ბორის კაკუბავა: „ჩვენ ერი არ ვყოფილვართ“

ბორის კაკუბავა: „ჩვენ ერი არ ვყოფილვართ“

    დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო «იბერიას» კორესპონდენტს, გიორგი კობალაძეს, ესაუბრა საქართველოს  პარლამენტის წევრი ბორის კაკუბავა.

- ბატონო ბორის, თქვენი პოზიცია აფხაზეთის სეპარატიზმის მიმართ ყოველთვის უკომპრომისო იყო, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირეთ სოჭის შეთანხმებას. რამ გამოიწვია თქვენი პოზიციის შეცვლა?

    - საქმე ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს შეიარაღებული ძალები. ის, რაც გვყავს, არ არის ჯარი - ეს არის დემორალიზებული ბრბო, რომელსაც ჯარს ვერ ვუწოდებთ.
    ჩვენ არ შეგვწევს ძალა, ვაწარმოოთ ომი. ჩვენ ომი წავაგეთ. წავაგეთ სამარცხვინოდ. საქართველო არა მარტო დამარცხდა ამ ომში, არამედ თავიც შეირცხვინა. ისტორიაში ჩაიწერება, რომ 4 მილიონი ქართველი ებრძოდა 40 ათას აფხაზ სეპარატისტს და დამარცხდა ამ ბრძოლაში.
    ერთი წელი ვიომეთ და არც ერთი დღე არ გვქონია გამარჯვება, არც ერთხელ არ გაგვიმარჯვია, არც ერთი სოფელი არ აგვიღია. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ არა ვართ მეომარი ხალხი და არა ვართ ის ხალხი, ვინც ღირსია თავისუფლებისა. ჩვენ არ ვყოფილვართ ერი - ასეთია ჩემი დასკვნა.
    რაც შეეხება ზავს საქართველოსა და აფხაზეთს შორის - ეს არის კანონზომიერი, რადგან გამარჯვებული ყოველთვის კარნახობს დამარცხებულს თავის პირობებს, რაკი ის გამარჯვებულია.
    ხვალისათვის კი არის პერსპექტივა, რომ აფხაზეთში არ იცხოვრებს არც ერთი ქართველი. იცხოვრებს მხოლოდ ის ქართველი, რომელიც იქნება აფხაზების მონა და იქ ქართული სული დიდხანს არ აღორძინდება.
    მაქვს პატარა იმედი: ხელშეკრულებაში არის ისეთი საკითხი, რომლის საზრიანად გამოყენების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ავაღორძინოთ აფხაზეთში ქართული სული. მაგრამ საქართველოში შექმნილი ვითარება ალბათ, არ მოგვცემს იმის საშუალებას, გამოვიყენოთ ეს შანსი.
    კონკრეტულად მხედველობაში მაქვს სამეგრელოს რეგიონში შექმნილი ვითარება, სადაც თავიდანვე წინააღმდეგნი იყვნენ, რომ საქართველოს ეს ომი ეწარმოებინა. მოგვიწოდებდნენ - «აფხაზ ხალხს არ ესროლოთ, აფხაზები არიან ჩვენი ძმები, შევარდნაძის ხუნტის ლაშქარი შეესია აფხაზეთს».
    სწორედ ამ პროპაგანდის და აგიტაციის შედეგად, სამეგრელო არ დაუდგა გვერდში აფხაზეთის ქართველობას, - დაკეტეს გზები და საქართველოდან თვითმფრინავებით ბევრი ვერაფერი მივაწოდეთ სოხუმს.
    ასე რომ, პასუხისმგებლობა აფხაზეთში დამარცხებისათვის ეკისრებათ სამეგრელოს იმ ლიდერებს, რომლებიც დღესაც ემორჩილებიან გამსახურდიას. დღესაც, თუ სამეგრელო არ დაწყნარდება, აფხაზეთის ქართველობას სრული განადგურება ელის, ამიტომ იძულებული გავხდებით, აფხაზეთში დარჩენილი ქართველობა გამოვიყვანოთ ამ ტერიტორიიდან.
    თუ აფხაზები შემოვიდნენ სოხუმში და გადავიდნენ ენგურის ხიდზე, ანუ დაამთავრეს ის პროცესი, რასაც «საქართველოსგან გათავისუფლებას» უწოდებენ; თუ საქართველომ დადო აფხაზეთთან ფედერაციული ხელშეკრულება, ჩათვალეთ, რომ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია, რადგან აფხაზეთში დასახლდებიან კაზაკები და ჩრდილოეთ კავკასიელები. ამ ორ წელიწადს სულს ვერ მოვითქვამთ და რომც გავძლიერდეთ შემდგომში, ამის შემდეგ დაპყრობით ომებს ვერ ვაწარმოებთ.
