ეროვნული თანხმობა: მარადიული და მიუღწეველი

ეროვნული თანხმობა: მარადიული და მიუღწეველი

    რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თაობაზე საერთოეროვნული რეფერენდუმის გამართვიდან 21 წელი შესრულდა: 1991 წლის 31 მარტს, – ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, – საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (98 პროცენტმა) ხმა მისცა დამოუკიდებლობას ანუ სახელმწიფოებრიობის აღდგენას.
    სულ რაღაც 3 თვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ესოდენ საკრალური იდეაც კი არ არის საკმარისი ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობის მისაღწევად: საზოგადოება, რომელიც თითქოსდა ერთიანი იყო დამოუკიდებლობის საკითხში, მაშინვე გაიხლიჩა დაპირისპირებულ ბანაკებად და ამ დაპირისპირების პროცესში ყბადაღებული «დამოუკიდებლობაც» ლამის ქვეშ მოიყოლა: დღეს, 20 წლის შემდეგ, იმ «ბანაკთა» ნარჩენები იმაზეღა მსჯელობენ, ვინ უფრო იყო «კრემლის აგენტი» და ვინ გაყიდა პირველმა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინეტრესები: ზვიად გამსახურდიამ თუ ედუარდ შევარდნაძემ, ლოთი ქობალიამ თუ ჯაბა იოსელიანმა.
    არა აქვს მნიშვნელობა, ამჟამად რომელს ვეთანხმებით და რომელს – არა. ფაქტია, რომ ეროვნული თანხმობა ვერ შედგა მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო და მართლა ქვეყნის ბედი წყდებოდა.
    დაახლოებით იმავე დროს, ბალტიის ქვეყნებში ნამდვილი ეროვნული მოძრაობა გაიშალა, რომლის უმთავრესი თვისება სწორედ ეროვნული თანხმობა გახლდათ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ლიტვაში, ლატვიაში ან ესტონეთში ისეთივე ცოფიანი დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, როგორმაც საქართველოს ისტორიის იმ საბედიწერო ტეხილზე ქვეყანა დაანგრია და თვით დამოუკიდებლობის, როგორც იდეის დისკრედიტიაციაც მოახდინა? რა თქმა უნდა არა! ასეთი რამ იქ არ მოხდებოდა, რადგან თვით საზოგადოება იყო კონსოლიდირებული, ხოლო ეროვნულ მოძრაობაში – ეროვნული თანხმობით ჩაება.
    აქედან გამომდინარე, ძალიან არაპოპულარული კი იქნება, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ, როგორც ჩანს, იმ ერებისგან განსხვავებით ისეთ თითქოსდა ეჭვმიუტანელ საკითხშიც კი, როგორიც ეროვნულ–სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაა, სინამდვილეში თანხმობა არ არსებობდა. არ არსებობდა მიუხედავად ზემოთხსენებული 98 პროცენტისა! წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, როგორ შეიძლება ერი ასე ადვილად გაიხლიჩოს სულ რამდენიმე თვის შემდეგ?
    ე.წ. «დეკემბერ–იანვრის მოვლენათა» ჯერ მომზადებაში, შემდეგ მათ განხორციელებაში ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩაერთო და არა მხოლოდ ე.წ. «ზვიადისტები», «ელიტარული ინტელიგენცია» და კრიმინალური სამყარო, როგორც ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ. ესე იგი, არ არსებობდა ის დამცავი, შემაკავებელი ინსტინქტი, რომელიც (ვიმეორებ) საბედისწერო ისტორიულ მომენტში დამღუპველ და გამანადგურებელ სამოქალაქო ომს აგვაცილებდა. იმ ომის შედეგებს კი დღემდე ვიმკით.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კი ბატონო, გავამარტივოთ დისკურსი და კვლავ დავაბრალოთ ყველაფერი ზვიად გამსახურდიას. მაგრამ განა ედუარდ შევარდნაძემ შეძლო ეროვნული თანხმობის მიღწევა? განა მის დროს ქართული საზოგადოება კონსოლიდირებული და ერთიანი იყო?
