«მემარცხენეები» სოციალიზმის აღდგენისთვის ემზადებიან

«მემარცხენეები» სოციალიზმის აღდგენისთვის ემზადებიან

  

    «სოციალისტებისა» და «ლეიბორისტების» დემარშებს პარლამენტში მასმედიის მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს დემარში მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სახელისუფლებო ამბიციებს გამოხატავს და ძალაუფლებისათვის ბრძოლითაა განპირობებული. სინამდვილეში საქმე გვაქვს გაცილებით უფრო ღრმა და რთულ სოციალურ პრობლემასთან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიის ყოფნა-არყოფნის საკითხს საქართველოში.
    ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ «მემარცხენეები» არათუ «ამდენს» - კრინტის დაძვრასაც ვერ გაბედავდნენ, ვინაიდან საზოგადოება გაჟღენთილი იყო ლიბერალური ფასეულობებით, ხოლო პოლიტიკური ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილი აქტიურად იბრძოდა კიდეც ამ ფასეულობათა დასაცავად.
    დღეს ვითარება შეიცვალა. ოღონდ არა იმიტომ, რომ «მემარჯვენეები» პოლიტიკურ ელიტაში საერთოდ არ არიან წარმოდგენილნი. «სახალხოცა» და «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც» საკმაოდ მნიშვნელოვან და მძლავრ პოზიციებს ფლობს პარლამენტში და ტრიბუნაც გააჩნიათ, მაგრამ «მემარცხენე პოზიციასთან» დაპირისპირება არ სურთ, რათა უნებლიეთ «მმართველი პარტიის» პოზიციები არ გააძლიერონ.
    ძალაუნებურად «რესპუბლიკელები» მოგენატრება ადამიანს, რომლებიც ასეთ საკითხებში კომპრომისზე არასდროს წასულან; არადა, ფაქტობრივად, საქმე ეხება არა «მოქალაქეთა კავშირს», მის რეფორმატორულ ფრთას, არამედ ლიბერალური რეფორმაციის ბედს ქვეყანაში.
    უკვე სავსებით აშკარაა, რომ საქართველოში (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) მზადდება კომუნისტური გადატრიალება. ოღონდ მას სათავეში ჩაუდგებიან არა ტაკიმასხარა «კომუნისტები» და «ლენინელები», არამედ «ევროსოციალიზმის» მიმდევრები, რომლებიც ძალიან მძლავრ ფინანსურ, სამეწარმეო დაჯგუფებებს ეყრდნობიან.
    ყოფილი პარტიული ნომენკლატურა, რომელმაც 1994-1995 წლებში საკუთარი კორპორაციული ინტერესების დასაცავად «მოქალაქეთა კავშირი» შექმნა, ძალიან გვიან გამოერკვა (მასზე შევარდნაძის ჰიპნოზი მოქმედებდა) და გვიან მიხვდა, რომ ეს პარტია ამ თვალსაზრისით გამოუსადეგარი იქნებოდა! ედუარდ შევარდნაძესა და  ჟვანიას გუნდს კარგად ესმოდა: სხვა პერსპექტივა, ლიბერალური რეფორმის გარდა, ქვეყანას არ გააჩნდა, მაგრამ საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ხელისუფლების შენარჩუნება ყოფილი პარტიული ნომენკლატურის, საბჭოთა სახელმწიფო მაფიის, ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» ინტერესებისა და წარმომადგენლობის გათვალისწინების გარეშე; ამიტომ «საქორწინო გენერლის» სტატუსი მთელ ამ ოდიოზურ კონგლომერატს მაინც მიანიჭეს, საქმით კი, ლიბერალური რეფორმა უდიდესი დანაკარგებით, უმძიმესი შეცდომებითა და ხარვეზებით, ასე თუ ისე მაინც წინ წასწიეს.
    მაგრამ ზემოთხსენებული კონგლომერატი შეცდომას (თუმცა გვიან) მაინც მიხვდა და ახალი ფავორიტების ძებნას მიჰყო ხელი. რაკი შევარდნაძის იმედი ბოლომდე ჯერ არ დაუკარგავთ, მთავარი დარტყმის ობიექტად აირჩიეს «მოქალაქეთა კავშირი». უფრო ზუსტად, ის ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც ნამდვილად ხელეწიფება სასიცოცხლოდ აუცილებელი ლიბერალური რეფორმის გაგრძელება. ამ მიზნით მიმართეს ყველანაირ ხერხს - ცილისწამებიდან და ბინძური ჭორების გავრცელებიდან - პირდაპირ ძალისმიერ ზეწოლამდე.
    მთელი ამ კამპანიის მიზანი ადვილი ამოსაცნობია: სასიკვდილო საფრთხის წინაშე მდგომ საბჭოთა ნომენკლატურასა და კომუნისტურ-კომკავშირული «პირველადი კაპიტალით» გამდიდრებულ «ახალ ქართველებს», რომელთაც ნორმალური საბაზრო პირობები ხელს არ აძლევთ, აგრეთვე გათახსირებულ მექრთამე ჩინოვნიკებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომლებიც კვლავინდებურად «საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის მზეს» ფიცულობენ, ჟვანია-სააკაშვილის გუნდის განადგურებით სურთ სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლა ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება; ოღონდ, შეძლებისდაგვარად უსისხლოდ (რაკი მოსახლეობა ახალ «რევოლუციას» მხარს არ დაუჭერს) და (მათთვის იდეალურ შემთხვევაში), ედუარდ შევარდნაძის გადმობირებით.
