ევროპული ბოხოხი

ევროპული ბოხოხი - ეროვნული მოძრაობა

ევროპული ბოხოხი

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაზროთ სწორი და ობიექტური დასკვნების გასაკეთებლად, არის ქართული საზოგადოების თვისებრიობა ანუ ქართველი ერის სოციოფსიქოლოგიური განვითარების დონე.
        ეს ძალზე რთული, მრავალწახნაგოვანი და საინტერესო საკითხია, რომელსაც ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ექცევა, არადა ბევრ, დღემდე პასუხგაუცემელ კითხვაზე პასუხი სწორედ ამ სფეროში უნდა ვეძიოთ.

        მარტივი დეფინიციის შესაბამისად, სხვადასხვა ერი საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება. ფრანგული საზოგადოება (მაგალითად) ამ თვალსაზრისით თვისებრივად სხვა დონისაა, ვიდრე არაბული, ჩეჩნური ან ქართული.
        მკითხველი რომ უმალვე მიხვდეს, რა ფენომენი გვაქვს მხედველობაში, აქვე აღვნიშნავთ, რომ საუბარია არა სოციალ-ეკონომიკური თუ სახელმწიფოებრივი განვითარების დონეზე ან დემოკრატიულობის ხარისხზე (თუმცა, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა კავშირშია მასთან), არამედ საკუთრივ საზოგადოების თვისებებზე  - ისეთი ინსტიტუტებისა და ღირებულებების რაობასა და მნიშვნელობაზე (შინაარსზე), როგორიცაა ოჯახი, პიროვნების როლი საზოგადოებაში, მათი ურთიერთმიმართება, ქალისადმი დამოკიდებულება, ზოგადი (მათ შორის სექსუალური) კულტურის დონე და ა.შ.
        დავიწყოთ მარტივი მაგალითებით: გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც კომუნისტური წყობა იყო, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იქაც ე.წ. «ტიპიურ სახლებში» ცხოვრობდა, მაგრამ საერთო სადარბაზოებში (ძალზე მეტყველი დეტალია) შეუდარებელი სისუფთავე დაგხვდებოდათ, ვიდრე ანალოგიურ სახლებში, ვთქვათ, ბაქოში, თბილისში ან ტაშკენტში. ესეც საზოგადოებრივი კულტურის გამოვლინებაა.
        სხვა კატეგორიის მაგალითი: «მრავალცოლიანობა», როგორც ასეთი, რელიგიური გამოვლინება არ არის  - იგი უპირველესად საზოგადოებრივი განვითარების დონეს ასახავს. ეს ფენომენი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ განუვითარებელ, დაბალ საფეხურზე მყოფ საზოგადოებაში.
        აქვე უნდა ითქვას, რომ მუსლიმანური რელიგია ამ თვალსაზრისით გაცილებით კონსერვატიული და რეგრესულია, ვიდრე ქრისტიანული  - მეცნიერთა ნაწილი სწორედ ამ თვისებას მიიჩნევს «ქრისტიანული სამყაროს» შეუდარებლად სწრაფი პროგრესისა და «მაჰმადიანური ცივილიზაციის» უიმედო ჩამორჩენის უმთავრეს მიზეზად. და არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ «კავკასიურ მენტალიტეტს» ისლამი უფრო «მოერგო», ვიდრე ქრისტიანობა.
        მარტივად თუ ვიტყვით, არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა «ცხოვრების წესი»  - საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ (ანუ ცივილიზებულობის სხვადასხვა დონის) ერებს სხვადასხვა ცხოვრების წესი აქვთ. ისევე, როგორც, განსხვავებულია დამოკიდებულება სხვადასხვა ფასეულობებისადმი და ეს ფასეულობებიც მნიშვნელოვნად, თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
        მაგალითად: ერის ცივილიზებულობის, მისი სოციოფსიქოლოგიური განვითარების დონის ყველაზე ზუსტი და უტყუარი ინდიკატორი ქალისადმი დამოკიდებულებაა. რაც უფრო თავისუფალია (დიდებული ქართული სიტყვაა «თავისუფალი»  - არც ერთ დიდ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ესოდენ ზუსტად ასახავს ცნების არსს-ავტ) ქალი, რაც უფრო ნაკლებად არის იგი შეზღუდული ცალმხრივი (მხოლოდ ქალისათვის განკუთვნილი) აკრძალვებით, მით უფრო ცივილიზებულია ერი, მით უფრო მაღლა დგას იგი საზოგადოების სოციო-ფსიქოლოგიური განვითარების საფეხურზე. და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია სქესთა რეალური თანასწორობის დონე, მით ნაკლებგანვითარებულია საზოგადოება.
