ხელისუფლების პარალიჩის გამო ბიუჯეტში ფული არ შედის

ხელისუფლების პარალიჩის გამო ბიუჯეტში ფული არ შედის

  

    ამერიკამ დახმარება შეუმცირა მსოფლიოს ყველა ქვეყანას (ისრაელის ჩათვლით) და შესამჩნევად, საგრძნობლად გაამკაცრა პოზიცია სავალუტო ფონდის მიმართ, რომლის ძირითადი, უმთავრესი დონორი ისევ და ისევ ამერიკის ბიუჯეტია.
    სავალუტო ფონდსაც ისღა დარჩენოდა, «ქამარი მოეჭირა». ეს ქამარი ბევრი ქვეყნისთვის (მათ შორის პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებისთვის, უპირველესად რუსეთისთვის) ყულფად იქცევა, ვინაიდან ახალი, გამკაცრებული მოთხოვნების შესრულება არც ისე ადვილია.
    ბევრისათვის – შეუძლებელიც.
    იმავდროულად, სავალუტო ფონდმა აამოქმედა ზეგავლენის ძალუმი ბერკეტები სხვა საფინანსო ორგანიზაციებზე ზემოქმედებისათვის. ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, დენის ქორბოიმ საწყალობლად დაიჩივლა - რა ვქნათ, ძალიან კი გვინდა დაგეხმაროთ, მაგრამ სავალუტო ფონდის ტყვეებად ვიქეცით, - ისინი რეკომენდაციას გვაძლევენ, არ გამოუყოთ დამატებით კრედიტები საქართველოს, თუ არ შესრულდება 1998 წლის ბიუჯეტიო.
    მაშასადამე, სავალუტო ფონდის «რეკომენდაცია» ევროკავშირისთვის (ევროკავშირისთვის, რომლის მთლიანი ეკონომიკური პოტენციალი თითქოსდა ამერიკისას აღემატება) მაინც ბრძანების ტოლფასია.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, სავალუტო ფონდს შეუძლია საერთოდ აუკრძალოს საქართველოს ნებისმიერი სახის კრედიტის აღება და სწორედ სსფ-ის პროგრამის შესრულება აქციოს ეკონომიკურ განვითარების უმთავრეს პირობად.
    ვაჟა ლორთქიფანიძის თქმით, სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელმა, მიშელ კამდესიუმ საქართველო შეაქო კიდეც - რუსეთს არც კი შეგადარებთ, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით გაცილებით შორს წახვედითო, მაგრამ ჩვენი პატარა ქვეყნის უბედურება ის არის, რომ რუსეთს (პოლიტიკური მოსაზრებებით) შეიძლება მაინც გამოუყონ თანხა, საქართველოს კი ადვილად დაჩაგრავენ და პროგრამას შეუსრულებლობის შემთხვევაში, ერთ ცენტსაც ვეღარ მივიღებთ, რაც საქართველოს ეკონომიკას სრულ კრახს უქადის, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სისტემა ლარს ეფუძნება; ლარი კი, - იმდენად არა სამამულო წარმოებას, რამდენადაც ფონდის კრედიტებს.
    როგორც ჩანს, ვაჟა ლორთქიფანიძესა და დელეგაციის სხვა წევრებს ვაშინგტონში ძალიან მძიმე საუბარი ჰქონდათ. ფონდის ექსპერტებმა მათ პირდაპირ განუცხადეს, რომ თანამშრომლობის პროგრამა ქართული მხარის მიზეზით «რელსებიდან გადავიდა».
    სამართლიანობა მოითხოვს ითქვას:. მიუხედავად რუსეთის კრიზისისა, სავალუტო ფონდი პირნათლად ასრულებდა და ასრულებს თავის ვალდებულებებს და შეუფერხებლად გვიგზავნის ფულს რეზერვების შესავსებად.
    მაგრამ მეორე მხრივ, ფონდს აღარ შეუძლია გაუთავებლად წავიდეს დათმობებზე მაშინ, როცა საქართველო ელემენტარულ სახელმწიფოებრივ სისუსტეს ამჟღავნებს და გადასახადების აკრეფას ვერ ახერხებს.
    დავაკვირდეთ რა ხდება: სავალუტო ფონდი არ გვსაყვედურობს (რაკი სასაყვედურო არაფერი აქვს), რომ ინსტიტუციურ რეფორმებს არ ატარებს საქართველოს ხელისუფლება, რომ არ ახორციელებს პრივატიზებას, არ უწყობს ხელს დამოუკიდებელი საბანკო სისტემის დაფუძნებას და ა.შ. ერთადერთი სასაყვედურო ინსტიტუციური თვალსაზრისით მიწაზე კერძო საკუთრების დაფუძნება იყო, ესეც უახლოეს მომავალში გამოსწორდება.
    მაგრამ რა თავში იხლიან ყველა ამ რეფორმას თუ არ მიიღწევა უმთავრესი შედეგი და სახელმწიფო ვერ მოახერხებს გადასახადების აკრეფას? ამ შემთხვევაში ყოველგვარი რეფორმა აზრს კარგავს: ამდენად, საქართველოსთან მიმართებაში, სავალუტო ფონდს გაცილებით სერიოზული პრობლემა შეექმნა, ვიდრე, ვთქვათ, რუსეთში ან უკრაინაში, ვინაიდან იმ ქვეყნებში თვით ლიბერალურ რეფორმათა ტემპია შეფერხებული - ამის გამოსწორება ადრე თუ გვიან ხერხდება, ოღონდ რა ეშველება საქართველოს სახელმწიფოებრივ სისუსტეს, რის გამოც სახელმწიფოს იმდენი ძალა და ილაჯი არა აქვს, აიძულოს ბიზნესმენი გადასახადი გადაიხადოს და ვერც ურჩ გადამხდელთა დასჯას ბედავს პოლიტიკური გართულების შიშით?