    არადა, რეფერენდუმის დროინდელი «98 პროცენტის» და პრეზიდენტ გამსახურდიას «87 პროცენტის» მსგავსად, თვით ედუარდ შევარდანძემ 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 94 პროცენტი მიიღო!
    განა ქართული საზოგადოება მისი ხანგრძლივი მმართველობის განმავლობაში კონსოლიდირებული იყო? აქ პოლიტიკურ უთანხმოებებზე როდი გვაქვს საუბარი: ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ პოლიტიკოსს ჰყავს მოწინააღმდეგეები და მომხრეები. ასეთია პოლიტიკის თვისება, მაგრამ გამსახურდიასა და შევარდნაძის შემთხვევებში საქმე გვქონდა არა უბრალოდ პოლიტიკურ დისკურსთან, არამედ საზოგადოების გახლეჩასთან, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გადაზრდილიყო მორიგ სახელმწიფოებრივ კატაკლიზმში.
    ასეც მოხდა 2003 წელს. თუმცა, საბედნიეროდ, 1991 წლისგან განსხვავებით, საზარელი სისხლისღვრის გარეშე. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე 96 პროცენტით (!) მოვიდა ხელისუფლებაში. თუმცა ეროვნული თანხმობა კვლავ მიუღწეველი აღმოჩნდა.
    ისევ და ისევ, ამომრჩეველთა პროცენტები აბსოლუტურად არ კორელირებდა საზოგადოებაში რეალურად არსებულ უთანხმოებასთან. ეს უთანხმოება არსებობდა და კვლავაც არსებობს. ხოლო საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ შეძლო ვერც ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებლობის იდეამ, ვერც ედუარდ შევარდნაძის სტაბილურობისა და სიმშვიდის პროექტმა და ვერც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციამ.
    არადა, სამ სრულიად განსხვავებულ, უფრო მეტიც, თვისებრივად დაპირისპირებულ პროექტთან და სამ აბსოლუტურად სხვადასხვა ყაიდის პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე!
    შინაარსობრივად არაზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ ვერ ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა საზოგადოების კონსოლიდაცია. უფრო ზუსტია იგივე ვთქვათ ოდნავი აზრობრივი სახეცვლილებით: ვერც ერთმა მათგანმა ევრ შეძლო ისეთი მაკონსოლიდირებელი იდეის შეთავაზება საზოგადოებისთვის, რომელიც ამ საზოგადოებაში არსებულ შინაგან ნაპრალებს შეავსებდა. ხოლო ის პროექტები, რაც შესთავაზეს, გამაერთიანებელი პოტენციის შემცველი არ აღმოჩნდა. მათ შორის (დიახ, დიახ) თვით დამოუკიდებლობის იდეაც კი – რომ აღარაფერი ვთქვათ შევარდანძისეული «სტაბილურობის» და სააკაშვილისეული «მოდერნიზაციის» პროექტებზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დღევენდელმა გამოკითხვებმა და სოციოლოგიურ კვლევათა შედეგად დადებულმა ციფრებმა ისევე არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, როგორც გამსახურდიას 87 და შევარდნაძის 95 პროცენტმა. როდესაც საზოგადოება არაკონსოლიდირებულია, პროცენტებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს – ამ საზოგადოების თუნდაც მცირე, მაგრამ პასიონარულ ნაწილს იოლად შეუძლია სერიოზული დაპირისპირების პროვოცირება. დამცავი ჯებირი კი (ეროვნული თანხმობის სახით) კვლავინდებურად არ არსებობს. ანუ არ არსებობს რაიმე იდეა, საერთოეროვნული პროექტი, რომელიც არა მხოლოდ და არა უბრალოდ პოლიტიკური კონსოლიდაციის, არამედ თვით საერთო იდენტობის ფაქტორი გახდებოდა.
