კვირის მიმოხილვა: საკონსტიტუციო ცვლილებები უდიდესი შეცდომა იქნება

კვირის მიმოხილვა: საკონსტიტუციო ცვლილებები უდიდესი შეცდომა იქნება

 

    ზოგიერთი ცნობით, კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებს შორის ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ამჯერად შეწყვეტილია. თუმცა, მათი განახლება უახლოეს მომავალშია ნავარაუდევი. მიუხედავად ამისა, პირველი (მოსალოდნელი) შედეგი პრეზიდენტისა და პარლამენტის ინიციატივამ, რომელიც უეჭველად პოლიტიკური დაძაბულობის შერბილებას ისახავდა მიზნად, უკვე გამოიღო. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. სოციალისტური პარტიის ლიდერმა მოქალაქეთა კავშირს ბრალად დასდო მინისტრთა პორტფელებით ვაჭრობა. მისი თქმით, თითოეული პორტფელი 3-4 მილიონი დოლარი ღირს. დარწმუნებული ვარ, ასეთივე იქნება სხვა ოპოზიციონერთა რეაქციაც. მოვიდა დრო, მივხვდეთ, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი მხოლოდ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაშია შესაძლებელი. კომპრომისი ოპოზიციურ პარტიებთან დამოკიდებულებაში მიზანშეწონილია მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს პარტიები კონკრეტული სოციალური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ - მათი «აგენტები» და «ლობისტები» არიან. ასეა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში, ამიტომ იქ პროცესი მთლიანობაში ნორმალურად მიმდინარეობს. ჩვენში კი პოლიტიკას ხშირად პიროვნული სიძულვილი და ამბიცია უდევს საფუძვლად. ამიტომ ნებისმიერი სისტემური, ინსტიტუციური ცვლილება, ანუ «თამაშის წესთა» რევიზია, ძალიან ღრმა და მრავლისმომცველ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. სულ ერთია, საქართველოში ვერასდროს იარსებებს ისეთი ვითარება, როდესაც საკუთარი სტატუსითა და მდგომარეობით ყველა კმაყოფილი იქნება. ისევე, როგორც, ასეთ ვითარებას ვერასდროს შექმნიან საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში ან ნებისმიერ სხვა, «ტრადიციული დემოკრატიის» ქვეყანაში. მაგრამ იქ მოქმედებს ურყევი პრინციპი: გადაწყვეტილებას იღებს ხალხი არჩევნების მეშვეობით, ხოლო უმცირესობა ემორჩილება უმრავლესობას, რომელიც თავის მხრივ, იცავს უმცირესობის უფლებებს, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. საქმეც სწორედ ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს «თამაშის» ამგვარი წესი არ ეპიტნავება, საქართველოს მოსახლეობა «რეგვენად» მიაჩნია და სულაც არ აპირებს მას მიანდოს იმის გადაწყვეტა, დარჩება თუ არა ესა თუ ის პარტია ქვეყნის პოლიტიკურ ოლიმპზე.
    სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელისუფლება და «მოქალაქეთა კავშირი» იმდენად სუსტნი აღმოჩნდნენ, ოპოზიციის ისტერიკებს შეუშინდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებათა აუცილებლობა აღიარეს, რითაც შესანიშნავი საფუძველი შექმნეს საქართველოში «საჯარო პოლიტიკის» ნაცვლად «კულუარული პოლიტიკის» წესთა დამკვიდრებისთვის, - როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი ელიტარულ ძალთა და «ძლიერთა ამა ქვეყნისათა» გარიგებებით წყდება.
    ეს უაღრესად ნეგატიური ტენდენციაა, რომელსაც ევროპეიზმთან და ჭეშმარიტ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, არანაირი აუცილებლობა «კოალიციური მთავრობის» ჩამოყალიბების, მით უმეტეს სახელისუფლებო სისტემის ძირფესვიანი ცვლილებისა ამჟამად არ არსებობს. კონსტიტუციის მიღებიდან სამიოდე წლის შემდეგ, ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის მიღებით საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა იოტისოდენად არ განიმუხტება, რადიკალური ოპოზიცია არ დაშოშმინდება, ვინაიდან მის აქტიურობას სულ სხვა საფუძველი აქვს. ამჟამინდელი «ოპოზიციური სპექტრის» დიდი ნაწილი აშკარად ქვეყნის გარედან იმართება და სისულელე იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ ზემოხსენებულ «გარეშე ძალებს» კოალიციური მთავრობის შექმნა აუჩუყებს გულს და საქართველოში «მართვადი ქაოსის» სისტემათა ამოქმედებაზე ხელს ააღებინებს.
    იმავდროულად, კონსტიტუციის შეცვლა ძალიან მძიმე პრეცედენტი გახდება სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით. კონსტიტუცია სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველია არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. სწრაფი, ემოციური და ტაქტიკურ მოსაზრებებზე აგებული ცვლილება კონსტიტუციაში გააუფასურებს ქვეყნის ძირითად კანონს, შელახავს მის ღირსებას. არადა, პოლიტიკური თვალსაზრისით კონსტიტუცია, მისი თითოეული მუხლი, დიახაც დოგმა უნდა იყოს და მისი ურყევობა არავის ეჭვს არ უნდა იწვევდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაბილური სახელმწიფოებრივი სისტემა და თამაშის «დემოკრატიული წესები» ვერ დაფუძნდება. მით უმეტეს, ისეთ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა. «ამერიკული მოდელი» ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს ერთი საკითხია, ხოლო ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ან სოციალ-ეკონომიკური კურსი - სულ სხვა. გაუგებარია, თუ ოპოზიცია მიაღწევს სახელისუფლებო «მოდელის» შეცვლას ამით კურსიც შეიცვლება? განა «მემარცხენე კურსის» ან «პრორუსული კურსის» განხორციელება იმ მოდელის ფარგლებშიც არ შეიძლება, რომელიც ამჟამად გვაქვს? რა შუაშია აქ კონსტიტუცია, პრეზიდენტის უფლებამოსილება ან მინისტრთა კაბინეტის რაობა?
    მაშასადამე, ძირითადი საკითხი სულ სხვა სიბრტყეში მდებარეობს, ანუ «ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული» - ოპოზიციას სინამდვილეში «სახელისუფლებო მოდელი» კი არ აღელვებს, - მას სურს აიძულოს ხელისუფლება შეცვალოს სახელმწიფოებრივი კურსი, როგორც საგარეო, ასევე საშინაო სფეროში. თუ ამ გზით იგი მიზანს მიაღწევს, მაშინ არსებული ხელისუფლების დღეები (რაკი მან ასეთი სისუსტე გამოამჟღავნა) მართლა დათვლილი ყოფილა.
    თუმცა, არ არის გამორიცხული, წინადადება «საკონსტიტუციო ცვლილებებისა» და კოალიციური მთავრობის შესახებ ეშმაკურად გათვლილი და მახვილგონივრული პოლიტიკური სვლა იყოს, რომლის მიზანი იმავე ოპოზიციის დისკრედიტაციაა. რამდენად მართალია ეს ვარაუდი - უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არსებული ფანტომების დევნას ემსგავსება