        უმარტივესი ილუსტრაცია: საქართველოში, ჩეჩნეთში, აფხაზეთში, ზოგადად კავკასიაში, არსებობს «ქალის მოტაცების» ტრადიცია. თქვენ წარმოიდგინეთ, ანალოგიური ტრადიცია ჯერ კიდევ არსებობს თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში, ირანში, არაბულ სახელმწიფოებში. . . . მსგავსი არაფერი ხდება რუსეთში, ისრაელში (ებრაულ საზოგადოებაში), გერმანიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნებში და ა.შ.
      მიზეზი გასაგებია და განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს: დავუშვათ, საფრანგეთში, «გაუთვითცნობიერებელმა» კავკასიელმა ან არაბმა ახალგაზრდამ ქალიშვილი მოიტაცა («მასზე ქორწინების მიზნით», როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კომიკური მუხლი განსაზღვრავს), - გოგონას მშობლები სიცილით დაიხოცებიან, «შეყვარებულ ახალგაზრდას» პანღურისკვრით მიაბრძანებენ ციხეში და სულ მალე მათ ოჯახში ეს ისტორია ხუმრობის საგნად იქცევა.
        საქართველოში კი ასეთ შემთხვევათა 80 პროცენტი გრანდიოზული ქორწილით მთავრდება. ხოლო შემდეგ, ოჯახის ნგრევისა და პიროვნული ტრაგედიის მიზეზი ხდება.
        სასაცილო მაგალითია? ნუ აჩქარდებით.
        საზოგადოებრივი განვითარების დონეზე მსჯელობისას, დასავლურ ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში არსებობს ტერმინი «მმაჩიზმო», რომლის ახსნა და შინაარსობრივად გადმოცემა არც ისე ადვილია. უხეში დეფინიციით, «მმაჩიზმო» არის «სიამაყე მამაკაცად ყოფნის ფაქტის გამო». თუმცა (ვიმეორებ) ეს ძალზე უხეში და გამარტივებული განსაზღვრებაა. სინამდვილეში «მმაჩიზმო» ურთულესი საზოგადოებრივი და ეთნოსოციალური ფენომენია. იგი მოიცავს საზოგადოებრივ მიმართებათა მთელს სპექტრს. მათ შორის (ვთქვათ) ოჯახის რაობას, ნათესაობის ინსტიტუტს და ასე შემდეგ. ფრანგული ოჯახი და ქართული ტრადიციული ოჯახი, ფორმალური მსგავსების მიუხედავად, სოციალურად ძალზე განსხვავებულ ფენომენს წარმოადგენენ.
        არსებობენ «მმაჩიზმო» და «არამაჩიზმო» საზოგადოებები, რომელთა შორის საზოგადოებრივი ევოლუციის უზარმაზარი უფსკრულია.
        საზოგადოებრივი განვითარების პროცესი უწყვეტია, მაგრამ რევოლუციურად, ნახტომისებურად მისი გადალახვა შეუძლებელია. ერმა, საზოგადოებამ ეს პროცესი უნდა გაიაროს,  - თანდათანობით მოხდეს სოციოფსიქოლოგიურ ფასეულობათა ტრანფორმაცია, ახალი ფასეულობების წარმოშობა, საზოგადოებრივ ინსტიტუტთა შინაარსისა და ურთიერთმიმართების შეცვლა.
        ქართული საზოგადოება «მმაჩიზმო» საზოგადოებაა  - განსხვავებით რუსული თუ ფრანგული საზოგადოებებისაგან, ანუ იგი სოციოფსიქოლოგიური განვითარების უფრო დაბალ დონეზე იმყოფება.
