მინისტრებს შემდგომისთვის ითვლიან

მინისტრებს შემდგომისთვის ითვლიან

  

    «უსისხლო სამთავრობო გადატრიალების» შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ისევე როგორც საგადასახადო და საბაჟო სამსახურის უფროსებმა, პოსტი შეინარჩუნა, რაც, სხვათა შორის, შევარდნაძის კეთილგანწყობას სულაც არ ნიშნავს.
    უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სახელისუფლებო ტექნოლოგიის დაუწერელი კანონებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ეს ფიგურები «სამარქაფო ზვარაკად» შეინახოს და სხვათაგან განცალკევებულად, საჯაროდ და დემონსტრაციულად გამოუყვანოს წირვა - სამაგალითოდ დასაჯოს უზენაეს ბრძანებათა შეუსრულებლობისათვის.
    უკანასკნელი პერიპეტიების დროს ნათლად გამოჩნდა, რამდენად დიდი გავლენა აქვს პრეზიდენტის გადაწყვეტილებეზე თემურ ბასილიას. მდგომარეობა ფინანსთა სფეროში კვლავინდებუბრად ძალიან მძიმეა. 1998 წლის ბიუჯეტი (დარწმუნებით შეიძლება ითქვას) ვერ შესრულდება. ისევე, როგორც ვერ შესრულდა წინა წლის ბიუჯეტი. მაშასადამე, პრეზიდენტს საახალწლო გამოსვლაში კვლავ მოუწევს ბოდიშის მოხდა და მორიგი დაპირება: «არავის არც ერთი კაპიკი არ დაეკარგება». საკუთარი დაპირების ლიტონ სიტყვად ქცევას კი შევარდნაძე საკუთარ შვილსაც არ აპატიებს, არათუ ფინანსთა მინისტრს.
    იმავდროულად, გრძელდება განუკითხაობა და ანარქია სახაზინო სფეროში; საგადასახადო ინსპექცია კი ფაქტობრივად დანაწევრებულია, - «მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის» შექმნამ, ისევე როგორც «თბილისის საგადასახადოს» გამოცალკევებამ, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ გაამართლა და სწორედ ამ ორი რგოლის «ჩაფლავებამ» გამოიწვია ბიუჯეტის შეუსრულებლობა.
    მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, საქართველოს სახელმწიფო კვლავ აგრძელებს ძალზე საშიში «პირამიდის» აგებას მოკლევადიანი სახაზინო ვალდებულებებისაგან, რომელიც ერთხელაც შეიძლება დაიქცეს და მთელი ფინანსური სისტემა ქვეშ მოიყოლოს, - ანუ მოხდეს იგივე, რაც უკვე მოხდა რუსეთში, ოღონდ საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე და დამანგრეველი შედეგით.
    არადა, თამაში ცეცხლთან ანუ «სახელმწიფო სპეკულაციები» სახაზინო ვალდებულებებზე კვლავაც გრძელდება. ეს არის ჰეროინი, რომელსაც უმალვე ეჩვევა სუსტი სხეული და შემდეგ მისი «გადაჩვევა» ძალზე ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელიც!
    ამასობაში, ნადგურდება საქართველოს ურთიერთობა უმთავრეს ფინანსურ დონორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 1998 წელს კონგრესმა საქართველოსათვის 95 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.
    მომავალი წლისათვის დახმარების ოდენობა კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიო, მაგრამ შესაბამისმა უწყებებმა (აღმასრულებელ ხელისუფლებაში) ვერა და ვერ მოაბეს თავი დოკუმენტაციის გაგზავნას ამერიკაში, რათა დონორებს სცოდნოდათ, ბოლოს და ბოლოს, რაში აპირებდა საქართველო ამ თანხის დახარჯვას.
    ეს ხომ სრულებით ელემენტარულია, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ამერიკის სენატმა მაინც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად «ბრმად» გამოიყოფა თანხები საქართველოსთვის არანაკლებ 95 მილიონი დოლარისა; ანუ, შესაძლოა, დახმარებამ 200 მილიონ დოლარსაც მიაღწიოს. თუმცა, წარმომადგენელთა პალატა ამგვარ უპასუხისმგებლობას (საქართველოს მხრიდან) მომავალში ალბათ უფრო მკაცრად მოეკიდება.
    ყველაზე საგანგაშო მაინც ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემაა. აქციზური მარკები ქვეყანას მხოლოდ ნოემბერში მოუწევს. სავალუტო რეზერვი (მიმდინარე წლისათვის) უკვე ამოწურულია, მიშელ კამდესიუ რუსეთზეა გაცოფებული და რაკი მას ვერაფერს დააკლებს, ჯავრი შეიძლება საქართველოზე იყაროს.

7 დღე, 21 აგვისტო, 1998 წ.