გაყინული პრობლემა

გაყინული პრობლემა

            სინოპტიკოსთა უცდომელი პროგნოზის შესაბამისად (ეს ოჯახაშენებულები რაღა ახლა არ ცდებიან), 25 დეკემბრის ღამეს ყინვამ თბილისში 10-12 გრადუსს მიაღწია. ზოგიერთ რაიონში ისეთი გრიგალი იყო, თავი წყნარი ოკეანის სამხრეთ განედებზე ეგონებოდა კაცს ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს დედაქალაქში ადამიანები იყინებიან. 2 და 5 წლის ბავშვების ამბავი, მადლობა ღმერთს, სათანადოდ გაშუქდა და საზოგადოებამ გაიგო, რა შეიძლება მოხდეს ზამთარში. ბავშვების გაყინვა ნამდვილად მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება, მით უმეტეს, საქართველოში.
            თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველო და თბილისი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის – ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის ინსტიტუტის (გელაპის) ცნობით, მხოლოდ წლეულს, ნოემბერ-დეკემბერში ნიუ-იორკში 156 ადამიანი გაიყინა! ქუჩაში იპოვეს მკვდარი და პირდაპირ მორგში მიაბრძანეს. კი ბატონო, ნიუ-იორკი განსაკუთრებული და უნიკალური ქალაქია, მაგრამ იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ ვაშინგტონში (ერთადერთ ზესახელმწიფოს დედაქალაქში) იმავე პერიოდში 47 ადამიანი გაიყინა (წელს განსაკუთრებით სუსხიანი ზამთარია იქაც), მათ შორის, თეთრი სახლის მიმდებარე ბაღში დილთოვლობისას სამი ადამიანი იპოვეს მკვდარი.
            ეს არ არის, ისე მარტივად და პრიმიტიულად ასახსნელი პრობლემა, რომ «რაკი საქართველოში კორუფციაა, ამიტომ ადამიანები ქუჩაში იყინებიან».
            სინამდვილეში, სოციოლოგები ამ კატეგორიის ადამიანებს უწოდებენ «სოციალურ ელემენტებს», ხოლო საბჭოთა კავშირის მიმწუხრს მათი «დეფინიციისთვის» მოიგონეს «ბომჟ», ანუ «ბეზ ოპრეელენოგო მესტა ჟიტელსტვა» - გაურკვეველი საცხოვრებელი ადგილის ადამიანი,
            ხსენებული კატეგორია სოციუმის «მიღმა» იმყოფება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უპატრონო ძაღლებს იჭერენ, სპეციალურ დაწესებულებებში მიჰყავთ, სამედიცინო შემოწმების შემდეგ აჭმევენ, ასმევენ და სითბოში ამოყფებენ. ამ დროს კი ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციის უკან (მიმდებარე ბაღში) ადამიანი კვდება, მაგრამ მას ვერავინ წაიყვანს (ძაღლივით) თბილ შენობაში, ვინაიდან ეს ადამიანის უფლებების დარღვევა იქნება – ბევრ მათგანს მართლა მაწანწალობა და მათხოვრობა ურჩევნია, ფაქტობრივად, ციხეში ყოფნას.
            ამ თემაზე დასავლეთში 80-იანი წლებიდან ბობოქარი დებატები იყო. მაშინ მარგარეტ ტეტჩერმა თქვა, რომ უმუშევრობის დახმარება მხოლოდ გარკვეული ვადით უნდა გაიცეს, ხოლო შეთავსებულ სამუშაოზე რასაკვირველია, არაპრესტიჟულზე, უარის თქმის შემთხვევაში, სახელმწიფო ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის თავიდან.
            დასავლეთში პრობლემა ის არის, რომ ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში, ფსიქიკურად არანორმალურ ადამიანებთან გვაქვს საქმე. «იძულებითი მკურნალობის» ინსტიტუტს კი დასავლეთი ცნობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვებისთვის საშიშია და ეს დადასტურდება. საბჭოთა კაშვირი ამისთვის მსოფლიო ფსიქიატრთა ორგანიზაციებიდან გარიცხეს.
            საქართველოში, ამ თვალსაზრისით, მაინც სხვა შინაარსის პრობლემაა, ვინაიდან, ბევრ შემთხვევაში, სამე გვაქვს გაუბედურებულ ლტოლვილებთან და უპატრონოდ დარჩენილ ბავშვებთან. დასავლეთში ეს გამორიცხულია – 16-18 წლამდე ადამიანი არასრულწლოვნად მიიჩნევა და ადამიანის უფლებათა დარღვევადარ ჩაითვლება «ბავშთა სახლში» მისი მოთავსება სრულწოვანებამდე. სორედ ამიტომ, ლონდონისა და პარიზის ქუჩებში უამრავი «ბომჟი» შეგხვდებათ, მაგრამ მაწანწალა ბავშვებს ვერ ნახავთ.
            თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პრობლემის გადასაწყვეტად ორიგინალური სქემა შეიმუშავა მერია გადაუხდის ხელფასს მაწანწალებს, თუ მათ ბიზნესმენები თბილისშივე დაასაქმებენ («წვრილმან სამუშაოზე»).
            მართლაც, თითქოს დიდი თანხა არ იქნება საჭირო – მუდმივად სულ 50-60 ბავშვი მაწანწალობს. შესაძლებელია, მათი დასაქმება გაზეთების მიმტანებად, კურიერებად და ასე შემდეგ. მაგრამ ასე ადვილად არ არის საქმე. თანხის გამოყოფით და სამუშაო ადგილების შექმნით, პრობლემა რომ წყდებოდეს, ნიუ-იორკის მერიას არ გაუჭირდებოდა 10-15 მილიარდის გამოყოფა არა მხოლოდ მაწანწალების, არამედ თვით ჰარლემის ურთულესი პრობლემის გადასაწყვეტად.
            საქმეც ის გახლავთ, რომ არსებობს «ცხოვრების წესის» ცნება, რომლის შეცვლა ინვესტირებით შეუძლებელია. გავიხსენოთ საოცარი ფაქტი მაწანწალობა საბჭოთა კავშირშიც კი ვერ მოისპო, სადაც ასეთი კატეგორიის ადამიანებს ნამდვილ ციხეში სვამდნენ, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მხული არსბეობდა (სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა) – დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ წარმოუდგენელია.
            ადამიანის ცხოვრების წესთან სახელმწფიოს რა ხელი აქვს.
            საქართვლეოში მაინც განსხვავებული სიტუაციაა – დეკლარირებულ (ასოციალურ) ელემენტთა უმრავლესობა ლემპენურ მდგომარეობამდე სოციალურ-ეკონგომიკური ფორმაციის რღვევამ მოიყვანა. ბევრ მათგანს ადრინდელ ფორმცაიაში მაღალი არა, მაგრამ გარკვეული სოციალური ნიში ეკავა. იმისთ გათვალისწინებით, რაც ქვეყანამ უკანასკნელი 10-15 წლის განმალვობაში გადაიტანა, გასაკვირიც კია, რომ მაწანწალათა რაოდენობა ათეულ ათასებს არ აღწევს.
            უახლოეს წლებში ამის გამოსწორება ვერ მოხერხდება, ხოლო საქართვლეოს ეოკნომიკური განვითარების შემთხვევაში, პრობლემა ჩვენშიც იმ სტადიამდე შემცირდება, ოდესაც იგი გადაწყვეტას ექვემდებარება.

დილის გაზეთი, 27 დეკემბერი, 2002 წელი