        ფრანგებმა და რუსებმა ეს ეტაპი დიდი ხანია გადალახეს. თუმცა, იყო ეპოქა (რამდენიმე საუკუნის წინ), როდესაც ფრანგებიც ისეთივე «მმაჩიზმოები» იყვნენ, როგორებიც დღეს (დღემდე) ქართველები, ინგუშები ან თურქები არიან. იმდროინდელ ფრანგულ საზოგადოებაში (ისევ ზემოთმოყვანილ უხეშ, მარტივ მაგალითს დავუბრუნდეთ) ქალიშვილის მოტაცებას «აზრი» ნამდვილად ექნებოდა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც «მმაჩიზმო» საზოგადოებას ურთიერთობა უხდება «არამმაჩიზმო» საზოგადოებასთან  - კონფლიქტი აუცილებელია განურჩევლად იმისა, რომელი მათგანია დომინანტი ანუ «მმაჩიზმო» ერი იპყრობს ფიზიკურად «არამმაჩიზმო» საზოგადოებას თუ პირიქით. შეურიგებელი ურთიერთსიძულვილი ამ შემთხვევაში გარდაუვალია.
        სხვათა შორის, ნაწილობრივ ამანაც განაპირობა რუსოფობიის წარმოშობა კავკასიელ ხალხებში: როდესაც «მმაჩიზმოს» აიძულებენ იცხოვროს «არამმაჩიზმო» საზოგადოებაში (ანუ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უფრო მეტად არის განვითარებული სოციოფსიქოლოგიური თვალსაზრისით), იგი საშინლად იტანჯება. მაგალითად, ქალის ჰიგიენური ტამპონების სატელევიზიო რეკლამა მისთვის შუასაუკუნოვან «მხურვალე მაშით წამების» ტოლფასია.
         შეუძლებელია არ წარმოიშვას კონფლიქტი ორ საზოგადოებას (ვთქვათ, რუსულ და უზბეკურ საზოგადოებებს) შორის, როდესაც პირველ მათგანში უკვე არსებობს «საქორწინო კონტრაქტის» ინსტიტუტი, ხოლო მეორეში ცოლს საქონელივით ყიდულობენ და ოჯახს (ქალის მამას) ფულს უხდიან.
        იმავდროულად, «არამმაჩიზმოსაც» ეზიზღება «მმაჩიზმო»  - ამ უკანასკნელის ცხოვრების წესი მისთვის მიუღებელია. გავიხსენოთ შარლ დე კოსტერის «ულენშპიგელი»: «მმაჩიზმო» ესპანეთმა დაიპყრო ნიდერლანდი ანუ ფიზიკურად სძლია, მაგრამ იმდროინდელი ჰოლანდიური საზოგადოება უკვე განვითარების სულ სხვა დონეზე იმყოფებოდა.
        ან, რაღა შორს მივდივართ, «მმაჩიზმოსადმი» ცივილიზებული ერის წარმომადგენლის ძნელადდასაფარი ზიზღის ნიმუშია ისევ და ისევ ლეონიდ გაიდაის კინოკომედია «კავკასიელი ტყვე ქალი».
        ევროპული საზოგადოება «არამმაჩიზმო» საზოგადოებაა. ამის გათვალისწინებით, გასაგები ხდება უცნაური ფენომენი: თურქეთი ოცი წლის განმავლობაში იხვეწება ევროკავშირში მიღებას, თითქოს რეფორმებიც ჩაატარა, საბაზრო ეკონომიკაც დააფუძნა, დემოკრატიული, პლიურალისტური საპარლამენტო სისტემა შექმნა. მიუხედავად ამისა, ევროპა მაინც უარს ეუბნება. ესტონეთი კი, რომელიც გუშინ გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეკონომიკური განვითარების დონით თურქეთს ბევრად ჩამორჩება,  - უკვე ევროკავშირის ასოცირებული წევრია. ნამდვილი წევრობაც მხოლოდ დროის საქმეა.
