გენერალი გლადიშევი იგორ გიორგაძის წინააღმდეგ?

გენერალი გლადიშევი იგორ გიორგაძის წინააღმდეგ?

 

    არაერთგაზის ითქვა, რომ რუსული პრესა იმპერიალისტური პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საიმედო იარაღია. მაგრამ ვინაიდან მავანი ამ მტკიცებას «რუსოფობიის» გამოვლინებად თვლის, იძულებული ვარ, მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი.
    მოსკოვურ გაზეთ «იზვესტიაში» (¹27) ამას წინათ დაიბეჭდა სენსაციური მასალა, რომელიც იმდენად განსაცვიფრებელ ფაქტებს შეიცავს, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა იქცნენ ფართო საზოგადოების მსჯელობის საგნად.
    სტატიის დასაწყისშივე ვინმე ლესკოვი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ აჭარა სიმშვიდისა და სტაბილურობის ერთადერთი ოაზისია გაუთავებელი ომებით მოცულ საქართველოში. რუსი ჟურნალისტის ეს სენტენცია საერთოდ შეესაბამება იმ გულისამაჩუყებელ ტონს, რომლითაც მისი სხვა, ტელე თუ რადიო კოლეგებიც აღნიშნავენ ხოლმე «აჭარაში გამეფებულ სიამტკბილობასა და სიმშვიდეს». თითქოს რუსი ჟურნალისტების ერთადერთი მიზანი ამქვეყნიურად (განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ სივრცეზე) სიმშვიდისა და ურთიერთმიტევების დამკვიდრება ყოფილიყოს, თითქოს თავის დროზე მათ არაფერი გაეკეთებინოთ ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ აფხაზეთში ან სამეგრელოში ომისა და სისხლისღვრის გაჩაღება-პროვოცირებისათვის. . . .
    თუმცა, იგივე ლესკოვი, იქვე, საგანგებოდ იმასაც აღნიშნავს, რომ «ომი ამ რესპუბლიკას არ შეეხო მხოლოდ რუსეთის ჯართა ხელმძღვანელების პოზიციის გამო», რომელიც, თურმე ნუ იტყვით, უმალვე მობილიზაციას აცხადებდა, როგორც კი აჭარის საზღვრებს(!) მიუახლოვდებოდა საქართველოს(!) ტერიტორიაზე მოქმედი რომელიმე შეიარაღებული ბანდა. არადა, ლესკოვის ღრმააზროვანი მინიშნებით, კონფლიქტი აჭარაში კიდევ უფრო დამანგრეველი იქნებოდა, ვიდრე სხვა კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან «მეზობელ თურქეთში მილიონობით აჭარელი ცხოვრობს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უმალვე დაეხმარებოდნენ თავიანთ მაჰმადიან მოძმეებს».