    კორუფციის თემა ქართული პოლიტიკის უპირველესი დომინანტი ხდება. ამ საკითხს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან - ვინ უფრო მწვავედ ილაპარაკებს კორუფციაზე, როგორც საშინელ მანკზე, უბედურებაზე, სიმსივნეზე, სახელმწიფოებრიობის დამაქცეველ ფაქტორზე და ასე შემდეგ. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ არსებული ხელისუფლება გაიხრწნა, გადაგვარდა, დალპა, კორუფციაში ჩაეფლო. ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს და ხალხმა არჩევნების გზით ძალაუფლება მას (ამჟამინდელ ოპოზიციას) ჩააბაროს. ხელისუფლება კი პირიქით, ყველანაირად ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ იგი აქტიურად ებრძვის კორუფციას, არ ურიგდება მის არსებობას, ქმნის კომისიებს, კომიტეტებს და ასე შემდეგ.
    სინამდვილეში, არც ერთი მხრიდან, ყოველივე ამას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. კორუფციის პრობლემა საქართველოში არ გადაიჭრება ან (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა) მის წინააღმდეგ ბრძოლის სწორი და მიზანშეწონილი სტრატეგია ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ ორივე მხარე, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არ აღიარებენ: კორუფცია არ არის სახელისუფლებო და პოლიტიკური პრობლემა - იგი სოციალური და სახელმწიფოებრივი პრობლემაა.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოპოზიციას სურს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს კორუფცია მხოლოდ ხელისუფლების პრობლემას უკავშირდება. შეიცვლება მმართველი პარტია ან პრეზიდენტი - მოისპობა კორუფცია ან, ყოველ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლა გაჩაღდება. სინამდვილეში ეს ყალბი სტერეოტიპია. საზოგადოებას არავითარი გარანტია არა აქვს იმისა, რომ თუ ამჟამინდელი ოპოზიცია შეცვლის ხელისუფლებას, კორუფციის დონე თვისებრივად შემცირდება ან მით უმეტეს, საერთოდ მოისპობა. შეიძლება პირიქით მოხდეს - «გამაძღარი» მინისტრები მშიერმა მინისტრებმა შეცვალონ.
    რა თქმა უნდა, «კორუფციის ბრალდება» ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული არგუმენტია და ოპოზიცია მას ყოველთვის გამოიყენებს - ეს მისი უფლებაა. მაგრამ საკუთრივ კორუფციის პრობლემა ხელისუფლების შეცვლით არ გადაწყდება - მას საქართველოში ძალიან ღრმა სოციალური ფესვები აქვს და ამა თუ იმ ხელისუფლის პირად თვისებებზე არ დაიყვანება.
    ასე რომ არ იყოს, რატომ ვერ აღმოფხვრიდნენ დღემდე კორუფციას თუნდაც იმავე იტალიაში, სადაც უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლება ორმოცდაათჯერ შეიცვალა, მაგრამ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები არა და არ წყდება?
    სინამდვილეში კორუფცია ერის სახელმწიფოებრივი კულტურის დონის მაჩვენებელია, რაც უფრო მაღალია საზოგადოების თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი კულტურის დონე, - მით ნაკლებია კორუფცია და პირიქით. მიუხედავად რუსული გამოთქმისა, რომ «თევზი თავიდან ყროლდება», - კორუფციას წარმოშობს საზოგადოების სიღრმეში არსებული ნიჰილიზმი კანონისა და ზოგადად კანონიერების მიმართ. კორუფცია არსებობს იმიტომ, რომ არსებობს მასზე მოთხოვნილება. ქრთამის ამღები არ იარსებებდა, რომ არ არსებობდეს ქრთამის მიმცემი. კორუფცია იწყება წვრილმანიდან - ბინის სწრაფი და კანონის დარღვევით გაფორმებისათვის ქრთამის მიცემიდან, ავტოინსპექტორისათვის ოცლარიანის შეჩეჩებიდან (რათა მან თქვენს მიერ საგზაო წესის დარღვევა არ დააფიქსიროს) და ასე შემდეგ.
    უფრო მაღალ დონეზეც კორუფცია არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს სურვილი კანონის გვერდის ავლით სიკეთის მიღებისა, ამიტომ სანამ თვით საზოგადოებაში არ დამკვიდრდება კორუფციისადმი შეურიგებლობის ატმოსფერო - ანტიკორუფციული კამპანიებით, საგანგებო კომიტეტებით და რეპრესიული ზომებით (თუმცა, რეპრესიებიც აუცილებელია) არაფერი გამოვა. კორუფციით საზოგადოებაა დაავადებული და არა მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც ამ საზოგადოების პირმშოა.

