ეკა ბესელია, მანანა კობახიძე და კომპარტიის «ცკ»

ეკა ბესელია, მანანა კობახიძე და კომპარტიის «ცკ»

 

«შეწყალების სკანდალი» გრძელდება. მართალია, მის ზოგიერთ ფიგურანტს ეს სახელწოდება არ მოსწონს, მაგრამ მედია–სივრცეში დამკვიდრებული სხარტი ფორმულირების წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არა აქვს. მაინც არაფერი გამოვა.

სკანდალი გრძელდება და  შორსმიმავალი შედეგებიც ექნება როგორც მმართველი კოალიციის, ასევე მთლიანობაში, ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისთვის: «როსტომის სასახლიდან» უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ 2016 წლის არჩევნებზე «ქართული ოცნების» სიაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კი, არა უბრალოდ «ოცნების» სახეები, არამედ  ლიდერები იყვნენ!  თუმცა ფაქტია: ამ სკანდალით თავიანთი პოლიტიკური ძალა ცუდ დღეში ჩააგდეს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ «200 000» ან «1 მილიონი დოლარის» ბრალდება ოფიციალურად ვერ დადასტურდა, დეპუტატ–ადვოკატების მიერ  საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების ლობირება მაინც  ცუდად გამოიყურება ხალხის თვალში, ხოლო  თუ იმავე მასის ფსიქოლოგიას გავითვალისწინებთ, არც არავინ დაიჯერებს ამგვარი ქმედების უანგარობას.

ამ ისტორიას ერთი ძალიან საინტერესო ასპექტი აქვს, რომელიც ბევრად სერიოზულია, ვიდრე ეკა ბესელიას, მანანა კობახიძის ან თუნდაც მთლიანობაში, «ქართული ოცნების» პოლიტიკური მომავალი. იგი ადასტურებს, რომ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური რეჟიმის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ, მაინც ვერ გამოვსულვართ ბოლომდე იმ ეპოქიდან –  ზოგიერთი მაშინდელი სისტემა კვლავ ცოცხლობს, თუნდაც მცირედ ატროფირებული სახით.

 .მაგალითად: ეკა ბესელიაც და მანანა კობახიძეც, ამ დღეებში, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ თურმე დეპუტატის მოვალეობაა, «მისდიოს» კონკრეტულ  სისხლის სამართლის საქმეს, დაიცვას ადამიანის უფლებები, მოითხოვის ახსნა–განმარტება პროკურატურისგან, შეწყალების კომისიისგან ან შინაგან საქმეთა მინისტრისგან  და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა, ერთ–ერთ არხზე გამოსვლისას, ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი რამ თქვა: ეს ყოველივე დეპუტატის საქმე არ არის, რაკი დეპუტატს არ შეიძლება ჰქონდეს იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე აქვს მთლიანობაში პარლამენტს!

პარალმენტს კი, კანონით არა აქვს უფლება, ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლოს გამოძიება, მისცეს მითითება ან რაიმე მოსთხოვოს შეწყალების კომისიას და ასე შემდეგ.

მართლაც ლოგიკურია კითხვა: მაშინ რატომ თვლიან ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, რომ აქვთ ამის უფლება როგორც დეპუტატებს? იმიტომ, რომ პარლამენტის წევრობის მათეული აღქმა საბჭოთა ეპოქის დროინდელი შინაარსის მატარებელია; მაშინ როდესაც,  ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში, დეპუტატის ერთადერთი ფუნქცია კანონშემოქმედებაა! პარლამენტის წევრი მუშაობს კანონებზე, მათ შორის კომიტეტებსა და კომისიებში, შემდეგ იმართება მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, კანონი «გადის» ან «არ გადის» კენჭისყრით და ა.შ.

ეკა ბესელიას კი  მიაჩნია, რომ რაკი «ადამიანის უფლებათა კომიტეტის» თავმჯდომარეა, აქვს უფლება, მოსთხოვის პროკურატურას, პოლიციას თუ «შეწყალების კომისიას» პასუხი კონკრეტულ საქმეებზე, აკონტროლოს, დაიბაროს, დაურეკოს, შეამოწმოს, ულტიმატუმები წაუყენოს და ა.შ.

