საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა.  1 მაისი. 2024 წელი

 გუშინდელი თემის გაგრძელება: თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღძრავს საქმეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, მაშინ ამ სასამართლოს მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ აშშ მძიმე სანქციებს შემოიღებს.

ამ ინფორმაციამ გაჟონა კონგრესიდან.  „ასე ხომ შეიძლება ჰააგის სასამართლომ ამერიკის პრეზიდენტის ან გენერლების წინააღმდეგაც აღძრას საქმეებიო“ - ამბობენ ამერიკელი კონგრესმენები.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ კვლავ ესროლა ყირიმს, მათ შორის „ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლს“ ამერიკული რაკეტები ATACMS. ასევე ესროლეს იგივე რაკეტები „ჯანკოის“ სამხედრო აეროდრომს.

სამწუხაროდ, რუსებმა ამ რაკეტების ჩამოგდება შეძლეს С-400 საზენიტო სისტემით.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ „საზენიტო“ თვალსაზრისით ყირიმი დაცულია შეუდარებლად უკეთ,  ვიდრე დონეცკი მაგალითად, რაკი ყირიმი პუტინისთვის ბევრად ძვირფასია, ვიდრე თვით დონბასიც კი - ყირიმი მის უდიდეს „გამარჯვებად“ ითვლება 2014 წლიდან.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

რამშტაინის ფორმატში ბოლო შეკრებაზე, რომელიც გერმანიაში გაიმართა, იმედიანი ატმოსფერო კი იყო, რაკი აშშ კონგრესმა დაამტკიცა 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინას, მაგრამ პრობლემები მაინც გამოსჭვივის.

მაგალითად, მიუხედავად აშშ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მოწოდებისა ესპანეთის და საბერძნეთის მიმართ,  გადასცენ უკრაინას 6 Patriot, ამ თემაზე შეთანხმება ვერა და ვერ ხერხდება.

ესპანელები ამბობენ, რომ ვერ დათმობენ ამ უძვირფასეს საზენიტო სისტემებს და მზად არიან უკრაინას მიაწოდონ Patriot-ის რაკეტები. სულ 50 ცალი აქვს ეს რაკეტა ესპანეთის შეიარაღებულ ძალებს. ყოველი მათგანი (თითოეული რაკეტა!) 4 მილიონი დოლარი ღირს და რაღაც ნაწილს მიაწვდიან.

ოღონდ მხოლოდ რაკეტებს და არა თვით დანადგარებს.

ესეც „საქმეა“ რასაკვირველია, რადგან უკრაინას რაკეტებიც აკლია, მაგრამ მათი მიწოდება ამერიკასაც შეუძლია - დიდი მარაგი აქვს.

მთავარი მაინც თვითონ საზენიტო სისტემაა, რომლის მეშვეობით უკრაინის არმიას შეეძლება „გადაფაროს“ დაუცველი სივრცეები და ზონები.

ამჟამად უკრაინის მთელს სივრცეს 4 ერთეული Patriot იცავს.

რაც შეეხება საბერძნეთს, აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა: ბერძნები დახურულ კარს მიღმა (!) ეუბნებიან ოსტინს: რომელ იარაღის გადაცემაზე გველაპარაკები, როდესაც მეზობლად გვყავს მოსისხლე მტერი, თურქეთის სახით, არ ვიცით როდის იფეთქებს ახალი ბერძნულ-თურქული ომი; თურქეთის არმიამ ახლახან საოპერაციო პოზიციებზე გაიყვანა რუსული С-400, რომლის პუტინისგან შეძენა თქვენ ვერ დაუშალეთ და ახლა ჩვენგან მოითხოვთ, რომ უძვირფასესი ამერიკული სისტემა Patriot უკრაინას გადავცეთ?!

ანუ აქაც „უარია“.

პრობლემას ამძიმებს ის, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც Patriot-ის არა მხოლოდ გამოყენება, არამედ მისი წარმოება შეუძლია, არის თვით ამერიკის შეერთებული შტატები.