სახელმწიფო, რომელიც საზღვრებს თავად არ იცავს - ბუტაფორიაა

    საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და გაეროში გაწევრიანებიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე ქვეყნის საგარეო საზღვრებს უცხო სახელმწიფოს (რუსეთის) მესაზღვრეები იცავდნენ, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას უშინაარსო ბუტაფორიად აქცევდა. ლაპარაკი ზედმეტია რეალურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე, თუ თავად არ ძალგიძს დაიცვა საკუთარი საზღვრები. თუ ეს არ შეგიძლია – მაშასადამე არ შეგიძლია სახელმწიფოებრიობის დაფუძნება და მისი შენარჩუნება. ამ შემთხვევაში, ყველა უცხო სახელმწიფოს, შენდამი ისეთი განწყობა და დამოკიდებულება ექნება, როგორც სატელიტთან. უეჭველი ფაქტია, რომ უმსხვილესი დასავლური კომპანიები, როდესაც საქართველოს გავლით მნიშვნელოვანი ტვირთების ტრანზიტს გეგმავენ, საკითხს ათანხმებენ არა მხოლოდ თბილისთან, არამედ მოსკოვთან, ვინაიდან სწორედ რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ რეალურად საზღვარს.
    საქართველოსადმი დამოკიდებულება, სინამდვილეში, არ იყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს სრულფასოვანი სახელმწიფოსადმი, საბედნიეროდ, ამჟამად მდგომარეობა იცვლება. საქართველოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელთა განცხადებით 16 ივლისიდან საზღვაო აკვატორიას ქართველი მესაზღვრეები დაიცავენ. 1 სექტემბრიდან მათ გადაეცემათ აგრეთვე საზღვრის ახალციხის მონაკვეთი, მომავალი წლის 1 იანვრიდან კი - ბათუმისა. ერთადერთი პრობლემა ამჟამად ფინანსებია, მაგრამ ბოლოსდაბოლოს 5 ან თუნდაც 10 მილიონი ლარი, საქართველოს ბიუჯეტისათვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. საამისოდ ქვეყანამ, ერმა ყველაფერი უნდა გაიღოს. ცნობილი გამოთქმაა: «ერი, რომელსაც არ სურს დააპუროს საკუთარი არმია, იძულებული გახდება, სხვისი არმია დააპუროს». ჯერჯერობით სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ.
    ბუნებრივია, ცნობამ რუსი მესაზღვრეების საქართველოდან წასვლის შესახებ მოსკოვში დიდი რეზონანსი გამოიწვია; უკმაყოფილებას არც ჩვენი «ძველი მეგობარი», ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ყოფილი უფროსი გენერალი ნიკოლაევი მალავს. მისი თქმით, «საქართველოდან რუსი მესაზღვრეების წასვლა შელახავს რუსეთის ინტერესებს კავკასიაში. რუსეთი არსაიდან არ უნდა წავიდეს, ვინაიდან რუსეთის გავლენა იქ არის შენარჩუნებული, სადაც რუსეთის დროშა ფრიალებს».
