პატრონ-ყმაი წაიკიდნენ

პატრონ-ყმაი წაიკიდნენ

 

     «კრემლის რიგში»  ქართველი პოლიტიკოსების ჩადგომის შემდეგ, მოულოდნელად გამწვავდა ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის.
    ზოგიერთი დამკვირვებელი ამას თანამედროვე «რუსეთუმეებისათვის» ე.წ. «ტოპკის აწევად» თვლის, რათა უფრო მეტი ქართველი პოლიტიკანი შეიტყუოს კრემლში. მაგრამ ასეა თუ ისე, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ისეა გამწვავებული, როგორც არასდროს.
    ყველაფერი დაიწყო გაზეთ «მოსკოვსკი კომსომოლეცის» კორესპონდენტის, მარინა პერევოზკინას სტატიით «აფხაზეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა …რუსეთისაგან». მასში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთმა აფხაზეთი «გადაარჩინა», საქართველოს იმპერიისგან გაათავისუფლა, ხოლო აფხაზებმა რუსებს «შავი უმადურობით» უპასუხეს.
    კაცმა რომ თქვას, ეს კრუსუნი («ჩვენ გადაგარჩინეთ და თქვენ რით გვიპასუხეთო») რუსებისთვის ზოგადად დამახასიათებელია დაპყრობილი ხალხების მიმართ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება რუსებისთვის წართმეულ ქონებას – პირველ რიგში საცხოვრებელ სახლებს.
    მარინა პერევოზკინასთვის იმ რუსებს მიუმართავთ, რომლებიც აფხაზეთიდან რამდენიმე წლის წინ წავიდნენ და გადაწყვიტეს დაბრუნება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ესე იგი გაუჩნდათ იმედი, რომ აფხაზეთი რუსეთის ჩვეულებრივი რესპუბლიკა გახდება – როგორიც ჩეჩნეთი ან ბაშკირეთია. მაგრამ ამ დროისთვის მათ სახლებში უკვე აფხაზები ცხოვრობდნენ.
    როგორც ცნობილია, აფხაზეთის ხელისუფლებამ დაიწყო მიტოვებული სახლების დაკანონება ახალი მფდლობელებისათვის. რუსებს ეგონათ, რომ ეს მხოლოდ ქართველ ლტოლვილთა ქონებას შეეხებოდა და არა რუსებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ «მადლიერი აფხაზები» რუსებს ქართველებისგან არ არჩევენ, რამაც მოსკოვში დიდი გაღიზიანება გამოიწვია.
    სწორედ ამ გაღიზიანების შედეგია პერევოზკინას სტატია, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნესტერენკომ უარყო სტატიაში მოტანილი ცნობა, რომ ლავროვის უწყებამ «დამოუკიდებელი აფხაზეთის ხელისუფლებას» საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. თურმე ნოტა კი არ გაუგზავნიათ, არამედ მხოლოდ კითხვა – «მართალია თუ არა, რომ რუსებს ჩაგრავთო». «უჰ, როგორ გეკადრებათო – უპასუხეს აფხაზებმა».
    თუმცა, შემდეგ ნომერში პერევოზკინამ გამოაქვეყნა ოფიციალური წერილი, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომჩივან რუსებს ატყობინებს, რომ აფხაზეთს საპროტესტო ნოტით მიმართა. ესე იგი, დიპლომატიური უწყება პირდაპირ ტყუილში გამოიჭირეს, რაც ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნებოდა და მინისტრის გადადგომის მიზეზიც გახდებოდა. მხოლოდ პერევოზკინას სტატიით რომ შემოფარგლულიყო ყველაფერი, კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მომხდარი შემთხვევითობაა. მაგრამ ამას მოჰყვა სტატიების მთელი სერია. მათ შორის რუსული სპეცსამსახურის სააგენტო «აგენტსტვო პეჩატი ნოვოსტისა» და სხვა საიტებზე. აგრეთვე ლიტერატურნაია გაზეტაში.
    მათი საერთო აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თურმე ნუ იტყვით, აფხაზობა აფხაზეთში «პროფესია გახდა». ანუ აფხაზები არ მუშაობენ, - რუსებს, სომხებსა და მეგრელებს(!) ამუშავებენ; და რომ თურმე აფხაზური კონსტიტუცია არააფხაზებისათვის დისკრიმინაციულია, რაკი რუსებმა ახლაღა შენიშნეს, რომ ამ კონსტიტუციით აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება მხოლოდ ეთნიკური აფხაზი გახდეს. (თითქოს ეს ჩანაწერო მხოლოდ ახლა გაჩნდა); რომ აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ მესამედს შეადგენენ, ხოლო მინისტრები, პოლიციის უფროსები, რაიონის ხელმძღვანელები მხოლოდ აფხაზები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    სპეცსამსახურებთან დაახლოებული და ანტიქართული პასკვილებით სახელგანთქმული პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი წერს: «აფხაზეთს მთლიანად ჩვენ ვარჩენთ და ასეთი უმადურობით გვიხდიან სამაგიეროსო».
    სინამდვილეში, რუსული გაღიზიანების მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთი არ ჩქარობს იქცეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტად და ასოცირებულ წევრობაზეც კი უარს ამბობს, - რაზეც ხშირად ლაპარაკობდნენ აფხაზი პოლიტიკოსები 2008 წლის აგვისტომდე.
    აფხაზეთს (სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით) აქვს პრეტენზია, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს და არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ თურქეთთან და დასავლეთთანაც კი ითანამშრომლოს იმ პირობით, თუ ისინი მათ დამოუკიდებლობას სცნობენ. მოსკოვში კი ეს ძალიან არ მოსწონთ და ეშინიათ, რომ მათ მიერვე «გათავისუფლებული» აფხაზეთი მონათესავე ტომებით დასახლებულ ჩრდილო კავკასიაში სეპარატიზმის კერად და მაგალითად იქცევა.
    ერთი სიტყვით, რუსებმა (ჩვეული «სიბრძნით და წინდახედულობით») ჯერ თვითონ შექმნეს პრობლემა და ახლა თავს იმტვრევენ, იგი როგორ გადაჭრან!
    ბუნებრივია, სურთ აფხაზეთში რუსების დაბრუნება. 80 ათასი რუსიდან, რომელიც იქ 90-იან წლებამდე ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 40 ათასი ცხოვრობს. დანარჩენების დაბრუნება კი ქონების დაბრუნებაზეა დამოკიდებული.
    გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონების დაბრუნება საბაბია, რათა აფხაზეთს (უკვე დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ) ბლოკადა დაუწესონ და ულტიმატუმი წაუყენონ.
    «მოქალაქეთა დაცვა» კი, რა თქმა უნდა, თვალთმაქცობაა, რადგან აფხაზები ისეთივე რუსეთის მოქალაქეები არიან (პრეზიდენტ ბაღაფშით დაწყებული), როგორც რუსები.
    თუმცა, პუტინის რუსეთი ოფიციალური ნაციზმის გზას ადგას და ამგვარი წინააღმდეგობა გასაკვირი არ არის.

12 თებერვალი 2010 წელი