სერგეი ლავროვის წინაპართა ძახილი

სერგეი ლავროვის წინაპართა ძახილი

    სერგეი ლავროვის ინტერვიუ ეკა კოტრიკაძესთან უცნაურად დაემთხვა პრემიერ ივანიშვილის მორიგ პრეს-კონფერენციას, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა კვლავ აგვისტოს ომის თაობაზე ისაუბრა. იმედი ვიქონიოთ, განცხადებები „ხელახალი გამოძიების აუცილებლობაზე“ პრაგმატული მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და რუსეთთან ურთიერთობის შემდგომ გაუმჯობესებას, მაგალითად ქართული ღვინისა და რუსული ბორჯომისათვის ბაზრის გახსნას ისახავდა მიზნად. რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ამგვარი „პრაგმატიზმი“ ჩვენი საზოგადოების ბევრი წარმომადგენლისთვის, ეს მაინც უკეთესია იმ „ბევრად უარესზე“, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც თქვა, მხოლოდ ექსპრომტად თქვა და არანაირი პრაგმატული მოსაზრება ამ ტექსტს საფუძვლად არ ედო.
    აგვისტოს ომზე, მისი დაწყებისა თუ „მომწიფების“ განმსაზღვრელ ფაქტორებზე, ან „თავიდან აცილების“ შესაძლებლობაზე უკვე უამრავი რამ დაიწერა,  თუმცა რაციონალური არგუმენტების მოყვანა სრულიად ფუჭია, როდესაც ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად კომფორტული ხდება რწმენა, რომ „ომის თავიდან აცილება რეალური იყო“, მაგრამ ქვეყნის იმდროინდელმა ხელისუფლებამ იგი „ბოროტად არ აიცილა თავიდან“.
    რაც შეეხება კონკრეტიკას, ანუ „ნაღმტყორცნით დაზიანებულ კედელს“ ან „8 აგვისტომდე მსხვერპლის არარსებობასა“ და რუსული ჯარების შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე „მხოლოდ“ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, ქალბატონ ჰაიდე ტალიავინის პროსტიტუირებულ დასკვნაშიც კი აღნიშნულია, რომ რუსეთის საჯარისო ფორმირებები როკის გვირაბიდან 7 აგვისტოს შემოვიდნენ, თუმცა (მიაქციეთ ყურადღება გენიალურ მიგნებას რუსული „გაზპრომის“ დასატკბობად): „საომარი მოქმედებები არ უწარმოებიათო“. ანუ კი შემოვიდნენ, ესე იგი ომის აქტი კი განახორციელეს, მაგრამ საკუთრივ საბრძოლო მოქმედებები 8 აგვისტომდე არ დაუწყიათ. ეს ევროპული აზროვნებისა და არტიკულაციის შედევრია! დაახლოებით ისეთი, როგორც „არჩევნები იყო სამართლიანი, მაგრამ არათავისუფალი“ ან პირქით „თავისუფალი, მაგრამ არასამართლიანი“.
    ჯერ კიდევ 7 აგვისტოს (!) სოფელ ავნევში ორი ქართველი სამშვიდობოს დაღუპვის ფაქტი კი, ამ ქალბატონის იმავე პროსტიტუირებულ დასკვნაში ასეა შენიღბული: „მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით, თუმცა ეს მხოლოდ კულმინაცია გახდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განგრძობილი პროვოკაციებისა“.