    ჩვენი პოლიტიკური პრობლემები ფონდს სულ არ აინტერესებს - თუ თავი არ გქონდათ, რას აცხადებდით დამოუკიდებლობას (ანუ სახელმწიფოებრიობას?).
    ვაჟა ლორთქიფანიძეს და მიშა ჭკუასელს (პრეზიდენტის გასაგონად) პირდაპირ უთხრეს: თქვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება, რათა აკრიფოს გადასახადი.
    შესაბამისად, მივიღეთ ულტიმატუმიც, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: თუ ნოემბრამდე საბიუჯეტო სფეროში წესრიგში არ დამყარდა, ანუ გადასახადები მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, სავალუტო ფონდი არც კი განიხილავს საქართველოსთვის კიდევ 40 მილიონიანი ტრანშის გამოყოფის საკითხს;
    უკეთეს შემთხვევაში, ეს საკითხი გაისად, გაზაფხულისთვის გადაიდება.
    ნოემბერში თბილისს ეწვევა სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, ღირს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსთან.
    იმ შემთხვევაში, თუ გარდატეხა მოხდება, სავალუტო ფონდი მზად არის დამატებითი კრედიტებიც კი გამოუყოს ქვეყანას - 10-15 მილიონი დოლარის ოდენობით.
    არც ეს არის შემთხვევითი, - დღემდე საქართველო სკურპულოზურად ასრულებდა ფონდის ყოველ მოთხოვნას; ასეთი «ბეჯითი» მოსწავლე ფონდს არც ჰყოლია; მაგრამ ეს მოსწავლე გადასახადების აკრეფას ვერ ახერხებს! ანუ, ელემენტარულად, ძალა არა აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად.
    აბა, ასეთთან ვინ იმეგობრებს? მაშასადამე, ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია «საგადასახადო» და «საბაჟო» სისტემათა მუშაობაზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე უწყების ხელმძღვანელობას ისე ჩამოსტირის სახე, - უმეტესობას ძნელად თუ უნდა ენდოთ.
    თამაზ მაღლაკელიძე შესამჩნევად გახდა და შუბლზე ნაოჭებმა უმატა. არც თენგიზ აბულაძეა უკეთეს დღეში. საბაჟო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში (თითქოს ჯიბრზე) იმპორტმა იკლო და პორტებში შემომსვლელი გემების რაოდენობაც შემცირდა.
    ამასობაში, სავალუტო ფონდს მსოფლიო ბანკმაც აუბა მხარი. ის კატეგორიულად მოითხოვს პირობების შესრულებას. კერძოდ, მისი ულტიმატუმია ჯანდაცვისა და განათლების სათანადოდ დაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობათა გაწყვეტით იმუქრება.
    ერთი სიტყვით, მდგომარეობა ურთულესია; შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმეა 1994 წლიდან, როცა ლიბერალური რეფორმა დაიწყო.
    თუ აქედან საქართველომ თავის დახსნა შეძლო - «სიმტკიცის მარაგი» ქვეყანას უფრო დიდი ჰქონია, ვიდრე 1992 წელს ჩანდა.

7 დღე, 16 ოქტომბერი, 1998 წელი