        რაშია საქმე? ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი აქაც ადვილად ასახსნელია: თურქული საზოგადოება კვლავაც «მმაჩიზმო» საზოგადოებაა ანუ ამ თვალსაზრისით დიდწილად მაინც «შეუთავსებადია» ევროპულ საზოგადოებასთან და მის სოციოფსიქოლოგიურ ფასეულობებთან. ხოლო ესტონური საზოგადოება ამ მხრივ (სოციოფსიქოლოგიური განვითარების დონით) აბსოლუტურად თავსებადია ფრანგულ ან შვედურ საზოგადოებებთან. მაშასადამე, განურჩევლად ეკონომიკის ხარისხობრივი რაობისა, ესტონელები მაინც განუზომლად უფრო მეტად «ევროპული ერია», ვიდრე თურქები. ეს უკანასკნელი საზოგადოება ჯერ-ჯერობით მაინც «მმაჩიზმოდ» რჩება. იმავე მიზეზით, რუსებს ამჟამად ბევრად მეტი შანსი აქვთ ააშენონ ევროპული ყაიდის საზოგადოება, ვიდრე ქართველებს.
        თურქეთისა და ესტონეთის მაგალითში ვულგარიზებულად რელიგიაზე ყველაფრის დაყვანა არ შეიძლება  - ისლამი მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.
        ფრანგმა მეცნიერმა ივ კუსტომ (პიროვნულად თხემით-ტერფამდე «არამმაჩიზმომ») აღიარა ისლამის რჯული და გულმხურვალედ მორწმუნე მაჰმადიანად იქცა. მაგრამ ეს უკვე ვეღარ შეცვლიდა მის სოციოფსიქოლოგიურ თვისებრიობას, ვინაიდან ხსენებული ფენომანი შეუქცევადია  - რაკი საუკუნოვანი ევოლუციის შედეგად წარმოიშობა

მკითხველი შეიძლება განცვიფრდეს და განრისხდეს კიდეც  - რა შუაშია აქ «ქართული ეროვნული მოძრაობა», 1988-1993 წლების მოვლენები და საქართველოს უახლესი ისტორია? ნუ ავჩქარდებით  - როგორც ჩვენში იტყვიან, «შუაში კი არა თავშია». მივყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს თანმიმდევრულად.

        ყველას მოგვისმენია თუ წაგვიკითხავს მარტივი მაგალითი სამხედრო ისტორიიდან: ნაპოლეონის არმია სულ ადვილად ამარცხებდა მამლუქთა ლაშქარს მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მპყრობელნი ფრანგებზე ნაკლებად არ იყვნენ შეიარაღებულნი. ერთი მამლუქი, პირისპირ ბრძოლისას სამ ფრანგს უდრიდა, მაგრამ ასი ფრანგი უეჭველად სძლევდა ას მამლუქს. მიზეზი გასაგებია: თანამედროვე ყაიდის ომს იგებს არა რაოდენობა ან თუნდაც მეომერთა შემართება-ვაჟკაცობა, არამედ ორგანიზაცია. მალუქებს კი ორგანიზაციის ნაკლები უნარი აღმოაჩნდათ ვიდრე ფრანგებს. რატომ? იმიტომ, რომ ფრანგებისაგან განსხვავებით, ისინი (სოციოფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით) ჯერ კიდევ «მმაჩიზმო» საფეხურზე იმყოფებოდნენ. «მმაჩიზმო» კი მკაცრ ორგანიზაციას ძნელად ეგუება.
        არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, რომაელებმა ჯერ კიდევ იმ ეპოქაში შექმნეს «არამმაჩიზმო» საზოგადოება და სწორედ ამიტომ მოახერხეს ყველაზე უკეთ ორგანიზებული (მაშასადამე ყველაზე ძლიერი) არმიის შექმნაც. რასაკვირველია, იყო სხვა ფაქტორებიც, რომელთა შესუსტების შემდეგ რომს პროგრესულმა სოციალურმა სტრუქტურამაც ვეღარ უშველა.
        «მმაჩიზმოს» უპირატესობა «არამმაჩიზმოსადმი» მოჩვენებითია, ეფემერული, - გარეგნულ ეფექტებსა და ილუზიაზეა დამყარებული. ეს მომენტი საოცარი ფსიქოლოგიური სიზუსტითაა «დაჭერილი» შესანიშნავ (განსაცვიფრებლად ღრმააზროვან) ქართულ ფილმში «ცისკრის ზარები», რომელიც რეჟისორმა ყარამან მგელაძემ გადაიღო თეიმურაზ მაღლაფერიძის რომანის მიხედვით.