    - ბატონო ბორის თქვენ ხომ ბევრჯერ გითქვამთ, რომ ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებდით ომს და არა აფხაზეთთან?!
    - რა თქმა უნდა. ამას ახლაც ვიმეორებ. რუსეთი არის საქართველოს მტერი და საქართველოს სხვა მტერი არ ჰყავს. იგი აწარმოებდა ჩვენს წინააღმდეგ ომს. სამხედრო მანქანას მართავს არა აფხაზი, არამედ რუსი. ჩვენ ომი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის შემოსევის წინააღმდეგ.
    რაც შეეხება აფხაზებს, თუ მათ შეუძლიათ რუსების დაქირავება, ჩვენ რატომ ვერ შევძელით ეს გაგვეკეთებინა? მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელით, რადგან ვართ ერი, რომელსაც ბედად უწერია განადგურება. ჩვენ ფიზიკური განადგურების გარდა სხვა გზა აღარ დაგვრჩენია.
    ხელშეკრულებამ შეაჩერა სოხუმის აღება, მაგრამ რამდენი ხნით - არავინ იცის. სოხუმი დაუცველია. ჯარი იქედან გამოყვანილია. ადგილობრივი ფორმირებები დემორალიზებულია.
    თუ ადრე მოვიგერიეთ რამოდენიმე შტურმი, დღეს უკვე ეს ძალაც არა გვაქვს და შეიძლება სოხუმსაც იგივე ბედი ეწიოს, რაც გაგრას - სეპარატისტთა ბრბო შემოიჭრება ქალაქში და გააჩაღებს სასაკლაოს.
    მათი გეგმაა: აფხაზეთში 10%-ზე მეტი ქართველი არ ცხოვრობდეს და ეს ქართველობაც აფხაზთა მონა უნდა იყოს.
    ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ გაგრიდან ქართველების დეპორტაცია გრძელდება და არავინ არის მათი პატრონი. საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, დაიცვას აფხაზეთის ქართველობა. ამ ხელისუფლებამ გააჩაღა ეს ომი. არა ერთი ჩვენი თხოვნა და გაფრთხილება, რომ აფხაზეთში არ შეიძლებოდა ომის დაწყება და არ შეიძლებოდა ტანკების შემოყვანა, რომ საჭირო იყო შექმნილიყო ადგილობრივი ბატალიონები - უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენ არ დაგვიჯერეს და დაიწყეს ომი. «საგზაო მაგისტრალების» დაცვა მხოლოდ საბაბი იყო. ჩვენ კი ვთხოვდით: მოეცათ საშუალება, ადგილობრივი ქართველობა მოძლიერებულიყო. ეს აწყდებოდა წინააღმდეგობას. ჩვენ რომ ადრევე შეგვექმნა სამი ბატალიონი აფხაზეთში, - არც ერთი ქართველი არ დაგვეღუპებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ არ დაგვიჯერა და არჩია ომის დაწყება. როგორც ჩანს, ეს კრემლში იყო დაგეგმილი და ჩვენ თვითონ წამოვეგეთ მოსკოვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას; - შევიყვანეთ ტანკები და ატყდა ომი, რომელიც წავაგეთ - ნაცვლად იმისა, გავსულიყავით ფსოუზე, ჯარები შეჩერებულ იქნა გუმისთასთან და აფხაზებს გამაგრების საშუალება მივეცით.
    11 თვე ჩვენი ბიჭები ამყოფეს სანგრებში. აფხაზებმა კი, ამასობაში, ყველა ქართული სოფელი გაანადგურეს. ბოლო სოფელი იყო შრომა, რომელიც აღარ არსებობს - იგი განადგურებულია.
    ეს ყოველივე დაიგეგმა მოსკოვში, მაგრამ რატომღაც ამის შემსრულებელი მოინახა საქართველოში.

«ივერია-ექსპრესი», 21 აგვისტო, 1993 წელი.