ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ისტორიული კრახის წინაშე

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ისტორიული კრახის წინაშე

   

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, რომელიც 15 ნოემბერს შედგა საქართველოში და უეჭველად იქცა ძალზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ქვეყნის ცხოვრებაში, - ერთი საყურადღებო ტენდენცია გამოკვეთა: «მემარჯვენე», პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. აშკარად დამარცხდა მთლიანად «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია». ეს მარცხი მით უფრო მწარე და თვალშისაცემია, რომ პარტიის ლიდერი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია «სახალხოელებს» და სხვა «მემარჯვენეებს» სულ ცოტა ხნის წინ «უპერსპექტივო ოპოზიციას» უწოდებდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მაგალითად, თბილისში «სახალხომ» უფრო მეტი ხმა მოაგროვა; თუმცა მთლიანობაში, არც მამუკა გიორგაძის პარტიამ «მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები».
    რა თქმა უნდა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორივე განაყოფი ხმებს ძირითადად ერთმანეთს ართმევს, მაგრამ ირინა სარიშვილი-ჭანტურიას პარტია, ნაცვლად იმისა, «ერთადერთ ოპოზიციურ ძალად» ქცეულიყო, ახლა უფრო იმით იქნება დაკავებული, როგორმე შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ ოლიმპზე და არ შთაინთქას სხვა მრავალ პარტიასთან ერთად ისტორიულ წყვდიადში.
    გია ჭანტურიას პარტიამ თუ ასე სამარცხვინოდ დაასრულა თავისი მოღვაწეობა, - ეს არა მხოლოდ თვით ამ პარტიის, არამედ (გადაუჭარბებლად) მთელი პოლიტიკური სპექტრის მარცხი იქნება.
    საუბარია პარტიაზე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ საქართველოსთვის ტრადიციული (ილიასეული) ეროვნულ-დემოკრატიული მოთხოვნა შეითვისა. რა თქმა უნდა, (ვიმეორებ), არც «სახალხოა» უკეთეს დღეში. თბილისსა და სხვა რეგიონში მოპოვებული თითო-ოროლა მანდატი ბევრს არაფერს ნიშნავს.
    ორივე «მემარჯვენე» პარტიის მთავარი შეცდომა ალბათ მაინც ის იყო, რომ მათ არ სურდათ და არ სურთ გაიგონ მთავარი თავისებურება ამჟამინდელი სოციალ-პოლიტიკური ვითარებისა საქართველოში; ამჟამად ჩვენს ქვეყანას «მემარჯვენე» შეფერილობის ხელისუფლება ჰყავს, რომელიც, ავად თუ კარგად, უმოწყალოდ ატარებს «მონეტარისტულ» ლიბერალურ რეფორმას. ამგვარ ხელისუფლებას შეიძლება მხოლოდ «მემარცხენე» ოპოზიცია ჰყავდეს, მაგრამ არა «მემარჯვენე».
    არადა, ჩვენებური «მემარჯვენეები» მოქალაქეთა კავშირის მმართველ (ლიბერალთა) გუნდს უპირისპირდებოდნენ. ამასობაში, იდეურმა მოწინააღმდეგეებმა (ლეიბორისტებმა) იმარჯვეს; ამგვარი არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკით «მემარჯვენეები» მხოლოდ იმას მიაღწევენ, რომ მმართველი პარტია წაიღებს «ლიბერალი ელექტორატის» ხმებს მთლიანად, ხოლო სხვა მემარჯვენე პარტიები სამუდამოდ ჩამოვლენ ქართული პოლიტიკური სცენიდან.

