დისკუსია დავით ზურაბიშვილთან -2

დისკუსია დავით ზურაბიშვილთან -2

კიდევ ერთხელ «ინტელექტუალური ცენტრის» თაობაზე

    30 დეკემბერს გაზეთ «საქართველოში» გამოქვეყნდა დავით ზურაბიშვილის სტატია «პროფესორ მორიარტის კვალდაკვალ. ანტიდეტექტური განაზრებანი ოთხ ნაწილად პროლოგისა და ეპილოგის გარეშე». ავტორისავე სტილს თუ მივმართავ, უნდა ვაღიარო, რომ სტატია საკმაოდ ნიჭიერადაა დაწერილი. გაუცნობიერებელ მკითხველზე ამან შეიძლება დამაჯერებელი შთაბეჭდილებაც დატოვოს. ამიტომ, დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებ,  გაეცნონ ჩემს წერილს «იდუმალი ორდენი», რომელიც გაზეთ «ივერია-ექსპრესში» გამოქვეყნდა 1993 წელს. ხოლო შარშან, ოქტომბერში გადაბეჭდა გაზეთმა «მსგეფსმა».

    ზემოთ «ნიჭიერებაზე» მოგახსენეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტორი ქმნის პრობლემას, ხოლო შემდეგ ეფექტურად აპირებს მის გადაჭრას წინასწარ დამუშავებული კლიშეებითა და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური რემინისენციებით.
    მთავარი აქ ის კი არ არის, რამდენად ლოგიკურია ავტორის მსჯელობა, არამედ ის, თუ რამდენად არსებობს თვით პრობლემა, რომლის «გადაწყვეტასაც» ზურაბიშვილი ესოდენი გულმოდგინებით ცდილობს.
  აბსოლუტურად ვეთანხმებით ავტორს იმაში, რომ იდეოლოგიური კლიშე, რომლის თანახმად (გამარტივებულად თუ წარმოვიდგენთ), «ყველაფერი ებრაელების ბრალია» - მართლაც «მტკნარი სისულელე» და პათოლოგიური აზროვნების გამოვლინებაა. «მასონებს» რაც შეეხება - მათი გავლენა მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებზე (და ამის თაობაზე შეთხზული მითები) ძალზე გადაჭარბებულად მიმაჩნია. ასევე, რაც შეეხება მასონურ ლოჟა «პ-2»-ს: ეს სკანდალური საქმე სწორედ «მაცოცხლებელი სენსაციისადმი» მიდრეკილი დასავლური პრესის ფანტაზიის ნაყოფი უფროა, ვიდრე რეალობა.
    მაგრამ ზურაბიშვილს ავიწყდება (ან არ ითვალისწინებს): რუსეთის იმპერია მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებული და უნიკალური წარმონაქმნი იყო, რომელსაც ჩვეულებრივი სქემები ძნელად თუ მიესადაგება.
    თუკი დავით ზურაბიშვილი აღიარებს, რომ 1985 წლამდე უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პროცესი იმპერიის ტერიტორიაზე გარკვეულად კონტროლირებადი იყო საიდუმლო სამსახურის მიერ, მაშინ გაუგებარია, რატომ მართმევს იგი იმ ვარაუდის გამოთქმის უფლებას, რომ ეს სამსახურები უეჭველად შეეცდებოდნენ ამ პროცესების მართვას მას შემდეგაც, რაც, ისტორიულ კანონზომიერებათა შესაბამისად, დაიწყებოდა იმპერიის ნგრევა.
    ზურაბიშვილი წერს: «საბჭოთა იმპერიის დაშლა და შემდგომში «რეინტეგრაციის» სახით მისი აღდგენის მცდელობა თავისუფლად შეიძლება აიხსნას რუსეთის სახელმწიფოებრივი განვითარების შინაგანი კანონზომიერებით. აქედან გამომდინარე, სულ არ არის აუცილებელი, ვივარაუდოთ შორს გამიზნული სტრატეგიული გეგმის არსებობა, რადგან «პერესტროიკის» დაწყება და საბჭოთა კავშირის დაშლა წინასწარი ჩანაფიქრის გარეშეც მოხდებოდა».
    რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიის დაშლა, მრავალი ფუნდამენტური მიზეზის გამო, ობიექტური აუცილებლობა იყო, მაგრამ ზურაბიშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ამ ობიექტურ პროცესს «პერესტროიკასთან» აიგივებს. ობიექტური, იმპერიის მმართველი ელიტის ნებისაგან დამოუკიდებელი სწორედ ეს დაშლის პროცესი იყო, ხოლო «პერესტროიკა» პირიქით - იყო ამ ელიტის მცდელობა, სასურველი მიმართულებით წარემართა ობიექტური პროცესი.