ბუნებრივად ისმის კითხვა: თუკი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაძლო საბრძოლო მოქმედებათა თეატრებზე ახლო აღმოსავლეთიდან - წყნარ ოკეანემდე დაახლოებით 90 ერთეული Patriot აქვს განთავსებული ამერიკულ არმიას,  თითქოს რა უშლის ხელს, „მოხსნას“ რამდენიმე ცალი, გადასცეს უკრაინის არმიას და იმ რეგიონებისთვის ახლად დაამზადოს ასეთივე სისტემები ანუ ამერიკულ ინდუსტრიებში განათავსოს შეკვეთები?

მაგრამ Patriot ურთულესი სისტემაა. მის წარმოებას დრო დასჭირდება. შესაბამისად, სანამ ახალი დამზადდება, შესაბამისი რეგიონი და ზონა (პენტაგონის პასუხისმგებლობისა), „მოშიშვლებული“ დარჩება, რასაც ამერიკული გენერალიტეტი ინსტინქტურად ეწინააღმდეგება. მით უმეტეს, რომ ახლო აღმოსავლეთშიც და წყნარი ოკეანის აუზშიც სიტუაცია სულაც არ არის დამშვიდებული და იქ როდის რა „იფეთქებს“, არავინ იცის.

ეს 100%-ით დაადასტურა ირან-ისრაელის ხანმოკლე ომმა ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების და დრონების გამოყენებით.

ასევე სახიფათო ვითარებაა  ჩინეთსა და ტაივანს შორის.

61 მილიარდიანი დახმარების პაკეტით, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ამერიკულ ინდუსტრიებზე დაიხარჯება, გათვალისწინებულია რამდენიმე Patriot-ის მშენებლობაც.

ყოველი მათგანი კოლოსალური თანხა - თითქმის მილიარდი დოლარი (!!!) ჯდება.

მაგრამ მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი სისტემების წარმოება ვერ მოესწრება.

მარტო „აშენება“ არ არის საკმარისი - აუცილებელია მისი გამოცდა რაც ასევე ხანგრძლივი პროცესია.

არადა არც ერთი სხვა იარაღი (თვით შორსმწვდომი რაკეტებიც კი) უკრაინას არ სჭირდება დღეს ისე, როგორც Patriot, რომელმაც უკრაინული ომის დროს 100%-ით დაამტკიცა თავისი ქმედითობა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთი და ამერიკა აგრძელებენ კონსულტაციებს პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ მას შემდეგ, რაც ბელორუსიაში რუსეთმა განათავსა ტაქტიკური ბირთვული ბომბები.

რუსეთმა ბელორუსიიდან 1996 წელს გაიტანა ეს ბომბები და ახლა უკან დააბრუნა იქაური დიქტატორის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით.

რამდენი ბირთვული მუხტი განათავსა მოსკოვმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უცნობია. ლუკაშენკო ასახელებს სავარაუდო ციფრს „რამდენიმე ათეული“ და „ტაქტიკური“ კი ჰქვია, თუმცა ყოველი ასეთი მუხტი შესაძლოა 1945 წელს ამერიკელების მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული 15 კილოტონიან ბომბებზე ძლიერიც კი იყოს. თან ბევრად ძლიერი.

ზოგადად, ატომური იარაღი „ტაქტიკურია“ თუ „სტრატეგიული“, ეს განისაზღვრება არა იმდენად მისი ძალით, არამედ „მიზნამდე მიტანის“ საშუალებებით, ანუ შესაძლებელია თუ არა მისი „მიტანა“ და გამოყენება „ჰაერი-მიწა“ რაკეტით თვითმფრინავიდან, მძიმე არტილერიით, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე ნაღმსატყორცნითაც კი.

ამჟამად ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგებულია გერმანიაში, ნიდერლანდში და იტალიაში.