    ეს წმინდა წყლის შოვინისტური მონაჩმახი ზუსტად ასახავს მთლიანად რუსული ისტებლიშმენტის დამოკიდებულებას საქართველოსადმი. არ არის გამორიცხული, რუს შოვინისტებს ჩვენებურმა «რუსეთუმეებმაც» აუბან მხარი, ამიტომ მათ საყურადღებოდ უნდა დაისვას მთავარი კითხვა: რუსი მესაზღვრეები დღემდე იცავდნენ საქართველოს საზღვაო აკვატორიას - რა მისცა ამან საქართველოს? 1994 წლის 3 თებერვალს ბორის ელცინის თბილისში «ელვისებური» ვიზიტისას, როდესაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად განადგურებული იყო, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შემდგომ (მოსკოვში) რუსეთმა, საქართველომ და აფხაზეთმა მიაღწიეს შეთანხმებას აფხაზეთის აკვატორიაში სასაზღვრო რეჟიმის შესახებ. საბედნიეროდ, 3 თებერვლის ხელშეკრულება დღემდე არ არის რატიფიცირებული, თუმცა იგი რეალურად მოქმედებდა. ამ ხელშეკრულებით დაწესებული რეჟიმის შესაბამისად, რუსეთს ჰქონდა საშუალება გაეკონტროლებინა თურქეთიდან აფხაზეთში გემების შესვლა საკუთარი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
    მაგალითად, რუსეთის სასაზღვრო ხომალდები სოხუმისა და გაგრის პორტებში არ უშვებდნენ ჩეჩნეთისათვის განკუთვნილ იარაღს, ან ჩრდილოეთ კავკასიელთათვის განკუთვნილ ანტირუსულ ლიტერატურას. სამაგიეროდ, ატარებდნენ ყველაფერს, რაც არძინბას რეჟიმის განმტკიცებას უწყობდა ხელს. 1994 წლიდან დღემდე, 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ რა არ იღონა, რათა როგორმე დაეთანხმებინა რუსეთის სასაზღვრო უწყება, - გადაეკეტა აფხაზეთის აკვატორია ყველა გემისათვის, ანუ დაეცვა საზღვარი (რაკი საქართველო ამის უფლებას აძლევდა) არა მხოლოდ თავისი, არამედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პასუხად ნიკოლაევი აცხადებდა: «ამგვარი მოქმედება სოხუმში მწვავე რეაქციას იწვევს და მოძმე აფხაზ ხალხს ვერ ვაწყენინებთო». კი მაგრამ, თუ რუსებს არ სურდათ გაეთვალისწინებინათ საქართველოს ინტერესები საზღვრის დაცვისას აფხაზეთის მონაკვეთზე, მაშინ რატომღა დათანხმდებოდა საქართველო მათ ყოფნაზე საკუთარ საზღვაო აკვატორიაში? ბუნებრივია, თუ რუსი მესაზღვრეები სეპარატისტული აფხაზეთის აკვატორიას გადაკეტავდნენ და ამით არძინბას რეჟიმის საზღვაო ბლოკადას განახორციელებდნენ (საქართველოს თავად არ შესწევს საამისო ძალა), მაშინ ოფიციალურ თბილისს აზრადაც არ მოუვიდოდა საქართველოდან მათი გაყვანა, ვინაიდან მოხდებოდა ინტერესთა თანხვედრა. მაგრამ თუ ამას არა და არ აკეთებენ, მაშინ რა აზრი აქვს მათ ყოფნას საქართველოს საზღვაო აკვატორიაში? მხოლოდ ის, რომ მათ «რუსეთის პოზიციები შეინარჩუნონ», როგორც ეს ნიკოლაევმა ახსნა?
    რა თქმა უნდა, ნებისმიერი არათუ თავმოყვარე (რა დროს თავმოყვარეობაა), არამედ პრაგმატულად განწყობილი ხელისუფლება ამას არ შეურიგდება. შენს ტერიტორიაზე სხვის მესაზღვრეს მოქმედების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მისცე, თუ ის არა მარტო საკუთარ, არამედ შენს ინტერესებსაც დაიცავს, მაგრამ, თუ ის მხოლოდ თავის ინტერესებს იცავს, შენსას კი აინუშშიც არ აგდებს, ამ ვითარების მოთმენა ელემენტარული იდიოტიზმია. თუმცა, საქართველოში არის ხალხი, რომელიც სწორედ ამ ელემენტარულ დონეზე აზროვნებს.

