საქართველოში ელექტროენერგია პოლიტიკური კაპიტალია    

საქართველოში ელექტროენერგია პოლიტიკური კაპიტალია    

ქართლის ჭირი
   

    უკვე მერამდენე ზამთარია, საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ აცივებამდე შიშით კანკალებს. კვლავ პოპულარულია ჯაბა იოსელიანის ანეკდოტი - ამ ზამთარს ვინც გადავურჩებით, გაზაფხულზე სურათი გადავიღოთო. არადა, ყოველ შემოდგომაზე გვკვებავენ დაპირებებით, რომ მომავალი ზამთარი წარსულზე უკეთესი იქნება; ახლა უკეთ მოვემზადეთ და ა.შ. მაგრამ უკანასკნელ მომენტში უეჭველად აღმოჩნდება, რომ წლევანდელი ზამთარი სწორედაც უარესია, ვიდრე ყველა წინა, თუ არ ჩავთვლით 1994-95 წლების საზარელ ზამთარს, როდესაც საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყდა და მიუჩვეველი მოსახლეობა «საკუთარი ძალებით» ვერ მოემზადა სიცივისათვის. ხელისუფლების წარმომადგენლებს ენერგეტიკული სიდუხჭირის ასახსნელად მზა არგუმენტი აქვთ. «ელექტროენერგია არ გექნებათ, სანამ გადახდას არ ისწავლით!» მაგრამ მოსახლეობა თუ ფულს არ იხდის მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ესეც «საქენერგოსა» და «თელასის» ბრალია, მათი მოვალეობაა მოახერხონ პროცესის ორგანიზება, დაამონტაჟონ სპეციალური მრიცხველები. შემოიღონ ელექტრონული კოდირებული ბარათები (როგორც ბევრ სხვა ქვეყანაშია) და ა.შ. ისინი კი ამას ვერ ახერხებენ და მოსახლეობაც ვერ «სწავლობს» საფასურის გადახდას, მით უმეტეს იმ პირობებში, თუ ენერგეტიკოსები ვერ აწვდიან მას იმ ელექტროენერგიასაც კი, რომლის საფასური წინასწარ გადაიხადა. ასეთ პირობებში რაიმე ნდობაზე, ან გადახდის კულტურის ჩამოყალიბებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
    1997 წლის გაზაფხულზე, როდესაც დაიწყო ენგურჰესის სარემონტო სამუშაოები, ენერგეტიკოსები გვარწმუნებდნენ, რომ კაშხალი მოასწრებდა შევსებას, რათა ზამთარში სრულად დახარჯულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, - კაშხალი მცირეწყლიანობის გამო ვერ შეივსო, საქართველომ კი ამით რამდენიმე მილიონი კილოვატსაათი დაკარგა. თითქმის მთლიანად შეწყდა ბუნებრივი აირის მოწოდება რუსეთიდან (ჩვენი დიდი მეგობარი ნამდვილად «მეგობრულად» გვექცევა), ანუ თბილსრესი, ფაქტიურად გაჩერდება, ვინაიდან მიღებული 50 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დღე-ღამეში მიზერული რაოდენობაა და  რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სიცოცხლისუნარიანობას უნდა მოხმარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ღუმელი გაცივდება და მისი აღდგენა ახალი მეტალურგიული ქარხნის აშენების ტოლფასია.
    კიდევ უფრო მწვავე ვითარება იქმნება ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებით. ამჟამად ენგურჰესიდან ენერგიის 20-25 პროცენტი აფხაზებს მიაქვთ. მეტი არ სჭირდებათ, თორემ მეტსაც წაიღებდნენ. ამავე დროს, აფხაზეთის ჩრდილოეთ რაიონებს (გაგრასა და გუდაუთას) ელექტროენერგია რუსეთიდან მოეწოდებათ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ელექტროენერგიის საფასური საქართველოს ეწერება ვალად და თანხამ უკვე 40 მილიონ დოლარს მიაღწია. საქენერგომ თხოვნითაც კი მიმართა «აფხაზ ენერგეტიკოსებს» - შეეზღუდათ ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. ამავე დროს, საქართველოს არ შეუძლია სთხოვოს რუსეთს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ვინაიდან ამ შემთხვევაში აფხაზებიც შეგვიწყვეტენ ელექტროენერგიას ენგურჰესიდან (ჰიდროელექტროსადგურები აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს). საპასუხოდ, საქართველო იძულებული გახდება დაცალოს თვით კაშხალი, შედეგად კი დენი არც ჩვენ გვექნება და არც აფხაზებს. მაგრამ თუ აფხაზებისთვის ეს კატასტროფას ნამდვილად არ ნიშნავს, ვინაიდან ისედაც არა აქვთ განსაკუთრებული ეკონომიკური ილუზიები და გასათბობად ხე-ტყეც ეყოფათ, საქართველოსთვის ეს რეფორმის კრახსა და კვლავ 1993 წლის ინფლაციაში დაბრუნებას მოასწავებს. ამის შემდეგ შეწყდება ყოველგვარი საუბარი «ევრაზიულ დერეფანსა» და ტრასეკას პროექტებზე. ენერგეტიკა ეკონომიკის საფუძველია და მისი დაშლის შემთხვევაში ქვეყანაც საბოლოოდ დაიშლება. ამრიგად, ქართველ «ელექტრიკოსთა» უთაობის გამო ქვეყანაც ნელ-ნელა კარგავს განვითარების პერსპექტივას.
   

მერიდიანი, 29 სექტემბერი, 1997 წ.