«დემოკრატიული რევოლუციის» ექვსი წლისთავი გვიახლოვდება

«დემოკრატიული რევოლუციის» ექვსი წლისთავი გვიახლოვდება

  

    1991 წლის 4-5 ოქტომბერს თბილისი სამოქალაქო ომისა და შეურიგებელი დაპირისპირების მორიგი აქტი განხორციელდა. კიტოვანის გვარდიის თბილისის ზღვაზე დაბანაკების შემდეგ მას ალყა შემოარტყა ლოთი ქობალიას სამხედრო შენაერთმა და გაანადგურებდა კიდეც (ან განაიარაღებდა), - ზვიად გამსახურდიას ნებისყოფა რომ გამოეჩინა და გულჩვილობას არ აჰყოლოდა.
    სანამ თბილისის ზღვაზე დაპირისპირება მწვავე ხასიათს იღებდა, დედაქალაქში «ოპოზიციამ»: მიტინგების ტალღა» ააგორა. შეხლა-შემოხლამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. უზენაესი საბჭოს შენობასთან პრეზიდენტის მომხრეები შეიკრიბნენ, სასტუმრო «თბილისთან» - ოპოზიციონერები.
    დაიწყო ქვების სროლა ორივე მხრიდან, რასაც ავტომატის ჯერიც მოჰყვა. უზენაესი საბჭოს შენობიდან გამსახურდიას მომხრეები ავტომატს ესროდნენ, თუმცა ტყვიები აშკარად არასაბრძოლო იყო. სამაგიეროდ, «მეორე მხრიდან» ნასროლი ტყვიით პრეზიდენტის ერთ-ერთი მომხრე სასიკვდილოდ დაიჭრა. იგი რამდენიმე დღის შემდეგ გაასვენეს უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან. «აი, ჩვენი მოწმე», - თქვა ზვიად გამსახურდიამ ამასთან დაკავშირებით.
    უცნაურია, მაგრამ 4-5 ოქტომბრის ამბები «ოპოზიციამ» ხელისუფლების «აგრესიად» გამოაცხადა მაშინ, როცა მისი მხრიდან არავინ დაღუპულა. ერთადერთი, ვინც იმ ღამეს დაიღუპა, ხელისუფლების მომხრე იყო. კიტოვანი თბილისის ზღვიდან არ ჩამოსულა (რისთვისაც ბევრი ოპოზიციონერი აგინებდა), თუმცა მისი «ხალხი» მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა და სწორედ ერთ-ერთი მათგანის ტყვიამ იმსხვერპლა «საპირისპირო მიტინგის» მონაწილე.
    სულ მალე რუსთაველზე სროლა არავის გაკვირვებას აღარ იწვევდა. დაპირისპირება ისეთ სტადიაში შევიდა, როცა ერთ-ერთი მხარე საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო. დღეს იმდროინდელ მოვლენათა ბევრი მონაწილე ცდილობს გაემიჯნოს «დემოკრატიულ რევოლუციას», რაც იოლი არ იქნება.
    საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ დაპირისპირებამ და ხელისუფლების დამხობამ ქვეყანას უბედურების მეტი არაფერი მოუტანა, ხოლო მაშინდელი პროცესების «მთავარ გმირთა» ოდიოზური შინაარსი და ქვენა მოტივაცია საბოლოოდ ადასტურებს ისტორიის განაჩენს: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში. არაფერი უცხო და უცნაური არ მომხდარა. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორია სწორედ სამოქალაქო ომების (უფრო მეტად სამოქალაქო, ვიდრე სამამულო), შიდა დაპირისპირების, მტრის კარზე სირბილისა და ფანატიკური ურთიერთისიძულვილის ისტორიაა. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ერი ერთხელ და სამუდამოდ სასტიკად არ დასჯის არეულობის მოთავეებს.
    ზვიად გამსახურდია ცოცხალი აღარ არის. მისი მტრები (მარტო მისი?) ჯერ არ დასჯილან, ყოველ შემთხვევაში, ამ დანაშაულისათვის. 1992 წელს ბევრს შეუძლებლად ეჩვენებოდა «ყოვლისშემძლე ადამიანთა» ციხეში გამწესება. დღესაც შეუძლებლად მიაჩნიათ «დეკემბერ-იანვრის» სასამართლო პროცესი. ნამდვილად ცდებიან: ადრე თუ გვიან ეს პროცესი უეჭველად გაიმართება და ყველას, ვისაც ამ ტრაგედიაში წვლილი მიუძღვის, საკადრისად მიეზღვება.

მერიდიანი, 5 ნოემბერი, 1997 წ.