ვლადისლავ სურკოვი მთავარ ოკუპანატ დაინიშნა

ვლადისლავ სურკოვი მთავარ ოკუპანატ დაინიშნა

    იყო დრო, როდესაც ქართული ექსპერტული თანამეგობრობა ბევრად მეტ ყურადღებას აქცევდა კრემლში მიმდინარე პროცესებს და აანალიზებდა კიდეც – საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ქართულ ელიტას (განსხვავებით აფხაზური და ოსური ელიტებისაგან) არასდროს ეხერხებოდა იქ არსებული წინააღმდეგობების გამოყენება ან ლობისტური ჯგუფების შექმნა, მაგრამ ინტერესს მაინც გამოხატავდა, თუ რა ხდება მოსკოვის სახელისუფლებო დერეფნებში და რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ყოველივე ამან ჩვენს ქვეყანაზე. ტერმინიც არსებობდა ასეთი – «კრემლის ქონგურები». «ქონგურები» ერთმანეთს ხშირად ებრძოდნენ, თუმცა საქართველოს სასიკეთოდ არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რაკი რუსეთის სტრატეგიული ინტერესები გარკვეულია და ლობისტურ ჯგუფებს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკის კორექტირება თუ ძალუძთ. არც ესაა პატარა საქმე, როდესაც საქართველოზე და მის დიდ პრობლემებზე ვლაპარაკობთ.
    რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში დააბრუნა ძალზე ნიშანდობლივი ფიგურა: მისი ყოფილი მრჩეველი და მარჯვენა ხელი ვლადისლავ სურკოვი. ეს ადამიანი დიდწილად იდუმალებითაა მოცული, თუმცა ამ იდუმალების შექმნაში მისი PR–ტექნოლოგიური ნიჭიც ჩანს.
    სხვათა შორის, სურკოვი ეროვნებით ჩეჩენია. იგი ჩეჩნეთში დაიბადა. მამამისი – ანდარბეკ დანილბეკის ძე დუდაევი (მარტო გვარი რად ღირს, გვარი!) საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის–ГРУ–ს ოფიცერი იყო და დიდი დამსახურებაც აქვს სახელმწიფოს წინაშე. ვლადისლავი კი ამბობს: «ძალზე ვამაყობ, რომ ჩეჩენი ვარო», მაგრამ ბოლო დრომდე დედის გვარზეა და არა მამის. მამამისი ასლანბეკს ეძახდა. დედა კი – ვლადისლავს. კიდევ უარესი: როცა მშობლები გაშორდნენ, დედამ, – ზოია სურკოვამ, – პატარა ასლანბეკს არათუ გვარი, არამედ მამის სახელიც კი შეუცვალა და «იურევიჩი» უწოდა. სად იურა და სად ანდარბეკი?
    მიუხედავად ამ ოჯახური პერტურბაციებისა, ვლადისლავ იურის ძე სურკოვის კარიერა ბრწყინვალედ აეწყო: როგორც ახლა ირკვევა, თავადაც ГРУ-ში უმსახურია. თანაც, არა საბჭოთა კავშირის, არამედ უნგრეთის ტერიტორიაზე, ხოლო საბჭოთა იმპერია აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ საუკეთესოებს აგზავნიდა. ანუ რჩეულთა შორის რჩეულებს.
    1999 წლიდან სურკოვი კრემლის პირველ ეშელონშია. სხვადასხვა დროს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ვიცე–პრემიერი. ფაქტობრივად მისი შექმნილია საპრეზიდენტო პარტია «Единая Россия». აგერთვე ჰიტლერ–იუგენდის ტიპის ახალგაზრდული მოძრაობა «Наши» და «Идущие вместе», რომლებიც ოპოზიციის დარბევაში მონაწილეობდნენ.
