უკვე გარკვეულია ამჟამინდელ დროებით საბჭოს, მინუს პრეზიდენტი და კოორდინატორი ლევან ვარშალომიძე, _ იგი უეჭველად მთავრობის (არა მინისტრთა კაბინეტის», არამედ «მინისტრთა საბჭოს» _ აქაც იგივე ნიუანსია) თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
        მათ დაემატებიან ყოფილი «ჩვენი აჭარის» ნდობით აღწურვილი პირები და აქტივისტები.
        ამ მხრივ, ავტონომიის მომავალი უკვე გარკვეულია: იქმნდება ხუთი სამინისტრო. ეს სამინისტროები, სინამდვილეში, საქართველოს შესაბამისი უწყებათა დეპარტამენტების თუ რეგიონული განყოფილებების ფუნქციას შეასრულებენ.
        ასლან აბაშიძემ ისე საგულდაგულოდ დამალა მის მიერვე შედგენილი კონსტიტუცია, რომ ამჟამად მასზე აპელირება სასაცილო იქნებოდა. ამიტომაც არ ასხენებენ მას აბაშიძის «ჩასაფრებული მომხრეები».
        ახლა კი, აჭარის კონსტიტუციის მისაღებად ადგილობრივ «ელიტას» არღარც არავინ შეაწუხებს. ახალი ავტონომია (აჭარის «ახალი რესპუბლიკა») შეიქმნება საქაღტველოს პარლამენტის კონსტიტუციური კანონით «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ». რამდენიმე პროექტი უკვე არსებობს. მათ შორის, «რესპუბლიკელებისა», რომელიც, ჯერ კიდევ 1992 წელს გახლავთ შემუშავებული.
        კანონის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს ავტონომიის კონსტიტუციას და იგი, რა თქმა უნდა, მთლიანად შესაბამისობაში იქნება როგორც ქვეყნის ძირითად კანონთან (ამაზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია), ასევე კონსტიტუციურ კანონთან. ასე შეიქმნება იურიდიული საფუძველი საიმისოდ, რათა «აჭარის ავტონომიაზე», როგორც პრობლემაზე(!) საუბარი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს.

14 მაისი, პარასკევი, 2004 წელი
        დილის გაზეთი