    ზურაბიშვილი უკადრის ხერხს მიმართავს, როდესაც ცდილობს ჩემი მოსაზრებების უტრირებას: «... უნდათ დაშლიან საბჭოთა კავშირს, უნდათ ააწყობენ. უნდათ გორბაჩოვს გააგდებენ, უნდათ ელცინს დასვამენ». მკითხველს კვლავ ვთხოვ, თავად განსაჯოს, რამდენად შეესაბამება ჩემი არგუმენტაცია ამ პრიმიტიულ სქემას, რომელსაც დავით ზურაბიშვილი სრულიად დაუსაბუთებლად (და, შეიძლება ითქვას, თავხედურადაც) მახვევს თავს.
    საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მისი სტატია (მიუხედავად მენტორული ტონისა) უფრო პრეტენზიული ოპუსის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე სერიოზული არგუმენტებით დასაბუთებული კრიტიკისა. არავითარ საჭიროებას არ ვხედავ ავყვე ავტორს მის მიერვე შეთხზული სასაცილო იდეოლოგემების «გარშემო» მსჯელობაში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზურაბიშვილის პასკვილი (ვიმეორებ) მხოლოდ გარეგნულად ტოვებს სერიოზული კრიტიკის შთაბეჭდილებას - როგორც კი იგი კონკრეტიზაციას ცდილობს, მაშინვე ცხადი ხდება ავტორის სრული არაკომპეტენტურობა.
    მაგალითად, ზურაბიშვილი «მტკნარ სისულელედ» მიიჩნევს იმ აზრს, რომ «იმპერიის ინტელექტუალურმა ცენტრმა მთავარი დარტყმა მოკავშირე რესპუბლიკებში პარტიულ-ნომენკლატურული სტრუქტურების წინააღმდეგ მიმართა» და ასეთ არგუმენტს გვთავაზობს: «დღეს საქართველოში იგივე მმართველობითი სტრუქტურები მოქმედებენ და იგივე ნომენკლატურა ზის ხელმძღვანელ თანამდებობებზე.» როგორ შეიძლება სერიოზულად ეკამათო კაცს, რომელიც ვერ ხედავს შინაარსობრივ, ფუნქციონალურ სხვაობას ყოფილ პარტიულ სტრუქტურებს, ყოფილ პარტოკრატიულ სისტემასა და დღევანდელ სახელისუფლო კონსტრუქციას შორის! ნუთუ ესოდენ ძნელი შესამჩნევია, რომ მაგალითად, 1985 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მისი «პირველი მდივნის» შესაძლებლობები (ან ამ შესაძლებლობათა რეალიზაციის მექანიზმები) სხვა იყო, ხოლო დღევანდელი სახელისუფლებო სტრუქტურების რეალური შესაძლებლობა (თუნდაც ისინი მთლიანად ყოფილი პარტიული ნომენკლატურით იყოს დაკომპლექტებული) კი სულ სხვაა.
    ის მმართველობითი სისტემა, რომელიც საქართველოში 1989 წლამდე არსებობდა, დღეს პირწმინდად განადგურებულია. რაც შეეხება იმას, შედიოდა თუ არა ეს კრემლის ინტერესებში, ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება მაქვს - ბალტიისპირეთის ქვეყნებში ანტიიმპერიული პროცესი სწორედ იმიტომ წარიმართა ესოდენ უსისხლოდ და მიზანმიმართულად (შესანიშნავი შედეგით), რომ კრემლის სპეცსამსახურებმა ამ რეგიონში ვერ შეძლეს «მართვადი ქაოსის» მექანიზმების ამოქმედება, ხოლო პარტიული სტრუქტურები «სახალხო ფრონტებმა» ეფექტურად გამოიყენეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებში.
    იმპერიის მმართველი ელიტა ებრძოდა არა «რაიკომებს» (ზურაბიშვილი კვლავ ახდენს უტრირებასა და ჩემი მოსაზრებების გაყალბებას), არამედ იმ ძალაუფლებრივ ღერძს, რომელიც შეიძლებოდა ქცეულიყო მძლავრ ბერკეტად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელში. ისევე, როგორც ეს მოხდა, ვთქვათ, ესტონეთში.
