«მეგრული კარტის» გათამაშებაში არძინბას გალის ტრაგედიამ შეუშალა ხელი    

«მეგრული კარტის» გათამაშებაში არძინბას გალის ტრაგედიამ შეუშალა ხელი    

 

    «მეგრელებს გვკლავენ შვილო, მეგრელებს» - ქართულად კიოდა უბედური დედა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ახლახან აფსუა ფაშისტების მიერ დახვრეტილი შვილი მიუსვენეს არა სახლში (სახლი სამურზაყანოში დარჩა), არამედ რომელიღაც სკოლაში, თუ საბავშვო ბაღში, სადაც გაუბედურებულმა ოჯახმა ჰპოვა თავშესაფარი.
    ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემის მომწიფებაზე მიუთითებს. ამ პრობლემაში კი ქართული სახელმწიფოებრიობის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია ჩაკირული.
    შევარდნაძეს არაერთგზის უთქვამს: «სამეგრელო ჩვენი ქვეყნის ხერხემალია» - ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ თუ ამ რაკურსით განვიხილავთ ამჟამად სამეგრელოში შექმნილ ვითარებას, ძალიან საშიშ ტენდენციებს აღმოვაჩენთ და საერთოდ, აფხაზეთის პრობლემატიკაზე მსჯელობა სამეგრელოს ფაქტორის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
    მივაქციოთ ყურადღება ვლადისლავ არძინბას შემდეგ განცხადებას: «ქართული მხარე ყოველთვის ამტკიცებდა, თითქოს მისთვის მთავარი ლტოლვილთა დაბრუნება იყო. ჩვენ მუდამ ეჭვი გვეპარებოდა ამაში, მაგრამ მაინც წავედით დათმობაზე და ქართულ-აფხაზურ ოქმში გავითვალისწინეთ საქართველოს მოთხოვნები, რის შემდეგაც თბილისიდან სრულიად ახალი მოთხოვნები მივიღეთ», ერთი შეხედვით, თითქოს სეპარატისტთა ლიდერისათვის ზოგადად დამახასიათებელი დემაგოგიაა, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ თუ მაინც შევისწავლით ძაღლთაპირი არძინბას ამ ფრაზას და ზოგიერთ რამეს გავიხსენებთ, უეჭველად დავრწმუნდებით: ამ შემთხვევაში იგი მართალია, - საქართველოსათვის აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნება არ არის მთავარი. მთავარია ისინი ქართველებად დარჩნენ! ეს კი ერთი და იგივე არ გეგონოთ, - მოდით გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა პროცესები 1994-1998 წლებში (მაისის ცნობილ მოვლენებამდე): დაახლოებით 30-40 ათასი ქართველი (მეგრელი) დაბრუნდა გალის რაიონში. სეპარატისტები აქტიურად არ უშლიდნენ ხელს ამ პროცესს. ერთი მხრივ, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ არც შეეძლოთ ფართომაშსტაბიანი საომარი ოპერაციების მოწყობა (განსაკუთრებით, ჩეჩნეთის ომის დროს) მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი: მათ იმედი ჰქონდათ, რომ ან «აფხაზებად ჩაწერდნენ» სამურზაყანოელებს, რომელთა მეგრულ გვარებში შემთხვევით არ ურევია «ბა» ნაწილაკი, ან პროვოკაციულად გამოიყენებდნენ გალის რაიონში მეგრული მოსახლეობის დაბრუნებას, რათა სამეგრელოში გაეღვივებინათ «მეგრული სეპარატიზმი».
    უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში არძინბა გეგმაზომიერად, გარკვეული სიფრთხილის დაცვით, მაგრამ ჭკვიანურად და მიზანსწრაფულად აძლიერებდა «მეგრულ ტენდენციას» გალში. ჯერ ქართული სკოლები დახურეს და მათ ნაცვლად რუსული გახსნეს, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს «მეგრული თემის მუსირება». თავდაპირველად მეგრული გაზეთი გამოუშვეს და პროვოკაციული ინტერვიუ დაბეჭდეს (მეგრულ ენაზე), ვითომცდა ზვიად გამსახურდიასთან. შემდეგ მეგრულ ენაზე ბავშვების სწავლებასაც მიჰყვეს ხელი. დაიწყო აგრეთვე მეგრულენოვანი გადაცემები აფხაზეთის რადიოთი და ტელევიზიით.
    ეს ყოველივე მიზნად ისახავდა სწორედ ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც მოსახლეობის დაბრუნება (აფხაზური იურისდიქციის პირობებში) არახელსაყრელი აღმოჩნდებოდა თვით საქართველოს ხელისუფლებისათვის.
    სანამ ამ აზრს გავაგრძელებდეთ, ისიც გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1989-1992 წლებში, ანუ ომის დაწყებამდე.
    9 აპრილის შემდეგ აფხაზთა სეპარატისტული ორგანიზაცია «აიდგილარას» გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო: «შორს აღარ არის დრო, როდესაც დიდი მეგრელი ხალხი გაიხსენებს თავის ეროვნულ ისტორიასა და კულტურას, რის შემდეგაც საბოლოოდ დაიშლება საქართველოს პატარა იმპერია».
