«ეი-ი-ეს»-თელასის ბედი გადაწყვეტილია

«ეი-ი-ეს»-თელასის ბედი გადაწყვეტილია

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი კვლავ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. დადასტურებული ინფორმაციით, საუბარი შეეხებოდა ამერიკული კომპანია «ეი-ი-ეს თელასის» კუთვნილი 75 პროცენტის გასხვისებას. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ «ეი-ი-ეს-»მა თავისი აქციები მიჰყიდა რუსულ კომპანიას, თუმცა ესოდენ ინტენსიური შეხვედრები უეჭველად მეტყველებდა, რომ საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო და ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნებოდა, თუ «ეი-ი-ეს»-ი დარჩებოდა საქართველოში. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მათი წასვლის მიზეზი არ არის მხოლოდ ის აუტანელი ატმოსფერო და პირობები, რაც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ინვესტორისათვის (უპირველესად, ენერგეტიკის სფეროში) იმის გამო, რომ მოსახლეობას არ შეუძლია და არც სურს, გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ხოლო ხელისუფლება, რეგიონული და ლოკალური «ბუნტების» თავიდან ასაცილებლად, აიძულებდა ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მიეწოდებინათ ელექტროენერგია არგადამხდელთათვის.

        აქ ენერგომაფიის კორუფციული ინტერესები თვანლათელია, მაგრამ იგი ძირითადი ფაქტორის შედეგია და არა მიზეზი. ოღონდ, «ეი-ი-ეს»-ს ჰქონდა სხვა მოტივაციაც ქონების გაყიდვისა. ეს გიგანტური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში მუშაობს, 11 სექტემბრის «ათასწლეულის ტერაქტის» შემდეგ, მართლაც უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, გაკოტრების პირას მივიდა. ამიტომ «ეი-ი-ეს»-ი იმ შვილობილ კომპანიასაც კი ყიდის, რომელიც ვაშინგტონს (!) ამარაგებს ელექტროენერგიით. რაც შეეხება მოლაპარაკებას ამერიკულ მხარესთან, როგორც ჩანს, მისი მიზანი იყო არა «ეი-ი-ეს»-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, რასაც ამერიკის ადმინისტრაცია არათუ ვერ გააკეთებდა, არამედ იმ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, არც კი შეეცდებოდა, ეთხოვა კერძო კომპანიისათვის, რამე თვალსაზრისით ემოქმედა საკუთარი ინტერესების საზიანოდ.
        ამრიგად, მოლაპარაკების მიზანი უფრო ის უნდა ყოფილიყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებოდა საქართველოს, შეენარჩუნებინა «თელასის» საკონტროლო პაკეტი. სწორედ ეს გახლდათ ამჟამად ხელისუფლების უმთავრესი მიზანი, რასაც ემსახურებოდა ყველა კონსულტაცია როგორც ამერიკის ელჩთან, ასევე ცნობილ ქართველ ბიზნესმენებთან.
        გუშინ საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლება სთხოვდა ბადრი პატარკაციშვილს, ბიძინა ივანიშვილს და რუსეთში მოღვაწე ზოგიერთ ბიზნესმეს, შეეძინათ «თელასის» აქციათა სახელმწიფოს კუთვნილი 25 პროცენტი და ვითომდაც აქ სთავაზობდა გარკვეულ შეღავათებს, მაგრამ ეს სრული გაუგებრობაა. ოფიციალური თბილისის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ამ 25 პროცენტთან ერთად, «ეი-ი-ეს»-ის კუთვნილი 75 პროცენტიდან თუნდაც 30 პროცენტის შეძენით შეექმნა საკონტროლო პაკეტი, რაც «საქართველოში დარჩებოდა». უფრო ზუსტად, რუსულ «რაოესს « ვეღარ მოეხერხებინა საკონტროლო პაკეტის შეძენა, რასაც, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თუ იგულისხმება საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები, ასეთი ზემოქმედება თუ სჭირდება რუსეთსა და იმავე «რაოეესს», ისინი ამჟამადაც აქვს ყოველგვარი «თელასის» პრივატიზების გარეშე – თუნდაც იმის გამო, რომ ელექტროენერგიას საქართველო ზამთარში რუსეთისგან და სომხეთისგან იღებს. სომხეთში კი რუსეთმა უკვე ხელთ იგდო დისტრიბუციისა და გენერაციის უმნიშვნელოვანესი ობიექტები.
        ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა შეიძლება მხოლოდ იმაში გამოიხატოს, რომ მათ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მოსკოვში, რათა «რაოეეს»-ი დათანხმდეს «თელასის» არა საკონტროლო პაკეტის ყიდვას, არამედ, ვთქვათ, 49 პროცენტის, მაგრამ ეს იმთავითვე არარეალური იყო. «რაოეეს»-ი დაინტერესებული გახლდათ, ეყიდა სწორედ საკონტროლო პაკეტი, ხოლო ეი-ი-ესი არ გაყიდიდა 50 პოცენტზე ნაკლებს.
        მეორე მხრივ, ხსენებული ქართველი ბიზნესმენებიც არ ჩქარობდნენ ყულფში თავის გაყოფას. ძალიან საეჭოვა, თვით ისეთ წარმატებულ ბიზნესმენსაც კი, როგორიც ბადრი პატარკაციშვილია, ჰქონოდა თავისუფალი თანხა, რაც «ეი-ი-ეს-»ის კუთვნილი აქციების გამოსყიდვას ჭირდებოდა.
        ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკია, სულ ცოტა, 300 მილიონ დოლარზე, რაც «ეი-ი-ეს»-მა საქართველოში შემოსვლის შემდეგ დააბანდა «თელასის» მოდერნიზაციაში. გარდა ამის,ა ნუ დავივიწყებთ, რომ არ იყო აუცილებელი, რუსულ კომპანიას მაინცდამიანც ნაღდი ფული გადაეხადა. «ეი-ი-ეს»-ი სიამოვნებით დაჰყაბულდებოდა იმას, რომ სანაცვლოდ მიეღო, ვთქვდათ, მომგებიანი ნავთობსაბადო ციმბირში, რომლის მეშვოებითცა, სულ რაღცა, ორ წელიწადში არათუ აომიღებს ინვესტიციას, არამედ მოგებასაც ნახავს ბევრად უფრო მშვიდად და გარანტირებულად, ვიდრე საქართვლეოში, «ტრაგიკომიკური მარტვილობის» შედეგად.
        მთლიანობაში ის, რაც ხდება (მოხდა უკვე და აღარაფერი ეშველება), არის ლოგიკური შედეგი იმ დამოკიდებულებისა, რასაც არა მხოლოდ საქართვლეოს ხელისუფლება, არამედ მთელი ქართული საზოგადოება ამჟღავნებდა სტრატეგიული ინვესტორის მიმართ, როდესაც არ სურდა შეეგნო, რომ (ცნობილიგ ამოთქმის პერიფრაზით) «როდესაც არ გსურს გადაუხადო ელექტროენერგიის საფასური საკუთარ კომპანიას, საფასურს შემდეგ მიანც გადაიხდი, მაგრამ გადაუხდი უკვე სხვას». რუსულ კომპანიას კი ვერავინ გაუბედავს იმას, რასაც ამერიკელებს უბედავენ, რადგან «რაოეესს», მისგან განსხვავებით ,შეუძლია თვით ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს საქართველოს.

დილის გაზეთი, 1 აგვისტო, 2003 წელი