        ამავროულად, დამარცხებულ, დაგლახავებულ, თავსლაფდასხმულ, შერცხვენილ «მმაჩიზმოზე» საზიზღარი და გულისამრევი ამქვეყნად არაფერია.

         მთავარი კი ის გახლავთ, რომ «მმაჩიზმო» საზოგადოება თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპული ყაიდის სახელმწიფოს ვერ ააშენებს, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, რასაც «მმაჩიზმო» ვერასოდეს შეურიგდება. მაგალითად, ვერასოდეს შეურიგდება სქესთა რეალურ თანასწორობას.
        რა თქმა უნდა, ქალისადმი დამოკიდებულება ცალკეული სიმპტომია, იგი თავისთავად ბევრს არაფერს განსაზღვრავს (უფრო ზუსტად, საერთოდ არაფერს განსაზღვრავს) ანუ მხოლოდ ინდიკატორია, სამაგიეროდ ძალიან ზუსტი ინდიკატორი!
        სასაცილოა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს აშენებაზე იმ ერის პრეტენზია, რომელიც ჯერ კიდევ «მმაჩიზმო საზოგადოების» ეტაპზე იმყოფება. როგორი კანონებიც უნდა მიიღოს პარლამენტმა, «ცხოვრების წესზე» ეს რეალურ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

        ახლა სხვა რაკურსი იმავე პრობლემისა: ერთი ქართველი პუბლიცისტი 1990 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული შესანიშნავი წერილით მოგვიწოდებდა, სწორედ სოციოფსიქოლოგიური თვალსაზრისით დავკვირვებოდით «მოძრაობის» ლიდერებს.
        მაგალითად, იგი წერდა, რომ შეუძლებელია ფიზიოლოგიურად ნორმალური (მაშასადამე «ქალურად ბედნიერი») ქალი იყოს რევოლუციონერი და რაიმე აინტერესებდეს ამქვეყნად თავისუფალ არჩევანზე დაფუძნებული სიყვარულის (აქედან შემდგომ გამომდინარე ოჯახის, შვილების და ა.შ) გარდა.
        ანუ, წერდა იგი, «ქალი რომ ქალად არ ვარგა» და მისთვის ბუნების (ღმერთის) მიერ მიკუთვნებული ორი დიდი ფუნქციიდან ვერც ერთს ვერ ასრულებს, - სწორედ მაშინ ხდება იგი «რევოლუციონერი» და მაშინ იწყებს ბრძოლას «იდეისათვის».
        ეს არის აქსიომა გამონაკლისის გარეშე, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს კაცობრიობის ისტორია.
        მარგარეტ ტეტჩერს ტყუილად მოიყვანთ მაგალითად, - ტეტჩერი რევოლუციონერი არ ყოფილა. თუმცა, ქალების აბსოლუტურ უმრავლესობას (სამსახურეობრივადაც რომ იყოს დაინტერესებული) პოლიტიკა მაინც ჭირის დღესავით სძულს და ქმარ-შვილი მთელს ქვეყანას ურჩევნია. ვიმეორებ: ასეთია ქალის ბუნება-თვისებრიობა, მისი «მენტალური კონსტიტუცია». და სწორედ ამან გადაარჩინა კაცობრიობა 7 ათასი წლის განმავლობაში სრულ განადგურებასა და გადაშენებას.

         კიდევ ერთი საინტერესო საკითხი: როგორც მოგახსენეთ, არსებობს ქართული «ცხოვრების წესი», რომელიც საზოგადოების თვისებრიობიდან გამომდინარეობს და უნიკალურ ეთნიკურ კომპონენტებსაც შეიცავს.
        ქართული «ცხოვრების წესი», ქართული საზოგადოების «მმაჩიზმო» თვისებრიობა განსხვავდება სხვა ერთა (მით უმეტეს «არამმაჩიზმო» საზოგადოებათა) ცხოვრების წესისაგან. ამიტომ, როდესაც ეროვნული მოძრაობის ფარგლებში განვითარებულ პროცესებზე ვასუბრობთ და ხშირად გვიკვირს, რატომ მიიღეს ამ პროცესებმა ასეთი სახე და არა სხვაგვარი, ნუ დავივიწყებთ ქართული საზოგადოების თვისებრიობასა და მისი სოციო-ფსიქოლოგიური განვითარების დონეს.
