ელიტარული ინტელიგენცია ყოველთვის პრორუსული იქნება

ელიტარული ინტელიგენცია ყოველთვის პრორუსული იქნება

ელიტარული ინტელიგენცია ყოველთვის პრორუსული იქნება
   

    «ამღვრეულ წყალში თევზს ვერავინ დაიჭერს» - განაცხადა პრეზიდენტმა ტრადიციულ რადიოინტერვიუში და მრავალმნიშვნელოვნად დაამატა:: «ამღვრეული რომ იყოს მართლაც, მაინც ვერ დაიჭერენ».
    წყლის ამღვრევა, ამჯერად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხებოდა, ხოლო «დასაჭერი თევზი» რა თქმა უნდა, ძალაუფლებაა, უფრო ზუსტად, ქართული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი საოცარი ინფანტილიზმი, რომელიც დიახაც ქართველი ერის სახელმწიფოებრივი უკულტურობიდან გამომდინარეობს.
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, უეჭველად შევნიშნავთ, რომ რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, ცოტა არ იყოს, უცნაური ვითარება იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ, «პრორუსული მოტივაცია» ან თუნდაც ეჭვი ასეთ მოტივაციაში, თითქოს საკმარისი პირობა იქნებოდა პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციისათვის. დღეს კი ექსპრეზიდენტის ქვრივი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რუსთაველის გამზირზე ათიათასიან მიტინგს ატარებს და ამ მიტინგში «ზვიადისტები» მონაწილეობენ; აღარავითარ უხერხულობას აღარ იწვევს მანანა არჩვაძის ანგაჟირება, როგორც «მოსკოვიდან ჩამოსულისა». ხვალ მას კვლავ აღმოაჩენენ თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავში, მაგრამ ესეც აღარ ჩაითვლება რაიმე განსაკუთრებულად;
    არადა, რამდენიმე წლის წინ, როცა იმავე თვითმფრინავში გია ჭანტურია და ირინა სარიშვილი აღმოაჩინეს - «ზვიადისტებმა» საშინელი ისტერიკა ატეხეს: მოსკოვში რა უნდოდათო. მაშასადამე, «ზვიადიზმი» პირველყოფილი სახით საქართველოში აღარ არსებობს, მას ანტირუსული შინაარსი აღარ აქვს და ამჟამად მხოლოდ საშუალებაა (ფორმაა) სოციალური გაჭირვებით დაგროვილი ბოღმისა და სიძულვილის გადმოსანთხევად.
    ამავე მიზეზით იქმნება თითქოსდა უცნაური პოლიტიკური ალიანსები იმ ძალთა შორის, რომელთაც (ფორმალურად) საერთო არაფერი აქვთ. ყრუდ დრტვინავს «ელიტარული ინტელიგენციაც» - რუსეთთან დაპირისპირება მას არასდროს ეპიტნავებოდა და ნამდვილად არ იწონებს «იდეოლოგიურ ომს რუსეთის წინააღმდეგ», როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რითაც ამ ინტელიგენციის სათქმელი გამოხატა.
    ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლება ტრაგიკომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა: გამოდის, მხოლოდ მას სურს რუსეთთან დაპირისპირება, ხოლო მოსახლეობა ამის წინააღმდეგია! პრეზიდენტი, რასაკვირველია, პირდაპირ, გულახდილად ვერ იტყვის: თქვე ოჯახქორებო, თუ ეს გინდოდათ, თუ რუსეთთან დაპირისპირება არ გსურდათ, მაშინ რას მოიკალით თავი, ყოფილიყავით საბჭოთა კავშირში ან მე რაღას მერჩოდითო. მაგრამ ამის პირდაპირ თქმა არ გამოვა, ქარაგმულად კი იტყვის - უეჭველად იტყვის და მართალიც იქნება.
    ხალხმა თუ სინდისსა და სამართლიანობას მიაფურთხა, მისდამი ყოველგვარი პატივისცემა დაგეკარგება. თუ საქართველოში ჩნდება ისეთი არგუმენტი, რომლის შესაბამისად «ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ იდეოლოგიურ ომს ეწევა» და ეს არგუმენტი ამ ხელისუფლებას მართლა ასუსტებს - მაშასადამე ეროვნული მოძრაობა საქართველოში აღარ არსებობს, ვინაიდან, ის მოძრაობა თავისი არსით სწორედაც რომ ანტირუსული იყო.
    შევარდნაძემ საკუთარი ერის ინფანტილურობის ამბავი ყველაზე უკეთ იცის; ამიტომ მოწინააღმდეგეთ საბაბი რომ არ დაუტოვოს, პოლიტიკური ბალანსირებისას ხან აქეთ გადახრის საპირწონეს, ხან - იქით. დღეს მას ვეღარავინ დაადანაშაულებს «მოსკოვის აგენტობაში», მაგრამ თუ დასჭირდა, იმ არგუმენტაციასაც გაიხსენებს, რომლის თანახმად იგი რუსეთის მტერი და მისი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ვერ იქნება.