თუ პოლონეთშიც განლაგდება, ამით NATO-ს ბირთვული ინფრასტრუქტურა მეტად დაუახლოვდება პოტენციურ მოწინააღმდეგეს - რუსეთსა და მის „ყურმოჭრილ მოკავშირე“ ბელორუსს

სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემთხვევაში, რომელიც სტრატეგიულ ბომბდამშენებზე, კონტინენტთაშორისი რაკეტების შახტებში და გემებზე, მათ შორის წყალქვეშა გემებზეა განლაგებული, მანძილს დიდი მნიშვნელობა არა აქვს: ბელორუსიიდან ესვრის რუსეთი ამგვარ რაკეტას ვაშინგტონს თუ კურსკიდან, მანძილსა და დროში სხვაობა თითქმის არ არის. ხოლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემთხვევაში ნამდვილად მნიშვნელოვანია გერმანიაშია ეს იარაღი თუ პოლონეთში - რუსეთიდან, ბელორუსეთიდან  და უკრაინიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით უფრო ახლოს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება ურთულესი გეოპოლიტიკური თამაში ისრაელ-პალესტინის კონტურზე.

უახლოეს მომავალში ისრაელის არმიამ შესაძლოა დაიწყოს ოპერაცია ქალაქ რაფახში, ეგვიპტის საზღვარზე, სადაც ამჟამად ჩრდილოეთ ღაზადან გამოქცეული მილიონნახევარი პალესტინელი ცხოვრობს.

ენტონი ბლინკენი ინტენსიურად ცდილობს რაიმენაირად „დაალაგოს“ სიტუაცია ისე, რომ ეს ოპერაცია არ დაუშვას.

მთავარი ამ სიტუაციაში ეგვიპტის პოზიციაა: ამ ქვეყნის მმართველი გენერალი ასისი აცხადებს, რომ მას ეგზისტენციალური პრობლემები შეექმნება, თუ პალესტინელები რაფახიდან ეგვიპტეშიანუ სინაის ნახევარკუნძულისკენ დაიძვრებიან რათა ისრაელის არმიის შეტევისგან თავს უშველონ.

საქმე ის გახლავთ, რომ ისრაელმა 1967 წლის და 1973 წლების ომის შემდეგ, კემპ-დევიდის შეთანხმებით (1978)  მხოლოდ იმ  პირობა/დათქმით დაუბრუნა სინაის უზარმაზარი ნახევარკუნძული ეგვიპტეს,რომ ეგვიპტე ჩაკეტავდა საზღვარს ღაზასთან.

თუპალესტინელები შეიჭრებიან ახლა სინაის ნახევარკუნძულზე რაფახიდან, ეს შეთანხმების დარღვევა გამოვა და ეგვიპტე იძულებული გახდება ან იომოს ისრაელთან, ან შეურიგდეს სინაის ხელახალ დაკარგვას.

არადა რაფახში ოპერაცია სულ უფრო გარდაუვალი ჩანს, რაკი ისრაელმა და „ჰამასმა“, რომელსაც კვლავინდებურად შეპყრობილი ჰყავს ასეულობით (!) ისრაელელი მძევალი, ვერ მოილაპარაკეს მძევალთა გათავისუფლების პირობებსა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

ამერიკულ მედიაში სენსაციურმა ინფორმაციამ გაჟონა, რომ ბლინკენი საუდის არაბეთს ბირთვული პროგრამის განვითარებასაც კი ჰპირდება (რასაკვირველია იგულისხმება ენერგეტიკა და არა იარაღი) თუ საუდის არაბეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დაზავებაში.

ამით ამერიკა ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს: ერთის მხრივ ისრაელს „დააზავებს“ და მშვიდობას დაიბრუნებს, ხოლო მეორეს მხრივ საუდთა ბირთვულ პროგრამას დაუპირისპირებს მოსისხლე მტრის, ირანის ბირთვულ პროგრამას.

მაგრამ მაინც ვერ „დალაგდა“ სათანადოდ ფიგურები „საჭადრაკო დაფაზე“ ამ პარტიაში და სიტუაცია კვლავინდებურად რთულია.