დეპუტატობის კანდიდატები ცსკო-მ კი არა, სულელურმა საარჩევნო კანონმა გაწირა

დეპუტატობის კანდიდატები ცსკო-მ კი არა, სულელურმა საარჩევნო კანონმა გაწირა

 

    დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატთა სიიდან ასეულობით წევრის «ამოგდება» მავანთაგან წარმოდგენილზე გაცილებით რთული მოვლენა უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებ სარწმუნოა, რომ იგი მართლა ასე იშიფრებოდეს: «მოქალაქეთა კავშირმა, უბრალოდ, აიღო და ხელის ერთი დაკვრით მოიცილა კონკურენტები».
    მმართველი პარტია (მიუხედავად 1 ხმით უპირატესობისა) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთპიროვნულად ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა; ერთი მხრივ, იყო (გადაწყვეტილების მიღების) «მოქალაქეთა კავშირის» წარმომადგენლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე მხარეს კი, - ყველა დანარჩენი პარტიის წარმომადგენლები.
    გამორიცხული არ არის, რომ კომისიის სხდომაზე, უპირველეს ყოვლისა, სწორედ «ოპოზიციური პარტიების» წარმომადგენლებმა «დაჭამეს» ერთმანეთი და ერთმანეთის «ჯიბრზე» ჩაძირეს კანდიდატები, რომელთაც შეცდომით ჰქონდათ შევსებული დოკუმენტები.
    საოცარია, მაგრამ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ კანდიდატის სიიდან «ამოგდების» თაობაზე, როგორც აღმოჩნდა, კომისია კონსენსუსით იღებდა.
    საწინააღმდეგო ფაქტი არავის დაუსახელებია, - ოპოზიციურ პარტიათა არც ერთ წარმომადგენელს, პროტესტის ნიშნად, სხდომა არ მიუტოვებია და დიქტატის თაობაზე რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.
    მხოლოდ პარტიათა ლიდერები ყვიროდნენ «იმელის» შენობასთან.
    აქ, როგორც ჩანს, კოლეგიური ორგანოს უმთავრესმა ღირსებამ იმუშავა, - როდესაც (ვთქვათ) მაგიდასთან ზის ადამიანი და კანონის შესაბამისად განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს (მით უმეტეს, თუ ისინი სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლები არიან) - თითქმის შეუძლებელია (პათოლოგიურ შემთხვევებს არ ვგულისხმობ), თეთრზე – შავი თქვა და შავზე – თეთრი.
    მაგალითად, არსებული სულელური კანონის შესაბამისად, არჩევნებიდან შეიძლება მოიხსნას ის კანდიდატი, რომელსაც განცხადებაში ხელმოწერა დააკლდა ან ფოტოები არ მოიტანა და ასე შემდეგ.
    როცა ეს საკითხი იხილება კოლეგიურ ორგანოში, ძალზე ძნელია უარყო ფაქტი; ვთქვათ ის, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ფოტო აკლია. თუ ეს ფაქტია, მაშინ, საპასუხოდ, იგივე დარღვევა უნდა აღმოუჩინო მმართველი პარტიის კანდიდატსაც.
    თუ მას ვერ აღმოუჩინე – მაშინ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს და ასე შემდეგ.
    აი, სწორედ ასე შეიქმნა აბსურდული ვითარება - ასეულობით მაჟორიტარი კანდიდატი არჩევნებიდან მოიხსნა.
    მკითხველს ვთხოვ, ყურადღებით დააკვირდეს ციფრებს – საქართველოს პარლამენტში სულ 75 მაჟორიტარული ადგილია. «ასეულობით კანდიდატის მოხსნა» ნიშნავს, რომ კანდიდატთა სრული შემადგენლობის 80 პროცენტს მაინც დარღვევები აღმოუჩინეს.
    ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ «მოხსნილებს» აქვთ უფლება, მიმართონ სასამართლოს, რომელიც უეჭველად გააუქმებს «ცსკო»-ს გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ერთმანეთის ჯიბრზე გამოვლენილი დარღვევები მეტისმეტად «წვრილმანია», რათა ამის გამო კანდიდატი არჩევნებიდან მოხსნას.