    მაგრამ ამ დღეებში სიტუაცია ბათუმში დაიძაბა-. «რუსულენოვანი მოსახლეობა» მიტინგს-მიტინგზე ატარებს, აჭარაში დისლოცირებული მოტომსროლელთა დივიზიის რამოდენიმე ოფიცერი დაპატიმრებულია, ერთმა კი ტყვია იხალა შუბლში. ამ დივიზიას გენერალი გლადიშევი მეთაურობს. მას ჟურნალისტი დადებითად ახასიათებს და ამ დახასიათების ერთ-ერთ შტრიხად შემდეგი ფაქტი მოჰყავს: ადრე გლადიშევს ლიტვაში უმსახურია და ამ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის გაშლის პერიოდში უთქვამს: «ვიტაუტას ლანდსბერგისი ჭკვიანად იყოს, თორემ საკუთარი სახლის წინ ქოფაკი ძაღლივით დავაბამო». აი, ასეთი რწმენისა და მსოფლმხედველობის ადამიანი ხელმძღვანელობდა ბათუმში ¹12-ე სამხედრო ბაზას (ჩვენ კი ამდენს ვკამათობთ რუსეთისათვის ბაზების გადაცემის თაობაზე), რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საუკეთესოდაა მიჩნეული.
    მაგრამ ბოლო დროს, გლადიშევს მთავარსარდალი რეუტი განურისხდა და მისი თანამდებობიდან მოხსნა განიზრახა. რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა სემიონოვმა კი, ამასთან დაკავშირებით განაცხადა: «გენერალ გლადიშევს რაღაც-რაღაც ნაკლოვანებანი შეიძლება კიდეც აღმოაჩნდეს, მაგრამ საქმე ამაში არ არის. ნამდვილი მიზეზი უფრო ღრმადაა საძიებელი. გლადიშევის პოზიციის გამო აჭარაში ვერ მოხერხდა სიტუაციის დესტაბილიზაცია - ეს კი ძალიან არ მოსწონს ზოგიერთს თბილისში და მათთან დაკავშირებულ მთავარსარდალ რეუტსაც».
    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი სტატიაში ისეთ ბინძურ მექრთამედაა გამოყვანილი, - საქართველოს პარლამენტის ზოგიერთ მესვეურს მასთან მეგობრობა კიდეც უნდა რცხვენოდეს.
    თავად გენერალი გლადიშევი ჩივის - რეუტი იმიტომ მდევნის, რომ ქართველებისათვის იარაღის მიყიდვაზე არ ვთანხმდებოდიო. მისი თქმით, იგი მოულოდნელად გამოიძახეს თბილისში და მოწამლეს (!) რის შემდეგაც სამხედრო ჰოსპიტალში გამოკეტეს და დარაჯებად (მიაქციეთ ყურადღება) საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მიუჩინეს.
    გლადიშევის თქმით, საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტზე იგორ გიორგაძის მოსვლით სიტუაცია ამიერკავკასიაში ძალიან აირია (მანამდე ხომ დალაგებული იყო - ავტ..).
    ეს უკანასკნელი სხვადასხვა ავანტიურების ავტორი ყოფილა, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დროს გიორგაძე ბათუმში ჩასულა და გლადიშევისაგან მოუთხოვია - ზვიადისტებს დაარტყიო. გლადიშევს «ქვა აუგდია და თავი შეუშვერია», - საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა რა ჩემი საქმეა, მე აქ მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ვიცავ და თქვენ ერთმანეთი დაგიხოციათო. სამაგიეროდ, მთავარსარდალ რეუტს, იმავე რუსეთის ინტერესები სხვანაირად გაუგია და საქართველოს სამთავრობო ჯარებისათვის დიდძალი სამხედრო ტექნიკა გადაუცია. ზოგიერთ ოპერაციაში კი, გლადიშევის თქმით, რუს სამხედრო მოსამსახურეებსაც კი მოუღიათ მონაწილეობა.
    გიორგაძეს თურმე იმით უსარგებლია, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონია რუსული ФСБ-ს ხელმძღვანელ სტეპაშინთან, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის დაცვის უფროს კორჟაკოვთან, რომელიც დღეს რუსეთის ფაქტობრივ ბატონ-პატრონადაა გამოცხადებული.
    იგორ გიორგაძე თურმე რაღაც «ობობას ქსელს» ხლართავს საქართველოში, მაგრამ გენერალ გლადიშევს საცოდავი რეუტისაგან განსხვავებით, ჰყოფნია ვაჟკაცობა და შეგნება ამ ობობას საცეცებიდან დასხლტომოდა და მოსკოვში გაქცეულიყო.
    გლადიშევის თქმით, თურმე გიორგაძე შევარდნაძეს ეცილება საქართველოში «პირველ კაცობას» და მის მემკვიდრედ აცხადებს თავს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ვარდენ (ვარდიკო) ნადიბაიძეს - იმავე წყაროს მტკიცებით, იგი სწორედ იმიტომ «დასვეს» მინისტრის თანამდებობაზე, რომ არამზადა რეუტისაგან რუსული იარაღი ეყიდა და ამით რუსეთის არმია დაესუსტებინა.
    ნადიბაიძე მთვრალი მივარდნია ბათუმში გლადიშევს და ყველას გასაგონად ბღაოდა: «გრაჩოვი - მე ვარო!» მაგრამ დაკვირვებულ გლადიშევს, (რომელიც, რასაკვირველია, წვეთს არ სვამს - ავტ.) ჩვენი ვარდიკო უმალვე შეუცვნია და პაველ სერგეევიჩისათვის მოსკოვში დაურეკავს - მიშველე რამეო.
    ბოლოს და ბოლოს, გენერალ გლადიშევს გიორგაძის მიერ მოქსოვილი ბადიდან თავი დაუღწევია და ვინაიდან გამოცდილი მეომარი ბრძანდება (ავღანეთში უმსახურია), ცოლთან და ქართველ მოსამსახურესთან ერთად ბრძოლით გაუკაფავს გზა თბილისის აეროპორტამდე, სადაც საგანგებო თვითმფრინავი ელოდა.

    არა მგონია, სერგეი ლესკოვის ეს ბინძური პასკვილი სერიოზული განხილვისა და შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების საფუძველი იყოს. ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი პროვოკაცია, რომელსაც რუსული პრესა ხშირად მიმართავს, განსაკუთრებით საქართველოს წინააღმდეგ. რაკი ერთხელ გაუვიდათ ამგვარი პროვოკაციები, - კვლავ და კვლავ ეცდებიან წარმატებული ექსპერიმენტების განმეორებას.
    ჟურნალისტ ლესკოვს, რა თქმა უნდა, არც გლადიშევი აღელვებს და არც მისი «მუნდირის ღირსება», მაგრამ მან იცის, რომ ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა იგორ გიორგაძესა და პოლიტიკური ელიტის ნაწილს შორის. ზემოთაღწერილი პასკვილიც სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ გაამწვავოს ეს ბრძოლა, ახალ-ახალი არგუმენტები შესძინოს მებრძოლ მხარეებს, მოახდინოს სამოქალაქო კონფლიქტის პროვოცირება და ასე შემდეგ.

«მსგეფსი», 1995 წელი.