    სხვათა შორის, როდესაც საზოგადოებაში ეროვნული თანხმობა არ არსებობს და ეს ვითარება წლიდან წლამდე, ეპოქიდან–ეპოქამდე გრძელდება, აქ უკვე სერიოზული ეჭვი ჩნდება თუნდაც საერთოეროვნული იდენტობის არსებობასთან დაკავშირებითაც კი. დიდი ილია ჭავჭავაძე სვამდა კითხვას: «რანი ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართო», შემდეგ «საერთო ნიადაგის» თეორიაც შეიმუშავა, რომელსაც თითქოს ერი უნდა გაეერთიანებინა, მაგრამ სწორედ ქართული საზოგადოების შიგნით არსებული (იმ ეპოქაშიც არსებული) კარდინალური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.
    იძულებული ვართ დავასკვნათ, რომ არაკონსოლიდირებულობა და საერთო იდენტობის (ანუ საერთოეროვნული მატრიცის) სისუსტე ჩვენი ეროვნული თვისებაა, რომელსაც მძიმე ისტორია უდევს საფუძვლად.
    თუმცა არა მხოლოდ: განა ებრაელებს ან სომხებს ნაკლებად მძიმე ისტორია აქვთ? უამრავი პრობლემა შემორჩათ «სისხლიანი ათასწლეულებიდან», მაგრამ ეროვნული თანხმობისა და კარდინალურ საკითხებში საზოგადოებრივი კონსოლიდირებულობის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. სხვა ტერმინოლოგიით, ამ ფენომენს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კულტურა ეწოდება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    აქ მეტყველი, სავსებით გასაგები მრავალწერტილი ვიგულისხმოთ და უფრო აქტუალური, საშური თემა განვიხილოთ: შესაძლებელია თუ არა საერთო ეროვნული თანხმობა და რა უნდა იყოს ის იდეა, რომელიც საზოგადეობას გააერთიანებს?
    ბუნებრივია, ამ სტატიის ავტორს ვერ ექნება პრეტენზია პასუხი გასცეს ესოდენ მაშტაბურ და საბედისწერო კითხვას, თუმცა, მხოლოდ თეორიული მსჯელობის სახით, დავაკვირდეთ სამივე განსახილველ ეპოქაში არსებულ ერთ თავისებურებას, რომელიც, გარკვეული აზრით, მათ აერთიანებთ კიდეც:
    ზვიად გამსახურდიას დამოუკიდებლობის (ანუ სახელმწიფოებრიობის) იდეა, საზოგადოების დიდი ნაწილის განცდით, შეურიგებლად ეწინააღმდეგებოდა სტაბილურობისა და სიმშვიდის მოთხოვნას. მაშინ სამოქალაქო ომის დეტონატორი სწორედაც რომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიჩვეული სტაბილურობის დარღვევა, მათ შორის სამხრეთ ოსეთში გაჩაღებული სისხლიანი კონფლიქტი გახდა. თუმცა ამ ინტენციას დაპირისპირების მრავალი მონაწილე არათუ არ აღიარებდა, ზოგჯერ ვერც აცნობიერებდა.
    დავაკვირდეთ აგრეთვე, რომ ედუარდ შევარდანძემ, რომელმაც ძალაუფლება აფხაზეთში განცდილი მარცხისა და სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ განიმტკიცა, საზოგადოებას სწორედ სტაბილურობა შესთავაზა, რომელიც წლების განმავლობაში მისი მთავარი სლოგანი იყო. ანუ, გამოეხმაურა საზოგადოების იმ ნაწილის ინტენციას (შინაგან განზრახვას), რომელმაც ზვიად გამსახურდია დაამხო.
    გავიდა წლები და საზოგადოებაში გაჩნდა ახალი მძლავრი ინტენცია: სტაბილურობა უკვე აღიქმებოდა «ჭაობად», შევარდნაძე კი «ქართველ ბრეჟნევად», რომლის დროსაც ქვეყანაში «უძრაობის ხანამ დაისადგურა».
