ნატო და რუსული ულტიმატუმი

ნატო და რუსული ულტიმატუმი

   გასულ კვირას სოჭში (მომავალი ოლიმპიადის დედაქალაქში) ნატო-რუსეთის მუდმივმოქმედი საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა. ეს საბჭო ჯერ კიდევ 1997 წელს, ესე იგი ელცინის დროს შეიქმნა: რაკი იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, «პლეხანოველმა» ევგენი პრიმაკოვმა უარი განაცხადა რუსეთის ნატოში შესვლაზე (არადა, ასეთი ვარიანტი პრეზიდენტ კლინტონის მმართველობისას სერიოზულად განიხილებოდა), ევროატლანტიკურმა გაერთიანებამ გადაწყვიტა რუსეთი სხვაგვარად «ჩაეთრიათ» თანამშრომლობაში – თუნდაც მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანოს სახით. თუმცა მოსკოვში ტყუილად უხაროდათ, რადგან საკუთარი გადაწყვეტილება ნატომ სულ მალე «დააბალანსა» უკრაინასთან ასეთივე საბჭოს შექმნით, ხოლო პრეზიდენტ ბუშის მმართველობისას «ნატო-საქართველოს საბჭოც» ამოქმედდა..
    მოსკოვში «ნატო-რუსეთის საბჭო» ესმოდათ და ესმით, როგორც პოსტსაბჭოურ სივრცეზე დერჟავული გავლენის შენარჩუნებისა და დასავლეთის მხრიდან ამ გავლენის აღიარების («გაპრავების») ინსტრუმენტი. ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად გერმანია ამგვარ მიდგომას იზიარებს. სხვები ბოლო დრომდე «აუტკივარი თავის არატკივების» მოსაზრებით მოქმედებდნენ.
    მაგრამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკის მთავრი პრობლემა გახდა ირანის ბირთვული პროგრამა. განსაკუთრებით ის გარემოება, რომ ირანელი აიათოლები მილიარდებს ხარჯავენ ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ტერიტორიამდე «მიიტანენ» ატომურ ბომბებს. ამიტომაც, დასავლეთის წინაშე მწვავე აუცილებლობა წარმოიშვა – შეექმნათ ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ვერ შეაკავებდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ირანის თითო-ოროლა რაკეტისთვის კი საკმარისი იქნებოდა.
    მოსკოვმა მაშინვე ისტერიკა მოაწყო და მისი დამშვიდება სწორედ «ნატო-რუსეთის საბჭოს» ფარგლებში სცადეს. ეს მაშინევ ფუჭი, გულუბრყვილო და ბრიყვული მცდელობა იყო: ჯერ ერთი, ირანი რომ ატომურ და სარაკეტო ტექნოლოგიებს ავითარებს, როგორ გგონიათ, ამას ვისი დახმარებით აკეთებს? რასაკვირველია იმავე რუსული სპეციალისტების და რუსული სპეცსამსახურებისა, რომლებიც ამ სპეციალისტებს იქ ჩუმ-ჩუმად აგზავნიან, თითქოსდა რუსული სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია.

 

«მშვიდობიანი რუსული ტრაქტორი»

 