    რაც ყველაზე მთავარია, სწორედ სურკოვს ეკუთვნის «სუვერენული დემოკრატიის» კონცეფცია, რომელიც პუტინის ნაციონალისტური პროექტის იდეოლოგიად და მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ამ კონცეფციის შესაბამისად, რუსეთი უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ «სუვერენულად დემოკრატიული», ანუ იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ისე, რომ მსოფლიო თანამეგობრობის აზრს ყურადღება არ მიაქციოს. როგორც, მაგალითად, 2008 წელს იმოქმედა საქართველოს წინააღმდეგ.
    მცირე ხნის წინ, პუტინს მოსწყინდა ამდენი საუბრები მისი «მართულობის» შესახებ რუხ კარდინალ სურკოვის მხრიდან და ეს კაცი კრემლიდან მოაშორა. თუმცა, დღეს კვლავ დააბრუნა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაც დაავალა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კურატორობა. სწორედ ამიტომ არის პირველ რიგში სურკოვის ფენომენი ჩვენთვის საინეტრესო.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციისა და ქართული პოლიტიკის უნიათობის წყალობით, თუკი ვინმე «რუხი კარდინალი» ყოფილა კრემლში, ყველა საქართველოზე გამარჯვებით იმტკიცებდა რენომე–რეპუტაციას. საკმარისია თუნდაც ელცინისდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, სკოკოვი გავიხსენთ, რომელიც აფხაზეთში ჩვენი განადგურების მთავარი «არქიტექტორი» იყო თავის დროზე.
    აქედან გამომდინარე, სურკოვის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიათა კურატორად კარგს არაფერს გვიქადის. უფრო პირიქით. მასთან სეპარატისტებს ნამდვილად გაუიოლდებათ საერთო ენის გამონახვა. ხოლო ნიჭითა და კრეატიულობით ვლადისლავ სურკოვი ჩვენს ახალგაზრდა რეფორმატორებს ბევრად არ ჩამოუვარდება, ანუ მასთან არ გაჭრის ისეთი PR სვლები, რაც ძველი ყაიდის პარტოკრატებთან ჭრიდა.
    სურკოვი კრეატიული ტექნოლოგიური პროექტის – სკოლკოვოს ავტორიცაა. მას მოსკოვთან ახლოს კალიფორნიული «სილიკონის ველის» მსგავსი სივრცის შექმნა სურდა. რამდენად გამოუვიდა, სხვა საკითხია. თუ არ გამოუვიდა, მხოლოდ მისი ბრალი არ შეიძლება იყოს – უფრო იმავე ძველი ბიუროკრატიის და რუსული საზოგადოების ბრალია.
    სურკოვი ჭკვიანი და გაქნილი პოლიტიკოსია, ხოლო პუტინმა ისეთი მიმართულება ჩააბარა, მის განწყობაზე და მოხერხებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რასაკვირველია კრემლის მიერ განსაზღვრულ საერთო ჩარჩოებში, მაგრამ (ვიმეორებ) რუსეთი იმდენად დიდია, რომ ეს ჩარჩოები საკმარისად ფართოა. საეჭვოა, სურკოვის დანიშნულება მხოლოდ სეპარატისტული რეგიონებისათვის გამყოფილი ფინანსების განაწილება და კონტროლი იყოს. მხოლოდ ეს მიზანი რომ ჰქონოდა, პუტინი საშუალო რანგის ჩინოვნიკს როგორმე იპოვიდა. სურკოვის დანიშვნა უფრო იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი აქ რაღაცას ამზადებს და არც თუ ჩვენთვის სასიკეთოს.
    თუმცა, არც აფხაზებსა და ოსებს დაადგებათ კარგი დღე. შეთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სურკოვი მას შემდეგ დაინიშნა, რაც აფხაზეთში რუსი დიპლომატი ვიშერნიოვი მოკლეს და როგორც ახლა დანამდვილებით ირკვევა, ეს მკვლელობა აფხაზური სპეცსამსახურების ნახელავია – ბრიყვი ქართველი მუსლიმების გამოყენებით.

2013