სამთავრობო საათი გადატრიალებათა მოყვარულთათვის

სამთავრობო საათი გადატრიალებათა მოყვარულთათვის

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მკვეთრი განცხადება გააკეთა ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე. «დესტაბილიზაციის» აჩრდილი საქართველოში მას შემდეგ «აბორიაყდა», რაც ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან «ზვიადისტები» გაიქცნენ.
        თუმცა, აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ გაიქცნენ, არა უბრალოდ «იდეური ზვიადისტები», არამედ, ანტისამთავრობო შეიარაღებულ ფორმირებათა ლიდერები, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ შეიარაღებული პროვოკაციის ორგანიზება დასავლეთ საქართველოში.
        უფრო მეტიც, თავად ასეთი სურვილი რომც არ ჰქონდეთ, თვით მათი გამოჩენა სამეგრელოს ტყეებში უეჭველად გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას და სოციალური უკმაყოფილების ერთგვარი «კანალიზაციის» საშუალებად იქცევა, რაც ყოველთვის ძალზე საშიშია.
        ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება, შეიარაღებული ძალა გამოიყენოს, რათა განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები (კაკო ელიავას ლიკვიდაციის შემდეგაც «შეიარაღებულ ოპოზიციონერთა» საერთო რაოდენობა სამნიშნა რიცხვით განისაზღვრება), ან შეურიგდეს ქობალიას «იურისდიქციის» თანდათანობით გაფართოებას.
        ერთი-მეორეზე უარესია ეს ალტერნატიულიო ვარიანტები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ «ზვიადის» აჩრდილის ატორტმანების შემდეგ თბილისურ პოლიტიკურ ბომონდში მიმდინარაე «მიეთ-მოეთი» სულ სხვა შეფერილობას იძენს, ხოლო მცირე ხნის წინ თითქოსდა უწყინარი «სოციალური პოპულიზმი» შესაძლოა ხელსაყრელ ფონად იქცეს შეიარაღებული ამბოხებისა და დესტაბილიზაციისათვის.
        უფრო სწორად, შესაბამისი ტექნოლოგია გულისხმობს ჯერ დესტაბილიზაციას (ვთქვათ, სოციალური მოტივებით), შემდეგ კი ძალისმიერი დაპირისპირებას.
        იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიგულისხმებთ, რომ დღეს ხელისუფლებას შესწევს ძალა (თუ ძალაზე მიდგა), არ დაუშვას დესტაბილიზაცია – ასეთი «ცივი ომი» დამანგრეველი იქნება სახელისუფლებო მდგრადობისა და ხელისუფლების ქმედითობის თვალსაზრისით.
        შემთხვევითი არ არის: გუშინ, მთავრობის სხდომაზე, რომლის მსვლელობისას ედუარდ შევარდნაძემ მკვახე განცხადება გააკეთა დესტაბილიზაციის მოსურნეთა საყურადღებოდ, აგრეთვე ითქვა, რომ სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში მნივშნელოვნად შემცირდა საბიუეტო შემოსავლების მობილიზების დონე, რასაც ივლის-ავგსიტოში თითქოს სასიკეთო პირი უჩანდა.
        თუმცა, პრეზიდენტი შევარდნაძე ნამდვილად არ განეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც «ხელჩამოშვებული» ელოდება მოვლენათა განვითარებას. პირიქით, ექსტრემალური ვითარებიდან იგი ყოველთვის არცთუ დასუსტებული გამოდის.
        ჯონი ხეცურიანის წასვლით იუსტიციის მინისტრის პოსტიდან ერთდროულად რამდენიმე ძალზე სასარგებლო პრეცედენტი შეიქმნა. ჯერ ერთი, ამის შემდეგ ნებისმიერი სხვა (მათ შორის, «ძალისმიერი») მინისტრის გათავისუფლება თანამდებობიდან, რაიმე სერიოზული შეცდომისთვის, გაცილებით იოლი იქნება.
        რაც შეეხეაბა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას იუსტიციის მინისტრის პოსტზე, «დომინოს პრინციპით», ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგთა კასკადი მოჰყვება.
        ჯერ ერთი, ედუარდ შევარდნაძე, საპრეზიდენტო მმართველობის ინტერესებიდან გამომდინარე, აძლიერებს «ახალგაზრდულ გუნდს» აღმასრულებელ ხელისუფლებაში. და ამ პროცესს, სხვათა შორის, პირდაპირი კავშირი აქვს დესტაბილიზაციის საფრთხესთან.
        თუ საქართველოში არიან «დეკემბერ-იანვრის» განმეორების მოსურნენი, მათ, უპირველეს ყოვლისა, შევარდნაძისთვის დაახლოებით ისეთივე იმიჯის შექმნა ესაჭიროებათ, რაც 9-10 წლის წინ ზვიად გამსახურდიას შეუქმეს

დილის გაზეთი, 5 ოქტომბერი, 2000 წ.