    თუ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა (ვითომცდა დემოკრატიული არჩევნების ფორმით) წარმატებით დაგვირგვინდა და «მემარცხენეები» არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, მათი შემდგომი ნაბიჯები (კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე) ძნელი გასათვლელი არ არის: დაუყოვნებლივ გაწყდება ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, შეიქმნება პირობები «ადგილობრივი ბაზრის» დასაცავად, რათა «სამამულო მეწარმეებმა» (იგივე საბჭოთა წითელმა დირექტორებმა, ვინც «მხედრიონის» მეშვეობით იგდო ხელთ საწარმოთა აქციების საკონტროლო პაკეტი) რეალური კონკურენციის გარეშე შეძლონ თავიანთი საწარმოების ამოქმედება და აავსონ კიდეც ბაზარი უხარისხო პროდუქციით.
    რასაკვირველია, ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, რომელსაც «მემარცხენეები» ხელისუფლების მოპოვების შემთხვევაში უეჭველად და პირნათლად შეასრულებენ, იქნება ფულად-საკრედიტო» პოლიტიკის შეცვლა, - ემისიის განახლება, კრედიტების გამოყოფა, რომელთა უდიდესი ნაწილი (ისევე, როგორც 1992-93 წლებში) «გადახურდავდება» დოლარზე და უცხოურ (უპირველესად მოსკოვურ) ბანკებში დაბანდდება. რა თქმა უნდა, ამ დანაშაულებრივ და თაღლითურ პოლიტიკას შესაბამისი «ქავერიჯი» დასჭირდება, ამიტომ უეჭველად დაიწყებენ თავისუფალი მასმედიის დევნა-შევიწროებას, ბოლოს კი დაამყარებენ საპოლიციო რეჟიმის, განაახლებენ რეპრესიებს და ა.შ.
    კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ ყველა, ვინც «სოციალური სამართლიანობის» ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, ტერორითა და ციხეების გავსებით ამთავრებს.
    როდესაც საქმე შეეხება «წითელი ნომენკლატურის» კორპორაციულ ინტერესებს, მის რევანშისტულ წყურვილს, - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იგი არაფერს მოერიდება, რათა მეორედ აღარ დაუშვას შეცდომა და უნებლიედ სოციალურ მოწინააღმდეგეთ ანუ რეალური რეფორმის მომხრეებს აღარ ჩააბაროს ძალაუფლება.
    რა თქმა უნდა, ამგვარი «სოციალისტური რეგრესი» რეალურს არაფერს მოიტანს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
    ისევე, როგორც (მაგალითად) ბულგარეთში, მოსახლეობა სულ მალე მიხვდება, რომ «სოციალისტური ექსპერიმენტი» ნიშნავს მხოლოდ ფასების ყოველდღიურ ზრდას, ინფლაციას, ლეგალიზებულ ძარცვა-გლეჯას უპერსპექტივო საწარმოთა დაკრედიტების ფორმით და ა.შ. მიხვდება და გაიხსენებს «მემარჯვენეებს», მაგრამ ნურას უკაცრავად, «მემარცხენეები» უკვე რუსულ ხიშტთან იქნებიან ტკბილად ჩახუტებულნი და მათი ხელისუფლებიდან მოშორება შეუძლებელი აღმოჩნდება.
    სხვათა შორის, რუსეთი თავად სრულებითაც არ აპირებს უარი თქვას ლიბერალური რეფორმების გაგრძელებაზე. «მემარცხენე ოპოზიცია» ელცინს «გოსდუმის» გალიაში ჰყავს გამომწყვდეული, რომელსაც საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით რეალური უფლებამოსილება არ გააჩნია და მხოლოდ ბუტაფორიული ორგანოა - ელცინის აბსოლუტური მონარქიის ოდნავ მაინც შესანიღბავად.
    რუსი «მემარცხენეები» ზუსტად ისეთივე მოთხოვნებს აყენებენ, როგორც მათი ქართველი კოლეგები, მაგრამ გაცილებით ნაკლებ წარმატებას მიაღწიეს, ვინაიდან (ვთქვათ) რუსეთის მთავრობას შიდა ინვესტიციების შემცირების ხარჯზე ხელფასები და პენსიები არ გაუზრდია. უფრო მეტიც: რუსი მეშახტეების პასუხად, როცა მათ «ტრანსციმბირული მაგისტრალი» გადაკეტეს და კუთვნილ ხელფასებს მოითხოვდნენ, ელცინმა თავხედურად განაცხადა: ხელფასები კი გეკუთვნით, მაგრამ «მთავრობისათვის ხელების გადაგრეხვის» შემთხვევაში უარესს დაგმართებთო.
    იმავდროულად, რუსეთისათვის იდეალური ვითარება იქნებოდა, თუ თავად გააგრძელებდა რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმას (აგრძელებს კიდეც, - კირიენკოს დანიშვნა სწორედ ამის მომასწავებელია). ხოლო მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სოციალისტურ წუმპეში ჩაიძირებოდნენ. ამ შემთხვევაში ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, ხოლო ის პოლიტიკოსები, ვინც «ქართულ სოციალიზმზე» ოცნებობენ, ფაქტობრივად, «რუსულ კაპიტალიზმში» შეათრევენ ქვეყანას.

7 დღე, 12 ივნისი, 1998 წელი