    შესაბამისად, შევარდნაძე დაამხო იმ პასიონარულმა საზოგადოებრივმა ძალამ, რომელსაც სააკაშვილი დაეყრდნო თავისი «მოდერნიზაციული პროექტის» განხორციელებისას. თუმცა, დღეს უკვე ამ პროექტის ენერგიაც თანდათან ხუნდება, რაკი სამივე შემთხვევაში, იგი არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის (თუნდაც გავლენიანი და შემძლე ნაწილის) მისწრაფებას გამოხატავდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    შესაბამისად, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეროვნული თანხმობის მიღწევას მხოლოდ ის პოლიტიკოსი და ის პოლიტიკური ძალა შეძლებს, რომელიც მოახერხებს (პირველად ძალიან დიდი ისტორიული პერიოდის განმავლობაში) ქართული საზოგადოების სამივე «მეინსტრიმის» ერთ კალაპოტში მოქცევას:
    დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, მაგრამ არა პიროვნული თავისუფლების, სისხლისღვრისა და მუდმივი დაძაბულობის, მუდმივი კონფქლიტების ფასად; სტაბილურობა, მაგრამ არა ჭაობი, არამედ თვალსაჩინო და ხელშესახები ზრდის წინაპირობა.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ: სტაბილური განვითარება!
    საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის, საგარეო საფრთხეებისა და შიდა ფაქტორების გამო, ძალიან ძნელად მისაღწევი ჰარმონიაა: რომ ერთდროულად იყო სტაბილური, დამოუკიდებელი, თანაც განვითარების ენერგიის მქონე სახელმწიფო. ჩვენს პირობებში ეს სამი პროექტი მეტისმეტად ძლიერ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. მაგალითად, ძალიან ძნელია გაატარო რეფორმები ისე, რომ საზოგადოებაში სოციალური ანტაგონიზმები არ წარმოშვა; წარმოუდგენლად ძნელია ერთდროულად სახელმწიფოებრიობაც განამტკიცო და მეზობელ ზემძლავრ სახელმწიფოსთანაც გამონახო საერთო ენა, რომელიც ამ სახელმწიფოებრიობას, – როგორც ასეთს, – ტრადიციული ეჭვის თვალით უყურებს.
    მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს: თუ ქართული პოლიტიკური კლასი ამ სამი საზოგადოებრივი ღირებულების (სახელმწიფოებრიობა, სტაბილურობა, მოდერნიზაცია) რაღაცნაირად შეჯერებას ვერ შეძლებს, მაშინ მუდმივი დაპირისპირებისა და პერმანენტული გადატრიალებებისთვის ვართ განწირული.
    მეთოდი კი მხოლოდ ერთია – კაცობრიობის მიერ აპორობირებული და საუკუნოვანი გამოცდილებით დადასტურებული: დემოკრატია!!!
    დემოკრატია, ანუ სოციალური კომპრომისებისა და ურთიერთმოქმედების ურთულესი ქსოვილი; განვითარებული მრავალპარტიული სისტემა; დამოუკიდებელი და ავტორიტეტული (ოღონდ, იმავდროულად, არაკორუმპირებული) სასამართლო; თავისუფალი, მრავალფეროვანი ოღონდ პასუხისმგებელი და პროფესიული მედია; მაღალი პოლიტიკური კულტურა; ძირითად სოციალურ თუ პოლიტიკურ აქტორთა სახელმწიფოებრივი შეგნება და პასუხისმგებლობა. ესე იგი, ყოველივე ის, რამაც თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის რთული, ხანგრძლივი, მტკივნეული, მაგრამ განუხრელი განვითარება უზრუნველყო.
    ეროვნული თანხმობის მისაღწევად გვჭირდება განვითარებული დემოკრატია! სწორედ ის დემოკრატია, რომელიც მეტისმეტად ხშირადაა დამღლელი, მომქანცველი, ნერვებმომშლელი, რთული, სკურპულოზური, ხანგრძლივი, კომპრომისული, ზოგჯერ ტაქტიკურად უკანდამხევი, რბილი, თუმცა კანონიერად მკაცრიც; დემოკრატია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სწრაფ და ნახტომისებრ მოდერნიზაციას, სამაგიეროდ გარანტირებულად მოაქვს სტაბილური განვითარების (!) განცდა – უძვირფასესი საზოგადოებრივი ატმოსფერო, რომელიც განაპირობებს ეროვნულ თანხმობას და გამორიცხავს ისტორიულ ტრაგედიათა განმეორებას.

2012