დავით თევზაძის საგარეო პრიორიტეტი ჯერჯერობით გაურკვეველია

დავით თევზაძის საგარეო პრიორიტეტი ჯერჯერობით გაურკვეველია

  

    უკვე რამდენიმე თვე გავიდა თავდაცვის ახალი მინისტრის დამტკიცებიდან. ვარდიკო ნადიბაიძის «მოხსნა» რუსეთს იმდენად ეწყინა, რომ აფხაზეთში გალის მოვლენებით დაგვსაჯა. უფრო ზუსტად, სეპარატისტებმა გამოიყენეს ჩვენი საერთო ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება საქართველოს საწინააღმდეგოდ და როგორც ყოველთვის, ეს უნაკლოდ, დიდოსტატურად გააკეთეს
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გალის მოვლენებში არ ჩარეულა, თუმცა გენერალი გუჯარ ყურაშვილი საბერიოსთან რიგითი მეომარივით იბრძოდა, ოღონდ ყოვლად უშედეგოდ. სეპარატისტები დღემდე ირწმუნებიან, რომ მათ რუსებმა შეუშალეს ხელი, რათა გალის არხიდან სამხედრო ტექნიკა და არტილერია შემოეყვანათ, თორემ ზუგდიდსაც ააოხრებდნენ.
    საბედნიეროდ, თავდაცვის სამინისტრო არ ჩაერია არც სენაკის მოვლენებში; იმჯერად დავით თევზაძე პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციას. მან შეძლო შეეჩერებინა ტანკები ცხენისწყალზე, ამ ინციდენტის შემდეგ დამკვირვებლებმა მეტი ყურადღება მიაქციეს თევზაძის «საგარეო» კონტაქტებს, რათა ბოლოს და ბოლოს დაედგინათ მისი ორიენტაცია. ის ფაქტი, რომ თევზაძემ ვესტ პოინტის სასწავლებელი დაამთავრა (ამერიკის შეერთებულ შტატებში) ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს ისევე, როგორც მისი აქტიური მონაწილეობა სამოქალაქო ომში ან აფხაზეთის კონფლიქტში. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თევზაძის შენაერთი შედარებით (სხვებთან) ბრძოლისუნარიანი იყო, რაც არაერთგზის დადასტურდა.
    საყურადღებოა თევზაძის შეხვედრა მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, რომლის შემდეგ რუსულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადების შესახებ. რუსული წყაროები ამტკიცებენ, თითქოსდა თევზაძე დაეთანხმა სერგეევს საქართველოში სამხედრო ბაზების შენარჩუნების აუცილებლობაში, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს თანხმობა მომხდარიყო ისეთ კონტექსტში, რომელიც «ინტერფაქსმა» რასაკვირველია, გამოტოვა და «ვერ შეამჩნია».
    თევზაძე ეჭვქვეშ ვერ დააყენებდა ედუარდ შევარდნაძის ცნობილ ფორმულას «სამხედრო ბაზები - აფხაზეთის სანაცვლოდ», თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ფორმულა იმთავითვე არარეალისტურია. ეს კარგად უწყის არა მარტო თავდაცვის მინისტრმა, არამედ თავად ფორმულის ავტორმაც, მაგრამ ამ უბრალო ჭეშმარიტებას ვერაფრით შეაგნებინებ იმ ხალხს, ვისაც ზოგჯერ მართლა გულწრფელად ჰგონია: «მთავარია დავუთმოთ რუსეთს და მან თუ მოინდომა, აფხაზეთს როგორც გვინდა, ისე მოგვცემს».
    ამჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხანგრძლივ საზღვარგარეთულ ტურნეს ატარებს. იგი მოინახულებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმავე რუსეთს, და ა.შ. ბუნებრივია, ყველგან გამართავს მოლაპარაკებებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
    ჯერჯერობით ერთი ასეთი მოლაპარაკება (ჩეხეთთან) საკმაო წარმატებით დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველომ პირველი «გარღვევა» მოახდინა აღმოსავლეთი ევროპის სამხედრო ბაზარზე, სადაც შეიძლება შევიძინოთ «შეთავსებადი» იარაღი სათანადო სტანდარტებითა და მაჩვენებლებით.
    რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს (ზოგადად დასავლეთს) თანამშრომლობა არ გასცილდება «კადრების მომზადების» ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით მაინც. Aამრიგად, თევზაძის საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მას არანაირი «ორიენტაცია» არ გააჩნია და, შესაძლოა, არც უნდა ჰქონდეს.
    თავდაცვის მინისტრის ორიენტაცია გამოიხატება (და უნდა გამოიხატებოდეს) ფორმულით: ვისთან უფრო ხელსაყრელია თანამშრომლობა? ვინ უფრო იაფად მოგვყიდის სამხედრო ტექნიკას ან სულაც უფასოდ მოგვცემს, ანუ ვინ უფრო შეუწყობს ხელს არმიის გაძლიერებას? ბუნებრივია, თუ ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი «პრორუსულად» ორიენტირებული ვერ იქნება, ვინაიდან საქართველო, როგორც სახელმწიფო, ნამდვილად არ არის ორიენტირებული რუსეთზე. ამდენად, რუსეთისგან სამხედრო თვალსაზრისით ვერც განსაკუთრებულ დახმარებას მივიღებთ.
    თევზაძე იმავდროულად ყოველნაირად შეეცდება, შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში (მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკაში), მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია, ვინაიდან საქართველო, როგორც სახელმწიფო, ნამდვილად არ არის ორიენტირებული რუსეთზე. ამდენად, რუსეთისგან სამხედრო თვალსაზრისით ვერც განსაკუთრებულ დახმარებას მივიღებთ.
    თევზაძე იმავდროულად ყოველნაირად შეეცდება, შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საერთოდ არ ერევა პოლიტიკაში (მით უმეტეს, საგარეო პოლიტიკაში). მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია, ვინაიდან თავდაცვის მინისტრი ყველგან და ყოველთვის მაინც პოლიტიკური ფიგურაა; მით უმეტეს, საქართველოში და ორგზის უმეტეს, - იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

მერიდიანი, 9 დეკემბერი, 1998 წ.