საერთაშორისო მიმოხილვა. 30 სექტემბერი. 2022 წელი
თემა: `ნოვოროსსიის` ანექსია.. . . . . . . . . . . . . .
დღეს, თბილისის დროით 16 00, მოსკოვში შედგება ნაცისტური გერმანიის დონის აქტი: პუტინი კრემლში `საზეიმოდ` მოაწერს ხელს უკრაინის ძირძველი და კანონიერი ტერიტორიების ანექსიის `დოკუმენტს`.
რუსეთის ფედერაციის სუბიექტები ხდებიან ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები.
ჰიტლერს, თავდაპირველად, მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როცა მეორე მსოფლიო ომის წინ სუდეტის ოლქი შემოიერთა. მხოლოდ ამის შემდეგ იყო ებრაელთა გენოციდი, მილიონობით ადამიანის დახოცვა და ასე შემდეგ. თუმცაღა სხვაობაც უნდა დავინახოთ: როცა ჰიტლერმა ჩეხეთის სუდეტის ოლქი დაიპყრო, ჩეხეთმა წინააღდმეგობა არ გაუწია, დასავლეთმა კი ჰიტლერის დაშოშმინების პოლიტიკა გაატარა.
ახლა სულ სხვა ვითარებაა: უკრაინამ გუშინ ღამით თითქმის მთლიანად ალყა შემოარტყა რუსეთის საჯარისო ნაწილებს ლიმანთან. ეს ქალაქი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია სამხედრო-სტარეგიული თვალსაზრისით, ვიდრე იზიუმი და კუპიანსკი, რომელიც უკრაინის ჯარმა უკვე გაათავისუფლა. დასავლეთი კი სულ უფრო მეტ იარაღს აწვდის უკრაინას; 1 ოქტომბერს კი ლენდ-ლიზი შედის ძალაში.
დღესვე, კრემლში ხელმოწერის პარალელურად, მოსკოვის ცენტრში გაიმართება `გრანდიოზული` მიტინგი იქ ძალით მირეკილი მოსკოველებისა, ვინც ჯერ ვერ გაიქცა ფინეთში, ყაზახეთში და საქართველოში.
ღამით 00 00 წუთზე ძალაში შევიდა ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ყველა რუსეთის მოქალაქისთვის, თუნდაც შენგენის ევროპული ვიზა ჰქონდეს, ჩაიკეტებოდა საზღვარი. ახლა უკვე ჩაკეტილია და პეტერბურგელებმა, მოსკოველებმა, როგორც კი გაიგეს 00 00 წუთზე საზღვარი იკეტებოდა, სასწრაფოდ აკრიფეს ბარგი, ფინელი მესაზღვრეების მოწმობით ლამის საცვლების ამარა გაიქცნენ ფინეთისკენ, რომ მოესწროთ საზღვრის გადაკვეთა და მერე ევროპაში წასვლა.
აი ამ ფონზე ტარდება დღეს `ზეიმი` და ნაცისტური ანექსიის აქტი. დიდი კონცერტიც იქნება და სამარცხვინო `ხელოვანებიც` გამოვლენ პუტინის დიდებით.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლუკაშენკო, რომელიც ახლახანს ჩავიდა პუტინთან სოჭში და მერე აფხაზეთშიც იმყოფებოდა, როგორც ჩანს კვლავ ემზადება უკრაინისთვის ზურგში დანის ჩასარტყმელად: რუსული ჯარი `სწავლებებზე` ბრუნდება ბელორუსში. ისევე, როგორც მარტში, რუსული არმია კონცენტრირდება ჯერ ბელორუსის ტერიტორიაზე კიევის მახლობლად (იქედან უკრაინის დედაქალაქი ძალიან ახლოსაა) ხოლო შემდეგ კვლავ შევა უკრაინაში და ამჯერად ქალაქის მასირებული დაბომბვის შემდეგ ქალაქის შტურმს დაიწყებს.
ახლა უკვე ცხადია პუტინის გეგმა: მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერს ანექსიის აქტს, იგი დაუყოვნებლივ წაუყენებს ულტიმატუმს უკრაინას (მით უმეტეს ლიმანის ალყის ფონზე), მოითხოვს, უკრაინულმა ძალებმა ახლავე დატოვონ ლიმანი, იზიუმი, კუპიანსკი, მთლიანად დონეცკის და ლუგანსკის, ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, რომელთა ნაწილს კვლავ უკრაინული არმია აკონტროლებს. სანაცვლოდ პუტინი იტყვის, რომ სხვა მიმართულებებით შეტევას არ გააგრძელებს და უკრაინული სახელმწიფოს განადგურების უცვლელი მცდელობის ამ ეტაპზე დაკმაყოფილდება იმით რაც დაიპურო: ე.წ. `ნოვოროსია`(Новороссия) მთლიანად (უკრაინის ისტორიული რეგიონი ამ ოთხი ოლქის ჩათვლით) და ყირიმი.