        მოვიდა დრო ითქვას, რომ ქართული საზოგადოება, სწორედ მისი ცხოვრების წესით, ძირითადი ფასეულობებისადმი დამოკიდებულებით, საოცრად სასტიკი, უმოწყალო, ცინიკური და ფარისევლურია.
        ერის ინტელექტუალური ელიტის ურთულესი მოვალეობა იყო ამ მანკიერებათა გამოვლენა-მხილება და მათი დაძლევისათვის აუცილებელი განწყობის შექმნა. მაგრამ, უმცირესი გამონაკლისის გარდა (გიორგი შენგელაიას «ალავერდობა» - გურამ რჩეულიშვილის ბრწყინვალე მოთხრობის მიხედვით), ქართულმა ინტელიგენციამ ეს ვერ გაბედა და ვერ შეძლო.
        სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და მართალი მწერალი (გოგლა ლეონიძესთან ერთად) უდავოდ ეგნატე ნინოშვილია. შესაძლოა იგი თვით მწერლური ნიჭით ვერ დაიკვეხნის და ამ მხრივ ბევრს ჩამოუვარდება კიდეც, მაგრამ აქ სხვა ღირსებაზე გვაქვს საუბარი.
        ქართული ინტელიგენცია ეგნატე ნინოშვილს დღემდე ამრეზით უყურებს. აქაოდა «კაპიტალიზმის მანკიერებას აღწერდა, ბოლშევიკების იდეოლოგად იქცაო». არადა, სინამდვილეში, იგი «კაპიტალიზმის მანკიერებას» კი არ აღწერდა, არამედ ქართული საზოგადოებისას. გავიხსენოთ თუნდაც ტარიელ მკლავაძე.
        ამასთანავე, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მის შემოქმედებაში სოციოფსიქოლოგიურად საოცრად ზუსტი მიგნებები გვხვდება. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ბევრს ხითხითებდნენ: გოგია უიშვილის სუფრას კალანდას (ახალ წელს) გოჭისა და ინდაურის ხორცი არ აკლდაო. არადა, მწერალს ამით სურდა ეთქვა, რომ სიღატაკე პერმანენტული სულიერი მდგომარეობაა და არა კონკრეტული მატერიალური. სწორედ ამიტომ, საბრალო ღატაკი გლეხის საახალწლო სუფრაში მისი მუდმივი შიმშილი და გაჭირვება კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, ვიდრე ყოველდღიურ სიდუხჭირეში.
        ქართული საზოგადოების თვისებრიობის შესახებ ბევრად მეტი და ბევრად ნიჭიერად თქვა დიდმა გოგლა ლეონიძემ. მისი მოთხრობების მიხედვით თენგიზ აბულაძემ ჭეშმარიტი კინოშედევრი  - «ნატვრის ხე» გადაიღო.
        ეს ფილმი ქართული საზოგადოების სარკეა. მასში საოცარი მხატვრული ძალით არის აღბეჭდილი ჩვენი საზოგადოების შინაგანი გახრწნილობა, უმოწყალობა, ფარისევლობა, პიროვნულ მისწრაფებათა და ინტერესთა უგულებელყოფა, მათი დამახინჯება, მყარი იდეალებისა და ფასეულობების არარსებობა.
        მაგრამ ყველაზე საზარელი და შემაძრწუნებელი, რაც ფილმში დიდმა ხელოვანმა აღწერა, ის გახლავთ, რომ ამ საზოგადოებაში ზნეობა (ზნეობრივი პოზიცია) ანტიადამიანური და რეგრესულია, ხოლო «უზნეობა», პირიქით  - ჰუმანური და პროგრესული.

        კიდევ სოციოფსიქოლოგიის მანკიერი გამოვლინების შესახებ: მკითხველმა რასაკვირველია იცის, რომ ქართველ ახალგაზრდებში (და არა მხოლოდ ახალგაზრდებში) გავრცელებულია (არც კი ვიცი რა ვუწოდო) ძალიან უცნაური თვითდამამკვიდრებელი ეგო-სექსისზმი: «ჩემი დედა . . . ჩემი დედის. . . .»