  ოფიციალურად რუსეთი ირანში მხოლოდ «მშვიდობიან ატომურ ელექტროსადგურს» აშენებს. ანეგდოტი იყო საბჭოთა პერიოდში ასეთი: «მშვიდობიან რუსულ ტრაქტორს ნატოს შენაერთი დაესხა თავს, ისიც აფრინდა და ცეცხლი გახსნა». არადა, სწორედ ამგვარი «მშვიდობიანი ელექტროსადგურებით» იწყებოდა ატომური ტექნოლოგიების განვითარება ჩრდილო კორეასა და პაკისტანში. დღეს უკვე ორივეს აქვს ატომური ბომბი.
    გარდა ამისა, დასავლეთში ჯიუტად არ უნდათ გაიგონ, რომ სინამდვილეში რუსეთს ირანი კი არ ანაღველბს ან ის თვალთმაქცური «შიში» თითქოს ამერიკულ-ევროპული «ანტისარაკეტო სისტემა» მის ათეულობით ატომ-ბირთვულ რაკეტას შეუშლის ხელს, «რამე რომ იყოს», დასავლეთის განადგურებაში, არამედ სულ სხვა რამ: საქმე ისაა, რომ თუ ნატომ ირანის წინააღმდეგ ასეთი სისტემა შექმნა, აუცილებლად წარმოიშობა კითხვა: სად უნდა განლაგდნენ «ანტირაკეტები» ან რადარები? უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ შეიძლება დააყენონ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც, მედვედევის თქმით, «რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონაა». ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს ტერიტრორიქზე რადარის დადგმის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს, რაამც მოსკოვი უბრალოდ გააცოფა!
    და, რაც მთავარია, რუსეთს არა აქვს გარანტია, რომ თუ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მორიგ აგრესიას წამოიწყებს, ნატოს ანისარაკეტო სისტემა არ იქნება გამოყენებული «ისკანდერის ტიპის» მცირე სიშორის რაკეტების ჩამოსაგდებად. 2008 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს და მფრინავებიც დაატყვევეს., რუსული არმადა აქტიურად ბომბავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას (დაღესტნიდან) «ისკანდერისა» და «ტოჩკა-უ»-ს რაკეტებით.
    წარმოიდგინეთ, რომ ამ დროს შავ ზღვაში უკვე ყოფილიყო ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ვთქვათ ხომალდები, რომლებზეც «ანირაკეტებია» განლაგებული. ხომ შესაძლებელი იქნება ამ იარაღით «ისკანდერების» ჩამოგდება? სწორედ ეს არის მოსკოვის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი. თუმცა ამას, რასაკვირველია, პირდაპირ არ იყტვიან და არ გაამხელენ: თქვენი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მეზობელი ქვეყნების დაბომბვაში ხელს შეგვიშლისო.
    ამიტომ იგონებენ ზღაპრებს, თითქოს «ისკანდერების» ბედი კი არ აღელვებთ, არამედ ტრანსკონტინენტური რაკეტებისა, რომელთა ჩამოგდება, სინამდვილეში, აბსოლუტურად შეუძლებელია იმ რაოდენობით და ხარისხით, რაც რუსეთს (ირანისგან განსხვავებით) გააჩნია.

 

მედევდევის სამი პუნქტი
   

   

    აქედან გამომდინარე, სოჭის შეხვედრის წინ, პრეზიდენტმა მედვედევმა გადაწყვიტა დასაველთისთვის ულტიმატუმი წაეყენებინა, რომელიც სამი პუქტისგან შედგებოდა. კრემლის მოთხოვნა ასეთი იყო:
    1) ნატო დაგვთანხმდეს, რომ საერთოდ არავითარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ შეიქმნება, ხოლო ირანიდან შესაძლო სარაკეტო თავდასხმას ევროპასა და ამერიკაზე . . . . . რუსეთი მოიგერიებს თავისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით! ესე იგი, თქვენ არაფერის შეგეშინდეთ: ირანი თუ რაკეტას გესვრით, იმ რაკეტას ჩვენ ჩამოვაგდებთო. »მერედა, რომ არ ჩამოაგდოთო?» - ჰკითხეს ბრიუსელიდან. «როგორ გეკადრებათ, პატიოსან რუსულ სიტყვას გაძლევთ, ჩვენ დაგიცავთ და აუცილებლად ჩამოვაგდებთო». ამაზე ნატოს გეენრალურ მდივან ანდრეს ფოგ რასმუსენს ისღა დარჩენოდა, ქართული ანდაზის რომელიმე დანიური ვარიანტით ეპასუხა მედვედევისთვის: «უი, შენისთანა ჭკვიანი დედააშენს ნეტავ კიდევ თუ ჰყავსო». ანდაზა- ანეგდოტები იქით იყოს და ნატოს წესდება პირდაპიე კრძალავს თავდაცვით საკითხებში იმ ქვეყნებზე დამოკიდებულებას, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. ესე იგი, მოსკოვის წინადადება თავიდანვე მტკნარი პროვოკაცია იყო.
    მაშინ 2) მედვედევის წინადადებით, ნატოს და რუსეთს უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება, რომ «რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ». თითქოსდა, რა არის ამაში ცუდი? მაგრამ როდესაც ნატოს ექსპერტებმა ეს წინადადება ყურადღებით განიხილეს, ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს: ,მედვედევის ინიციატივაში არ იყო დაკონკრეტებული, როგორი რაკეტების წინააღმდეგ «არ იქნება მიმართული»: კონტინენტთაშორისისა თუ «ისკანდერების»? ამგვარი გაიძვერობით რუსებს იმის მიღწევა უნდოდათ, რომ თუ მეზობელ ქვეყნებს (როგორც 2008 წელს საქართველოს) საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებით დაბომბვავდნენ, შავ ზღვაში მყოფ ამერიკულ ხომალდებს არ ექნებოდათ უფლება ეს რაკეტები ჩამოეგდოთ. ბუნებრივია, ამაზეც უარი მიიღეს
    და 3) რაკი მიხვდა, რომ არც პირველ და არც მეორე წინადადებაზე ნატო არ თანხმდებოდა, მედვედევი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა: ავდგებით და კალინინგრადის ოლქში (ესე იგი პოლონეთისა და გერმანიის საზღვართან) იმავე ისკანდერებს დავაყენებთო. გათვლა იმაზეა, რომ ევროპელ ობივატელს შეეშინდება და აიძულებს საკუთარ მთავრობებს, რუსული ულტიმატუმის ან პირველი ან მეორე პუნქტი მიიღონ.