რუმინეთის «კარის» საქართველოსთვის ღიაა

    1989 წლის ზაფხულში, სახალხო ფრონტის პირველ ყრილობაზე გამოსვლისას ნოდარ ნათაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციისა და რუმინეთთან, როგორც შავი ზღვის სატრანსპორტო არტერიის საკვანძო ქვეყანასთან კავშირის აუცილებლობაზე. უფრო ადრე «საქართველო გეოპოლიტიკური ფუნქციის მოპოვების აუცილებლობამ» ქართულ მწერლობაშიც გაიჟღერა. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ დღეს ზოგიერთები ამ იდეის გაუფასურებას ცდილობენ. არადა, სინამდვილეში იგი ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ერთხელ რუსმა ჟურნალისტმა «გულუბრყვილო» კითხვა დაუსვა ედუარდ შევარდნაძეს: რატომ ცდილობთ გაატაროთ ნავთობი თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე? შევარდნაძემაც «გულუბრყვილო» პასუხი გასცა: «იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის ხელსაყრელია, ჩვენ თავად ნავთობის სერიოზული მარაგი არ გაგვაჩნია. მაშასადამე, შეგვიძლია გავატაროთ ან არ გავატაროთ ნავთობი. არგატარება სისულელე იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ გავატაროთ». ამ ფრაზას საერთო ხარხარი მოჰყვა. რუსი ჟურნალისტი სირცხვილითა და ბოღმით გაწითლდა.
    მართლაც, ზოგიერთს რომ ჰკითხო, ნავთობსადენითა და ევრაზიული დერეფნით საქართველო რუსეთს აღიზიანებს, ამიტომ ხელისუფლება თურმე არასწორ, ავანტიურისტულ პოლიტიკას ატარებს, როდესაც ცდილობს ნავთობსადენი საქართველოზე გაიყვანოს. მათი აზრით, მართალია ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამება, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთი ღიზიანდება. ამ ლოგიკით, რუსეთის «ნაკლებგასაღიზიანებლად» (თუ ესაა მთავარი საქართველოსთვის) უპრიანი იქნებოდა, თუ არა მხოლოდ ნავთობსადენზე ვიტყოდით უარს, არამედ დამოუკიდებლობაზეც და დღესვე გავწევრიანდებოდით რუსეთის ფედერაციაში – ამით რუსეთს ნაკლებ გავაღიზიანებდით, ვიდრე დამოუკიდებლად არსებობის ფაქტით. კიდევ უფრო ნაკლებ გავაღიზიანებდით, თუ ქართველობაზეც უარს ვიტყოდით და განვაცხადებდით, რომ ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ სლავთა შთამომავლები, ანუ რუსები.
    სამწუხაროდ, მონური ფსიქოლოგიისაგან ზოგიერთი დღემდე ვერ განთავისუფლებულა და ვერ გაუგია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წინააღმდეგობის გარეშე არსებობის შენარჩუნება არ ძალუძს. ინტერესთა კონფლიქტი კი გარდაუვალია და თუ მისი თავიდან აცილება გვინდოდა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საერთოდ უარი გვეთქვა დამოუკიდებლობაზე.
    რაც შეეხება რუმინეთს, სადაც პრეზიდენტის ვიზიტი შედგა გასულ კვირას - იგი საქართველოსათვის «მესამე ფანჯარაა» ევროპაში. საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელ გზას ვერც რუსეთი აკონტროლებს, ვერც თურქეთი, ალტერნატივა კი ყოველთვის სასარგებლოა.

დილის გაზეთი, 6 ივლისი, 1998 წელი