გია არსენიშვილი კახურ ხასიათს ამჟღავნებს

გია არსენიშვილი კახურ ხასიათს ამჟღავნებს

        სოხუმში სახელმწიფო მინისტრის სტუმრობისას ხელმოწერილ «ოქმს» მართლაც, საშინელი რეაქცია მოჰყვა გარესაპარლამენტო პოლიტიკურ წრეებსა და აფხაზეთის ავტონომიის თბილისში მოქმედ სახელისუფლებო სტრუქტურებში.
        თუმცა დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ამ სენსაციურ ოქმებთან დაკავშირებით უცნაურად დუმს საპარლამენტო ოპოზიცია – ყოველ შემთხვევაში, არცერთ ლიდერს (საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიდან) საპროტესტო აქციისთვის არ მიუმართავს, არც პრესკონფერენცია ჩაუტარებია და არც რაიმე განცხადება გაუკეთებია.
        ასევე, არანაირ «მღელვარებას» არ ამჟღავნებენ «რიგითი» ლტოლვილები, ვინაიდან, სინამდვილეში, მათ დიდი ხანია დაკარგეს (ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში) აფხაზეთის ძალით დაბრუნების იმედი და ახლა იმასღა ელიან, ეგება რაიმე დათმობითა და კომპრომისებით დაუბრუნდნენ მშობლიურ კუთხეს - თუნდაც სეპარატისტთა იურისდიქციის პირობებში.
        ამას გარდა, არც თვით სამურზაყანოს მოსახლეობა (ოქმი ძირითადად სწორედ გალის რაიონში, შიშნეულად დაბრუნებული ლტოლვილების უსაფრთხოების პრობლემებს ეხება) გამოთქვამს რაიმე აღშფოთებასა და პროტესტს. უფრო, პირიქით, - მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში, როცა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა გალში სერიოზული ანტისეპარატისტული აქციები ჩაატარეს და ასეულობით სეპარატისტს დაუბნელეს «ამრა» - ძლივს დაბრუნებული ის რამდენიმე ათასი ქართველიც გამოიქცა გალის სოფლებიდან ზუგდიდის მარცხენა მხარეს, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ელოდნენ სეპარატისტთა სადამსჯელო ექსპედიციებს, ორი წლის წინანდელი შემოტევის მსგავსად.
        ასე რომ, აქ ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ზოგიერთს სურს წარმოაჩინოს: გია არსენიშვილისათვის, როგორც ჩანს, იოტისოდენად საეჭვო აღარ არის ის, რომ პრობლემის ძალისმიერად გადაწყვეტას საქართველო ვერ შეძლებს ვერც დღეს და ვერც ხვალ, ვინაიდან უახლოეს ისტორიულ პერსპექტივაში ამ რეგიონში გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგება არ შეიცვლება.
        მართალია თუ არა ამაში გია არსენიშვილი - სხვა საკითხია, მაგრამ, რაც მთავარია, მას ასე მიაჩნია და ამიტომაც დაუსვა «სოხუმის ოქმის» ხელმოწერით წერტილი «ძალისმიერი გადაწყვეტის» ფუჭ მცდელობებს, რამაც არაფერი მოიტანა 1998 წლის მაისის ტრაგედიისა და ისედაც გაუბედურებული ადამიანების, ძველქართულად თუ ვიტყვით, «ხელმეორე აოტვნის» გარდა.
        ამრიგად, სახელმწიფო მინისტრის ხელმოწერა (რასაკვირველია, შევარდნაძესთან შეთანხმებით), უეჭველად, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ «ძალისმიერ» მეთოდებზე ხელი აიღო და აღარც პარტიზანებს წაახალისებს, არც რომელიმე ავანტიურისტს მისცემს საშუალებას, მორიგი, ფუჭი, არაფრისმომცემი «ლაშქრობა» წამოიწყოს აფხაზეთში.
        აქ ყველაზე მეტად საინტერესო ისევ და ისევ ახალი სახელმწიფო მინისტრის პოზიციაა.
        მიუხედავად პრეზიდენტის (ალბათ) დავალებისა, იგი არ მოაწერდა ხელს დოკუმენტს, თავად რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაში.
        გია არსენიშვილი (წინამორბედისაგან განსხვავებით) წარსულით დაკომპლექსებული არ არის, ამიტომ იგი მოქმედებს ჯანსაღი პრინციპით: «მე ვიღებ გადაწყვეტილებას და სხვამ რაც უნდა ის თქვას».
        მიაქციეთ ყურადღება: გია არსენიშვილმა არა მხოლოდ ხელი მოაწერა ოქმს (რაკი ასე მიაჩნდა საჭიროდ), არამედ პრინციპულად განაცხადა უარი, ჩაბმულიყო პოლემიკაში. განსხვავებით საგანგებო საქმეთა მინისტრ კაკაბაძისაგან, რომელიც ყოველდღე კრუსუნებს ტელევიზიით: «...არა, ჩვენ ასე ვიგულისხმეთ... არა, აქ ასე წერია... არა, აქ ის იგულისხმებოდა...» - შე ოჯახაშენებულო, თუ ხელი მოაწერეთ, ახლა რაღას ტირიხარ და რაღას მოთქვამ – თქვი რა კაცურად, რომ დიახაც, ხელი მოაწერე იმიტომ, რომ ძალისმიერი მეთოდი უპერსპექტივოდ მიგაჩნია (რაც დრომ დაამტკიცა) და რომ არ გინდა კიდევ ერთხელ გაუბედურდეს ის 40-50 ათასი ქართველი, გალის რაიონში სულს რომ ღაფავს, მაგრამ ზუგდიდში შიმშილით სიკვდილს ისევ აფსუა ფაშისტის ტყვია ურჩევნია.
        სხვისი არ ვიცი, მაგრამ არსენიშვილის საქციელი, ჩემი აზრით, სწორედაც პატივისცემას იმსახურებს. ვინაიდან ძლივს ვიხილეთ ამ პოსტზე მოღვაწე, ვისაც არ ეშინია, იკისროს პასუხისმგებლობა არაპოპულისტური გადაწყვეტილებისათვის.

მერიდიანი, 24 ივლისი, 2000 წელი