ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღსასრული?!

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აღსასრული?!

 

    გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში» განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პარტიის შექმნა, ჩამოყალიბება და ფუნქციონირება მთლიანად მის პიროვნებაზე იყო დამოკიდებული.
    როგორც აღმოჩნდა, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის», როგორც ორგანიზაციის შინაგანი სტრუქტურა უაღრესად მყიფეა - მან ვერ გაუძლო გამოცდას (ლიდერის დაკარგვას) და დაშლის პირას მივიდა. პარტიის ხელმძღვანელები ჯერ კიდევ ცდილობენ, შეინარჩუნონ «იმიჯი», მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით: შაბათს, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ინიციატივით ჩატარდა ყრილობა, რომელიც მთავარმა კომიტეტმა უკანონოდ გამოაცხადა და იმთავითვე არ დაემორჩილა მის გადაწყვეტილებას.
    ყრილობამ აირჩია ახალი «მთავარი კომიტეტი», რომელიც ირინა სარიშვილის მომხრეებისგან შედგებოდა. «ძველი» მთავარი კომიტეტის უფლებამოსილება ყრილობამ შეწყვიტა, ვინაიდან მან ირინა სარიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და არ ცნობდა მისი, როგორც თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
    ყველაფერი კი დაიწყო ირინა სარიშვილის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: «გია ჭანტურიას საქმეს გააგრძელებს მისი ცოლი». ამ განცხადებამ პარტიის ხელმძღვანელ ბირთვში ყრუ უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან გია ჭანტურიას ოფიციალურ მემკვიდრედ მისი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი - მამუკა გიორგაძე იყო გამოცხადებული.
    იმ დროს საქმე განხეთქილებამდე არ მივიდა, რადგან ახლოვდებოდა 5 ნოემბრის არჩევნები და აშკარა უთანხმოება «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» დისკრედიტაციას (მის უეჭველ დამარცხებას) გამოიწვევდა. მაგრამ არჩევნების შემდეგ შიდა პარტიული ბრძოლა ახალი ძალით განახლდა. ირინა სარიშვილი, რასაკვირველია, არ შეურიგდა მისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს და გამოიყენა თავმჯდომარის ხელთ არსებული ერთადერთი არგუმენტი (პირდაპირი აპელირება ყრილობის მიმართ), რათა ძალაუფლება პარტიაში რეალურად ექცია და «ურჩი» მთავარი კომიტეტი დაესაჯა.
    ზოგიერთი მიმომხილველი მაშინ გამოთქვამდა აზრს, რომ ყრილობა სარიშვილს მხარს არ დაუჭერდა და საკუთარი ხელით არ გაანადგურებდა პარტიის ელიტას, მაგრამ ყრილობამ სწორედ «საკუთარი ხელით მოსპო» ძველი მთავარი კომიტეტი და მთელი ძალაუფლება ფაქტობრივად თავმჯდომარეს ჩააბარა.
    ეს იმის მაჩვენებელია, რომ «მთავარმა კომიტეტმა» უმძიმესი, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და მთლიანად პარტიას დაუპირისპირდა.
    მეორეს მხრივ, მთავარ კომიტეტს სხვა უპირატესობა აქვს - ფაქტობრივად სრული შემადგენლობით იგი პარლამენტში იმყოფება, ხოლო დეპუტატების მანდატებს მას ყრილობა ვერ წაართმევდა. ამრიგად, მთავარ კომიტეტს შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ისეთი მაღალი ტრიბუნა, როგორიცაა პარლამენტი და ოთხი წლის განმავლობაშიც ის პოლიტიკა გაატაროს, რომელიც საჭიროდ მიაჩნია.
    ამავე დროს, მთავარი კომიტეტის «საპარლამენტო შემადგენლობის» დაუმორჩილებლობა ყრილობის გადაწყვეტილებებისადმი იმას გამოიწვევს, რომ მისი წევრები შეიძლება, იმავე ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიიდანაც გაირიცხონ! რაც უკვე უეჭველად განაპირობებს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ბაზაზე ორი სხვადასხვა (ურთიერთდაპირისპირებული) პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.
    ნებისმიერ შემთხვევაში, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» გავლენა და ავტორიტეტი საზოგადოებაში ნულზე დავიდა, რადგან ამომრჩეველმა არჩევნებში ხმა მისცა ერთიან, მონოლითურ ორგანიზაციას და არა დაშლილ, დაქუცმაცებულ, პიროვნულ ამბიციებს გადაყოლილ პარტიას.
    რაც შეეხება «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში» მომხდარი განხეთქილების გავლენას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: დღევანდელი ხელისუფლება ამგვარ ვითარებას ვერც კი ინატრებდა - ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც პარლამენტში მოხვდა არჩევნების შემდეგ, დაშლისა და განადგურების პირას დგას. მას უკვე აღარ ძალუძს მკაცრი ოპონენტის როლი შეასრულოს, რაკი მენტორული ტონით საუბრის უფლება არა აქვს იმ ორგანიზაციას, რომელსაც შიდაპარტიული განხეთქილებისათვის ვერ მოუვლია - ფაქტობრივად, პრეზიდენტს დღეს იდეალური პირობები აქვს იმ პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც საჭიროდ მიაჩნია: მისი უმთავრესი მოწინააღმდეგეები ციხეში სხედან, ხოლო ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატიული პროგრამის შემუშავება შეეძლო - ამ ფუნქციას (ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში) ვეღარ შეასრულებს.
    ამრიგად, ხელისუფლებამ მიიღო კარტბლანში და აქვს საშუალება, საკუთარი სურვილისამებრ იმოქმედოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო-პოლიტიკურ სფეროში.
    ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში» დაპირისპირებული ვერც ერთი მხარე უკვე უკან ვერ დაიხევს, ვინაიდან ამგვარი უკანდახევა კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. დაპირისპირება გაგრძელდება და, სამწუხაროდ, უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.
    ედპ-ს კრიზისი, მთლიანობაში, იმ მოძრაობის კრიზისია, რომელიც 1988 წელს დაიწყო საქართველოში.

«მსგეფსი», 24 მაისი, 1996 წელი.