ანუ პუტინი ამ ულტიმატუმის ფარგლებში იტყვის, რომ აღარ წავა კიევზე, აღარ წავა ოდესისკენ, მოხსნის საზღვაო ბლოკადას და ა.შ და ა.შ თუ ნოვოროსსიას დაუთმობენ ყირიმზე სახმელეთო გასასვლელით.
ბუნებრივია, დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც ამას მიიღებენ და შეეცდებიან ზელენსკი აიძულონ, დათანხმდეს, რათა ბირთვული კატასტროფა აიცილონ თავიდან. ეს ევროპის იმმანენტური, განუშორებელი ინსტინქტია.
თუკი ზელენსკი მაინც არ დათანხდმება, პუტინი დაიწყებს კიევზე შეტევას; კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვას ბალისტიკური რაკეტებით (შესაძლოა მურმანსკთან დისლოცირებული წყალქვეშა ნავებიდანაც კი გაუშვას ტრანსკონტინენტური რაკეტები ბირთვული ქობინის გარეშე ოღონდ), მისწვდება უკრაინის ყველა ქალაქს, გაანადგურებს ყველა ხიდს, ყველა სარკინიგზო კვანძს, ყველა ჰიდრო და თბოელექტროსადგურს და კვლავ იდემაგოგებს, რომ ამით რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს, რაკი `ნოვოროსსია` უკვე რუსეთის ნაწილია.
თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ ანალიტიკოსთა აზრით, პუტინი სადმე საჩვენებლად ააფეთქებს ატომურ ბომბს. პარალელურად, მისი ზესაიდუმლო წყაქვეშა ნავი `მალიუტკა`, რაზეც ვწერდით წინა მიმოხილვაში და რომელიც ალბათ მაინც უპილოტოა სპეცოპერაციის ბოლო სტადიაზე, ატლანტის ოკეანეში გადაჭრის სტრატეგიულ კომუნიკაციებს. პირველ რიგში ინტერნეტ კაბელს რომლითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა ატლანტიის ორ ნაპირს შორის. არ არის გამორიცხული, ბალტიის ზღვაში დააზიანოს ასევე ნორვეგიისა და ევროპის კონტინენტური ნაწილის დამაკავშირებელი სტრატეგიული გაზსადენი.
მოდის ცივი ზამთარი და როგორც ხშირად მომხდარა ისტორიაში, პუტინს ყინვის იმედი აქვს, რომელსაც რუსეთი ბევრჯერ გადაურჩენია.
დასავლეთში ზოგიერთები ახლა მწარედ ნანობენ და დემაგოგიურად აღნიშანვენ, რომ `არასათანადოდ შეაფასეს ყირიმის ანექსიის ფაქტი და რომ ამან გაათამამაო პუტინი`, სინამდვილეში, თუკი ბოლომდე გულწრფელნი იქნებიან, უნდა აღიარონ, რომ 2008 წლის აგრესია არ შეაფასეს სათანადოდ. სწორედ მაშინ დაიწყო ეს უბედურება. `ტალიავინის კომისიამ` კი ფაქტობრივად პუტინის სასარგებლოდ იმუშავა დიდწილად.
მთლიანად არა, თუმცა დიდწილად.
პუტინის პროპაგანდა, რომელიც მთელს დასაველთში ვრცელდება ახლა პროპაგანდისტული არხებით ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, იტალიურ ენებზე, იმა აზრს აჩვევს ევროპელებს, რომ განსხვავებით კომუნისტური ეპოქისაგან, პუტინის მიზანი არ არის ევროპის დაპყრობა, რომ პუტინი ბალტიის რესპუბლიკებსაც კი არ დაიპყრობს, მისი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ (ბრჭყალებში `მხოლოდ და მხოლოდ`) პოსტსაბჭოური სივრცე მინუს ბალტია! ანუ ყოფილ სსრკ საზღვრებში მინუს ბალტია;
სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსეთის საინფორმაციო ჯართა მთავარი მესიჯი ახლა ისაა, რომ თუ დასავლეთი უკრაინის ჯერ ნაწილის, შემდეგ მთელი პოსტსაბჭოური სივრცის (მინუს ბალტია) ანექსიას შეურიგდება 1945 წლის საზღვრებში, მაშინ პუტინი დასავლეთთან `კეთილმეზობლურ` ურთიერთობას დაამყარებს და ლენინ-სტალინისგან განსხვავებით მთელი ევროპის `გაწითლებას`(დაპყრობას) არ შეეცდება.