ნურას უკაცრავად: ამისთვის არსებობს ცალკე სახელმწიფო ინსტიტუტი: სახალხო დამცველი – ომბუდსმენი და მისი აპარატი! სწორედ ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი უფლებემოსილებით; «ადამიანის უფლებათა» საპარლამენტო კომიტეტის და მისი თავმჯდომარის   ფუნქცია კი მხოლოდ ისაა, შეიმუშაოს კანონმდებლობა  უფლებათა დაცვის დარგში; თუ საჭიროდ მიაჩნია, მოახდინოს მოქმედ კანონში ან თუნდაც კონსტიტუციაში ცვლილების ინიციირება; ამ თემაზე გამართოს დებატები, მოიწვიოს ექსპერტები, თუნდაც იმავე აღმასრულებელი ხელისუფების წარმომადგებლები, პროკურორები, ოღონდ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების, არამედ ზოგადი ცვლილებების განსახილველად.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რასაკვირველია, თუ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად ადვოკატებს – ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, –  მხოლოდ ამ უფლებამოსილებებით შეზღუდავთ და «ჩარევას» აუკრძალავთ, დეპუტატობა მათთვის ყოველგვარ ხიბლს დაკარგავს – სრულიად გასაგები მიზეზების გამო, რადგან კანონმდებლობის შემუშავება, თავისთავად, დიდად «ყუათიანი» საქმე როდია.  მაგრამ მათი დამოკიდებულება დეპუტატის უფლებამოსილებისადმი წმინდა წყლის საბჭოურ–კომუნისტური გადმონაშთია: სწორედ იმ დროს არსებობდა უცნაური სახელისუფლებო სტრუქტურა, - ე.წ. «კომუნისტური პარტიის» და მისი «ცენტრალური კომიტეტის» სახით, რომელიც ითავსებდა  ატროფირებული და ყოველმხრივ დაგლახავებული სახელმწიფო ინსტიტუტების როლს: იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ კომპარტიის «ცკ»–ში არსებობდა «ადმინისტრაციული განყოფილება», რომლის გამგეს  შეეძლო კაბინეტში დაებარებინა და «ტყავი გაეძრო» ნებისმიერი ჩინოსნისათვის, როგორც და როდესაც მოესურვებოდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფინანსურად ყველაზე «ხვავრიელი» თანამდებობაც სწორედ «ცკ»–ს იმდროინდელი განყოფილებების გამგეობა ან მდივნობა იყო, რადგან მაშინდელ კორუფციულ იერარქიაში «პირველ ხელად» ითვლებოდა და ფული ჯერ მასთან მიჰქონდათ, შემდეგ კი ნაწილდებოდა «ქვემდგომ ორგანოებში».

დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების  25–ე წელს, პარლამენტში ამგვარი სისტემის შენარჩუნება  უბრალოდ სამარცხვინოა!

აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეკა ბესელია «პიონერი»  როდია: ეს ტრადიცია ამ პოსტზე მისმა სახელოვანმა წინამორბედმა, ელენე თევდორაძემ დაამკვიდრა. ისიც ზუსტად ასე თვლიდა, რომ რაკი «ადამიანის უფლებათა კომიტეტის» თავმჯდომარეა, მისი ფუნქცია ამ სფეროში კანონმდებლობის შემუშავება კი არ არის, არამედ პოლიცია–პროკურატურის დატერორება, «ზეომბუდსმენის» ფუნქციათა შეთავსება და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეთა დევნა.

სწორედ ეს «პარალელიზმი» და «არაფორმალურობა» ამსგავსებს ამ საპარლამენტო სისტემას საბჭოთა ეპოქს დროინდელს, მაგრამ რაკი დღეს სხვა დროა, ანუ, იმ ბნელი ეპოქისგან განსხვავებით, არსებობს პრესა, სიტყვის თავისუფლება, მრავალპარტიულობა და  სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდა კიდეც «სისტემური გარღვევა»: ალეკო ელისაშვილმა საჯარო განცხადება გააეკთა  და «ცკ» –ს თანამედროვე მდივნებიც ცუდ დღეში ჩავარდნენ.

თუმცა,  ეს სკანდალი, მთლიანობაში,  ძალზე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება წესი, რომ პარლამენტის წევრს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მთლიანობაში პარალმენტს! ხოლო დეპუტატის მოვალეობა მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებაა.

ისიც გასაგებია, რომ ამგვარი წესი თუ დამკვიდრდა, დეპუტატობა ძალიან ბევრისთვის დაკარგავს მიმზიდველობას, მაგრამ ეს «ძალიან ბევრი» იმგვარი კატეგორიის ხალხია, რაც ნაკლებნი იქნებიან პარლამენტში, მით უკეთესი ქვეყნისთვის!

2015