    ესოდენ გაიძვერული ფრმულირება ქალბატონ ჰაიდეს და მის კომისიაში ანგელა მერკელის აპარატის მიერ რეკომენდირებულ გერმანელ მეცნიერებს (ოს-ალანთა გერმანულ წარმომავლობას რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდნენ) იმისთვის დასჭირდათ, რათა მიეჩქმალათ და წყალ-წყალა ფრაზეოლოგიაში „ჩაეფლოთ“ ის უტყუარი ფაქტი, რომ პირველი მსხვერპლი (თანაც სამშვიდობოებს შორის, ანუ არსებითი მსხვერპლი!) სწორედ ქართველი „ცისფერჩაფხუტუანების“ დაღუპვა იყო. თუმცა, ქალბატონ კოტრიკაძეს ეს კითხვა ლავროვისთვის არ დაუსვამს და არც ის უკითხავს, როგორ მოხდა, რომ „2 000 მშვიდობიანი ცხინვალელი“ რუსული საგამოძიებო კომიტეტის (!) დასკვნაშიც კი იქცა 163 დაღუპულ „ოპოლჩენცად“.
    სამაგიეროდ თვით ლავროვმა გააკეთა საინტერესო განცხადებები. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მაღალკვალიფიციური, ანუ გაქნილი დიპლომატი თავიდანვე (ჯერ კიდევ გაეროში წამომადგენლობის პერიოდიდან) საქართველოსადმი განსაკუთრებული აგრესიითა და სიძულვილით გამოირჩეოდა, რაშიც, უდავოდ, მისი თბილისელი წინაპრების საუკუნოვანი წყენა და ბოღმა მჟღავნდება. თუმცა, კოტრიკაძესთან ინტერვიუში ძალიან საინტერესო რამ წამოცდა: „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას არავინ აპირებდა, მაგრამ სააკაშვილმა მათი სტატუსის საერთაშორისო განხილვაზე უარი განაცხადა და სარკოზი-მედვედევის დოკუმენტიდან შესაბამისი პუნქტი ამოიღოო“.
    ასე გამოკვეთილად ჯერ არავის დაუდასტურებია, რომ მოსკოვი მართლაც არ აპირებდა აღიარებას (რათა „საერთაშორისო მარტოობაში“ ანუ ვანუატუ-ვატუტუ, წყნარ ოკეანეში წყლის ფრინველთა ექსკრიმენებით შექმნილი კუნძულოვანი სახელმწიფოების გარემოცვაში არ აღმოჩენილიყო) მაგრამ გარკვეული და ზუსტად ჩამოყალიბებული პირობით: თუ საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმებოდა „სამხრეთ ოსეთში“ რუსული კონტინგენტის დატოვებას სამშვიდობო სტატუსით, ოღონდ უკვე ქართული სამშვიდობო ბატალიონისა და ქართული მოსახლეობის გარეშე.
    აი, ეს იქნებოდა იდელური ვარიანტი რუსეთისთვის: „საქართველომ აღიარა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი სადავოა და სანამ ეს სადავო საკითხი საერთაშორისო დონეზე არ გაირკვევა, რუს სამშვიდობოებს სრული უფლება აქვთ დარჩნენ ამ ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშეც“. ანგელა მერკელს მეტი კი არ უნდოდა, რათა ტკბილადმოსაგონარ დრეზდენელ მეგობარ „ვალოდიასათვის“ არ ეწყენინებინა და იმავდროულად, ისეთი საერთაშორისო-სამართლებრივი კოლიზიიდან გამომძვრალიყო, რომ ერთი სახელმწიფოს ჯარები მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე იმყოფებოდნენ!
    რაც შეეხება ლავროვის სხვა ეგზერსისებს, მან ჯერ სააკაშვილის მიერ ქართველებში რუსეთისადმი მტრობის გაღვივებაზე და მოსკოვისადმი მის იმანენტურ სიძულვილზე ისაუბრა (თითქოს 25 წლის წინ მიშა დარბოდა რუსთაველზე ლოზუნგით „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“ და არა მისი დღევანდელი „მეოცნებე“ ოპონენტები) და, ამავე კონტექსტში, გეორგიევსკის ტრაქტატი მოიგონა, რომელიც რუსეთმა, თურმე, პირნათლად შეასრულა, მაგრამ ამ უმადურმა ქართველებმა არ შეირგეს.
    თუმცა, საკითხავია: მაშინ „მიშა“ არანაირი პროექტის სახით ჯერ არ არსებობდა და ნეტავ იმ დროს „ვინ გასცა ბრძანება?“

2013