    რაც შეეხება «საღი აზრის დეფიციტს», ამ დეფიციტს უფრო ის განიცდის, ვისაც არასგზით არ სურს დაინახოს და აღიაროს თვალნათელი: 1988 წლიდან - დღემდე იმპერიის ტერიტორიაზე განვითარებული მრავალი პროცესი კვლავ აქტიურად იმართება იმავე სპეცსამსახურთა მიერ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა (სწორედ საღი აზრის საპირისპიროდ) იმის მტკიცებაც კი დაიწყოს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი, ომი აფხაზეთში, დეკემბერ-იანვრის გადატრიალება, ომი ყარაბაღში, დნესტრისპირეთის კონფლიქტი, დაძაბულობა ყირიმში, მმართველ ელიტათა კრიზისები მრავალ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში, ამ «რესპუბლიკათა» ეკონომიკური განადგურება მხოლოდ «ობიექტური პროცესია» და ამ პროცესში კრემლის სპეცსამსახურთა მონაწილეობა «ოკამას სამართებლით» უნდა ჩამოიჭრას.
    რასაკვირველია, ყველა ამ მოვლენას დიდწილად ობიექტური საფუძველი აქვს, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ეს «ობიექტური საფუძველი» იმავე იმპერიის მიერაა შექმნილი ათწლეულების განმავლობაში - მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად.
    მაგალითად: არავითარი განსაკუთრებული და «გენიალური ინსპირაცია» არ იყო საჭირო აფხაზეთში ომის პროვოცირებისათვის, რაკი ეს «შენელებული მოქმედების ნაღმი» ათწლეულების განმავლობაში იდო საქართველოს სხეულში. როგორც იტყვიან, მხოლოდ «ნაპერწკალი იყო საჭირო». . . . . . . . .
    ასევე, არავითარი სპეციალური ძალისხმევა არ დასჭირდებოდა კრემლს იმისათვის, რათა ყოფილ «საბჭოთა» სივრცეზე უმთავრეს ეკონომიკური პროცესთა მართვის პროცესები ეგდო ხელთ - საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში ისე შენდებოდა, რომ ყველა «რესპუბლიკის» ეკონომიკა რუსეთზე იყო ორიენტირებული და ესეც უეჭველად მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.
    ასე რომ «ინტელექტუალურ ცენტრს», რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეზე მნიშვნელოვანი პროცესების მართვას ცდილობს (სწორედ ცდილობს, მაგრამ შესაძლოა ყოველთვის ვერ ახერხებდეს - ავტ.), იმთავითვე ჰქონდა და აქვს საჭირო მექანიზმები პროცესებზე ზემოქმედებისათვის.
    და ბოლოს: ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ საქართველოში მართლაც მკვიდრდება ერთი «მავნე და მანკიერი» ტენდენცია, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (ნებსით თუ უნებლიედ) ბრმა იარაღს წარმოადგენდნენ იმპერიის სპეცსამსახურთა ხელში და სწორედ იმ «ინტელექტუალური ცენტრის» დაკრულზე ცეკვავდნენ, დღეს ცდილობენ, როგორმე დაუძვრნენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და რაკი ამჩნევენ (თუმცა გვიან), რომ იმპერიის სპეცსამსახურმა ისინი ელემენტარულად «გააცურა» - ილაშქრებენ თვით ამ სპეცსამსახურთა მოვლენებში აქტიური მონაწილეობის ჰიპოთეზის წინააღმდეგ.
    ქართული პოლიტიკური ელიტის ეს ნაწილი არასდროს აღიარებს «ინტელექტუალური ცენტრის» არსებობას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ისიც უნდა აღიაროს, რომ თავად მონაწილეობდა მის მიერ საქართველოში ამოქმედებული «მართვადი ქაოსის» გეგმის განხორციელებაში. მონაწილეობდა ზოგიერთ შემთხვევაში უზნეობის, ხოლო სხვა შემთხვევაში ელემენტარული სიბრიყვის გამო.

«ივერია ექსპრესი», 6 იანვარი, 1995 წელი.