ედუარდ შევარდნაძის მკვლელობა კორჟაკოვმა და ბარსუკოვმა შეუკვეთეს?

ედუარდ შევარდნაძის მკვლელობა კორჟაკოვმა და ბარსუკოვმა შეუკვეთეს?

  

    ორი დღის წინ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე რესპექტაბელურმა და «ყოვლისმცოდნე» სააგენტო «ინტერფაქსმა» მთელს მსოფლიოს სენსაციური ამბავი ამცნო: ყოფილმა «მხედრიონელმა» თემურ მასხულიამ, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან თავდებითაა განთავისუფლებული, დაკითხვისას განაცხადა, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა 1994-1995 წლებში ევგენი მარუხინთან - კავკასიაში რუსული დაზვერვის შეფთან. ეს უკანასკნელი კი ამტკიცებდა, რომ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერორისტული აქტი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ მოსკოვიდან გენერლებმა ბარსუკოვმა და კორჟაკოვმა შეუკვეთეს.
    მიხეილ ბარსუკოვი და ალექსანდრე კორჟაკოვი 1996 წლამდე ბორის ელცინის უახლოეს თანამებრძოლებად ითვლებოდნენ. სწორედ ისინი აკონტროლებდნენ ძალისმიერ სტრუქტურებს, მათ შორის სპეცსამსახურებსაც.
    ბარსუკოვი ელცინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსად 1995 წლის დეკემბერში დაინიშნა, მაგრამ ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორივე (ბარსუკოვიც და კორჟაკოვიც) კრემლიდან გააძევა, რათა ამომრჩეველთა გული მოეგო.
    განსაკუთრებული გავლენითა და «წონით» მაინც ალექსანდრე კორჟაკოვი გამოირჩეოდა. იგი 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა ელცინის პირად დაცვას და მისი გულის მესაიდუმლეც იყო. ამდენად, ნამდვილად ეცოდინებოდა რუსეთის პრეზიდენტის ჭეშმარიტი დამოკიდებულება ქართველი ლიდერის მიმართ, ხოლო მისი გავლენა რუსულ დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე სავსებით საკმარისი იქნებოდა ამგვარი «სპეცოპერაციის» დასაგეგმად და განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, კორჟაკოვი ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური შეკვეთის ავტორი იქნებოდა. უშუალოდ ტერაქტის განხორციელებაში მას შესაძლოა არც მიეღო მონაწილეობა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ედუარდ შევარდნაძის ფიგურა მიუღებელი იყო კრემლის ბინადართათვის; ოღონდ არა იმიტომ, რომ მისი შეცვლა სურდათ რომელიმე სხვა პიროვნებით, არამედ სხვა მარტივი მიზეზით: იმ პირობებში (1995 წლის ზაფხულის მიწურულს) სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიდაცია უეჭველად გამოიწვევდა საქართველოში სამოქალაქო ომსა და ანარქიას.
    29 აგვისტოს ტერაქტისთანავე დაისვა კითხვა: რატომ განხორციელდა იგი ესოდენ არაპროფესიულად? პასუხი ისევ და ისევ სპეცსამსახურთა მოქმედების თავისებურებაში უნდა ვეძიოთ: უმრავლეს შემთხვევაში (მით უმეტეს, ამგვარი აქციების დაგეგმვისას) ისინი მოქმედებენ არა უშუალოდ, არამედ გავლენის აგენტთა ხელით, რათა საკუთარ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც ააცილონ თავიდან პასუხისმგებლობა.
    რა გასაკვირია, თუ რუსული სპეცსამსახური (კორჟაკოვისა და ბარსუკოვისაგან შეკვეთის მიღების შემდეგ) ნამდვილად შეეცდებოდა საქართველოში ეპოვა ძალა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაციით? ისევ და ისევ არა მის შესაცვლელად ან რაიმე პოლიტიკური დოქტრინის გასახორციელებლად, არამედ ანარქიის გამოსაწვევად, დაპატიმრებულ კრიმინალთა გასათავისუფლებლად, საქმეში ჩადებული «წილის» გადასარჩენად და ა.შ.
    ამ შემთხვევაში ორი თითქოსდა სხვადასხვა ძალის ინტერესები მთლიანად დაემთხვა და სწორედ ამ თანხვედრის შედეგად მოხდა აფეთქება «პარლამენტის ეზოში».
    რა თქმა უნდა, კორჟაკოვსა და ბარსუკოვს შეეძლოთ ნამდვილ პროფესიონალთა მოძიება მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში, მაგრამ «სხვისი ხელით» მოქმედება არჩიეს.
    ყველაზე დიდი პარადოქსი კი ისაა, რომ ელცინს ახლა შეიძლება კიდეც აძლევს ხელს ყოფილ თანამებრძოლთა მხილება. კომედია იქნება, თუ ამ ორ «მგელს» ბრალად იმ ტერაქტის განხორციელებას წაუყენებენ, რომელიც მთლიანად რუსულმა ისტებლიშმენტმა ჩაიფიქრა: უკიდურესი მემარცხენეებიდან - უკიდურეს მემარჯვენეებამდე.

მერიდიანი, 15 ოქტომბერი, 1997 წ.