    აფხაზეთის ტელევიზიითაც გამოიყვანეს ვიღაც მეგრელი, რომელმაც დაახლოებით ანალოგიური რამ თქვა. ამრიგად, ზვიად გამსახურდიას რეჟიმის დამხობის შემდეგ «მეგრული თემის» გამწვავება ნამდვილად მისწრება იყო არძინბასთვის, ვინაიდან ეს აძლიერებდა მის პოზიციებს და უადვილებდა გეგმის განხორციელებას.
    აფხაზ სეპარატისტებს საქართველოს დამარცხების რამდენიმე გეგმა ჰქონდათ დამუშავებული - იმისდა მიხედვით თუ თვით საქართველო როგორ ტაქტიკას აირჩევდა.
    ვთქვათ, საქართველო არ მოითხოვდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას, გაატარებდა გორბაჩოვისადმი ლოიალურ კურსს და ა.შ. ამ შემთხვევაში სეპარატისტები «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» მზაკვრული იდეის გამოყენებითა და ანდრეი სახაროვის დახმარებით (ეს უკანასკნელი ყველა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ცენტრისადმი უშუალო დაქვემდებარებას მოითხოვდა) ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა შეენარჩუნებინათ საბჭოთა კავშირი, როგორც «თანასწორუფლებიანი რესპუბლიკათა გაერთიანება», რომელშიც აფხაზეთს საქართველოსთან თანაბარი უფლებები ექნებოდა.
    თუ ამას ნაწილობრივ მაინც მიაღწევდნენ და (ვთქვათ) საგანმანათლებლო სისტემის საკითხებში მოიპოვებდნენ სუვერენიტეტს, მაშინ აფხაზეთის განათლების მინისტრი უეჭველად დაიწყებდა ზრუნვას «აფხაზეთში მცხოვრები ყველა ხალხის, მათ შორის მეგრელების დედა ენის განვითარებაზე». საბოლოოდ კი ამ გზით უეჭველად გამოიწვევდნენ ანტირუსულ, ანტისაბჭოთა აფეთქებას საქართველოში (ვინაიდან ეს «კრემლის პროვოკაციად» ჩაითვლებოდა), რაც აგრეთვე გააძლიერებდა მათ პოზიციებს. მაგრამ მოვლენები ასე არ განვითარდა, ამიტომ სეპარატისტთა ტაქტიკა შეიცვალა.
    დავუშვათ, 1992 წლის აგვისტოში საქართველოს არ დაეწყო ომი აფხაზეთში, - ამ შემთხვევაში, სეპარატისტები ისარგებლებდნენ აფხაზეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობით, აგრეთვე «მეგრულ-ზვიადისტური» სინდრომის არსებობით და მაინც დაიწყებდნენ «მეგრული სეპარატიზმის» თანდათანობით გაღვივებას, რაც ადრე თუ გვიან აიძულებდა საქართველოს, ომი დაეწყო, ანუ საქართველოს ჩააყენებდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც იგი იძულებული გახდებოდა ან შერიგებოდა აფხაზეთში მცხოვრებ მეგრელთა თანდათანობით გასვლას საქართველოს ერთიანი ეროვნული ცნობიერების სივრციდან (რასაც უეჭველად მოჰყვებოდა მოგვიანებით ანალოგიური პროცესების განვითარება საკუთრივ სამეგრელოში), ან დაეწყო ომი გარდაუვალი საზარელი შედეგებით; სამაგიეროდ სამეგრელო მაინც შეენარჩუნებინა «საერთო ქართულ სივრცეში».
    რუსეთის მეშვეობით ომში საქართველოს დამარცხების შემდეგ, არძინბამ დაახლოებით იგივე პოლიტიკა განაგრძო, ოღონდ ამჯერად მხოლოდ გალის რაიონის მასშტაბით. მიზანი იგივე იყო: არძინბას მეგრელთა ბედი სულ არ აღელვებდა, მაგრამ მას, დიახაც, სურდა ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავად არ იქნებოდა დაინტერესებული მეგრელების დაბრუნებით გალში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე; იურისდიქციის აღდგენა ვერ ხერხდებოდა ომის გარეშე, ომისათვის კი საქართველო არცერთი თვალსაზრისით მზად არ იყო - ამრიგად წრე შეიკრა.
    საქართველოს ხელისუფლებამ მაინც სცადა ამ წრის გარღვევა: რაკი თავად არ ძალუძდა იურისდიქციის აღდგენა გალში, მან სცადა აფხაზური იურისდიქცია მაინც შეესუსტებინა ქართულ (მეგრულ) მოსახლეობაზე და ამ გზით შეეშალა ხელი არძინბასათვის, რათა მას ზემოთხსენებული «მეგრელიზაციის» გეგმა ვერ განეხორციელებინა.
    ალბათ ამიტომაც დაუჭირა აქტიურად მხარი ხელისუფლებამ ქართულ პარტიზანულ მოძრაობას - ამარაგებდა მას ყველაფრით, როგორც შეძლო, ყოველმხრივ ხელს უწყობდა, მაგრამ პარტიზანთა აქტიურობას მოჰყვა მაისის მოვლენები და მოსახლეობის გამოდევნა ენგურის მარჯვენა ნაპირზე.
    განა შეიძლება ენა მოგიბრუნდეს კაცს რაიმე დადებითი დაასახელო ამ ტრაგედიაში, მაგრამ ერთი დადებითი უეჭველად ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ერთხელ და სამუდამოდ გაიგო: ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დამანგრეველი შედეგი მოჰყვება.

7 დღე, 17 ივნისი, 1998 წ.