დიდი პრივატიზების დიდი პრობლემები

დიდი პრივატიზების დიდი პრობლემები

        გუშინ სახელმწიფო მინისტრთან რიგითი თათბირის დასრულების შემდეგ, მისმა მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი ისაკაძემ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა იმ სამინისტროების მისამართით, რომლებიც «არასაგადასახადო შემოსავლების» გეგმას ვერ ასრულებენ და ამ მიზეზით, დაახლოებით 6 მილიონი ლარი დააკლეს ისედაც «აცახცახებულ» ბიუჯეტს.
        გიორგი ისაკაძის თქმით, სასტიკად დაისჯება ყველა ის მინისტრი, ვისი უწყებაც ამ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.
        შეიძლება თამამად ვივარაუდოთ, რომ ასეთივე მკაცრი ზომების მიღება იგეგმება «პრივატიზების გეგმის» შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვინაიდან, მართალია, მსხვილიო საწარმოების განსახელმწიფოებრიობა ფორმალურად არასაგადასახადო შემოსავლებს არ განეკუთვნება (ამ თანხებით ბიუჯეტის დეფიციტი იფარება), მაგრამ რეალურად დიდი საწარმოების გაყიდვით, ან მართვაში გადაცემით სახელმწიფო «ბიუჯეტურად» ცოტას კი ამოისუნთქავდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაც შესრულდებოდა.
        შესაბამისად, ამით შემცირდება სეკვესტრის ოდენობა, მაგრამ მხოლდ შემცირდება, ვინაიდან თვით სეკვესტრი უკვე გარდაუვალია და ამაზე საერთოდ არავინ დაობს.
        დიდი პრივატიზებიდან ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი დოლარი შეიძლება მიიღოს, თუმცა, აქაც უამრავი ობიექტური და სუბიექტური ხელისშემშლელი ფაქტორია. პრეზიდენტის საპროგრამო სიტყვაში «მსხვილი პრივატიზების» განხორციელება ლიბერალური ტრანსფორმაციის დასრულების პროექტად განიხილებოდა.
        იგულისხმება ისეთი გიგანტური (არა მხოოდ საქართველოს მასშტაბებით) საწარმოები, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ფოთის პორტი, «თბილავიამშენი», ზესტაფონის «ფეროშენადნობი», ქუთაისის «ავტოქარხანა», «მადნეული», ტელეკომუნიკაციები და ასე შემდეგ.
        ამ მაშსტაბის საწარმოებიდან დასრულებული პრივატიზების ერთადერთ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ რუსთავის «აზოტი». ისიც იმის წყალობით, რომ ხელისუფლებას უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, «იტერა» ბუნებრივი აირის მოწოდებას შეუწყვეტდა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის და თვით ქალაქ რუსთავისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საწარმოს.
        ეს ფაქტორი რომ არა, ალბათ, დღემდე გაგრძელდებოდა კამაით, რა სჯობს: გადავცეთ საწარმო რუსებს და ამით შევუნარჩუნოთ მას ცხოველმოქმედება, თუ დალპეს – ოღონდ კი დარჩეს საქართველოს საკუთრებაში და მრჩოლავ ნანგრევებზე ეროვნული დროშა აღვმართოთ ღირსების ნიშნად.
        იმავე დისკურსში ვერ განვიხილავთ, მაგალითდა, ტელეკომუნიკაციის საწარმოთა პრივატიზებას. მათ განსახელმწიფოებრიობას ხელს უშლის არა ყალბად გაგებული ეროვნული ღირსება, არამედ ის პრაგმატული გარემოება, რომ არ შეიძლება ასეით საწარმოს «ჩალის ფასად» გაყიდვა 30 ან 40 მილიონი დოლარი «ელექტროკავშირისათვის» უკიდურესად ზღვრული თანხა იქნებოდა.
        ამრიგად, ამ ობიექტების პრივატიზება, ჯერჯერობით, არარეალურია, ვიდრე კრადინალურად არ შეიცვლება ვითარება მსოფლიოს საინვესტიციო ბაზარზე. აქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ «თელასის» პრივატიზება ქვეყანამ «ბეწვზე მოასწრო» - წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისში ელექტროენნერგია დღესაც 8-საათიანი გრაფიკით გვექნებოდა.
        რაც შეეხება მადნეულს – ამ საწარმოსთან დაკავშირებით ახლო წარსულში იმდენი სკანდალი «აგორდა», რომ მათი პერიპეტიების გარჩევისას თითქოს ყველას დაავიწყდა მთავარი: მადნეული რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და ყველაფერზე, რაც იქ ხდება, კვლავაც სახელმწიფო აგებს პასუხ ს- მისი დანიშნული ჩინოსნების სახით. ამჟამად სკანდალი ჩაცხრა, რამდენიმე პიროვნება ეჭვმიტანილადაა ცნობილი, ხოლო მადნეულის პრივატიზების საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოკიდეს ხელი.