 

ნატოს გამოღვიძება და საქართველოს შანსი
   

   

    სწორედ ეს ულტიმატუმი უნდა განხილულიყო სოჭში, მაგრამ რუსებმა მოულოდნელად მტკიცე პასუხი მიიღეს: თუ თქვენ რაკეტებს დაუმიზნებთ ევროპას და განალაგებთ მათ კალინინგრადში (კიონისბერგში) ეს იქნება ჩვენთვის ომის გამოცხადება და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს!
    რა შეიძლება იყოს ეს ზომები? მაგალითად პოლონეთის მიერ რუსული ტრანზიტისთვის საზღვრის ჩაკეტვა, სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა და ასე შემდეგ. ანუ, პასუხი არასაომარი იქნება, თუმცა რუსებისთვის მაინც ძალიან მტკივნეული: პოლონეთმა თუ საზღვარი ჩაკეტა, პარიზში სასეირნოდ როგორღა გაემგზავრებიან? – თვითმფრინავი ხომ მეტისმეტად ძვირია მილიონობით რუსისთვის.
    სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა კი პუტინისთვის ნამდვილი კატასტროფა გახდება. 50 მილიარდი დოლარია უკვე დახარჯული და მოპარული. საქართველოს გამო ამ ნაბიჯზე დასავლეთი არ წავიდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხვირწინ რომ რაკეტებს დაუყენებენ, მაშინ კი იკადრებს რეაგიერბას – როგორც არ უნდა უნდოდეს «აუტკივარი თავის არატკივება». კაცმა რომ თქვას, ნატოს სხვა გზაც აღარ აქვს მას შემდეგ, რაც ორჯერ სერიოზულად ჩაფლავდა. პირველად, როცა საქართველო ვერ დაიცვა და რუსული აგრესია «გადაყლაპა», მეორედ კი ლიბიაში, სადაც ნატოს ოპერაცია რამდენიემ დღის ნაცვალდ უკვე მერემდენე თვეა გრძელდება სამარცხვინოდ.
    როგორც მოსალოდნელი იყო, ნატოს (პირველ რიგში დანიელი გენერალური მდივნის) მტკიცე პოზიციამ მედევდევი დააფრთხო და მაშინვე უკან დაიხია: არავითარი ულტიმატუმები (რასაც მანამდე პრესაში აპარებდნენ და დახურულ კარს მიღმა «არახუნებდნენ») ღიად სოჭში აღარ გაუჟღერებია და მუქარანარევი განცხადებებიც შეარბილა.
    პირიქით, რუსეთის პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ მომავალ წელს ამ საკითხებზე მსჯელობა ნატოს ჩიკაგოს სამიტზე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ან თვითონ მიიღებს ან «ძველ-ახალი» პრეზიდენტი პუტინი. ნებიმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ დასავლეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე უარს არ იტყვის. პირიქით, იმ შემთხევვაში, თუ სხვა გამოსავალი არ ექნა და თურქეთმა საბოლოოდ თქვა უარი ამერიკული «ანტირაკეტების» თუ «რადარების» განლაგებაზე, საქართველოს თემა აუცილებლად კვლავ წამოიჭრება.
    მედვედევმა და პუტინმა თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში და იმდენი იყვირეს, იძულებულნი იქნებიან საპასუხოდ რაღაც ზომები მიიღონ. ნებისმიერი «ზომის მიღება» კი რუსეთ--დასავლეთის ურთიერთობას იმდენად დაძაბავს, რომ ნატოს დასჭირდება «ხელჩსაჭიდი» რუსული აგრესიიის საწინააღმდეგოდ. სწორედ ამგვარ «ხელჩასაჭიდად» იქცევა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციის ფაქტი. მაშინ დასავლეთში ეს ფაქტი სულ სხვა სიმწვავით და აქტუალობით დადგება დღის წესრიგში!
    ესე იგი, თანდათან იქმნება და ნაწილობრივ უკვე შეიქმნა კიდეც სიტუაცია, როცა დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს: რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები მწვავე კონფრონტაციისკენ მიექანება. მთავარია, ხელსაყრელ მომენტს დაველოდოთ და რუსულ აგენტურას ქვეყნის არევის საშუალება არ მივცეთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ნატოსთვის «ქართულ კოზირს» ფასი დაეკარგება და ოკუპირებული ტერიტორიებიც აღარავის გაახსენდება.
    პოლიტიკა, ზოგადად, ცინიკური რამეა. სამაგიეროდ, საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა.

2011