ევროსაბჭო და საქართველოს «მრისხანების მტევნები»

ევროსაბჭო და საქართველოს «მრისხანების მტევნები»

     
      

          

        საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის დაწყებული კონფლიქტი, რომელიც უკანასკნელ ხანს, თითქოსდა, მინავლდა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კვლავ აქტუალური გახდეს, რაკი ევროპის ამ უძველეს ორგანიზაციაში გენერალური მდივნის არჩევნები იგეგმება, ხოლო თბილისი არ აპირებს აპატიოს ვალტერ შვიმერს მისი აარადეკრატიული პოზიცია აჭარის კრიზისის დროს.
        ტერი დევისის ვიზიტი სწორედ ამ არჩევნებთან იყო დაკავშირებული და ნიშანდობლივია, რომ იგი განსაკუთრებით თბილად მიიღეს. ბუნებრივია, ეს სითბო არც სტრასბურგში გამოეპარებოდათ, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ვალტერ შვიმერის შესაძლო რეაქციებს ყურადღებას არ აქცევს, რაკი მასთან შერიგება არც უფიქრია. საპარლამენტო ასამბლეაში ძალთა განლაგება კი შვიმერს თითქოს აღარ უტოვებს შანსს, კვლავ დაიკავოს ეს მაღალი (და ძალზე მაღალანაზღაურებადი) პოსტი. თუმცა, ასეთ შემტხვევაშიც კი (თუ მისმა მომხრეებმა წარმატებას მიაღწიეს), საქართველოს დელეგაცია შვიმერის შეურიგებელ ოპოზიციად დარჩება.
        ალბათ, ვალტერ შვიმერს ელემენტარული ღირსება რომ ჰქონდეს, ისეთი საბედისწერო შეცდომის შემდეგ, რაც აჭარის ავტორიტარულ-სეპარატისტული რეჟიმის შეფასებისას დაუშვა, თვითონ უნდა გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან. ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია, არ დაეთანხმო იმ შეფასებას, რომ ევროპის საბჭო ევროპის კონტინეტზე ადამიანის უფლებათა დასაცავად შეიქმნა. ხოლო როდესაც ორგანიზაცია კრინტს არ სძრავს მისი წევრი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში ავტორიტარული მმართველობისას უფლებათა დარღვევის გამო და, ფაქტობრივად, ამ რეჟიმს მის მოწინააღმდეგებს (მათ შორის აჭარის მოსახლეობის დიდ ნაწილს) უთანაბრებს, ასეთი გენერალური მდივანი ძნელად თუ ჩაითვლება წარმატებულად. არადა, გენერალური მდივნის პოსტი ევროპის საბჭოში სწორედ იმისათვის არსებობს, რათა მან კონკრეტული პოლიტიკა წარმართოს, ბუნებრივია, ვალტერ შვიმერი და მისი მომხრეები (ევრობიუროკრატიის «მუნდირიდ ღირსების» დამცველნი) ყოველნაირად ეცდებიან, ჩაახშონ შვიმერის ოპოზიცია საპარლამენტო ასამბლეაში და ამ მიზნით, შეძლებისდაგვარად, დასაჯონ საქართველო, რომელმაც ხმის ამოღება და პროტესტის გამოთქმა გაბედა.
        ამ მხრივ, საკმაოდ ცუდი სიმპტომი იყო ის ფაქტი, რომ გუშინ თბილიში ჩამოსული ევროპის საბჭოს სტრატეგიულ კვლევათ დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჟან ლუი ლორანი საქართველოს პრეზიდენტმა არ მიიღო და საერთოდ უცნობია, მოახერხებს თუ არა იგი ჩვენი ქვეყნის მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონი ლორანი მთლად სასიკეთო მიზნით არ არის ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, მისი დავალება და მისია სავსებით შესაძლებელია იყოს (ერთგვარი «შურისძიების» სახით) იმ ვალდებულებათა შესრულების შემოქმება, რაც ქვეყანამ იკისტრა ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას. შეგახსენებთ, რომ საუბარი იყო სამხრეთ საქარტველოში «თურქი მესხების» დაბრუნებაზე. თუ ასეა, მაშინ გასაგები ხდება, რატომ არ სურს ლორანთან შეხვედრა პრეზიდენტს.
        თუმცა, ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ ერთი საშუალო დონის მოხელეა და პრეზიდენტი არც არის ვალდებული ასეთი რანგის ჩინოვნიკები მიიღოს, მაგრამ წინა პრეზიდენტი ბევრად დაბალი რანგის ევროპელ მოღვაწეებსაც იღებდა, რათა «ანტიდასავლურობა» და «პრორუსულობა» არ დაებრალებინათ ამ «პოლიტბიუროს წევრობა» არ შეეხსენებინათ. ამჟამინდელ პრეზიდენტს ეს კომპლექსები არა აქვს და იმავე ევროპელებთან უფრო თამაში შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, უეჭველია, რომ შვიმერი ასე ადვილად არ მოისვენებს და რაღაც მზაკვრობას მოგვიმზადებს მომავალ სესიაზე. ქართული დეპუტაცია ამას მომზადებულუ უნდა შეხვდეს. შესაძლებელია, კვლავ აქტიურად გამოვიყენოთ სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნებისა და «ფეთქებადსაშიშობის» არგუმენტი. არ არის გამორიცხული, ქართველ პარლამენტარებს დასჭირდეთ შვიმერის დადანაშაულება იმაშიც, რომ იგი საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს, რათა ამით გადაგვიხადოს სამაგიერო სამართლიანი კრიტიკისთვის. ამ აზრით, უმჯობესიც კი იქნება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივნად ისევ შვიმერი აირჩიონ და არა ტერი დევისი, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ კოლეგებს.
        ყოველ შემთხვევაში, თუ ქართულმა მხარემ კონტრზომები არ მიიღო, «შვიმერისტების» გავლენიანი ლობი ევროპის ამ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში (რომელმაც თავად დაისხა თავსლაფი აჭარის მოვლენების დროს უპრინციპო პოზიციით) საქართველოს მომავალშივ შეუქმნის პრობლემებს. მაგრამ მათ ინტრიგებს ჩვენი სამართლიანი რისხვა უნდა დავუპირისპიროთ. პრინციპული პოზიციისა ევროპელ «ჯიბესქელ ბიუროკრატებს» (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბიუროკრატს) ყოველთვის ეშინიათ.

11 ივნისი, პარასკევი, 2004 წელი
        დილის გაზეთი