შოთა კვირაიას კარიერის აღსასრული?

შოთა კვირაიას კარიერის აღსასრული?

 

    პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ უშიშროების სამინისტრო საიდუმლოდ ისმენდა გაზეთების მთავარ რედაქტორთა სატელეფონო საუბრებს, უეჭველად გამოიწვევს ღრმა კრიზისს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში.
    პრეზიდენტი დადგა მისთვის ძალზე არასასურველი ალტერნატივის წინაშე: ერთი მხრივ, კვირაიას გადაყენება გარკვეულწილად შელახავს მის პრესტიჟს, ვინაიდან შოთა კვირაია აქამდე «მხედრიონისა» და იგორ გიორგაძის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ორგანიზატორად ითვლებოდა. შეიქმნება სტერეოტიპი (შევარდნაძისათვის ძალზე საშიში), რომ «ამ ხელისუფლებას გინდა უერთგულო, გინდა უმტრო - შედეგი მაინც ერთი იქნება»;
    მეორე მხრივ, კვირაიას ხელისუფლებაში დატოვებაც შეუძლებელი ხდება. ეს კიდევ უფრო მეტად შელახავს პრეზიდენტის «იმიჯს», რომელიც დღენიადაგ ამტკიცებს: საქართველოში პრესა თავისუფალია და «სიტყვის თავისუფლებას» არაფერი ემუქრება.
  ზემოხსენებულ დოკუმენტთა გამომზეურება ჩვენი სპეცსამსახურის უბადრუკობისა და არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც (ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში) ფედერალურ გამოძიებათა ბიურო ისმენს ყველაფერს, რისი მოსმენაც აუცილებლად მიაჩნია ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამას აკეთებს ისე, რომ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს შეიტყობს.
    ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან ჩაუვარდა ხელში ოპოზიციას ეს დოკუმენტები. საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობდნენ იმავე უშიშროების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც განაწყენებულნი არიან დღევანდელ მინისტრზე (29 აგვისტოს ტერაქტთან დაკავშირებით, უშიშროებამ მათზეც მიიტანა ეჭვი «განუცხადებლობის» ბრალდებით) და ამ გზით გადაუხადეს სამაგიერო თავიანთ მტერს - შოთა კვირაიას.
    პიროვნული მოტივი აქ სავსებით ცხადია. თუმცა, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით მოტივს მნიშვნელობა არა აქვს: თუ ფაქტი გამომზეურდა, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უნდა მოჰყვეს სკანდალი და უშიშროების ხელმძღვანელობის გადადგომა, თანაც დავაკვირდეთ, რა ეშმაკურად მოიქცნენ ინტრიგის ორგანიზატორები: უამრავი დოკუმენტიდან მათ ამოირჩიეს სწორედ ის, რომელიც გაზეთ «საქართველოს» რედაქტორს ეხებოდა, ვინაიდან იციან: ნოდარ გრიგალაშვილის მიუკერძოებლობაში ეჭვი არავის ეპარება. ამდენად, იგი შესანიშნავი «იარაღია» გენიალურად გათვლილი ოპერაციის წარმატებით დასაგვირგვინებლად. არადა, სრულიადაც არ არის გამორიცხული, გაზეთ «საქართველოს» რედაქტორის სატელეფონო საუბრების მოსმენა თავის დროზე უშიშროების სწორედ იმ თანამშრომელთა ინიციატივა ყოფილიყო, რომლებიც დღეს (კვირაიაზე დაბოღმილნი და განაწყენებულნი) საკუთარი ხელით შედგენილ დოკუმენტებს იყენებენ თავიანთი ყოფილი შეფის გასანადგურებლად.
    ფრაქცია «აფხაზეთს», რომელიც ამჟამად ახალშობილი ხბოსავით პირდაღებული შესცქერის მოვლენათა განვითარებას, ვურჩევ: «გაანძრიოს ტვინი» და მიხვდეს, რომ მთელი ამ «ოპერაციის» სიღრმისეული, კარგად შენიღბული და დაფარული მიზეზი აფხაზეთის პრობლემაა. თუ რატომ და როგორ, თავად მიხვდნენ. ზოგ რამეს თავადაც ხომ უნდა მიხვდეთ, თქვე დალოცვილებო?!

მერიდიანი, 20 ივნისი, 1997 წ.