        ზოგს ეს დროებითი (ანუ შემთხვევითი) მოვლენა ეგონა, მაგრამ აი, გადის წლები, იცვლებიან თაობები, თითქოს იცვლება გარემო, სოციუმი, 15-18-22-25-30(!) წლის ახალგაზრდებში კი კვლავაც მკვიდრია ეს საზიზღრობა: «ჩემი დედის. . . ჩემს დედას. . .» და ასე შემდეგ.
        საქმეც ის გახლავთ, პატივცემულო მკითხველო, რომ არაფერი მსგავსი არ არსებობს არათუ ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ სოციუმში (ჩვენ ხომ ყოველთვის და ყველაფერში მათ ვედრებით), არამედ მეზობელ ხალხებს შორის: სომხებში, რუსებში, თურქებში და ასე შემდეგ. არადა, ზოგიერთ მათგანს «სექსისური სლენგის» უმდიდრესი (ქართულზე არანაკლები) ლექსიკა და სინტაქსი აქვს, მაგრამ აი ეს უცნაური თვითმიმართება «ჩემი დედა. . . « მათთვის სრულიად უცნობია.
        უფრო მეტიც: 80-იანი წლები დასაწყისში, თბილისში ძალიან საინტერესო პროცესს ვაკვირდებოდი: ერთი პერიოდი «რუსულენოვან» თბილისურ სოციუმში დაიწყო ამ მიმართების შეღწევა ამგვარი ფორმით: «Свою мать ..... если» და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ასეთ «შეღწევას» სოციუმის ქართულ სეგმენტთან ურთიერთმოქმედების აუცილებლობა განაპირობებდა, მაგრამ რუსულენოვან სოციუმში ეს ვერ დამკვიდრდა!!! იგი უარყოფილი იქნა, ვინაიდან სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა შესაბამისი ეთნომენტალიტეტისათვის.
        აქ თვით რუსული ენა და რუსული მენტალობა კი არ არის განმსაზღვრელი («რუსულენოვანი» თბილისური სოციუმი ეთნიკურად მატად ჭრელი და განსხვავებული იყო)  - ასეთი მიმართება მისმა არც ერთმა «არაქართულმა» სეგმენტმა არ მიიღო. მით უმეტეს არ მიიღეს საკუთრივ ეთნიკურმა «მინისაზოგადოებებმა»: თბილისელმა სომხურენოვანმა სომხებმა, აზერბაიჯანელებმა და ასე შემდეგ.
        ამგვარი ვითომდაც «წვრილმანები» კი უაღრესად მრავლისმთქმელი სიმპტომია  - ისინი უეჭველად მეტყველებდნენ და მეტყველებენ, რომ ქართული ეთნოსაზოგადოების ფსიქოლოგიაში რაღაც არ არის წესრიგში და აქაც ძალზე სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

        რა თქმა უნდა, «მოძრაობის» ლიდერთათვის ეს ყოველივე «ჩინურია», მაგრამ თუ გვინდა გავიგოთ საქართველოს თავსდამტყდარი ეროვნული ტრაგედიის შინაგანი მიზეზი, ქართული საზოგადოების თვისებრიობაზე საუბარს ვერ ავცდებით. ყველაფერში «კრემლის სპეცსამსახურთა» დადანაშაულება სისულელეა  - უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ «მოძრაობის» თვისებრივ მანკიერებაში ქართული საზოგადოების განვითარების დონე და მისი ნაკლოვანებანი გამოვლინდა.
        «მმაჩიზმო» საზოგადოებაში, 9 აპრილის შემდეგ თვითდინებაზე მიშვებული პროცესი შეიძლებოდა მხოლოდ ისე განვითარებულიყო, როგორც განვითარდა რეალურად. კონფლიქტი, ამ თვალსაზრისით სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია (რასაკვირველია, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად).
        მაგრამ ჯერ სადა ვართ – ეს მხოლოდ დასაწყისია. «მმაჩიზმო» რეალობას არ შეურიგდება. საქართველო ხომ ამ თვალსაზრისითაც ვაკე-ვერა-საბურთალო როდია მხოლოდ: საკუთარი ელიტის სწრაფმა სოციოფსიქოლოგიურმა ევოლუციამ შეიძლება საბოლოოდ სოციალური ამბოხიც კი გამოიწვიოს. თუმცა ესეც უკვე სულ სხვა საუბრისა და განსჯის თემაა.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა