ელიავას ლიკვიდაცია

ელიავას ლიკვიდაცია

        აკაკი ელიავას ლიკვიდაცია, შესაძლოა, სამეგრელოში მნიშვნელოვანი ექსცესების კატალიზატორად იქცეს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით რაიმე მასშტაბური აქცია არ დაწყებულა, მაგრამ ამის მიუხედავად, დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან კოლექტიურ ცნობიერებაში «აფეთქებული» ემოციური მუხტი შეიძლება, უფრო გვიანაც გამოვლინდეს.
        უეჭველია, აკაკი ელიავასა და მისი «თანამოლაშქრის» დაკრძალვა პოლიტიკურ აქციად იქცევა. ამას ხელისუფლება ვერსად გაექცევა და ხელსაც არ (ვერ) შეუშლის.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ აკაკი ელიავა მისმა ამბიციამ დაღუპა. აქვე გავითვალისწინოთ: კაკო ელიავას (როგორც პარტიზანული რაზმის, «ტყის ძმების» ერთ-ერთი ლიდერის) საკითხი იმთავითვე მჭიდროდ უკავშირდება აფხაზეთის პრობლემას. ამ თვალსაზრისით, აკაკი ელიავამ მრავალი «საქვეყნო ოპერაცია» განახორციელა აფხაზეთში (არ დავაკონკრეტებ), მაგრამ იგი ვერა და ვერ გამოვიდა სამოქალაქო ომის ეპოქიდან და ბოლომდე შეინარჩუნა ის მენტალიტეტი, ის განწყობა, რომელიც 1992-93 წლებიდან გამოჰყვა.
        რაც შეეხება აფხაზეთს, ელიავას მებრძოლებს (ისევე, როგორც თავად «პოლკოვნიკ კაკოს») ყოველთვის ჰქონდათ პრეტენზია, რომ იბრძოლებდნენ აფხაზეთში, მაგრამ, იმავდროულად არც «ფაქტობრივ ხელისუფლებას» დაემორჩილებოდნენ.
        აკაკი ელიავა ვერ მიხვდა, რომ დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლება ასეთ მდგომარეობას აღარ შეურიგდებოდა და თანაც (რაც მთავარია), უკვე შესაძლებლობაც ჰქონდა, სპეცოპერაცია განეხორციელებინა (საკმაოდ კარგი საინფორმაციო უზრუნველყოფით) და მეამბოხე თავიდან მოეშორებინა.
        აკაკი ელიავას ეგრეთ წოდებული «შერიგების» იურიდიული შანსებით არ უსარგებლია, ვინაიდან დაიჯერა, თითქოს «მაინც ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა» - აი, სწორედ აქ უმტყუნა ალღომ, ამიტომაც მოგზაურობდა უდარდელად მცხეთა-სენაკის მიმართულებით.
        არ იქნებოდა მთლად ლოგიკური, ვინმეს ეთქვა, თითქოს ამ შეიარაღებული ფორმირების ლიკვიდაცია დაუშვებელი იყო, ვინაიდან ამით პარტიზანთა პოზიციები შესუსტდებოდა აფხაზეთში.
        ეს პოზიციები ნამდვილად შესუსტდება, მაგრამ ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ შეურიგდებოდა ზემოთ ხსენებულ დილემას: აკაკი ელიავას ხომ შეეძლო, «ლეგალიზება» საქართველოს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძალისმიერ სტრუქტურებში და ისე გაეგრძელებინა პარტიზანული ბრძოლა.
        შეგახსენებთ: სწორედ ასე იყო 1998 წლის 19-21 ოქტომბრამდე, როდესაც ელიავამ და ასმავამ «სენაკის სატანკო ამბოხი» მოაწყვეს, მაგრამ მას შემდეგ ელიავა ხელისუფლებამ ვერა და ვერ შემოირიგა, ვინაიდან პოლკოვნიკს «თავისუფალი სტატუსი» სურდა შეენარჩუნებინა.
        პოლკოვნიკ ელიავას ლიკვიდაცია შეასუსტებს ექს-პრეზიდენტის მომხრეთა პოზიციებს, ვინაიდან მათ გამოკვეთილი, თითქმის «ქარიზმატული» ლიდერი დაკარგეს. მეორე მხრივ კი, ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება, ხელიდან არ გაუშვას აპრილის ცნობილი «დადგენილებით» მოპოვებული ინიციატივა და გააგრძელებს «შეწყალება-შემორიგების» პროცესს.
        მოსალოდნელია უახლოეს მომავალში ცნობიოლი «ზვიადისტების» მიმართ ახალი დემონსტრაციული ჟესტები, რაც ასუსტებს კონფრონტაციულ სინრდომს, ანუ ელიავამ თავისი სიკვდილით კიდევ რამდენიმე «ზვიადისტის» გათავისუფლება უზრუნველყო.

დილის გაზეთი, 11 ივლისი, 2000 წ.