        სავალუტო ფონდის ერთ-ერთი (სხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანN) მოთხოვნით, უახლოესი 3 თვის განმავლობაში, მადნეულში უნდა «შევიდეს» საერთაშორისო აუდიტი, ანუ უცხოური აუდიტორული კომპანია, რომელსაც სავალუტო ფონდი ენდობა, ვინაიდან «მადნეულში» მომრავლებული «წყალხმელეთა ცხოველები» მათ ასე ადვილად ვერ მოისყიდიან.
        და მხოლოდ ამის შემდეგ, რაც საერთაშორისო აუდიტი, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების მეშვეობით, გაარკვევს ამ სწაარმოს რეალურ ფინანსურ მდგომარეობას და დაადგენს, თუ საიდან, როდის, რა სახსრები გადაიქაჩა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე «საქართველოს მეგობარი» კუნძულ-სახელმწფიოების საბანკო ანგარიშებზე – შესაძლებელი გახდება საუბარი «მადნეულის» პრივატიზებაზეც. მანამდე სავალუტო ფონდი ამის საშუალებას არ მოგვცემს (მისი რეკომენდაციის გარეშე კი სერიოზული ინვესტორი ქვეყანაში არ შემოვა), რადგან მრავალტანჯულ საწარმოს შეიძლება ისეთი «კუდები» აღმოაჩნდეს, რომელთაპ თავისა და ბოლოს გაგება წლობით ვეღარ მოხერხდეს და საბოლოოდ ყველა მათგანი ბიუჯეტს მიეწებოს.
        ზესტაფონიდან მიღებული ცნობით, უკეთესი მდგომარეობაა ფეროშენადნობთა ქარხანასთან დაკავშირებით. მოიძებნა სერიოზული ინვესტორი (ავსტრიულ-შვეიცარული კონცერნი), რომელიც მხად არის, ქარხანაში ათი მილიონი დოლარი დააბანდოს და კისრულობს ვალდებულებას, სრულად შეიძინოს «ჭიათურმანგანუმის» პროდუქცია.
        თვით «ფეროს» შეძენა ბევრს სურდა მთელი ამ წლების განმალვობაში, მაგრამ უკანასკნელი პირობა «მეტისმეტად» მიაჩნდათ.
        არ არის ბოლომდე გარკვეული ფოთის პორტის საკითხი. ბუნებრივია, სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო კარიბჭის პრივატიზებაზე ლაპარაკი ზწედმეტია, მაგრამ შესაძლებელია ამ საწარმოში სამენეჯერო შემოსვლა, ანუ მართვაში გადაცემა მკაცრი პირობით. ოღონდ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ამ შემთხვევშაიც დეტალური აუდიტის ჩატარებას მოითხოვს.
        «თბილავიამშენის» პრივატიზება უკვე მოხდა – იგი სამართავად გადაეცა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას და მის მიერ მოძიებულ ინვესტორს. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ჩვენში დამკივდრებული სტერეოტიპის მიუხედავად, «პრივატიზება» ყოველთვის კერძო საკუთრებაშიგადაცემას არ ნიშნავს.
        რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რამდენიმე მიმართულების სხვადასხვა საწარმოს ამოქმედებით, შესაძლებელი გახდა სიმძლავრეთა ნაწილობრივ დატვირთვა, თუმცა, სტრატეგიული ინვესტორი, რომელიც ამ გიგანტური ქარხნის ამოქმედებას შეძლებდა, კვლავაც არ ჩანს.
        მთლიანობაში, ეს ყოველივე მიანც მიზეზია იმასთან შედარებით, რაც გათვალისწინებული და დაგეგმილი იყო შარშან შემუშავებული პროგრამით.
        არსებობს პოლიტიკური პრობლემბეიც. სულ უფრო გაძლიერდნენ ძალები, რომლებიც ყოველგვარ პრივატიზებას საერთოდ ეწინააღმდეგებიან. ამ ვითარებაში კი ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს, ერთმანეთს შეუთავსოს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის აუცილებლობისა და «მშობლიურ საწარმოთა გასხვისების» ბრალდებათა თავიდან აცილების იმპერატივები.
        მიუხედავად ამისა, პრივატიზებას გონივრული ალტერნატივა არა აქვს, ვინაიდან სტრატეგიული ინვესტორების გარეშე საქართველოს ეკონომიკის ფლაგმანები გამოუსადეგარ ჯართად იქცევა ან შემდგომში მართლაც მიზერად გასაყიდი გახდება სრული უსარგებლობის გამო.

დილის გაზეთი, 28 ივნისი, 2003 წელი