    15 ნოემბრის არჩევნების შედეგად, მთელი ქვეყნის მაშტაბით 5 პროცენტიანი საარჩევნო კვოტა მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირმა», «ლეიბორისტულმა პარტიამ» და «აღორძინებამ» გადალახეს.
    «წკიპზე» დგას ვახტანგ რჩეულიშვილის «სოციალისტური» პარტიაც, მაგრამ «ედპ» და «სახალხო» 5 პროცენტიან ბარიერს ვერ მიუახლოვდნენ. 1999 წლის არჩევნები ასეთი შედეგით თუ დამთავრდა, ორივე «თამაშგარე მდგომარეობაში» აღმოჩნდება.
    «სახალხოელებს» უკეთესი მდგომარეობა აქვთ, ვინაიდან «ერთადერთი ოპოზიციური პარტიის» პრეტენზია მათ რაც არასდროს ჰქონიათ, ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში, შეუძლიათ შეუერთდნენ; «ეროვნული მოძრაობიდან» წამოსულ პარტიათა ბლოკს - «საქართველო - მერაბ კოსტავას საზოგადოება» (თუკი ინდომებენ). ირინა სარიშვილი-ჭანტურიასათვის კი ეს გადაულახავი ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა იქნება, - ამით იგი სრულ ფიასკოს აღიარებს.
    ედპ-ს ძალა და გავლენა რეგიონებშიც მითი აღმოჩნდა; ყოველ შემთხვევაში ერთ რაიონში მოპოვებული გამარჯვება და ხმათა საერთო რაოდენობა ნამდვილად არ არის საკმარისი 5-პროცენტიანი კვოტის გადასალახად, ხოლო (რაც საგულისხმოა) ამ კვოტის შემცირებას, ვთქვათ 3-4 პროცენტამდე, არც მმართველი პარტია დაუშვებს და არც მომძლავრებული მემარცხენე ოპოზიცია.
    თუ ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეიცვალა, ისტორიული კრახი ელის პარტიას, რომელიც ილია ჭავჭავაძის იდეებს ქადაგებდა, საბჭოთა კომუნისტური წყობის წყვდიადში წარმოიშვა და ანტიკომუნისტურ ბრძოლას განასახიერებდა; პარტიას, რომელმაც ფაქტიურად დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი საქართველოში 1988 წლის ნოემბრის აქციით და საკმოად შორს მიმავალი (არსებითად გამართლებული და დასაბუთებული) ამბიციებიც ჰქონდა;
    ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კრახი (თუ მართლაც ასე მოხდა) «ეროვნულ-დემოკრატიული» იდეის, ეროვნული მოძრაობის საბოლოო და შეუქცევადი მარცხი იქნება; ამიტომ ედპ-მ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ადგილი - თუნდაც მცირერიცხოვანი ოპოზიციის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვისებრივი ცვლილება გარდაუვალია საზოგადოებრივ ფასეულობათა სისტემაში, - რაც ნამდვილად არ შედის თვით ხელისფლების ინტერესებში, რომელმაც იმდენად «ღრმად შეტოპა» დასავლეთისკენ, რომ უკან ვეღარ დაიხევს.
    მიუხედავად ამისა, ედპ-ს იგი ვერაფრით დაეხმარება, თუ ეროვნულ-დემოკრატები თავად არ დაეხმარებიან საკუთარ თავს.
    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ განხეთქილებამ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას» უდიდესი, იქნებ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ფაქტობრივად, ედპ-ს ელექტორატი თანაბრად გაიყო, რაც შეიძლება არ აღმოჩნდეს (ვიმეორებ) საკმარისი ორივე «განაყოფის» მიერ საარჩევნო კვოტის გადასალახად 1999 წლის არჩევნებში, როდესაც უმოწყალო, დაუნდობელი ბრძოლაა მოსალოდნელი.
    მაშასადამე, 15 ნოემბერი ედპ-ს აღსასრულის დასაწყისია. ერთადერთი გამოსავალი (ალბათ, მხოლოდ თეორიული და პრაქტიკულად შეუძლებელი),- რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, შერიგება და გაერთიანებაა!
    თუ შერიგება მოხდება «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გადარჩენის» მოტივით, ხალხი ამას გაიგებს და უპრინციპობად არც ერთ მხარეს არ ჩაუთვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში მამუკა გიორგაძეს, ირინა სარიშვილს, ვანო ხუხუნაიშვილს, გია კობახიძეს მოუწევთ შეესწრონ, როგორ დაიღუპება და განადგურდება გია ჭანტურიას პარტია.

მერიდიანი, 18 ნოემბერი 1998 წ.