    ერთი სიტყვით, მართლა ანეგდოტური ვითარება იქმნება, ხოლო საზოგადოება იმასაც ვეღარ ამჩნევს, რამდენად აბსურდული და სასაცილოა ეს ყოველივე; მაშასადამე, მას იუმორის გრძნობაც დაუკარგავს. ამ გრძნობის დაკარგვა კი უკანასკნელი სტადიაა საბოლოო დეგრადაციისა და განადგურებისა, როდესაც თვით საზოგადოება (როგორც ასეთი) აღარ არსებობს - მას აღარ გააჩნია რაიმე მოტივაცია, შემკრები ფუნქცია, რომლის არსებობა ერთიანი ფენომენის სახეს სძენს.
    ობიექტური რეალობაა, რასაც უნდა შევურიგდეთ და უნდა მივიღოთ, როგორც ჭეშმარიტება: საქართველოში სულ უფრო სუსტდებიან ძალები, ვინც «ანტირუსულ არგუმენტაციას» ეყრდნობოდა წლების განმავლობაში და პირიქით - ძლიერდებიან საპირისპირო ნიშნის მატარებელნი.
    მაშასადამე, ხელისუფლებისათვის ბრძოლა ახალი ნიშნით მიმდინარეობს, რაც ედუარდ შევარდნაძეს არ გამოეპარა - სწორედ ამას გულისხმობდა «ღლავში», რომელიც ზოგიერთებს ამღვრეულ წყალში სურთ დაიჭირონ. ვის გულისხმობდა - ძნელი მისახვედრი არ არის, მაგრამ უფრო მეტად საინტერესოა განცხადების მეორე ნაწილი: ამღვრეული რომც იყოს, მაინც ვერ დაიჭერთო.
    მართლაც, ამჟამინდელმა კონსტიტუციურმა და სამართლებრივმა რეალიებმა ბევრი თვალსაზრისით შეუქცევადი პროცესების ინიცირება მოახდინეს. თუ ახალ რევოლუციას ან გადატრიალებას გამოვრიცხავთ (თუმცა, საქართველოში რაიმეს გამორიცხვა ძნელია - ავტ.) მაშინ, ჯერჯერობით, არ არსებობს მექანიზმი ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებისათვის ზემოთხსენებული სტერეოტიპის გამოყენებით. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ახალ კავშირში მისი შეყვანის გარეშე, რუსეთთან მიმართებაში საეჭვოა რაიმე «სასიკეთოდ» შეიცვალოს.
    ისიც გასათვალისწინებელია, რომ ედუარდ შევარდნაძის შესაბამისი არსენალი სულაც არ არის ამოწურული - მოსკოვში ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით, როცა ბორის ელცინს ძალიან უჭირს და მისი ბედი ბეწვზე ჰკიდია - საქართველოს პრეზიდენტს სულ ადვილად შეუძლია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საპირისპირო სტერეოტიპს გააძლიერებს და კვლავ აქტუალურად აქცევს ბრალდებას: «ედუარდ შევარდნაძეს მზე ჩრდილოეთიდან ამოჰყავსო»; მაგრამ კონკრეტულად ვინ დაირაზმება ამ ბრალდების ირგვლივ, უკვე ძნელი სათქმელიცაა, ვინაიდან პოლიტიკურად აქტიური სოციუმი დღეს პრეზიდენტის «ანტირუსული აქტივობითაა» აღშფოთებული.
    ამითაც აიხსნება შევარდნაძის გადაწყვეტილება, უეჭველად მიიღოს მონაწილეობა დსთ-ს მომავალ სამიტში; იმის თქმაც სრული დარწმუნებით შეიძლება, რომ უეჭველად გაუგრძელდება მანდატი სამშვიდობო ძალებს, გაკეთდება განცხადებები «დიდი ჩრდილოელი მეზობლისადმი» ლოიალობის ნიშნით და ა.შ. საპროტესტოდ კრინტსაც ვერავინ დასძრავს. თუ მაინც დასძრავს - ეს პროტესტი მხოლოდ «გააწონასწორებს» საპირისპირო არგუმენტაციას: «მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი რუსეთის წინააღმდეგ»...
    ასეთი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ბევრს, ძალიან ბევრს უშლის ნერვებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ინფანტილურ საზოგადოებაში, რომელმაც თავად არ იცის რა უნდა - სხვაგვარ პოლიტიკას ხელისუფალი ვერ გაატარებს. ინფანტილურ საზოგადოებაში პოლიტიკაც ინფანტილური უნდა იყოს - სხვაგვარად შეუძლებელია. პირველი ნაბიჯიც უკვე გადაიდგა - ივანე რიბკინის ვიზიტმა «წარმატებით ჩაიარა», სხვა კონტაქტებიც იქნება, რუსეთთან დაახლოებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუ ბიჭები ხართ, მერე ახალი ბრალდება წაუყენეთ ხელისუფლებას: «რუსეთთან იდეოლოგიურად შემრიგებლურ პოლიტიკას ატარებსო».
    სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძე ამიტომაც ითვლება ობიექტურად შეუცვლელ ფიგურად, რომ სხვა არც ერთ პოლიტიკოსს საქართველოში არ ძალუძს ასე ოსტატურად ბალანსირება საზოგადოების ინფანტილურობაზე.
    სხვები შესაძლოა ერთმნიშვნელოვან პოლიტიკას დაადგნენ, ვინაიდან ეს «ღირსება» ეგონოთ. საბოლოოდ ვერც კონკრეტულ შედეგს მიიღებენ და ქვეყანაში ახალი სამოქალაქო ომის პირობებსაც შექმნიან.

7 დღე, 15 აპრილი, 1998 წ.