ეს არის მარგარიტა სიმონიანის Russia today-სა და Спутник-ის უმთავრესი `შეტყობინება` დღეს დასავლელი ობივატელებისა და დასავლელი პოლიტიკოსებისათვის, რომელნიც იმავე რიგით ამომრჩეველზე არიან დამოკიდებულნი, რაც დაადასტურა კიდეც ბოლო მოვლენებმა იტალიაში, სადაც გაიმარჯვა სამწევრიანმა კოალიციამ, რომლის სამი მონაწილე პარტიიდან - ორი პარტია აშკარად პროპუტინისტულია.
აქ არის კიდევ ერთი საფრთხე, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს დასავლეთის გადაწყვეტილებაზე: თუ პუტინი დაიწყებს უკრაინის ქალაქების მასირებულ დაბომბვას, ევროპას მიაწყდება მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე აგრესიის პირველ ეტაპზე.
პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული: დასავლეთს ახლა რომ ჰქონდეს განცდა, რომ ისევე როგორც ლენინი და სტალინი და ტროცკი, მოსკოვი მთელი ევროპის დაპყრობას აპირებს და არ გაჩერდება ყოფილი სსრკ საზღვრებთან, ის ჯერ კიდევ 2008 და 2014 წელს ბევრად რადიკალური იქნებოდა პუტინის მიმართ. სამწუხაროდ, დასაველთში არიან ძალები, რომლებიც მზად არიან გაწირონ პოტსაბჭოური ერები (მინუს ბალტია) ოღონდ კი თავად მშვიდობა შეინარჩუნონ
იმედი ვიქონით, მათი განწყობა დასავლეთისთვის განმსაზღვრელი არ იქნება.
იმიტომ, რომ თუ პუტინმა თუნდაც ამ ფორმატში (ანუ მხოლოდ ნოვოროსსიის შემოერთებით) გაიმარჯვა უკრაინაში, ეს მთლიანად ჩამოშლის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებულ წეს-წყობილებას, დევალვირებს ევრო-ატლანტიკური სივრცის ავტორიტეტს მთელს მსოფლიოში და აქცევს მას `მომაკვდავ ცივილიზაციად` აღმავალი ჩინეთის წინაშე.
დევალვირდება თვით ის ღირებულებები, რომელსაც ევროატლანტიკური ცივილიზაცია ამკვიდრებდა მსოფლიოში ბოლო რამდენიმე საუკუნე - აღორძინების ეპოქიდან დაწყებული.
რაც შეეხება ზელენსკის მზადყოფნას კომპრომისისთვის, ჯერ-ჯერობით მან მხოლოდ ერთი კომპრომისი დაუშვა და ეს კომპრომისიც სათანადოდ უნდა დააფასოს დასავლეთმა:
რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა `დიპლომატიური გზით დაიბრუნებს ყირიმს` ანუ არ გამოიყენებს ძალას ყირიმის დასაბრუნებლად, თუმცაღა არავითარ შემთხვევაში არ სცნობს ყირიმს რუსეთის ნაწილად.
ოღონდ რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, იმავე ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ როგორც კი პუტინი ხელს მოაწერს ნოვოროსსიის ანექსიის აქტს, ყველა მოლაპარაკება შეწყდება.
თუმცა, დავუშვათ ყველაზე არასასურველი სცენარი, რომ ზელენსკიმ მიიღო პუტინის ულტიმატუმი და გაიყვანა ჯარები ნოვოროსსიის საზღვრებთან. ამით იგი ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის პუტინს, რათა უკვე დამუშავებული ტექნოლოგიით, აუჯანყოს ზელენსკის მისივე გარემოცვა, ქუჩაში გამოიყვანოს დამარცხებით გულაცრუებული უკრაიენლები და შეცვალოს ხელისუფლება, ესე იგი საკუთარი მარიონეტი დასვას უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე