ემზარ კვიციანის სამეფო და თბილისის პოლიტიკური კარუსელი

ემზარ კვიციანის სამეფო და თბილისის პოლიტიკური კარუსელი

    ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით: «გარკვეულ ძალებს განზრახული ჰქონდათ კოდორი ექციათ საქართველოს ალტერნატიული მთავრობის დისლოკაციის ადგილად, თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღეს – კოდორი იქცა აფხაზეთის კანონიერი მთავრობის სამუშაო რეგიონად».
    მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ საკმაო წარმატებით (სწრაფად და მინიმალური მსხვერპლით) აღადგინა ქვეყნის სუვერენიტეტი კოდორის ხეობაში (პირველად 1991 წლის შემდეგ) ამ მოვლენის პოლიტიკური «ქვედინება» და მონაწილე სუბიექტთა «ინტენცია» ყველაზე საინტერესო თემაა.
    პრეზიდენტის განცხადებით გამოდის, რომ კოდორის ხეობას რუსული «ანალიტიკური ჯგუფები» დაახლოებით იმ რეალურ სტატუსსა და ფუნქციას უმზადებდნენ, როგორიც ჰქონდა აჭარას ასლან აბაშიძის «დაუვიწყარი» მმართველობისას, როდესაც «აჭარის ლომი» (სანამ ბათუმიდან გაიპარებოდა) საქართველოს ხელისუფლების ალტერნატივად აღიქმებოდა.
    ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც (ისევე, როგორც ასლანის შემთხვევაში) გაირკვეოდა, რომ არც ემზარ კვიციანს, არც მის თანამოსანგრეთ თბილისში სინამდვილეში არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ გააჩნდათ, თბილისური პოლიტბომონდი, რომელმაც ჩვეული (ასე ვთქვათ) «გულუბრყვილობით» მხარი დაუჭირა აშკარად ანტისახლმწიფოებრივ ამბოხს, - ისევე პირში ჩალაგამოვლებული აღმოჩნდებოდა, როგორც ბათუმში მრავალწლიანი ხეტიალის შედეგად აღმოჩნდა საბოლოოდ.
    თუმცა, ეს ხანგრძლივი მიეთ-მოეთი ქვეყანას კი ნამდვილად მიაყენებდა ძნელადგამოსასწორებელ ზიანს.
    ემზარ კვიციანს სინამდვილეში კოდორის ხეობის გარდა არც არაფერი აინტერესებდა (ისევე, როგორც ასლან აბაშიძეს არ აინტერესებდა არაფერი აჭარის გარდა) და «თბილისელი პოლიტიკოსები» მისთვის მხოლოდ ამ მისწრაფების განხორციელების საშუალება იყო.
    რა «ემუქრებოდა» კოდორის ხეობას? «ემუქრებოდა» ის, რაც ძალიან სურდა და ვერ აღასრულა 90-იან წლებში თამაზ ნადარეიშვილმა. იმასაც ხომ ძალიან უნდოდა კოდორის ხეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განლაგება, რათა ამით მართლაც სერიოზული პოლიტიკური არგუმენტი მოეპოვებინა - სეპარატისტთა წინააღმდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე.
    მაგრამ კვიციანს აფხაზები (იგივე მისი «ცოლოური» გარი კუპალბა) დაემუქრნენ, რომ ასეთ შემთხვევაში კოდორს დაბომბავდნენ.
    შესაბამისად, კოდორში ჩასულ ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლებს (ლონდერ ცაავა და სხვები) კვიციანის ბიჭებმა მაშინ ცხვირ-პირი დაამტვრიეს და იქედან გამოაგდეს.
    ბუნებრივია, როდესაც ანალოგიური წინადადებით კვიციანს უკვე ახალმა ხელისუფლებამ მიმართა თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებისას (ეს მოლაპარაკება თბილისში მართლაც გაიმართა «კოდორში გაჭრამდე» რამდენიმე დღით ადრე, კვიციანის დაჭერას კი არც არავინ აპირებდა მისი თანხმობის შემთხვევაში), ამ უკანასკნელმა ისევ «ქვაა ააგდო» და რაკი კოდორის მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს (როგორც ყოვლისშემძლე მეფე – თავისი სამეფოს მიმართ) – კოდორში «გავარდნა» არჩია.
    რა თქმა უნდა «ამაყი და ვაჟკაცი» სვანი იმას ვერ იტყოდა პირდაპირ ეთერში «აფხაზების მეშინია, ისინი კოდორს აიღებენ და ავტონომიური მთავრობის აქ გადმოსვლას ამიტომ ვეწინააღმდეგებიო», ამიტომ «მოათრია ყურით» ე.წ. «გირგვლიანი საქმე» და სხვა ამგვარი – თითქოსდა გირგვლიანი რომ სვანი არ ყოფილიყო, ის პოლიციელები (ვთქვათ) კახელს ან გურულს სხვაგვარად მოექცეოდნენ.
    კოდორის თვითმპყრობელი მხოლოდ იმაში შეცდა, რომ დღეს ხელისუფლებას (განსხვავებით დედალმაშო და დაოსებული შევარდნაძის ხელისუფლებისაგან) ძალაც ერჩის და სითამამეც ჰყოფნის - რადიკალურად იმოქმედოს.
    სულ სხვა საქმეა, რომ თბილისის «პოლიტიკური ელიტის» ზოგიერთ წევრს, რომელსაც არაფრით სურს წარსულ საუკუნეში («ეროვნულ მოძრაობაში») ჩარჩენასა და «სამუდამო გაფერმკრთალებას» შეურიგდეს, კოდორის ამბოხმა კონტრრევოლუციური რევანშის ტკბილი ცდუნება გაუღვივა.
    საოცარია, რა ქრონიკული (რბილად ვთქვათ) «მიუხვედრელობა» ახასიათებს ამ ჩვენს პოლიტიკოსებს. უკვე ათწლეულებია ვერა და ვერ მიმხვდარან, რომ რაც არ უნდა ამოძრავებდეს ხელისუფლებას «სინამდვილეში», რა მიზნები და განზრახვაც არ უნდა ჰქონდეს, როდესაც იგი (ობიექტურად) ქვეყნის სტრატეგიული პრობლემის გადაწყვეტასა და ამა თუ იმ, თუნდაც «მცირედად» მიჩნეულ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის გავრცელებას ცდილობს, ოპოზიციის ნებისმიერი წინააღმდეგობა (ნეიტრალიტეტიც კი, არათუ აშკარა წინააღმდეგობა) – აუცილებლად ამ ოპოზიციის დამარცხებას გამოიწვევს.
    არადა, წლიდან წლამდე, «თაობიდან-თაობამდე» მეორდება ერთი და იგივე ჩლუნგი შეცდომა – დაწყებული «ზვიადისტური» ოპოზიციის მიერ 1992 წელს აფხაზეთში ჯარების შეყვანის დაგმობიდან – დღემდე.
    ერთადერთი ვინც (ისიც ევროპული პოლიტიკური კულტურის გამოცდილებით) ამ საკითხში ელემენტარულად გონივრული პოზიცია დაიკავა, იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: «მხარს გიჭერთ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე თქვენ დაგეკისრებათ».
    ეს ალბათ იმიტომ, რომ მენტალიტეტით ზურაბიშვილი ევროპელ პოლიტიკოსად რჩება, ქართველ პოლიტიკოსებს კი პოლიტიკური ცინიზმის ანა-ბანას (ორჯერ-ორის) სასწავლებლად, როგორც ჩანს, კიდევ მრავალგზის მოუწევთ კისრის წატეხვა და არასასურველში თავის ამოყოფა.
    ახლა «მასობრივი აქციების», «ინტელიგენციის მძვინვარების» «დეკემბერ-იანვრის დემოკრატიული რევოლუციის» განმეორებისა და «ვარდების თუ ჭინჭრების კონტრრევოლუციის» იმედად ყოფნაც სრულიად ფუჭია: არავითარი რესურსი ქვეყანაში ან კონტრრევოლუციის თუ «ახალი რევოლუციის» მოსაწყობად ამ «მრავალფეროვან ოპოზიციურ გაერთიანებას» არ გააჩნია.
    ხელისუფლება საკმარისად ძლიერია, ხოლო ოპოზიცია მეტისმეტად სუსტია საიმისოდ, რათა რაიმე მნიშვნელოვანი «ტალღის» აგორება იყოს შესაძლებელი.
    ამის მკაფიო დასტურია თუნდაც «ანტიექსტრემისტული აქტის» და შესაბამის კანონპროექტთა მომზადების ისტორია. განურჩევლად იმისა, იქნება თუ არა იგი მიღებული (ამის საჭიროება არც არსებობს) თვით ამგვარი განზრახვის გაჟღერება კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, რამდენად სუსტია დღეს ე.წ. «პლიურალისტური საზოგადოება» და რამდენად უსუსურია იგი, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე.
    რაც შეეხება შევარდნაძე-სააკაშვილის შედარებას (ეს განსაკუთრებით «რესპუბლიკელებს» ჩვევიათ), მთავარი განსხვავება ის არის, რომ შევარდნაძე ძალიან სუსტი და საბოლოოდ «დაჩმორებული» იყო, ხოლო თუ ამჟამინდელი ხელისუფლება «ამერიკის «პატრიოტული აქტის» მსგავსი კანონპროექტის მიღებას საჭიროდ არ ჩათვლის, - მხოლოდ იმიტომ, რომ (ვიმეორებ) უბრალოდ არ სჭირდება და არა იმიტომ, თითქოს არ შეუძლია ან ოპოზიციის შეეშინდება.
    ხელისუფლების მთავარი არგუმენტი და ძლევამოსილების წყარო ის არის, რომ იგი ახერხებს მკაფიო საერთონაციონალური პროექტის დეკლარირებას და ქვეყანაში განვითარების ატმოსფეროს(!) შექმნას.
    რამდენიც არ უნდა აკრიტიკოს ეს პროექტი ოპოზიციამ, სანამ იგი საკუთარ პროექტს არ «დადებს», - თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, - მისი ძალისხმევა «განწირული სულისკვეთების» ფარგლებს ვერ გაცდება.
    მომავალი არჩევნების იმედი კი, ქართულ «პოლიტოკრატიას» სულ ტყუილად აქვს.
    ერთხელ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ საქართველოს თაობაზე საუბრისას თქვა საოცრად ღრმა და საინტერესო ფრაზა: «სანამ ვითარება საქართველოში გამოიყურება(!), როგორც სტაბილური, იგი ასეთად დარჩება».
    ეს ფრაზა მხოლოდ უმეცართათვის შეიცავს პარადოქსს. მისი პერიფრაზით, «სანამ ხელისუფლება გამოიყურება როგორც ძლიერი, იგი ასეთად დარჩება, სანამ ხელისუფლება გამოიყურება, როგორც წარმატებული, იგი ასეთად დარჩება, სანამ ხელისუფლება გამოიყურება როგორც სერიოზული და ქმედითი, იგი ასეთად დარჩება და (ბოლოს) სანამ ხელისუფლება გამოიყურება, როგორც ხელისუფლება, იგი ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს მოიგებს, ვინაიდან ქართველი ამომრჩევლის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ იგი ხმას აძლევს არა მისთვის სასურველს, არამედ ძლიერს!
    ამიტომაც, სანამ ხელისუფლება გამოიყურება როგორც ძლიერი და «გამკეთებელი» - იგი საქართველოში ხელისუფლებად დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ოპოზიციის პირობებში – ნამდვილად!