ენგურის ნაპირებზე შურისძიების ცეცხლი გიზგიზებს

ენგურის ნაპირებზე შურისძიების ცეცხლი გიზგიზებს

  

    აფსუეთის ე.წ. «საგარეო საქმეთა სამინისტროს» ცნობით, ზუგდიდის ერთ-ერთი იზოლატორიდან ქართველმა პარტიზანებმა გაიყვანეს სამი აფხაზი ტყვე და იქვე დახვრიტეს. როგორც ჩანს, ისინი სხვადასხვა ვითარებაში ტყვედ იგდეს ქართველმა პარტიზანებმა და შემდგომ საქართველოს პოლიციას გადასცეს.
    თვით პარტიზანები ამ ფაქტს უარყოფენ, მაგრამ სეპარატისტთა «საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ» საპროტესტო წერილით მიმართა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მოღვაწეობენ «საქართველოსა და აფხაზეთში».
    სხვათა შორის, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, არ არის გამორიცხული ამ უკანასკნელთა პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ; გაეროსაც და ეუთოსაც სწორედ ჩვენი ქვეყანა მიაჩნიათ «დაბალ ღობედ», თორემ სოხუმის ხელისუფლებისთვის მიმართვას აზრი არა აქვს, - ისინი მათ «პროტესტებს» ყურადღებას არ აქცევენ; ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ პრესტიჟს უფრთხილდებიან. საქართველოს კი მათი პროტესტებისა ძალიან ეშინია. ამრიგად, ჩვენთვის პროტესტის განცხადებაც მიზანშეწონილი ხდება
    რაც შეეხება «სამი აფხაზის» დახვრეტას, ქართული მხარე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რაღაც ამის მსგავსი მართლაც მომხდარიყო.
    კიდევ კარგი, სამეგრელოს მოსახლეობაში, როგორც იქნა, იღვიძებს შურისძიების შეგრძნება და თანდათან ხდება იმ ტრაგიკომიკული სინდრომის დაძლევა (თუმცა, ამის სიმპტომები დღესაც არის), როდესაც აფსუათა მხეცობა რატომღაც «ანტითბილისური» განწყობის გაძლიერებას იწვევდა. თუ სამეგრელოს მოსახლეობა მტრისადმი ისეთივე ფანატიზმით იქნება შეპყრობილი, როგორითაც აფსუები არიან, ამ უკანასკნელთა საქმე ცუდად წავა, ვინაიდან ბოლოს და ბოლოს, აფსუა სეპარატისტთა რაოდენობა არ მისცემს მათ საშუალებას, დიდხანს გაუძლონ შეურიგებელ დაპირისპირებას.
    როგორც ჩანს, პარტიზანებს მართლაც აქვთ გადაწყვეტილი, განაგრძონ ბრძოლა გალსა და მთელს აფხაზეთში. მაისის მოვლენათა შემდეგ ამისათვის საუკეთესო ფონია შექმნილი - გალში მოსახლეობა ფაქტობრივად აღარ დარჩა, ანუ არძინბას ხროვა დამსჯელ ღონისძიებებს მშვიდობიანი მაცხოვრებლების წინააღმდეგ ვეღარ განახორციელებს; ენგურის მთლიანად გადაკეტვა გამორიცხულია: საამისო ძალა არც სეპარატისტებს და არც ე.წ. «სამშვიდობო ძალებს» არა აქვთ. პარტიზანებს არათუ ზუგდიდისა და წალენჯიხის, არამედ თვით გალის რაიონშიც შეუძლიათ შექმნან დასაყრდენი ბაზები, რათა შემდგომ რეიდები განახორციელონ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ ისინი არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სამურზაყანოთი და ხშირად გადავიდოდნენ სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებშიც.
    ყოველ შემთხვევაში, სეპარატისტებს (მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მოხდა) მოსვენება არ უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ ისინიც შექმნიან ანალოგიურ ტერორისტულ-დივერსიულ დაჯგუფებებს და განახორციელებენ რეიდებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მათთვის ეს გაცილებით რთული იქნება, ვინაიდან (განსხვავებით ქართველი ლტოლვილებისაგან)! ამ რეგიონის მკვიდრი მცხოვრებნი არ არიან.
    გარდა ამისა, აბა სხვას რას უნდა აკეთებდნენ ჩვენი ძალისმიერი სტრუქტურები, თუ არა მტრის ამგვარი დივერსიული ქმედების აღკვეთას?! რა თქმა უნდა, ქართველ პარტიზანთა მოქმედებას უეჭველად მოჰყვება გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა პროტესტები საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ამ ორგანიზაციებს არაფერი აინტერესებთ საკუთარი «მუნდირის ღირსების» გარდა. თქვენ წარმოიდგინეთ, გალის მოვლენებსაც კი უცნაური რეაქცია მოჰყვა: გაეროს უშიშროების საბჭოშიც და ეუთოშიც «ყურადღება მიაქციეს», რომ აფსუა სეპარატისტთა სადამსჯელო ექსპედიცია სამურზაყანოში «ქართული მხარის დივერსიული პროვოკაციებით» ყოფილა გამოწვეული.
    ამიტომ გამორიცხულია გაეროს უშიშროების საბჭომ ჩვენთვის სასარგებლო რეზოლუცია მიიღოს. ალბათ, უფრო პირიქით. აქ მხოლოდ რუსეთის ანტიქართულ აქტიურობაში არ არის საქმე. ნებისმიერი საერთაშორისო კორპორაცია ნაკლები წინააღმდეგობის მიმართულებით მიდის. ანუ თბილისში გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება, ვიდრე სოხუმში.
    პარტიზანული მოძრაობის შეწყვეტა დღევანდელ პირობებში აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ ხელის აღებას ნიშნავს. სეპარატისტებს მოსვენება არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან ფართომაშსტაბიანი ომის გაჩაღება მართლაც არ არის მიზანშეწონილი - ეს საქართველოს ერთადერთი შანსია. ადრე თუ გვიან «მცირე ინტენსივობის» ზეწოლა ნამდვილად გამოიღებს შედეგს, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ სამშობლოსათვის ფანატიკური ბრძოლა თვით ლტოლვილთა დაუოკებელი წყურვილი უნდა გახდეს. სხვაგვარად არაფერი გამოვა.
    სამარცხვინოა, როდესაც ათეულობით ათასი მამაკაცი წუწუნებს და ვაჭრობას არჩევს. თუ თვითონ არ უშველეს თავს და ერთიანად არ აენთნენ მათი დამჩაგვრელი და დამამცირებელი აფსუა ფაშისტებისათვის სამაგიეროს მიზღვის სურვილით, დაკარგულის დამბრუნებელი სხვა არავინ ჩანს.

მერიდიანი, 17 ივნისი, 1998 წ.